ევროპა მიგრანტების ბანაკებს აფართოებს
26 ოქტომბერი, 2015
1093
print

ივა შილაკაძე

 

ევროკავშირის საგანგებო სამიტზე ბრიუსელში, რომელშიც ამ გაერთიანების რამდენიმე მეზობელი სახელმწიფოს ლიდერიც მონაწილეობდა, შეათანხმეს დამატებითი ღონისძიებების ახალი პაკეტი, რამაც ლტოლვილების პრობლემის მოგვარებას ხელი უნდა შეუწყოს. მათ შორის ლაპარაკია ახალი სახსრების გამოყოფაზე მიგრანტებისთვის ბანაკების მოსაწყობად სხვადასხვა სახელმწიფოში, ასევე საზღვრების კონტროლისა და მოზღვავებული ხალხის რეგისტრაციის გამკაცრებაზე. სახელმწიფოები შეთანხმდნენ აგრეთვე მოქმედებების უფრო მჭიდრო კოორდინაციასა და ინფორმაციის ყოველდღიურ გაცვლაზე.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით გასულ კვირაში საბერძნეთში ყოველდღიურად შედიოდა 9 ათას ადამიანზე მეტი, რაც მიმდინარე კრიზისული წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2015 წლის პირველი 9 თვეში კი ევროკავშირის სასაზღვრო უწყების „ფრონტექსის“ მონაცემებით ევროპის სახელმწიფოებში 710 ათას მიგრანტზე მეტი ჩავიდა. ეტყობა ბოლო პერიოდში ადამიანების კონტრაბანდული გზით „გადამზიდავებიც“ აჩქარდნენ, რადგან ცოტა ხანში ამინდი გაფუჭდება და ზღვაში პატარა ნავებით (ხშირად საერთოდ გასაბერ ნავებს იყენებენ) გადაადგილება უკიდურესად სახიფათო გახდება.

ევროკავშირის სამიტამდე შედგა ბალკანეთის ნახევარკუნძულის სამი სახელმწიფოს, ბულგარეთის რუმინეთისა და სერბეთის (პირველი ორი სახელმწიფო კავშირის წევრია, სერბეთი - კანდიდატი) პრემიერ-მინისტრების შეხვედრა. ამ შეხვედრის შემდეგ ბულგარეთის პრემიერმა, ბოიკო ბორისოვმა განაცხადა, რომ ბალკანეთის ქვეყნები არ აპირებენ ბუფერული ზონის როლის შესრულებას და მზად არიან მიგრანტებისთვის ჩაკეტონ საკუთარი საზღვრები, თუ ამას გააკეთებენ გერმანია და ავსტრია (წინა კვირაში გავრცელდა დაუზუსტებელი ინფორმაცა იმის თაობაზე, რომ ეს შეიძლება მოხდეს). უნგრეთს უკვე ჩაკეტილი აქვს საზღვარი სერბეთთან და ხორვატიასთან, რის გამოც ლტოლვოლებს ავსტრიისა და გერმანისკენ მიმავალი გზა გაუგრძელდათ. ამან დამატებითი პრობლემები შექმნა სერბეთში, ხორვატიაში, სლოვენიასა და რუმინეთში.

კვირას ჩატარდა ევროკავშირის საგანგებო სამიტი, რომლის მოწვევის ინიციატორიც იყო ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი. მას დაესწრო კავშირის წევრი 10 სახელმწიფოს პირველი პირი. ცხადია ისინი, რომლებსაც ყველაზე მეტად აწუხებთ მიგრანტების კრიზისი, ასევე ალბანეთის, სერბეთისა და მაკედონიის ხელმძღვანელები.

სამიტზე გადაწყდა ლტოლვილების მიმღები ცენტრების გაფართოვება და ახლების აგება. უფრო კონკრეტულად ამ ცენტრებში კიდევ 100 ათასი ადამიანის დაბინავების პირობების შექმნა. ამ პროექტისთვის თანხებს გამოყოფს ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ევროსაბჭოს განვითარების ბანკი. ლტოლვილთა მიღების ცენტრები გაიხსნება სხვადასხვა ქვეყნებში, უმთავრესად ბალკანეთში. საბერძნეთში, რადგან ეს ქვეყანა გეოგრაფიულად აზიიდან წამოსული ლტოლვილებისთვის ევროპის მთავარი ჭიშკარია, უნდა გაიხსნას რამდენიმე დამატებითი ცენტრი, რომელიც 30 ათას ადამიანს დაიტევს. კიდევ 20 ათასი კაცის განთავსების ადგილს შექმნის გაეროს ლტოლვილთა კომიტეტი. გაერო აიღებს პასუხისმგებლობას აგრეთვე ბალკანეთის ნახევარკუნძულის სხვადახვა ქვეყანაში მიმღები ცენტრების გახსნაზე, რომლებიც მთლიანობაში 50 ათას ადამიანს დაიტევენ. სწორედ ბალკანეთის ქვეყნებზე გადის გზა, რომლის საშუალებითაც ლტოლვილებს სურთ გერმანიასა და სკანდინავიის სახელმწიფოებში მოხვედრა. ბალკანეთის პატარა სახელმწიფოების რესურსები კი ლტოლვილთა მიღების თვალსაზრისით უკვე თითქმის ამოწურულია. ისე ბალკანეთის გარდა სირიელმა ლტოლვილებმა უკვე დაიწყეს ნორვეგიაში გადასვლა რუსეთის მხრიდანაც.

მთლიანად ევროკავშირის სამიტზე შეთანხმებული გეგმა 17 პუნქტიანია, საიდანაც რამდენიმე მნიშვნელოვანი მუხლი გამოიყოფა: 1) უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში დამატებით 400 პოლიციელი გაიგზავნება ძირითადად სლოვენიასა და საბერძნეთში, საზღვრების დასაცავად და მიგრანტთა ნაკადების გასაკონტროლებლად. 2) უნდა შეწყდეს ლტოლვილთა გადაყვანა მეზობელი სახელმწიფოს საზღვრამდე ამ ყვეყნის წინასწარი გაფრთხილებს გარეშე. 3) ყველა სახელმწიფოში დაინიშნება სპეციალური კოორდინატორი, რომლებიც მიგრანტთა კრიზისის შესახებ ინფორმაციას გაუცვლის მეზობელ სახელმწიფოებს და ევროპის სხვა ქვეყნებს. ლტოლვილთა ნაკადის შესახებ ინფორმაციის გაცვლა ყოველდღიურ რეჟიმში იწარმოებს.

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის სიტყვებით ეს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ტესტია, რომლის ჩაბარებაც უწევს ევროპას. (წინა სტატიებში ჩვენ უკვე ვწერდით, რომ ძველ კონტინენტს ადამიანთა ასეთი მასების გადაადგილება არ ახსოვს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ). მისი სიტყვებით შექმნილი მდგომარეობა მოითხოვს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც სცილდება ევროკავშირის იურისდიქციას და აუცილებლად მოითხოვს საქმეში თურქეთის ჩართვას. ჟან-კლოდ იუნკერმა მოუწოდა ყველა ქვეყანას აქტიური მონაწილეობა მიღოს მიგრანტების რეგისტრაციაში და ეს პროცესი უბრალოდ არ გადაულოცოს მეზობელ სახელმწიფოებს (ამ საქმეში მათავარი შეუთანხმებლობა ხორვატიასა და სლოვენიას შორის არის). მისი აზრით აუცილებელია ლტოლვილები უზრუნველყონ ღამის გასათევი შენობებით. „დაუშვებელია, რომ თანამედროვე ევროპაში ადამიანებს სიცივეში მინდორში ეძინოთ“ - განაცხადა მან.

სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს