ოპოზიციის ტრიუმფალური გამარჯვება ბირმის ისტორიულ არჩევნებში
12 ნოემბერი, 2015
957
print

ივა შილაკაძე

 

მიანმაში (ბირმაში) კვირას ჩატარებულ მეტნაკლებად თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებში არნახული გამარჯვება მოიპოვა ოპოზიციურმა „ეროვნულმა ლიგამ დემოკრატიისათვის“, რომელსაც სათავეში უდგას ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში, ყოფილი პოლიტპატიმარი და ადგილობრივი პოლიტიკური ისტებლიშმენტის ლეგენდა - აუნ სან სუ ჯი. მოქმედმა ხელისუფლებამ დამარცხება უკვე აღიარა და ოპოზიციისთვის ძალაუფლების გადაცემაზე დათანხმდა. ამით ბირმაში ბოლო ეღება 53 წლიან სამხედრო დიქტატურას.

ორშაბათს, ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებამდე, პარალელური დათვლის საფუძველზე უკვე ნათელი იყო, რომ „ეროვნულმა ლიგამ დემოკრატიისათვის“ მიიღო ამომრჩევლთა ხმების 70-იდან 75 პროცენტამდე. საბოლოო შედეგი კიდევ უფრო გამანადგურებელი აღმოჩნდა. ოთხშაბათს გაირკვა, რომ აუნ სან სუ ჯის პარტიამ მოიპოვა ასარჩევი მანდატების თითქმის 90 პროცენტი. მას უმრავლესობა ექნება ორივე პალატაში. „საკავშირო სოლიდარობისა და განვითარების პარტია“, რომელიც აქამდე ხელისუფლებაში იყო და სამხედროების ინტერესებს გამოხატავს, მოკრძალებული შედეგით დაკმაყოფილდა. მისმა თავმჯდომარემ უ ჰტაი ოო-მ დამარცხება ორშაბათსვე აღიარა და თანამოაზრეებს ასეთი შედეგის გააზრებისკენ მოუწოდა. 11 ნოემბერს ქვეყნის სამხედრო ხუნტის ყოფილმა მეთაურმა და ამჟამად პრეზიდენტმა გენერალმა თეინ სეინმა (სხვა ტრანსკრიპციით - თან შვემ) სოციალური ქსელის საშუალებით მიულოცა გამარჯვება „ეროვნულ ლიგას დემოკრატიისათვის“. მანაც განაცხადა, რომ პატივს სცემს ამომრჩევლების ნებას და გამარჯვებულ პარტიას გადასცემს კანონით განსაზღვრულ ყველა უფლებამოსილებას. მან „ეროვნულ ლიგას დემოკრატიისათვის“ გეგმების განხორციელება უსურვა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ძალიან სწრაფმა ცვლილებებმა შეიძლება დესტაბილიზაციაც გამოიწვიოს. მიანმის არმიის სარდლობამაც სოციალური ქსელის მეშვეობით გამოთქვა მზადყოფნა ითანამშრომლოს ქვეყნის ახალ მთავრობასთან.

ყველაფერი ასე მარტივად არ არის, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ბირმის (მიანმის) პარლამენტში 664 დეპუტატია, თუმცა გარდამავალი კონსტიტუციის მიხედვით აქედან ირჩევენ მხოლოდ მის სამ მეოთხედს. მანდატების მეოთხედი ავტომატურად გადადის სამხედროების მიერ დანიშნული დეპუტატების ხელში. ეს ნიშნავს, რომ ეს მანდატები ისევ გენერალიტეტს და მათთან დაახლოებულებს უკავიათ, ისინი კი ბუნებრივად უნდა მივიჩნიოთ ყოფილი მმართველი პარტიის ფრაქციის წევრებად. შესაბამისად ჯერ გაურკვეველია, ექნება თუ არა „ეროვნულ ლიგას დემოკრატიისათვის“ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების რესურსი. სამხედროებს ასევე მიღებული აქვთ საკონსტიტუიო შესწორება „აუნ სან სუ ჯის წინააღმდეგ“. ამ შესწორების თანახმად ბირმის პრეზიდენტის პოსტის დაკავების უფლება არ აქვს იმ პირს, რომელსაც უცხოელი ნათესავები ჰყავს. აუნ სან სუ ჯის ქმარი კანადელი ტიბეტოლოგი იყო (ის 18 წლის წინ გარდაიცვალა) და გამარჯვებული ლიდერის ორ ვაჟს უცხოური პასპორტები აქვთ. ბრიტანელია მისი ამჟამინდელი მეუღლეც.

პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს ხმების ორი მესამედით, თუმცა არ არის აღნიშნული რამდენი ხმა სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებას. 70 წლის აუნ სან სუ ჯიმ „ბი-ბი-სისთვის“ მიცემულ ინტერვიუში უკვე განაცხადა, რომ მის პარტიაში გამოინახება კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს კანონის ყველა მოთხოვნას, თუმცა რეალურად ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ის თვითონ მიიღებს, როგორც პარტიის ლიდერი (და ალბათ როგორც მთავრობის მეთაური).

„ეროვნულმა ლიგამ დემოკრატიისათვის“ არჩევნები მოიგო 1990 წელსაც, თუმცა სამხედროებმა ხელისუფლება არ დათმეს, არჩევნების შედეგები გააუქმეს და ხუნტამ მმართველობა „ჩვეულ რეჟიმში“ გააგრძელა. აუნ სან სუ ჯი დააპატიმრეს და მას შემდეგ დაახლოებით 15 წელიწადი ის ხან ციხეში ჰყავდათ, ხან შინაპატიმრობაში. მინიჭებული ნობელის პრემიის მიღებაც მან მხოლოდ სამი წლის წინ თავისუფლების მოპოვების შემდეგ შეძლო. წინა არჩევნები 2010 წელს ჩატარდა და მასში მონაწილეობის საშუალება არ მისცეს „ეროვნულ ლიგას დემოკრატიისათვის“. აუნ სან სუ ჯიც შინაპატიმრობიდან გაათავისუფლეს არჩევნების ჩატარებიდან 6 დღის შემდეგ. მოგვიანებით, 2012 წელს ჩატარდა შუალედური არჩევნები აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასული დეპუტატების ადგილების დასაკავებლად. ეს მანდატები ფაქტობრივად მთლიანად (43 მანდატი 45-იდან) მოიპოვა „ეროვნულმა ლიგამ დემოკრატიისათვის“. შესაბამისად ამ ბოლო, „გარდამავალ“, პარლამენტში აუნ სან სუ ჯი მცირერიცხოვანი ფრაქციის ლიდერი იყო.

ბირმას თავისუფალი და პატიოსანი არჩევნების ჩატარება მიულოცეს აშშ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ (მან პირადად დაურეკა პრეზიდენტ თეინ სეინს) და სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ.

 

სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს