ევროპა ლტოლვილების ნაკადს მშვიდობიანად ვეღარ უმკლავდება
17 სექტემბერი, 2015
631
print

ივა შილაკაძე

 

ლტოლვილთა და არალეგალურ მიგრანტთა უპრეცედენტო ნაკადი, რომლის მსგავსი ევროპას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ახსოვს, უკვე სერიოზულ პრობლემებს ქმნის ბევრ სახელმწიფოში, მათ შორის თვით გერმანიაშიც კი, რომელიც ევროკავშირში ყველაზე დიდი სახელმწიფოა და ლამის ტოლერანტულობის ეტალონადაც მიიჩნევა. უნგრეთი, ავსტრია, ჩეხეთი და ცენტრალური ევროპის სხვა სახელმწიფოები საზღვრებზე კონტროლს ამკაცრებენ და ლტოლვილთა ნაკადთან გასამკლავებლად ექსტრემალურ ზომებს იღებენ. ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები წევრ სახელმწიფოებში მიგრანტების განაწილების კვოტებზე ვერ თანხმდებიან. ანგელა მერკელი საგანგებო სამიტის მოწვევას მოითხოვს, რადგან თვით გერმანიის შესაძლებლობებიც უკვე ზღვარს უახლოვდება. დღეს უნგრეთის პოლიციამ უკვე ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლიც გამოიყენა სერბეთის საზღვარზე, გამწარებული და აგრესიული მიგრანტების წინააღმდეგ. ამ უკანასკნელებმა კი მარშრუტი ნელ-ნელა შეცვალეს და დასავლეთ ევროპისკენ ხორვატიის გავლით დაიწყეს მოძრაობა.

ლტოლვილთა პრობლემა იურიდიულად მხოლოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოსაგვარებელი არ არის, უბრალოდ ეს ნაკადი ძირითადად მიემართთება სწორედ ევროკავშირისკენ, უფრო ზუსტად კი ევროკავშირის წევრი ძლიერი სახელმწიფოებისკენ, სადაც რეალური დახმარების მიღების იმედი აქვთ. მიგრანტებიც აცნობიერებენ, რომ ევროკავშირში ბოლო წლებში გაწევრიანებული ცენტრალური ევროპის ქვეყნებში მათ სათანადოდ ვერ დაეხმარებიან. აქ ლაპარაკი არ არის ბანაკში მოთავსებაზე - ეს ასე თუ ისე თითქმის ყველგან მოხერხდება. ამ ადამიანებს გრძელვადიან პერსპექტივაში, ცხადია, ამ ქვეყნებში დამკვიდრება და სამუშაოს მიღება სურთ, რაც ყველგან ვერ მოხერხდება. ამიტომაც არ უნდათ მათ წესების დაცვით თავშესაფრის მოთხოვნა ევროკავშირის წევრ პირველივე სახელწიფოში, რომელშიც აღმოჩნდნენ. ამ პირველი სახელმწიფოს როლში კი ძირითადად საბერძნეთი, უნგრეთი და იტალია არიან. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ევროპაში ჩასულ არალეგალ მიგრანტებს შორის არიან არა მხოლოდ ლტოლვილები სირიიდან, ერაყიდან და იმ სახელმწიფოებიდან, სადაც ომი მძვინვარებს. არიან აგრეთვე აფრიკის ღატაკი სახელმწიფოების მოქალაქეები, რომლებიც ლუკმაპურის საშოვნელად მიდიან ასეთ რისკზე.

ევროსაბჭომ გამოსცა სახელმძღვანელო დოკუმენტი მისი წევრი 47-ვე სახელმწიფოსთვის, რომელიც მიგრანტების უფლებების დაცვას ეხება. ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დირექტორატის თავმჯდომარემ, კრისტოს ჯიაკომოპულოსმა „ბი-ბი-სისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოებს, ისევე, როგორც ყველა იმ ქვეყანას, რომლებსაც ხელი მოწერილი აქვთ ჟენევის კონვენციაზე ლტოლვილთა სტატუსის შესახებ, ნაკისრი აქვთ ვალდებულება აღმოუჩინონ საერთაშორისო დაცვა იმ ადამიანებს, რომლებიც ამას საჭიროებენ. ანუ რომლებიც ომს გაურბიან.“

ევროპის სახელმწიფოები ვერ თანხმდებიან ლტოლვილთა ასეთი გაზრდილი ნაკადის განაწილება-დაბინავებაზე. სააგენტო „ფრონტექსის“ მონაცემებით, რომელსაც ევროკავშირის გარე საზღვრების დაცვა ევალება, მიმდინარე წლის 8 თვეში ამ გაერთიანებაში ნახევარ მილიონზე მეტი არალეგალი მიგრანტი შევიდა. წინასწარი გამოთვლებით ეს რიცხვი წლის ბოლომდე 800 ათასს გადააჭარბებს და შეიძლება მილიონსაც მიაღწიოს. შედარებისთვის შარშან ევროკავშირში 280 ათასი არალეგალი მიგრანტი შევიდა.

რამდენიმე თვის წინ ევროკავშირი სულ რაღაც 40 ათასი მიგრანტის დაბინავებაზე იყო თანახმა და ვერ მოხერხდა საბოლოო შეთანხმების მიღწევა კვოტებზე, რომლის მიხედვითაც ეს ხალხი წევრ სახელმწიფოებს შორის უნდა განაწილებულიყო. ხალხი გაანაწილეს მხოლოდ მოხალისე ქვეყნებს შორის. ამჟამად ლაპარაკია 120 ათასის განაწილებაზე, თუმცა შეთანხმება კვლავ არ არის მიღწეული. სავალდებული კვოტების დაწესებას ეწინააღმდეგებოდნენ ცენტრალური ევროპის სახელმწიფოები და დიდი ბრიტანეთი, თუმცა ამ უკანასკნელმა ბოლო კვირებში პოზიცია შეიცვალა და ლტოლვილთა გარკვეული რაოდენობის მიღებაზე დათანხმდა.

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი სავალდებულო კვოტების შემოღებას მოითხოვს. როგორც ზემოთაც ვწერდით, სამშაბათს შინაგან საქმეთა მინისტრები ამ კვოტებზე ვერ შეთანხმდნენ. ბრიუსელიდან უკვე ისმის მუქარა, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან დახმარებას შეუმცირებენ იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ლტოლვილების საჭირო რაოდენობის დაბინავებაზე არ დათანხმდებიან. ევროპის სახელმწიფოები მოთხოვენ, რომ უნდა შეიქმნას და შეთანხმდეს იმ „საშიში“ სახელმწიფოების სია, რომლის მოქალაქეებისთვისაც თავშესაფარზე უარის თქმა არ შეიძლება. უბრალოდ ეკონომიკურ მიგრანტებს კი ალბათ მინიმუმ გაცხრილავენ, თუმცა ჯერ ბოლომდე გარკვეული არ არის რა მექანიზმებით და რესურსებით დააბრუნებენ ამ ადამინებს სამშობლოში ან იმ სახელმწიფოებში, რომელთა გავლითაც ისინი ევროკავშირში მოხვდნენ.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კი ევროკავშირის საგანგებო სამიტის სასწრაფოდ მოწვევას მოითხოვს. გერმანიასაც გაუჭირდა ლტოლვილების მიღება. ვიცე-კანცლერისა და ეკონომიკის მინისტრის, ზიგმარ გაბრიელის სიტყვებით, ქვეყანა უკვე უახლოვება შესაძლებლობების ზღვარს. არა იმდენად მათი რაოდენობის, არამედ სწრაფი ნაკადის გამო. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ბაიერნის მიწა და მისი ცენტრი ქალაქი მიუნხენი, რომელშიც ბოლო დღეებში ათობით ათასი ადამიანი ჩავიდა. მიუნხენში მხოლოდ შაბათს იქნა დაფიქსირებული 13 ათასი ახალი ლტოლვილი. გერმანიის მოსახლეობის უმრავლესობა ლტოლვილებს კეთილგანწყობით ხვდება, მაგრამ იყო აგრესიის შემთხვევებიც. მაგალითად გადაწვეს რამდენიმე შენობა, რომელშიც ლტოლვილების განთავსება იგეგმებოდა. ზიგმარ გაბრიელმა უკმაყოფილებაც გამოხატა იმის გამო, რომ არ ხდება სათანადო დახმარების მიწოდება ლტოლვილთა ბანაკებში ახლო აღმოსავლეთში. მისი სიტყვებით, როცა ბანკებს უჭირთ, რამდენიმე კვირაში გროვდება ასობით მილიარდი დოლარი, ხოლო ამ თანხის მცირე ნაწილის მობილიზებაც ვერ ხერხდება ცოცხალი ადამიანებისთვის.

უნგრეთმა ორშაბათს დაამთავრა მავთულხლართებისა და ლითონის კონსტრუქციებისგან შედგენილი კედლის მშენებლობა სერბეთის საზღვრის გასწვრივ და სამშაბათიდან შემოიღო მიგრანტების მიღების გამკაცრებული რეჟიმი. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა სამხრეთ აღმოსავლეთის ორ პროვინციაში, რაც ქვეყნის ხელისუფლებას საქმეში არმიის ჩართვის საშუალებას მისცემს. გასასვლელები ჩაიკეტა და მათ პოლიცია მძიმე ჯავშანტექნიკის გამოყენებით იცავს. ვინც უკანონოდ შევა ქვეყანაში, მაგალითად ღობის დაზიანების გზით, უკვე სამ წლამდე ციხე ელოდება. უფრო მკაცრად დაისჯებიან ის პირები, რომლებიც მიგრანტების არალეგალური გადაყვანით არიან დაკავებულნი. ოთხშაბათ საღამოს მონაცემებით უნგრელმა სამართალდამცავებმა უკვე დააპატიმრეს 367 მიგრანტი.

ჯერჯერობით თითქმის დაუცველია უნგრეთ-რუმინეთის საზღვარი, თუმცა უნგრეთი მსგავსი კედლის აგებას ამ საზღვარზეც აპირებს. ოთხშაბათს შეტაკება მოხდა უნგრეთ-სერბეთის საზღვარზე. ჩაკეტილ კარებს ლტოლვილებმა ქვები დაუშინეს და მისი გახსნა მოითხოვეს, პასუხად კი პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ორშაბათს, საგანგებო მდგომარეობის შემოღებამდე, უნგრეთი მიგრანტთა რეკორდულმა რაოდენობამ 9380-მა კაცმა გაიარა. სერბეთი უნგრეთს საზღვრის გახსნას სთხოვს თუნდ ქალებისა და ბავშვებისთვის, უნგრეთი კი სერბეთს საზღვარზე წესრიგის დასაცავად ასევე ძალის გამოყენებას სთავაზობს.

საზღვარზე კონტროლი გაამკაცრეს სხვა სახელმწიფოებმაც, მათ შორის ავსტრიამ, ჩეხეთმა, პოლონეთმა, თვით გერმანიამ და ხორვატიამაც. ავსტრიაც პრობლემის მოსაგვარებლად არმიის გამოყენებას აპირებს, თუმცა აცხადებს, რომ უნგრეთში უკან არ დააბრუნებს იმ ლტოლვილებს, რომლებსაც იქ სისხლის სამართლის სასჯელი ელოდებათ.

ხალხის დიდმა მასამ ღამე ღია ცის ქვეშ გაატარა სერბეთში, უნგრეთის საზღვართან, თუმცა შემდეგ ეს ნაკადი ხორვატიისკენ დაიძრა და ამ გზით ცდილობს დასავლეთ ევროპაში მოხვედრას. ხორვატიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ლტოლვილებს უბრალოდ დაარეგისტრირებს საზღვარზე და სხვა ქვეყნებისკენ უპრობლემოდ გაატარებს. პირიქით, ამაში ხელსაც შეუწყობს. სერბეთი მთელი წლის განმავლობაში შესაშურ ტოლერანტობას ავლენდა და ლტოლვილებს გადაადგილებაში ხელს არ უშლიდა, თუმცა ახლა სიტუაცია შეიძლება გართულდეს. ჩრდილოეთის მხრიდან საზღვარი უნგრეთმა ფაქტობრივად ჩაკეტა, სამხრეთიდან კი მაკედონიის გავლით ხალხი სერბეთში უწყვეტ ნაკადად მიედინება. სერბეთმა შესაძლოა ვერ შეძლოს ლტოლვილთა დიდი მასის დაბინავება, თუ მიგრანტებს იქ შედარებით დიდხანს მოუწევთ დარჩენა.

 

სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს