„თალიბანის“ იერიში კუნდუზზე-ამერიკის კიდევ ერთი გამოცდა
30 სექტემბერი, 2015
1044
print

ორი დღის წინ ავღანეთის ქალაქზე მოძრაობა „თალიბანის“ მიერ განხორციელებულმა თავდასხმამ კვლავ გააჩინა კითხვები ობამას ადმინისტრაციის გეგმის თაობაზე, რომელიც მომავალ წელს ამერიკული სამხედრო ძალების უმრავლესობის მიერ ავღანეთის დატოვებას ითვალისწინებს.

ორშაბათს, მოძრაობა „თალიბანის“ მებრძოლების მიერ ქალაქ კუნდუზზე განხორციელებულ თავდასხმას 17 ავღანელი სამხედრო ემსხვერპლა. ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით,  თავდასხმას შეეწირნენ სამოქალაქო პირებიც. ქალაქის გათავისუფლებაში ავღანელ ჯარისკაცებს ამერიკული ძალები ეხმარებიან. კუნდუზის პოლიციის წარმომადგენლის საირ სარვარ ჰუსეინის თქმით, უცხოელი ჯარისკაცები ავღანელ ჯარისკაცებს ეხმარებიან როგორც ხმელეთიდან, ასევე ჰაერიდანაც; შესაძლებელი გახდა კუნდუზის პოლიციის შტაბბინაზე კონტროლის აღდგენა:“მოკლულია „თალიბანის“ ასობით შეიარაღებული მებრძოლი...ამ დროისათვის შეტაკებები მიმდინარეობს ქალაქის შიგნით,“-განუცხადა „როიტერს“ ჰუსეინმა.

„როიტერის“ ინფორმაციით, კუნდუზზე თავდასხმის მიზანი იყო „თალიბანს“ ერთიანობის დემონსტრირება-მას შემდეგ რაც ზაფხულში „თალიბანმა“, მოძრაობის ლიდერის მულა მოჰამედ ომარის სიკვდილი დაადასტურა, მულა ახთარ მოჰამედ მანსურის დაჯგუფების ახალ ლიდერად გამოცხადებას, თავად მოძრაობის შიგნით აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

ამერიკელი ოფიცილური პირების ცნობით, სამშაბათს ამერიკული „F-16“-დან ავიაიერიშების განხორციელება მას შემდეგ დაიწყეს, რაც „თალიბანის“ შეიარაღებულმა მებრძოლებმა ავღანურ ძალებს მოპარეს ტანკი და აეროპორტის მიმართულებით გადაიყვანეს, სადაც ავღანეთის და კოალიციის ჯარისკაცები არიან განლაგებულნი, მათ შორის ამერიკელი ჯარისკაცებიც.

ავღანეთის პრეზიდენტის აშრაფ განის თქმით:„სამთავრობო ძალები ქალაქის გათავისუფლებაში წინ მიიწევენ...ჩვენ არ დავუშვებთ ხალხის დატერორებას.“-განაცხადა განმა.

 კუნდუზზე „თალიბანის“ შეიარაღებულმა მებრძოლების იერიშმა გაამყარა ზოგიერთი ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსნის, სენატორის არგუმენტები იმის თაობაზე, რომ ობამას ადმინისტრაციამ ხელახლა უნდა განსაზღვროს, თუ რა რაოდენობის კოალიციური ძალები უნდა დარჩნეს ქვეყანაში 2015 წლის შემდეგ. მათი აზრით, კუნდუზის იერიშმა ავღანეთის უსაფრთხოების ძალების სისუსტეს გაუსვა ხაზი. როგორც ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა “Wall Street Journal“-ს განუცხადა, მან და სხვებმაც კარგად იცოდნენ ავღანეთში ვითარების გაუარესების შესახებ:“თუმცა, რაც ჩვენთვის გასაკვირი იყო, არის თავდასხმის ადგილი, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილი, რომელიც „თალიბანის“  აქტიური მოქმედების არეალს არ წარმოადგენს…ამრიგად, ეს  იმის დადასტურებაა, რომ “თალიბანს“ დიდ არეალზე შეუძლია მნიშვნელოვანი და წარმატებული თავდასხმების წარმოება.“

მაკკეინმა და სხვა ამერიკელმა სენატორებმა ავღანეთში არსებული ვითარება 2011 წელს, ამერიკის ძალების მიერ ერაყის  დატოვებას შეადარეს, რამაც მათი თქმით, ერაყსა და მეზობელ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წარმატებას შეუწყო ხელი.

„კუნდუზის „თალიბანის“ ხელში მოხვედრა ერაყის პროვინციების „ისლამური სახელმწიფოს“  ხელში ჩაგდებისაგან არ განსხვავდება...ეს ადასტურებს, რომ ჯარების სწრაფი გაყვანით უმნიშვნელოვანესი მოკავშირეები და ტერიტორიები მოწყვლადი ხდება იმ ტერორისტებისთვის, რომელთა წინააღმდეგაც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვიბრძოდით.“-აღნიშნა წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის ხელმძღვანელმა გენერალ-მაიორმა მაკ ტორნბერიმ.

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პირობა დადო, რომ მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, 2016 წლის ბოლოსათვის, ამერიკული ძალების მიერ ავღანეთის დატოვების პროცესი დასრულდება. ამ ეტაპზე არ არის განსაზღვრული, რა რაოდენობის ამერიკული ძალები დარჩებიან ავღანეთში 2016 წლის შემდეგ. “Wall Street Journal“-ის ინფორმაციით, ავღანეთში ამერიკული ძალების სარდალმა გენერალმა ჯონ კემპბელმა, მომავალი წლიდან ავღანეთში ამერიკული ძალების შემცირებასთან დაკავშირებით ხუთი ვარიანტი გადაუგზავნა პენტაგონს, რომელსაც ამ ეტაპზე ამერიკის თავდაცვის უწყება განიხილავს. ამერიკამ ავღანეთში საბრძოლო მისია 2014 წლის ბოლოს დაასრულა. ამ დროისათვის ავღანეთში, დაახლოებით,  10 000 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება, რომლებიც უმთავრესად ავღანეთის უსაფრთხოების ძალების წვრთნითა და რჩევების მიცემით შემოიფარგლებიან.

თამთა კახაძე

tamta kakhadze
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს