თურქეთმა და ევროკავშირმა მიგრანტთა ნაკადის შესამცირებლად სამოქმედო გეგმა შეათანხმეს
16 ოქტომბერი, 2015
1009
print

გუშინ ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაეპ ერდოღანთან, მიგრანტების კრიზისის გასამკლავებლად, „სამოქმედო გეგმა“ შეათანხმეს.

არსებული გეგმის თანახმად, თურქეთმა უნდა იზრუნოს ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი ლტოლვილებისათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე და შეეცადოს მათ ქვეყანაში დარჩენას. ამასთან, ლიდერები  აზიიდან თურქეთის გავლით მიგრანტების ნაკადის შესამცირებლად, კოორდინირებულ სასაზღვრო კონტროლზეც შეთანხმდნენ.

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ორგანიზაციამ იმსჯელა ანკარის მიერ მოთხოვნილ სამ მილიარდ ევროზე, რაც სრულიად “მისაღები“ ჩანს. მერკელის თქმით, რომელიც რამდენიმე დღეში სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტს შეხვდება, მიგრანტების ნაკადის გამკლავება თურქეთთან თანამშრომლობის გარეშე, შეუძლებელი იქნება.

“უკანასკნელი კვირების განმავლობაში, ჩვენი არაერთი შეხვედრა თურქეთის ლიდერებთან ემსახურებოდა ერთ უმთავრეს მიზანს: შემცირდეს მიგრანტთა ნაკადი ევროპაში, თურქეთის გავლით. სამოქმედო გეგმის შედგენა ამ მიმართულებით მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.“-განაცხადა ბრიუსელში გამართული სამიტის ხელმძღვანელმა დონალდ ტუსკმა.

შეხვედრის შემდეგ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა:“თურქეთთან ჩვენი მოლაპარაკებების უმთავრეს მიზანს წარმოადგენს მივაღწიოთ იმას, რომ თურქეთის ტერიტორიაზე მყოფი ლტოლვილები იქ დარჩნენ. ჩვენი მეორე ამოცანაა კრიმინალურ ჯგუფებთან ბრძოლა, რომლებიც ადამიანების ტრეფიკინგით არიან დაკავებულნი.“

იუნკერის განცხადებით, ჯერ არ არის დაზუსტებული, თუ რა რაოდენის თანხას მიიღებს თურქეთი:“ჩვენ თურქეთთან თანამშრომლობის საერთო გეგმა შევათანხმეთ...რაც შეეხება კონკრეტულ თანხას, რომელსაც გამოვუყოფთ თურქეთს-აღნიშნულს უახლოესი დღეების განმავლობაში გადავწყვეტთ.“

არსებული მონაცემებით, ამ დროისათვის თურქეთის ტერიტორიაზე 2 მილიონი ლტოლვილი იმყოფება, უმთავრესად მეზობელი სიირიდან, სადაც ოთხ წელზე მეტია სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ თურქეთმა ევროკავშირს 3 მილიარდი ევროს გამოყოფის თაობაზე მიმართა, რაც პირველ რიგში ლტოლვილების მისაღებად საჭირო ცენტრების მოწყობას უნდა მოხმარდეს. ამასთან, თურქეთმა გაერთიანებას საკუთარი მოქალაქეებისათვის, რომლებიც შენგენის ზონაში შემავალ ქვეყნებში ვიზიტს მოისურვებენ, სავიზო რეჟიმის გამარტივებაც სთხოვა.

გვიან ღამით დასრულებული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი დააჩქარებს თურქეთის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცესს, თუ ანკარა ადრე აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს. ევროკავშირის მაღალჩინოსნების თქმით, სავიზო რეჟიმის გამარტივება დამოკიდებული იქნება თურქეთის მიერ მიღებულ ზომებზე მიგრანტთა ნაკადის შესაჩერებლად; ეს კი არცთუ ისე იოლ დავალებას წარმოადგენს-მხოლოდ ამ წელიწადს ევროკავშირში, ზღვის გავლით, 600 000 მიგრანტი შევიდა. მათი უმრავლესობა კი ევროპაში სწორედ თურქეთის გავლით მოხვდა.

გუშინდელი სამიტის დატოვება მოუწია ბულგარეთის პრემიერს ბოიკო ბორისოვს, რისი მიზეზიც თურქეთისა და ბულგარეთის საზღვარზე მესაზღვრეებსა და მიგრანტებს შორის შეტაკება გახდა-გავრცელებული ინფორმაციით, მესაზღვრეები შეეცადნენ ათობით  არალეგალი ავღანელი მიგრანტის შეჩერებას, რომლებიც თურქეთიდან ბულგარეთის ტერიტორიაზე მოხვედრას ცდილობდნენ. დაპირისპირების დროს, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა ავღანეთის ერთი მოქალაქე. ბულგარეთის ხელისუფლების განცხადებით, დაახლოებით 50-მა აგრესიულმა და შეიარაღებულმა აღანელმა მიგრანტმა უარი განაცხადა დამორჩილებოდა ბულგარელი მესაზღვრეების მოთხოვნას. ბულგარეთმა სექტემბერში თურქეთთან სასაზღვრო კონტროლის გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღო; ამასთან გაამკაცრა კანონი ლტოლვილების უკანონო გზით გადამყვანი პირების წინააღმდეგაც.

თამთა კახაძე

tamta kakhadze
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს