დღეს, 1 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნები იმართება თურქეთსა და აზერბაიჯანში. თურქ ამომრჩეველს ხუთი თვის განმავლობაში მეორედ უწევს საარჩევნო ყუთებთან მისვლა-7 ივნისის არჩევნების შედეგების თანახმად, თურქეთის მმართველმა პარტიამ უმრავლესობა დაკარგა და კოალიციური მთავრობის ფორმირების მცდელობაც უშედეგო გამოდგა. თურქეთის „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიამ ივნისის არჩევნებში ხმების 41% მიიღო და დიდი ეროვნული ასამბლეის(პარლამენტი) 550 ადგილიდან მხოლოდ 249 ადგილს დაეუფლა. თურქეთის მთავრობის ფორმირებისათვის კი პარლამენტში 276 ადგილია აუცილებელი.
წინასაარჩევნო პერიოდში უსაფრთხოება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენდა-ივლისში, ფაქტობრივად, ბოლო მოეღო სამი წლის წინ თურქეთსა და „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ შორის წამოწყებულ სამშვიდობო პროცესს და „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმებთან ერთად, გაიზარდა დაპირისპირება „ქურთისატანის მუშათა პარტიის“ შეიარაღებულ მებრძოლებსა და თურქ სამართლდამცავებს შორის. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაეპ ერდოღანმა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრეც განაცხადა, რომ მისი პარტიის მიერ უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, ქვეყანაში კვლავ დაბრუნდება სტაბილური ვითარება.
ადგილობრივი დროით 8 საათზე თურქეთის მთელ ტერიტორიაზე გაიღო საარჩევნო უბნები. რამდენიმე დღის წინ ჩატარებულ გამოკითხვის თანახმად, მმართველ „სამართლიანობისა და განვითარების პარტიას“ ამომრჩეველთა 47,2% უჭერს მხარს. ამ შედეგების მიღების შემთხვევაში, მმართველი პარტია პარლამენტში უმრავლესობას მიიღებს. არჩევნებამდე ჩატარებული კვლევების თანახმად, პარლამენტში მოსახვედრად 10%-იან ბარიერს კვლავ გადალახავს პროქურთული „სახალხო დემოკრატიული“ პარტია, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციებში სარგებლობს. თუმცა, რა შედეგებითაც არ უნდა დასრულდეს დღევანდელი არჩევნები, ქვეყანაში, სავარაუდოდ, შენარჩუნდება ის დიდი განსახვავება, რომელიც არსებობს კონსერვატორული იდეების მატარებლებს შორის, რომლებსაც ერდოღანი „მუშათა კლასის“ გმირად მიაჩნიათ და პროდასავლურად განწყობილ მოსახლეობას შორის, რომლებიც გარკვეულწილად ერდოღანს ავტორიტარულ მმართველობაში ადანაშაულებენ:“პოლიტიკური გაურკვევლობა, სოციალური დაყოფის ზრდის ტენდენცია და უსაფრთხოების არარსებობა, რაც ბოლო ორ არჩევანს შორის პერიოდს ახასიათებდა, სავარაუდოდ, გაგრძელდება.“-განუცხადა „როიტერს“ ანალიტიკური ცენტრის „CSIS“-ს თურქული პროექტის ხელმძღვანელმა ბულენტ ალირიზამ.
ქვეყნისათვის მნიშვნელოვან ცვლილებებს არც აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნებისაგან ელიან, სადაც დიდი ალბათობით მმართველი პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ გაიმარჯვებს, რომელსაც სათავეში პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უდგას. არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს მთავარმა ოპოზიციურმა პარტიებმა:“წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა მასობრივი დარღვევები, რის გამოც ჩვენ უარი ვთქვით მონაწილეობაზე.“-განუცხადა „როიტერს“ ოპოზიციური პარტიის „მუსავატის“ ლიდერმა არიფ ჰაჯილიმ.
უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“-ის განცხადებით, 2014 წელს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ 35 ჟურნალისტი და პოლიტიკური აქტივისტი გაასამართლა ან დააპატიმრა. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ერდოღანის დაუძინებელი მეტოქის, ამერიკაში მაცხოვრებელი ფეთჰულაჰ გიულენთან დაკავშირებულ ოპოზიციურ მედიასაშუალებებში გახშირებული რეიდების გამო, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში თურქეთის ხელისუფლებასაც სდებენ ბრალს.
თამარ კახაძე