ლუკაშენკო კვლავ ბელორუსის პრეზიდენტია, ევროკავშირი კი ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეაჩერებს
13 ოქტომბერი, 2015
1114
print

11 ოქტომბერს ბელორუსში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკომ ხმების 83%-ით გაიმარჯვა.

არჩევნებამდე ლუკაშენკომ, რომელიც მეხუთედ გახდა ქვეყნის პრეზიდენტი, ექვსი ოპოზიციური ფიგურა შეიწყალა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ეუთოსათვის:“ნათელია, რომ ეუთოს ფარგლებში, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისათვის საკუთარი ვალდებულებების შესასრულებად ქვეყანას ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი...ცოტა ხნის წინ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და დამკვირვებლების დაშვება არჩევნებზე დადებითად უნდა შეფასდეს. თუმცა,  საარჩევნო პროგრესთან დაკავშირებით ჩვენი დიდი იმედები არ გამართლდა.“-განაცხადა კენტ ჰეისთიდმა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების ეუთოს სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობდა.

არჩევნებთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს თავად ლუკაშენკოს, რომლის განცხადებითაც, ბელორუსმა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად ყველაფერი გააკეთა. როგორც ადრე ევროკავშირი  აცხადებდა, აღნიშნული არჩევნების სამართლიანად ჩატარება გავლენას იქონიებდა ორგანიზაციის მიერ ბელორუსის მისამართით დაწესებული სანქციების მოხსნაზე. არჩევნების შემდგომ ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნის მისამართით დაწესებული სანქციების ოთხი თვით შეჩერების თაობაზე. როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, პოლიტიკური ჯგუფების მისამართით რეპრესიების არარსებობამ სანქციების შეჩერებაზე დადებითი გავლენა მოახდინა:“ბელორუსში  წინა ორ საპრეზიდნეტო არჩევნებთან შედარებით, გარკვეულ ცვლილებებს ვხედავთ..თუ ქვეყანა ამ გზით სვლას განაგრძობს, ჩვენ ყველა ერთსულოვნები ვართ ბელორუსთან ურთიერთობის შეცვლასთან დაკავშირებით.“-განაცხადა მინისტრმა.

საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ საქმეთა საკითხებში არლემ დეზირმა, ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთი მიესალმება ბელორუსის მიერ წინ გადადგმულ ნაბიჯებს, ამასთან მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა უგულებელყოფა სანქციების ხელახლა დაწესებას ნიშნავს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის 140 მოქალაქეს, რომლებიც ევროკავშირს შავ სიაში ჰყავდა შეყვანილი, ოქტომბრის ბოლოდან მომავალი წლის თებერვლამდე კვლავ თავისუფლად შეეძლება ევროპულ ბანკებით სარგებლობა და  ევროკავშირის მასშტაბით გადაადგილება. ამასთან, უცვლელი რჩება ევროკავშირის მიერ დაწესებული იარაღის ემბარგო. სანქციები, ასევე, შენარჩუნდება ლუკაშენკოს უსაფრთხოების სამსახურის ოთხი წევრის მისამართით, რომლებიც პოლიტიკური ოპონენტების გაუჩინარებაში არიან ეჭვმიტანილნი.

ბელორუსელი პოლიტოლოგი სერგეი შიპტენკო მიიჩნევს, რომ ლუკაშენკომ ყველაფერი გააკეთა, რათა ევროკავშირს სანქციები მოეხსნა:“პირველ რიგში მან შეასრულა მოთხოვნების ნაწილი, რომელიც პრეზიდენტს წამოუყენეს-გაათავისუფლა პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც დასავლეთში პოლიტპატიმრებად მიაჩნდათ. ამასთან, კიევის ახალი ხელისუფლების მხარდაჭერაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა-უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით მინსკის მოლაპრაკებების შემდეგ კი ოფიციალური მინსკის იმიჯი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.“

თავად ლუკაშენკომ კი ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შესაძლო მოხსნის თაობაზე განაცხადა:“ისინი დარწმუნდნენ რომ სანქციებს მხოლოდ ზიანი მოაქვს და რომ ბელორუსი წესიერი ქვეყანაა...გაიგეს რომ ეს არის ნორმალური ქვეყანა, სადაც ნორმალური ხალხი ცხოვრობს.“

ამერიკამ და ევროკავშირმა ბელორუსის წინააღმდეგ ბოლო სანქციები 2011 წლის იანვარში დააწესეს, რისი მიზეზიც 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბება და ოპოზიციურ ძალებზე ზეწოლა გახდა. აშშ მიესალმა  2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას, თუმცა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ეს არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებს მაინც ვერ აკმაყოფილებდა. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მარკ ტონერის განცხადებით, სერიოზული პრობლემები დაფიქსირდა ხმების დათვლის პროცესში.

თამთა კახაძე

 

 

 

tamta kakhadze
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს