რუსეთი და ისრაელი სირიაში მოქმედებების კოორდინაციაზე შეთანხმდნენ
23 სექტემბერი, 2015
646
print

ივა შილაკაძე

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს საგანგებო ვიზიტმა მოსკოვში და მისმა განცხადებამ სირიაში მოქმედებების კოორდინაციის თაობაზე სერიოზული აჟიოტაჟი გამოიწვია ექსპერტებსა და საერთაშორისო მიმომხილველებს შორის. მხარეების ძირითადი პოზიციები და ინტერესების სფერო არავისთვის საიდუმლო არ არის. შეთანხმების დეტალები არავის გამოუქვეყნებია. ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ შეთანხმება მხარეებს შორის მართლაც შედგა. დრო დაგვანახებს რამდენად წარმატებული იქნება ეს „კოორდინაცია“ და ვინ როგორ დაიცავს შეთანხმების პირობებს.

ვიზიტი უკიდურესად შემჭიდროვებულ ვადებში მომზადდა და ბევრი საკითხი, მათ შორის დელეგაციების შემადგენლობა ნეთანიაჰუს სტუმრობამდე სულ რამდენიმე საათით ადრე შეთანხმდა. ვიზიტს ეწოდა „სამუშაო და სასწრაფო“. წინასწარვე იყო ცნობილი, რომ განსახილველი თემა იქნებოდა სირიაში შექმნილი მდგომარეობა. პრეზიდენტმა პუტინმა პრემიერი ნეთანიაჰუ ნოვო-ოგარიოვოს ქალაქგარე რეზიდენციაში მიიღო. ყველამ ყურადღება მიაქცია უმაღლესი დონის დიპლომატიური შეხვედრებისთვის უჩვეულო ფაქტს: ნეთანიაჰუმ მოსკოში თან ჩაიყვანა გენერალური შტაბის უფროსი გადი აიზენკოტი, სამხედრო დაზვერვის უფროსი გერცელ ხალევი, ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი იოსი კოენი და აბსორბციის მინისტრი, ზეევ ელკინი, რომელიც წარმოშობით ყოფილი საბჭოთა კავშირიდან არის. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის მხრიდანაც მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ შესაბამისი თანამდებობის პირები და განიხილეს კონკრეტული საკითხები.

დასავლეთს ზოგადად ბოლო დროს აღელვებს რუსეთის სამხედრო ყოფნის შესამჩნევი ზრდა სირიაში. ამ თემაზე არაერთხელ წერდა „24 საათი“. საზღვაო მოსახურების ცენტრი ქალაქ ტარტუსში ნელ-ნელა გადაიქცა ნამდვილ სამხედრო-საზღვაო ბაზად. ორი სამი წლის წინ იქ სულ რამდენიმე ათეული რუსი სამხედრო პირი მსახურობდა, ახლა კი პერსონალი სხვადასხვა მონაცემებით 1300-დან 1700 კაცამდე მერყეობს, მათ შორის შესამჩნევად გაძლიერებულია ბაზის დაცვა. ლატაკიაში რუსები მონაწილეობენ სირიის არმიის ავიაბაზის მოდერნიზებაში. გააფართოეს ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და იქაც სერიოზულად გააძლიერეს დაცვა. სირიაში ამ ბაზაზე ჩაყვანილია უახლესი რუსული სამხედრო ტექნიკა, თვითმრინავებითა და ვერტმფრენებით დაწყებული - ჯავშანმაქანებით დამთავრებული. უფრო ზუსტად, ბაზაზე რუსებმა ჩაიყვანეს 28 საბრძოლო თვითმფრინავი და 20 საბრძოლო და სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფრენი. მათ შორის არის ისეთი ახალი მოდიფიკაციის გამანადგურებელ-გზაგადამჭრელებიც, როგორიც „მიგ-31“-ია. აშშ სახელმწიფო მდივანი ჯონ კერიც აღიარებს, რომ ჯერჯერობით ეს ძალები ცალსახად განკუთვნილია ბაზის დაცვისათვის, მათ შორის ჰაერიდან, თუმცა გრძელვადიან პერპექტივაში რუსი სამხედროების სირიაში ყოფნის მიზნები ჯერ ცოტა გაურკვეველია.

მეზობელი ისრაელისთვის ნამდვილად არ არის სულერთი თუ რა მოხდება მისი საზღვრების გასწვრივ. ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე ამ ქვეყნის დაზვერვას იმაზე მეტი და დეტალური ცნობები აქვს შეგროვებული სირიაში არებულ ვითარებაზე, ვიდრე მსოფლიოს ბევრ სხვა დიდ და ძლიერ სახალმწიფოს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი გუნდის წევრები რუსეთში ვიზიტის დროს შეეცადნენ გაევლოთ ის „წითელი ხაზები“, რომლის დარღვევის უფლებას ვერავის ვერ მისცემდნენ და „ღია კარტებით“ მოლაპარაკებების გზით თავიდან აეცილებინათ შემთხვევითი შეტაკება რუს სამხედროებთან სირიის ტერიტორიაზე, რაც პრინციპში არცერთი მხარის ინტერესებში არ შედის. ისრაელის შეშფოთებას იწვევს ირანის გავლენის ზრდა სირიაზე, უფრო ზუსტად ასადის რეჟიმზე და იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ის აკონტროლებს. უპირველეს ყოვლისა ისრაელი ვერ დაუშვებს, რომ სირიაში რუსეთის ან ირანის მიერ ჩატანილი იარაღი მომავალში მოხვდეს რადიკალური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ხელში, გოლანის მაღლობის სირიულ ნაწილში ან მითუმეტეს სამხრეთ ლიბანში, რომელსაც მთლიანად „ჰეზბოლა“ აკონტროლებს. ისრაელს ასევე აინტერესებს რუსეთის გეგმები „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის მიმართულებით. ამ საკითხში მხარეების ინტერესები ერთმანეთს მთლიანად ემთხვევა, თუმცა, ცხადია, ისრაელს სურდა მეტი კონკრეტული ინფორმაციის მიღება. მთავარი მაინც არის ისრაელის თავისუფლება აღკვეთოს თავის საზღვრებთან ახლოს, „ჰეზბოლას“ ხელში თანამედროვე იარაღის მოხვედრა (ეს დაჯგუფება ისედაც კარგად არის შეიარაღებული. მათ შორის ფლობს ათობით ათას რაკეტას, რომელიც პრინციპში შეიძლება მიწვდეს ისრაელის ნებისმიერ ქალაქს. თუმცა ისრაელს რაკეტების წინააღმდეგ საკაოდ ეფექტური საშუალება აქვს რაკეტსაწინაღმდეგო სისტემა „რკინის გუმბათის“ სახით).

ისრაელის პრემიერმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დროს რუსეთის პრეზიდენტთან სრულ ურთიერთგაგებას მიაღწია. შეთანხმების დეტალები საერთაშორისო მედიისთვის უცნობია, თუმცა საქმეში ჩახედული ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა რუსეთსა და ისრაელს შორის მოხდა შეთანხმება „საფრენი ზონების“ განაწილების თაობაზე სირიაში. არის მოსაზრებაც, რომ რუსეთის და ისრაელის სამხედროებმა გაიყვეს დრო - ერთნი ღამით იფრენენ, მეორენი დღისით. თუ ეს შეთანხმებები მეტნაკლებად მაინც შეესაბამება სინამდვილეს, მაშინ ჩვენ უფრო რეალურად პირველი ვარიანტი მიგვაჩნია.

 

სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს