პუტინმა ასადის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა
28 სექტემბერი, 2015
813
print

ნიუ იორკში ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკულ მედიასთან სირიის კონფლიქტისა და მასში რუსეთისა და ამერიკის მონაწილეობის შესახებ ისაუბრა. პუტინი ბარაკ ობამას დღეს, ნიუ იორკში, სავარაუდოდ, გენერალურ ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ შეხვდება.

„CBS“-სათვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოსკოვი ცდილობს სირიის კონფლიქტის მოსაგვარებლად ჩამოაყალიბოს „კოორდინირებული სამოქმედო გეგმა“:ჩვენ ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლისათვის საერთო პლატფორმის არსებობას მივესალმებით.“

ამასთან, პუტინმა გააკრიტიკა ამერიკის მიერ სირიელი ზომიერი ამბოხებულების მხარდაჭერა, რასაც უკანონო და არაეფექტური უწოდა.  პუტინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, რუსეთი სირიაში ჯარების შეყვანას არ გეგმავს:“რუსეთის სირიის ან სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას მიღებას არ აპირებს, ყოველ შემთხვევაში, ახლა ამის გაკეთებას არ ვგეგმავთ…თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ როგორ გავაძლიეროთ მუშაობა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან და სხვა პარტნიორებთან.“

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, მოსკოვი ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარებით მხოლოდ სირიის ლიდერის ლეგიტიმურ არმიას ეხმარება, რაც გაეროს წესდების შესაბამისად ხდება. პუტინის თქმით, რუსეთის მიზანს ასადის მიერ ხელისუფლების შენარჩუნება წარმოადგენს:“სხვა მიმართულებით მოქმედებით, მაგალითად ხელისუფლების ლეგიტიმური სტრუქტურების მოშლით, ჩვენ ისეთ ვითარებას შევქმნით, როგორიც არის თუნდაც ლიბიაში, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები ბოლომდეა დეზინტეგრირებული.“

პუტინის აზრით, სირიის კრიზისის გადაჭრის ერთადერთი გზა სახელმწიფოს მოქმედი ლეგიტიმური სტრუქტურების გაძლიერებაა. ინტერვიუში რუსეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ სირიაში მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაციებში ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან 2000-ზე მეტი შეიარაღებული მებრძოლია გაწევიანებული:“არსებობს საფრთხე რომ ისინი უკან დაბრუნდნენ. მათი დაბრუნების ცდას, სჯობს ასადს დავეხმაროთ სირიის ტერიტორიაზე მათ წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოტივი, რის გამოც ჩვენ გვსურს ასადის დახმარება, თუმცა მთლიანობაში ცხადია, ჩვენ არ გვსურს რეგიონში „სომალიზაციის“ მოწმენი გავხდეთ.“

ამერიკა, სირიასა და ერაყში, „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე, არაბ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ავიაიერიშებს 2014 წლის აგვისტოდან ახორციელებს. „როიტერის“ ინფორმაციით, რადიკალური სუნიტური დაჯგუფების დასამარცხებლად, რომელმაც სირიისა და ერაყის ტერიტორიების დაკავება 2014 წლის ზაფხულში დაიწყო, რუსმა სამხედრო ოფიციალურმა პირებმა ირანელ, ერაყელ და სირიელ კოლეგებთან, უსაფრთხოებისა და დაზვერვის კუთხით თანამშრომლობა უკვე დაიწყეს. არსებული ინფორმაციით, ამ თვეში რუსეთმა სირიაში ტანკები და სამხედრო თვითმფრინავები გააგზავნა.

სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წლის მარტიდან მიმდინარეობს, რასაც გაეროს მონაცემებით, 250 000 ადამიანზე მეტი შეეწირა. თავდაპირველად დასავლეთი მხარს უჭერდა სირიელი ამბოხებულების მოთხოვნებს სირიის ლიდერის უპირობო გადადგომასთან დაკავშირებით, თუმცა ქვეყნის ტერიტორიაზე სხვადასხვა  ტერორისტული დაჯგუფებების გააქტიურების შემდეგ, დასავლეთმა ასადის გადადგომასთან დაკავშირებით მოთხოვნები შედარებით შეარბილა და ფაქტობრივად, ტრანზიციის პერიოდში ასადის ხელისუფლებაში ყოფნის შესაძლებლობა დაუშვა.

თამთა კახაძე

 

 

tamta kakhadze
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს