რუსეთის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევას აშშ პროვოკაციად აფასებს
06 ოქტომბერი, 2015
1143
print

სირიაში რუსეთის საჰაერო იერიშების დაწყებიდან რამდენიმე დღეში თურქეთის საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი იქნა დაბარებული-შაბათს რუსულმა თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.

როგორც ორშაბათს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, იმ შედეგებზე, რაც მორიგ მსგავს ქმედებას მოჰყვება „პასუხისმგებელი იქნება რუსეთი.“

3 ოქტომბერს რუსული სუ-30-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევა დაგმო ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა. ორშაბათს ალიანსის საგანგებო სხდომაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსული თვითმფინავების მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევას „მიუღებელი“ და „ძალიან სახიფათო“ უწოდა:“რუსეთის მოქმედებები რეგიონში სტაბილურობასა და უსაფრთხოებას ხელს არ უწყობს..მე მოვუწოდებ რუსეთს ნატოს საჰაერო სივრცის სრული პატივისცემისაკენ და ალიანსთან ესკალაციის თავიდან აცილებისაკენ.“

„მოკავშირეები რუსეთის ფედერაციას მოუწოდებენ შეწყვიტოს და დაუყოვნებლივ ახსნას ეს მოქმედებები.“-საუბარია ალიანსის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

თეთრმა სახლმა რუსეთის მოქმედება „პროვოკაციად“ შეაფასა; თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, ამერიკა და მისი მოკავშირეები ძალიან შეშფოთებულები არიან აღნიშნული ინციდენტის გამო.

მომხდარს გამოეხმარა რუსეთის თავდაცვის უწყება, რომელმაც აღიარა რუსული თვითმფრინავის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევა, რაც „არახელსაყრელი ამინდის პირობებით“ ახსნა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სუ-30 ტიპის სამხედრო თვითმფრინავი სირიის საზღვართან თურქეთის საჰაერო სივრცეში „სულ რამდენიმე წამის განმავლობაში იმყოფებოდა.“

მომხდარს შეცდომა უწოდა თურქეთის პრემიერმა აჰმეთ დავითოღლუმ, რომლის თქმითაც მსგავსი რამ აღარ უნდა განმეორდეს:“თურქეთის წესები ყველა ქვეყნის თვითმფრინავებზე ვრცელდება რუსეთის, სირიის თუ ნებისმიერ სხვა ქვეყნის...აუცილებელი ზომები იქნება მიღებული ნებისმიერის მისამართით, ვინც დაარღვევს თურქეთის საზღვრებს.“

თურქეთში დიდი ბრიტანეთის ელჩმა რიჩარდ მურმა კი, რუსეთის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევას შემაშფოთებელი უწოდა:“დიდი ბრიტანეთი და ნატოს სხვა წევრები თურქეთის გვერდით დგანან.“-განაცხადა ელჩმა.

შეგახსენებთ, რუსეთმა, რომელიც წლების განმავლობაში გაეროს უშიშროების საბჭოში  სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ რეზოლუციის მიღებას ბლოკავდა, 30 სექტემბერს, ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ დაიწყო ავიაიერიშების განხორციელება. ამერიკა, არაბ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ტერორისტული დაჯგუფების პოზიციებზე ავიაიერიშებს გასული წლის აგვისტოდან ახორციელებს. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის, ვაშინგტონის ხელმძღვანელობით შექმნილი კოალიციის წევრები აცხადებენ, რომ რუსეთის სამიზნეს სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ გარდა, სირიელი ზომიერი ამბოხებულები წარმოადგენენ.

გუშინ რუსეთის თავდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ ორშაბათს რუსულმა თვითმფრინავებმა ქალაქ ჰომსში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე მიიტანეს იერიში და დაჯგუფების ოცი ტანკი გაანადგურეს. „როიტერის“ ინფორმაციით, დღეს რუსი სამხედროები ისრაელს ეწვევიან, სადაც განიხილავენ, თუ როგორ უნდა აიცილოს ამ ორმა ქვეყანამ სირიაში „შემთხვევითი დაპირისპირება“.

სირიაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციას მსოფლიო ლიდერების ნაწილი დიდ შეცდომად მიიჩნევს. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაეპ ერდოღანის განცხადებით, რუსეთის მიერ სირიის ლიდერის დაცვა „სერიოზულ შეცდომას” წარმოადგენს. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ასადი ტერორიზმშია ბრალდებული:“თუმცა, სამწუხაროდ მას დღეს ირანი და რუსეთი იცავენ.“

ამერიკის თავდაცვის მდივანის ეშტონ კარტერის განცხადებით, „სირიელი ზომიერი ამბოხებულების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყებით რუსეთმა სირიის სამოქალაქო ომის ესკალაცია მოახდინა.“

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ღიად განაცხადა, რომ მის მიზანს ასადის მხარდაჭერა და სირიის მოქმედი „ლეგიტიმური“ ინსტიტუტების გაძლიერება წარმოადგენს. აღნიშნული კი რადიკალურად განსხვავდება დასავლეთის მიდგომისაგან, რომელიც თავდაპირველად მხარს უჭერდა სირიის ოპოზიციის მოთხოვნას ასადის უპირობო გადადგომის თაობაზე. ორი წლის წინ დასავლეთმა, ფაქტობრივად, ღიად დაადანაშაულა ასადი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში- 2013 წლის აგვისტოში დამასკოსთან ახლოს ზარინის გაზის გამოყენებას ასობით ადამიანი შეეწირა. ამ ინციდენტის შემდეგ აშშ აქტიურად განიხილავდა სირიაში ასადის პოზიციებზე ავიაიერიშების დაწყებას. თუმცა, რუსეთის  შუამდგომლობით, ამერიკამ იერიშებზე უარი თქვა, სანაცვლოდ კი ასადი ქვეყნის ქიმიურ იარაღზე საერთაშორისო კონტროლის დაწესებას დათანხმდა.

თამთა კახაძე 

 

 

tamta kakhadze
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს