თურქეთი საზარელ ტერაქტში დაღუპულებს გლოვობს
11 ოქტომბერი, 2015
890
print

ივა შილაკაძე

 

ანკარას ცენტრში შაბათს მომხდარი სისხლიანი ტერაქტის გამო თურქეთში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. ათასობით ადამიანი შეიკრიბა თურქეთის დედაქალაქში აფეთქებების მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად. ასეთი მძიმე ინციდენტი სავარაუდოდ გარკვეულ ზეგავლენას მოახდენს კარსმომდგარ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზეც.

შაბათ დილას, ადგილობრივი დროით დაახლოებით 10 საათზე, ზედიზედ ორი მძალვრი აფეთქება მოხდა ანკარის მთავარი სარკინიგზო სადგურის მახლობლად მდებარე მოედანზე. სავარაუდოდ თვითმკვლელმა ტერორისტებმა ბომბები ააფეთქეს ზუსტად იმ დროს, როდესაც იქ იკრიბებოდა ხალხი მშვიდობის მარშში მონაწილეობის მისაღებად. დაიღუპა 95 ადამიანი, ხოლო დაშავდა 245 კაცი. 48 მძიმედ დაჭრილი მოქალაქე რეანიმაციაში იმყოფება. ეს არის ყველაზე სისხლიანი ტერაქტი თურქეთში ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ჯერჯერობით არავის აუღია პასუხისმგებლობა აფეთქებებზე და არც სამართალდამცავებს გამოუთქვამთ თავიანთი მოსაზრებები სავარაუდო ეჭვმიტანილების თაობაზე.

ამჯერად ალბათ ხელს ვერავინ გაიშვერს ქურთი სეპარატისტებისკენ, ყოველ შემთხვევაში გამოძიებისა და ყოველმხრივ სანდო არგუმენტების მოპოვების გარეშე. შაბათს დაგეგმილი იყო მარში „მშვიდობისა და დემოკრატიისათვის“, რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ პროფკავშირები, ადამიანის უფლებთა დამცველები და სხვადასხვა პროქურთული ჯგუფები. მათ შორის ქურთების ინტერესების გამომხატველი „სახალხო დემოკრატიული პარტია“, რომელიც ივნისში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე მესამე ადგილზე გავიდა ხმების 13 პროცენტით. დიარბექირში (ქურთისტანის თურქული ნაწილის მთავარი ქალაქი) ამ პარტიის ერთ-ერთ წინასაარჩევნო მიტინგზე ივნისში ასევე მოხდა აფეთქება. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 1 ნოემბერს არის დანიშნული, იქამდე სამი კვირა რჩება. აქციის მთავარი მიზანი იყო თურქეთის ხელისუფლებასა და აკრძალულ „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ შორის ივლისში განახლებული კონფლიქტის შეწყვეტის მხარდაჭერა. საერთოდ ასეთი ტერაქტები არც არის ქურთების სტილი. ისინი არ იყენებენ თვითმკვლელ ტერორისტებს და ძირითადად ესხმიან თავს არა ხალხს, არამედ სამხედროებსა და პოლიციელებს. ჯერჯერობით ჩვენც თავს შევიკავებთ მკითხაობისა და კონკრეტული ინფორმაციის გარეშე რაიმე მოსაზრებების გამოთქმისგან, მიუხედავად იმისა, რომ ორიოდე ლოგიკური ვერსიის ჩამოყალიბება და გარკვეული ეჭვების გამოთქმა შეიძლება.

აფეთქებებიდან რამდენიმე საათში „ქურთისტანის მუშათა პარტიამ“ გამოაცხადა დროებითი ზავი თურქეთის ხელისუფლებასთან შეიარაღებულ ბრძოლაზე სამი კვირით, დანიშნულ არჩევნებამდე. ეს ზავი დაანონსებული იყო რამდენიმე დღით ადრე, ანკარას ცენტრში გამართულ ანტისაომარ მიტინგზე. „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზავი შეიძლება დაირღვეს მხოლოდ უშუალოდ მათ მებრძოლებზე თავდასხმის შემთხვევაში. ქურთი რადიკალების ამ ინიციატივას ჯერ არ გამოხმაურებია თურქეთის ხელისუფლება.

ტერაქტის შემდეგ პოლიცია ეტყობა ცოტა დაიბნა. სოციალურ ქსელებში გაჩნდა განცხადებები, რომ აფეთქების შემდეგ წარმოქმნილი არეულობისას სამართალდამცავებმა გამოიყენეს ცრემლადენი გაზი, შეუტიეს იმ ადამიანებს, რომლებსაც მოედნიდან დაჭრილები გაჰყავდათ და სასწრაფო სამედიცინო დამარების მანქანებს არ აძლევდნენ ინციდენტის ადგილზე ახლოს მისვლის საშუალებას (შესაძლოა კიდევ ერთი აფეთქების შიშის გამოც).

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯებ ტაიპ ერდოღანმა მომხდარს უწოდა „ტერორის ამაზრზენი აქტი“. „მე მკვეთრად ვგმობ ამ საზარელ თავდასხმას ჩვენს ერთიანობასა და მშვიდობიან ცხოვრებაზე ჩვენს ქვეყანაში,“ - თქვა მან. პრემიერ-მინისტრ ახმეტ დავუთოღლუს სიტყვების თანახმადაც აფეთქებები მიმართული იყო თურქეთის ერთიანობის, დემოკრატიისა და სტაბილურობის წინააღმდეგ.

კვირას სამგლოვიარო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა ანკარას ცენტრში. მათმა უმრავლესობამ ყვავილებით შეამკო ტერაქტის ადგილი. ხალხის ძირითადი განწყობა მწუხარებისა და თანადგომის ამსახველი იყო, თუმცა ისმოდა ანტისამთავრობო ლოზუნგებიც და ბრალდებებიც სპეცსამსახურების მიმართ. მანიფესანტები მიიჩნევენ, რომ შესაბამისი ორგანოები ვერ ახერხებენ ტერაქტების თავიდან აცილებას.

ტერაქტის დაგმობის მიზნით მშვიდობიანი მანიფესტაცია გაიმართა შაბათსვე დიარბექირშიც.

 

სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს