დონბასში მცირეკალიბრიან არტილერიასაც უკანდახევენ?
01 ოქტომბერი, 2015
815
print

ივა შილაკაძე

 

მინსკში დამატებითი ხელშეკრულების ხელმოწერით დამთავრდა სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის (უკრაინა-რუსეთი-ეუთო) მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი, რომელიც ითვალისწინებს 100 მილიმეტრზე ნაკლები კალიბრის შეიარაღების უკანდახევას პირობითი ფრონტის ხაზიდან. ლაპარაკია მცირე ზომის ტანკებზე, საარტილერიო სისტემებსა და 120 მილიმეტრამდე კალიბრის მქონე ნაღმსატყორცნებზე. შეთანხმების თანახმად ეს შეიარაღება მხარეებმა 15 კილომეტრით უნდა დააშორონ პირობით გამყოფ ხაზს, თუმცა ჯერ სამწუხაროდ უცნობია, თუ როდის დაიწყება ეს პროცესი.

ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში მარტინ საიდიკმა განაცხადა, რომ დოკუმენტი გაფორმებულია როგორც დამატება კომპლექსური ღონისძიებების გეგმაზე, რომლებით თავის მხრივ შემუშავებულია მინსკის სამშვიდობო ხელშეკრულების შესასრულებლად. საკონტაქტო ჯგუფის წევრებმა დოკუმენტს ხელი 29-ში გვიან საღამოს მოაწერეს, თუმცა მის შესახებ მეტნაკლებად სრული ინფორმაცია საერთაშორისო მედიით გავრცელდა მხოლოდ 30 სექტემბერს. მასზე ჯერ არ არის სეპარატისტთა ხელმოწერა. დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების“ წარმომადგენლებმა დენის პუშილინმა და ვლადისლავ დეინეგომ (ისინი სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის სხდომებში მოწვეული სტუმრის სტატუსით სარგებლობენ) მინსკი ისე დატოვეს, რომ დოკუმეტზე ხელი არ მოუწერიათ. მათი სიტყვებით ამას გააკეთებენ „სახალხო რესპუბლიკების“ ხელმძღვანელები, მას შემდეგ რაც დოკუმენტს გაეცნობიან. პრორუსი სეპარატების ხელმოწერის სავარაუდო თარიღად 1 ოქტომბერი, ხუთშაბათი დასახელდა. როგორც ირკვევა, დოკუმენტი ფაქტობრივად მზად იყო ჯერ კიდევ ივლისში და მას შემდეგ მხარეები ათანხმებდნენ წვრილმან, მაგრამ მნიშვნელოვან დეტალებს. ამჯერადაც შესაძლოა შეთანხმება კიდევ არ მომხდარიყო, 2 ოქტომბერს პარიზში დანიშნული რომ არ იყოს „ნორმანდიის ოთხეულის“ (ოლანდი, მერკელი, პოროშენკო, პუტინი) შეხვედრა. ცხადია, რომ ამ სამიტისთვის მხარეები შეეცადნენ რაღაც ხელშესახები „შედეგისთვის“ მიეღწიათ.

დოკუმენტი გულისხმობს შეიარაღების უკანდახევას ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე ეს შეეხება ყველაზე მშვიდ მონაკვეთებს, ძირითადად ლუგანსკის ოლქში. ამ ეტაპისთვის გამოყოფილია 15 დღე. ფრონტის ხაზს ჯერ მოაცილებენ ტანკებს, შემდეგ საარტილერიო სისტემებს და ბოლოს ნაღმსატყორცნებს. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება იგივე პროცესი დანარჩენ, უფრო პრობლემურ მონაკვეთებზე. უკანდახევა იგივე თანმიმდევრობით განხორციელდება, თუმცა ამ მეორე ეტაპისთვის უკვე 24 დღეა გამოყოფილი. ყველაზე მეტ კითხვებს იწვევს ათვლის წერტილი, ანუ იარაღის უკანდახევის დაწყების თარიღი. კონკრეტული რიცხვი ხელშეკრულებაში არ დაფიქსირებულა. იქ წერია, რომ შეიარაღების უკანდახევა დაიწყება ორი დღის შემდეგ სროლის მთლიანად შეწყვეტიდან ფრონტის მთელ ხაზზე. როგორც ირკვევა, ამ თარიღის დასახელება შეუძლია მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების რეალიზაციის ერთობლივ ცენტრს, რომელიც მხარეების გამყოფ ხაზს აკვირდება და მუშაობს ეუთოს მონიტორინგის სპეციალურ მისიასთან მჭიდრო კონტაქტში. პესიმისტურ ვარიანტში ეს ნიშნავს, რომ იმ მხარემ, რომელსაც სამშვიდობო პროცესის ჩაშლა სურს, ორ დღეში ერთხელ მაინც შეიძლება ფრონტის ხაზის რომელიმე მონაკვეთზე ატეხოს სროლა და ამით მაქსიმალურად გადადოს შეიარაღების გაყვანა.

მხარეების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ეს ხელშეკრულება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მისი რეალიზაცია სეპარატისტულ ოლქებში მშვიდობის დამყარების საწინდარია. მხოლოდ უსაფრთხოების საკითხების მოგვარების შემდეგ შეიძლება ლაპარაკი სხვა პრობლემების გადაწყვეტაზე. „სხვა საკითხებში“ უპირველესად იგულისხმება პოლიტიკური უთანხმოებები, რომლებიც მათ შორის არჩევნების ჩატარებასაც მოიცავს. სამმხრივ საკონტაქტო ჯგუფში უკრაინის წარმომადგენელმა, ქვეყნის ექს-პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ აღნიშნა, რომ პოლიტიკური მოწყობის პერსპექტივას და არჩევნების საკითხს თითოეული მხარე საკუთარი პოზიციიდან გამომდინარე აფასებს, თუმცა მასაც მიაჩნია, რომ ამ თემებს შეიძლება დაუბრუნდნენ მშვიდობის დამყარების შემდეგ.

 

სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს