წინასწარ ცნობილი განაჩენი
18 სექტემბერი, 2015
772
print

თიკა გურული

 რამდენიმე საათის წინ სათათბირო ოთახში გასულმა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ იმთავითვე გამოიძახა სპეცდანიშნულების რაზმი საქალაქო სასამართლოსთან, სადაც გიგი უგულავას ახლობლები და თანამოააზრეები იყვნენ შეკრებილნი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა მოსამართლის განაჩენამდე რამდენიმე საათით ადრე, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად გიგი უგულავა პატიმრობიდან გათავისუფლდა, სრულიად დარწმუნებით განაცხადა, რომ უგულავასა და მისი მხარდამჭერების ზეიმი მხოლოდ რამდენიმე საათიანია.

 შესაბამისად, ადვილად სავარაუდო იყო, როგორი იქნებოდა მოსამართლის განაჩენი.

მან გიგი უგულავას თბილსერვისის საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსის გარკვეული მუხლების ამნისტიის გამო ეს ვადა 4 წელსა და 6 თვემდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ თბილისის ყოფილი მერი გამართლდა მეორე ეპიზოდში, რომელიც რიყის გასხვისების საქმეს ეხებოდა, რომელშიც ის ყოფილ თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილთან ერთად იყო ბრალდებული.

 ლაშა ჩხიკვაძემ განაჩენი თითქმის ცარიელ დარბაზში გამოაცხადა. უგულავას მომხრეები სასამართლოს შენობასთან იმყოფებოდნენ და წინასწარ ცნობილი განაჩენის მოსასმენად დარბაზში აღარ შესულან.

 ”ეს მნიშვნელოვანი და დრამატული მომენტია, მაგრამ არა გიგი უგულავასთვის. დააკვირდით მის გაღიმებულ სახეს და შეადარეთ იმ დაძაბულ ადამიანებს, რომლებსაც დავალება აქვთ მიღებული, რომ გათავისუფლებიდან 24 საათში უკან შეაბრუნონ გიგი,”- აცხადებდა ჯერ კიდევ განაჩენის გამოცხადებამდე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე.

 ”ამ განაჩენის შემდეგ ქართველი ხალხი პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს ივანიშვილს,” - ეს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას ვერდიქტია.

 ”2016 წელი არის უკანასკნელი ვადა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის. 2016 წელს მას მშვიდობიანი არჩევნების გზით ჩამოვაშორებთ ხელისუფლებას. ჩემი აქ ყოფნის დრო იწურება, მაგრამ იცოდეთ, რომ თავისუფლება სამ კვადრატულ სივრცეში შეიძლება მეტი იყოს, ვიდრე უზარმაზარ შუშის სასახლეში,” - ეს უკვე თავად თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას სიტყვებია მანამდე, სანამ ის საპატიმროში დაბრუნდებოდა.

 "არ მოიწყინოთ, გაიღიმეთ და მტკიცედ იყავით... დასასვენებლად მივდივარ, სამეცნიერო მივლინებაში,” – 24 საათიანი თავისუფლების შემდეგ ეს იყო ბოლო სიტყვები, რითაც უკვე ხელახლა დაპატიმრებული გიგი უგულავა მედიას დაემშვიდობა.

 

tika guruli
სხვა სიახლეები
16 ივლისი, 2016 ღამის პუტჩი
15 ივლისი, 2016 ბასტილიის დღის ტრაგედია
16 ივნისი, 2016 სამართლებრივი სიმართლე და კანიბალური ტყუილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამო
19 აპრილი, 2016 Animal Planet–მა კაცი იპოვა
11 აპრილი, 2016 NDI: „ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა მატულობს“
15 მარტი, 2016 ნადეჟდა სავჩენკო – უკრაინელი პატრიკ ჰენრი
04 მარტი, 2016 მალე კიბო დამარცხდება
11 თებერვალი, 2016 კანადამ 25 000 მიგრანტი მიიღო
09 თებერვალი, 2016 სტანიცა ლუგანსკა
07 თებერვალი, 2016 ჩრდილოეთ კორეამ თანამგზავრი გაუშვა!