იაპონიამ არმიის უცხოეთში გამოყენება დაუშვა
20 სექტემბერი, 2015
567
print

ივა შილაკაძე

 

იაპონიის პარლამენტმა, შაბათს უკვე ზედა პალატამაც, მიიღო კანონი, რომელიც ქვეყანას შეიარაღებული ძალების სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ გამოყენების უფლებას აძლევს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დღემდე იაპონიის კანონმდებლობა ამის უფლებას არ იძლეოდა. აღნიშნულ ისტორიულ გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო რეაქცია. შეშფოთება გამოხატეს იმ სახელმწიფოებმა, რომლებთანაც იაპონიას ბოლო პერიოდში ოდნავ დაძაბული ურთიერთობა აქვს. პირველ რიგში აქ ჩინეთი იგულისხმება. იაპონიის პარლამენტის გადაწყვეტილებას მოიწონეს მისმა მოკავშირეებმა, უპირველესად აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა.

1945 წელს, მეორე მსოფლიო ომში კაპიტულაციის შემდეგ იაპონიის ხელისუფლებას არ ჰქონდა არმიის საზღვარგარეთ გამოყენების უფლება. ეს აკრძალული იყო 1954 წელს მიღებული კონსტიტუციით.

მმართველი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიისა და პრემიერ-მინისტრ სინძო აბეს აზრით, ამ ცვლილების განხორციელება აუცილებელი იყო, რადგან იაპონიამ უნდა უპასუხოს ახალ გამოწვევებს, უპირველესად აქ იგულისხმება ჩინეთიდან მომდინარე საფრთხე. ამას გარდა საჭიროა იაპონიის რეგიონული მოკავშირეების დაცვაც, ისევე როგორც მთელ პლანეტაზე მშვიდობის შენარჩუნება. მმართველმა პარტიამ კანონპროექტები მაისში შეიტანა პარლამენტში და მათ განხილვას ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ 200-ზე მეტი საათი მოანდომა.

ოპოზიცია ამ ორი კანონპროექტის მიღებას სასტიკად ეწინააღმდეგებოდა. კენჭისყრა პლენარულ სხდომაზეც რამდენიმე საათით გადაიდო ოპოზიციის მცდელოების შედეგად. წინა დღეებში, კერძოდ ხუთშაბათს, ოპოზიციამ ფიზიკურად მოახდინა იმ კომიტეტის მუშაობის ბლოკირება, რომელშიც საკითხი იხილებოდა. პარალელურად ახალი კანონპროექტების მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობდა პარლამენტის შენობის წინაც. იაპონიის მოსახლეობის ნაწილი კვლავაც მხარს უჭერს პაციფისტური სულისკვეთების კონსტიტუციას. ოპოზიციას არ შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა უშუალოდ კენჭისყრის დროს, რადგან მმართველი პარტია მოკავშირეებთან ერთად ორივე პალატაში ფლობს უმრავლესობას.

ზედა პალატის თავმჯდომარის, მასააკი იამაძაკის სიტყვების თანახმად, კანონს მხარი დაუჭირა 148 დეპუტატმა, წინააღმდეგი წავიდა - 90.

იაპონიის კონსტიტუცია კრძალავს საერთაშორისო კონფლიქტებისას შეიარაღებული ძალების გამოყენებას თავდაცვის გარდა, თუმცა ახალმიღებული შესწორებები სიტუაციას ნაწილობრივ ცვლის. ხელისუფლებას სრული თავისუფლება არც მომავალში ექნება. არმიის გამოყენება საზღვარგარეთ შესძლებელი იქნება თუ: 1) თავდასხმა მოხდა იაპონიაზე ან მის უახლოეს მოკავშირეზე, რაც საფრთხეს უქმნის იაპონიის არსებობას და აშკარა საფრთხეს ადამიანებს; 2) როცა არ არის ქვეყნის და ხალხის დაცვის სხვა შესაძლებელი საშუალებები; 3) ძალის გამოყენება შეზღუდულია აუცილებელ მინიმუმამდე. უფრო კონკრეტულად ეს ნიშნავს, რომ: ჩრდილოეთ კორეის სამხრეთზე თავდასხმის შემთხვევაში იაპონიას შეუძლია სამხრეთს დაეხმაროს მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაში, მაგრამ იქ ჯარის გაგაზავნა კვლავ მიჩნეულ იქნება კონსტიტუციის დარღვევად; იაპონიას ექნება უფლება ჩამოაგდოს ჩრდილოკორეული რაკეტები, რომლებიც აშშ-ისკენ მიფრინავენ. დღემდე ამის გაკეთება შეიძლებოდა მხოლოდ იაპონიის მიმართ არსებული საფრთხის შემთხვევაში; დაშვებული იქნება სამხედრო ძალის გამოყენება მძევლების გათავისუფლების დროს; მოიხსნება რეგიონული შეზღუდვები ამერიკისა და სხვა უცხოური შეიარაღებული ძალებისთვის სამხედრო დახმარების აღმოსაჩენად. ყველაზე ბუნდოვანია საზღვაო მარშრუტების დაცვის პუნქტი. განაღმვაც კი შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გემების მოძრაობის შეფერხება საფრთხეს უქმნის იაპონიას. მმართველი პარტიის წარმომადგენელები აცხადებენ, რომ შესაბამის სამხედრო ზომების მიღება არ მოხდება წვრილმანი პრობლემების შემთხვევაში, მაგალითად ნავთობზე ფასის ზრდის დროს.

იაპონიის ოპოზიცია შიშობს, რომ ამ შესწორებების ინტერპრეტაცია მომავალში უფრო ფართოდ მოხდება, ვიდრე დღეს იქნა მიღებული პარლამენტის მიერ, ეს საფრთხე გაიზრდება შემდგომი მთავრობების მუშაობის პერიოდში. არ არის გამოიცხული, რომ იაპონია „ჩაითრიონ“ მისი მთავარი მოკავშირის, აშშ-ის სამხედრო ოპერაციებში.

იაპონიის მიერ ახალი კანონის მიღებას ოპერატიულად გამოეხმაურა ჩინეთი. ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრის აზრით ეს საფრთხეს უქმნის მშვიდობას რეგიონში. „ტოკიოს უნდა ახსოვდეს ისტორიის სერიოზული გაკვეთილები“, განაცხადა მან. პეკინი ამტკიცებს, რომ ცდილობს იაპონიასთან ორმხრივი ურთიერთობა განავითარონ მშვიდობის, განვითარებისა და თანამშრომლობის ჩარჩოებში. ამ ორ ქვეყანას სადავო კუნძულები აქვთ და ბოლო წლებში მათ გარშემო სიტუაცია დაიძაბა. შეშფოთება გამოთქვა ოფიციალურმა სეულმაც. სამხრეთ კორეასც აქვს სადავო კუნძულები პრინციპში სტრატეგიულ მოკავშირე იაპონიასთან. იაპონიასა და რუსეთს შორისაც არ არის ხელმოწერილი სამშვიდობო ხელშეკრულება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, თუმცა რუსეთის ოფიციალური რეაქცია ამ საკითხზე ჯერ უცნობია.

შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა - იაპონიის მოკავშირეებმა - მოიწონეს ამ ქვეყნის პარლამენტის გადაწყვეტილება. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ფილიპ ჰემონდი მიიჩნევს, რომ მომავალში იაპონია უფრო აქტიურად მიიღებს მონაწილეობას სამშვიდობო ოპერაციებში.

 

სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს