სტოლტენბერგი ცივი ომისდროინდელი ხელშეკრულების მოდერნიზების მოწოდებით გამოდის
07 ნოემბერი, 2015
1217
print

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა „Financial Times“-ისათვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთთან ცივი ომის პერიოდში დადებული ხელშეკრულების გადახედვის აუცილებლობაზე ისაუბრა, რომელიც ევროპაში ჯარების განლაგებასა და წვრთნების გამართვას მოიცავს.

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, მისი სურვილია სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით, მოსკოვთან ახალ „გაუთვალისწინებელ პროცედურებზე“ შეთანხმება, რათა თავიდან იქნეს აცილებული „შემთხვევითი“ ან „მოულოდნელი“ ომის რისკები:“მოვიდა დრო არსებული წესების მოდერნიზების. ისინი ისე არ ფუნქციონირებს, როგორც ჩვენ გვინდოდა, რომ ემოქმედა. ეს წესები სხვა დროს არის შექმნილი-ათეულობით წლის წინ...ახლა, ევროპაში გაძლიერებულმა სახმედრო ყოფნამ, გახშირებულმა სამხედრო წვრთნებმა, გახშირებულმა ინციდენტებმა და დაძაბულობამ, შესაძლოა, გამოიწვიოს გაურკვევლობა, რომელიც შეიძლება კონტროლს აღარ დაექვემდებაროს.“-აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ე.წ „ვენის დოკუმენტი“ ცივი ომის პერიოდის, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს წარმოადგენს, სადაც მსხვილმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების გამჭვირვალობის, ინსპექტირების წესებია წარმოდგენილი. 1975 წელს  ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, რუსეთმა და ნატომ რეგულარულად უნდა მიაწოდონ ერთმანეთს ინფორმაცია წვრთნების გრაფიკისა და ჯარების დისლოკაციის თაობაზე. ამასთან,  წვრთნებში 13 000 სამხედროზე მეტის მონაწილეობის შემთხვევაში, ეუთოს წევრ ქვეყნებს სწავლებებში ოფიციალური სამხედრო დამკვირვებლების გაგზავნის უფლებაც აქვთ.

თუმცა, აღსანიშნავია რომ  2013 წლიდან მოყოლებული რუსეთმა ათობით მსხვილმასშტაბიანი „უეცარი“ წვრთნა ჩაატარა, ფაქტობრივად, ვენის შეთანხმების გვერდის ავლით:“გახშირებული „მოულოდნელი“ წვრთნები „ახალ ნორმად“ ყალიბდება...ჩვენ, ასევე ვხედავთ უფრო მეტი ჰიბრიდული ომის წარმოებას...სამოქალაქო და სამხედრო სახსრების გამოყენებას, აშკარა და ფარულ მოქმედებებს. არსებული წესები სრულიად სხვა რეალობასა და გარემოებაში იქნა ჩამოყალიბებული.“-განაცხადა სტოლტენბერგმა.

როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერმა აღნიშნა, მისი სურვილია დადგენილი წესები შეიცვალოს და სამხედრო წვრთნებში საერთაშორისო დამკვირვებლების გაგზავნა მაშინაც იყოს შესაძლებელი, თუ სწავლებებში აქამდე დადგენილ რაოდენობაზე, 13 000 ჯარისკაცზე ნაკლები მიიღებს მონაწილეობას. სტოლტენბერგის თქმით, სურს „მოულოდნელ წვრთნებში“  „მოულოდნელი დაკვირვებაც“ ხდებოდეს.

რამდენიმე დღის წინ იენს სტოლტენბერგი ლისაბონში იმყოფებოდა, სადაც 2002 წლიდან მოყოლებული, ნატოს უმსხვილესი წვრთნების „Trident Juncture“-ს მიმდინარეობას დაესწრო. ამ წვრთნებში ნატოს წევრი ქვეყნებიდან 36 000 ჯარისკაცი იღებს მონაწილეობას. დასავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში გამართულ სამხედრო წვრთნებს ესწრებოდნენ რუსი დამკვირვებლებიც. პორტუგალიაში გამართულ პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა უფრო მეტი უნდა გააკეთონ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დასამშვიდებლად, რომლებიც უკრაინაში რუსეთის მოქმედებების გამო არიან შეშფოთებულები. რუსეთმა უკრაინაში ყირიმის ანექსიის, დასავლეთთან ურთიერთობის გაუარესების შემდეგ, შავი ზღვის რეგიონსა და კალინინგრადის ოლქში სამხედრო ყოფნა გაზარდა.

ცოტა ხნის წინ ბალტიისა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა ნატოს, მათ ტერიტორიებზე ძალების მუდმივად განლაგების თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართეს. ხუთშაბათს, ბუქარესტში გამართულ შეხვედრაზე, პოლონეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის პრეზიდენტებმა და ჩეხეთის პარლამენტის სპიკერმა განაცხადეს, რომ ძალიან არიან შეშფოთებულები რუსეთის მიერ „აგრესიული მოქმედებების გაგრძელებით“ და ალიანსს აღმოსავლეთ ფლანგზე გაძლიერებისკენ მოუწოდეს. სამიტის შემდეგ შემუშავებულ ერთობლივ დეკლარაციაში საუბარია:“ჩვენ გავაგრძელებთ ერთსულოვნად მოქმედებას, რათა მზად ვიყოთ ახალი საფრთხეებსა და გამოწვევებისათვის, ნებისმიერ ადგილზე.“

თამარ კახაძე

 

 

tamta kakhadze
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს