თურქეთი ნატოს პეტრიოტის რაკეტების დატოვებისკენ მოუწოდებს
09 ოქტომბერი, 2015
1446
print

გუშინ თურქეთმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს სირიის საზღვრის გასწვრივ განლაგებული პეტრიოტის ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების დატოვება სთხოვა.

ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა ამერიკამ, გერმანიამ და ნიდერლანდებმა,  სირიის საზღვართან პეტრიოტის ტიპის რაკეტები პირველად 2013 წლის იანვარში განალაგეს, რასაც სირიის ტერიტორიიდან თურქეთში ჭურვების ჩამოვარდნა უძღოდა წინ. ამ წლის დასაწყისში ნიდერლანდებმა საკუთარი მისია დაასრულა, რომელიც ესპანეთმა ჩაანაცვლა. „როიტერის“ თანახმად, რაკეტების  თურქეთიდან გატანის გადაწყვეტილება უკვე მიიღეს ვაშინგტონმა და ბერლინმა. მადრიდმაც ადრე ნათლად განაცხადა, რომ მარტო მოქმედება არ სურს. არსებული ინფორმაციით, სირიის საზღვართან განლაგებული პეტრიოტის რაკეტებისა და პერსონალის გაყვანა მომავალი წლის თებერვლამდე დასრულდება:“ჩვენ არ გვსურს ამ ფართო არეალში მხოლოდ ერთი ბატარეით დარჩენა, რაც ეფექტური არ იქნება, ეს ყველას ესმის.“-განაცხადა ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა პედრო მორენესმა.

ამერიკის თავდაცვის მდივნის ეშტონ კარტერის განცხადებით, თურქეთიდან პეტრიოტების გატანის შესახებ გადაწყვეტილება “თვეების წინ წინ იქნა მიღებული.“ კარტერის განცხადებით, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ აუცილებელია მოდერნიზებისათვის რაკეტების უკან დაბრუნება. აგვისტოში კი თურქეთმა და ამერიკამ ქვეყნიდან რაკეტების გატანის შესახებ ერთობლივი განცადება გააკეთეს, სადაც საუბარი იყო, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ამერიკა თურქეთში პეტრიოტის რაკეტებსა და პერსონალს ერთ კვირაში დააბრუნებს. რაკეტების გატანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას „მართებული“ უწოდა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლიაიენმაც.

თურქეთის მოთხოვნას ქვეყნის ტერიტორიაზე პეტრიოტის რაკეტის დარჩენის თაობაზე წინ უძღოდა რუსული სამხედრო თვითმფრინავების მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევა. გუშინ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი მზად არის ყველა წევრის დასაცვად, მათ შორის თურქეთისაც. ნატოს გენდმივნის განცხადებით, ნატო თურქეთის დასაცავად ძალების გაგზავნისათვისაც არის მზად:“ნატო მზად არის და შეუძლია ყველა წევრის დაცვა, მათ შორის თურქეთის, ნებისმიერ საფრთხისაგან.“

სექტემბრის ბოლოს რუსეთმა სირიაში ავიაიერიშების განხორციელება დაიწყო. ოფიციალური მოსკოვის განაცხადებით, რუსეთი სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებს ბომბავს. იერიშების დაწყებიდან რამდენიმე დღეში კი რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს, რაც აღიარა კიდეც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, მიზეზად კი „არახელსაყრელი ამინდის პირობები“ დაასახელა.

„რუსეთი სირიაში ისედაც რთულ ვითარებას, კიდევ უფრო ართულებს,“-განცხადა ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა მაიკლ ფელონმა, რომელმაც რუსეთს მოუწოდა სირიის პრეზიდენტზე გავლენა გამოიყენოს და აიძულოს ბაშარ ალ-ასადი საკუთარი მოსახლეობის დაბომბვა შეწყვიტოს. „ნიუ იორკ თაიმსი“ ბრიტანელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ბრიტანეთი ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთსა და უკრაინაში რეგულარულად განალაგებს 150 სამხედროს, „წვრთნების მხარდაჭერისათვის“. ბრიტანეთის თავდაცვის სამიისტროს ცნობით, უკრაინაში დამატებით 25 სამხედრო იქნება გაგზავნილი, რომლებიც უკრაინელ ჯარისკაცებს გაწვრთნიან. ბრიტანეთის განცხადებებს დაუყოვნებლივ გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმიდივანი დმიტრი პესკოვი, რომელმაც „სამწუხარო“ უწოდა აღმოსავლეთ ევროპაში ბრიტანეთის ყოფნის გაზრდას. პესკოვის თქმით, რუსეთი აღნიშნულს „შესაფერისად“ უპასუხებს.

თამთა კახაძე

 

tamta kakhadze
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს