ტერაქტები პარიზში ასობით მსხვერპლით
14 ნოემბერი, 2015
806
print

ივა შილაკაძე

 

13 ნოემბერს გვიან ღამით რამდენიმე კოორდინირებული თავდასხმა მოხდა თეატრზე, რესტორნებსა და კაფეებზე პარიზის ცენტრში, ასევე საფრანგეთის დედაქალაქის ჩრდილო გარეუბან სენ-დენიში „სტად დე ფრანსის“ გვერდით, რომელზეც საფრანგეთი-გერმანიის ამხანაგური მატჩი მიმდინარეობდა. ტერაქტების სერიას ბოლო მონაცემებით შეეწირა სულ ცოტა 128 ადამიანი, კიდევ 250 კი დაიჭრა. აქედან 98-ის მდგომარეობა კრიტიკულია. ამ თავდასხმას, რომელზეც პასუხისმგებლობა უკვე აიღო ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“, მიმომხილველებმა უწოდეს „საფრანგეთის 11 სექტემბერი“. ასეთი მასშტაბური მსხვერპლი პარიზს არ ახსოვს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

პირველი თავდასხმა დაფიქსირდა ადგილობრივი დროით 21:20 საათზე, პარიზის ერთ-ერთ ცენტრალურ მეათე ოლქში, ალიბერის ქუჩაზე, რესპუბლიკის მოედანთან ახლოს. იქ განლაგებულია პოპულარული კლუბები. მსხვილკალიბრიანი ნახევრად ავტომატური იარაღით აღჭურვილმა ნიღბიანმა მამაკაცმა ცეცხლი გაუხსნა ბარ „Le Carillon“-ში მსხდომ ხალხს, შემდეგ ქუჩა გადაჭრა და სროლა აუტეხა რესტორან „Le Petit Cambodge“-ს (პატარა კამბოჯა). სულ რამდენიმე წუთში სროლა გაისმა იქვე ახლოს, სენ-მარტენის არხთან, სადაც დაცხრილეს მანქანა და იპოვეს დაგდებული მოტოციკლი. შემდეგი თავდასხმა განხორციელდა პიცერია „La Casa Nostra“-ს სტუმრებზე, დე ლა ფონტენ ა რუას ქუჩაზე. იქ მამაკაცმა სროლა ატეხა ტყვიამფრქვევით და თვითმხილველების ცნობით ამ ადგილას სულ ცოტა 5 ადამიანი დაიღუპა.

21:30 საათზე მოხდა თავდასხმა პარიზის ჩრდილოეთ გარეუბანში სტადიონ „სტად დე ფრანსის“ გვერდით. გაისმა სამი აფეთქების ხმა. თავს დაესხნენ სწრაფი კვების ორ დაწესებულებას და ბარს. სულ ცოტა ერთი აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ამ დროს სტადიონზე მიმდინარეობდა ამხანაგური მატჩი საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებ გუნდებს შორის, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდიც ესწრებოდა. ეს უკანასკნელი უსაფრთხოების სამსახურმა დაუყოვნებლივ გაიყვანა ტრუბუნებიდან. თამაში ჩვეულებრივად გაგრძელდა. შეხვედრა ფრანგებმა მოიგეს ანგარიშით 2:0, თუმცა მეორე ტაიმში ხალხის დიდი ნაწილი რეალურად მატჩს ვეღარ უყურებდა და სოციალური ქსელების მეშვეობით თვალს ადევნებდა პარიზში განვითარებულ მოვლენებს. თამაშის დამთავრების შემდეგ ხალხი მოედანზეც გადავიდა და ფეხბურთელებთან ერთად მონიტორებზე აკვირდებოდა შექმნილ მდგომარეობას. გადაკეტილი იყო სტადიონიდან გასასვლელი მხოლოდ ერთ მხარეს. დანარჩენი სამი მხრიდან ხალხს ჩვეულებრივად შეეძლო სპორტული არენის დატოვება.

შემდეგი თავდასხმა განხორციელდა შარონის ქუჩაზე, ორმა მამაკაცმა ცეცხლი გაუხსნა ბარის „La Belle Equipe“-ს ტერასას. ეს ადგილი პირველი თავდასხმებიდან ოდნავ სამხრეთით მდებარეობს. შემდეგ ტერორისტები ისევ მანქანაში ჩასხდნენ და შარონის სადგურისკენ წავიდნენ.

ყველაზე მასშტაბური და სისხლიანი თავდასხმა განხორციელდა თეატრ (ზოგი სააგენტოს თანახმად საკონცერტო დარბაზ) „ბატაკლანზე“, რომელიც მდებარეობს ვოლტერის ბულვარზე, პომპიდუს ცენტრთან ახლოს (პარიზის მეთერთმეტე ოლქი). ეს მოხდა 22:00 საათზე. ამ დროს იქ მიმდინარეობდა ამერიკული როკ ჯგუფის „Eagles of Death Metal“-ის კონცერტი და 1500 კაციან დარბაზში ყველა ბილეთი გაყიდული იყო. თეატრში შეიჭრა რამდენიმე, სულ ცოტა ოთხი ტერორისტი, მათ იქ მყოფები მძევლად აიყვანეს და ძირს დაწოლა უბრძანეს, თუმცა რამდენიმე წუთის განმავლობაში ცხრილავდნენ ხალხს. თვითმხილველების ცნობით ტერორისტები ცივსისხლიანად ისროდნენ ყველა მიმართულებით, მათ რამდენჯერმე გადატენეს ავტომატური იარაღი. ეს მოხდა ჯერ კიდევ პოლიციის მიერ შენობის შტურმის დაწყებამდე. საბოლოოდ ყველაზე დიდი მსხვერპლი სწორედ აქ დაფიქსირდა, - 80 კაცზე მეტი. ტერორისტები ყვიროდნენ „ალაჰ აკბარ“ და ხმამაღლა აცხადებდნენ, რომ ეს თავდასხმა პრეზიდენტ ოლანდის ბრალია, რადგან ის არ უნდა ჩარეულიყო სირიის საქმეებში. ეს პირველი ღია დადასტურება იყო იმისა, რომ თავდასხმა ისლამისტების მოწყობილია.

სამართალდამცავების ცნობით სულ თავდასხმაში 8 ტერორისტი მონაწილეობდა, ზოგმა თავი აიფეთქა. დანარჩენები პოლიციელებმა მოკლეს. მიმდინარეობს მათი თანამზრახველების ძებნის მასშტაბური ოპერაციები, რადგან ასეთ კოორდინირებულ ტერორისტულ აქტში ბევრად მეტი ადამიანი უნდა ყოფილიყო ჩართული.

შტურმის დამთავრებიდან მალევე თეატრთან მივიდა საფრანგეთის პრეზიდენტი ოლანდი. მან იქ დაახლოებით 40 წუთი დაჰყო და მხოლოდ წასვლისას გააკეთა განცხადება მედიისთვის. მოგვიანებით პრეზიდენტმა ხალხს მიმართა ტელევიზიითაც. ოლანდმა თავდასხვმას ომის აქტი უწოდა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან. საფრანგეთში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და პრეფექტურებს საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლიათ კომენდანტის საათის დაწესებაც. პოლიციის დასახმარებლად ქუჩაში გამოიყვანეს არმიის ნაწილები და ანტიტერორისტული შენაერთები. მხოლოდ პარიზში უსფრთხოებას 30 ათასამდე ადამიანი იცავს.

უბედურების ჟამს ფრანგ ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადეს და ყოველნაირ მხარდაჭერას შეპირდნენ სხვა სახელმწიფოების, კერძოდ: აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და რუსეთის ხელმძღვანელები.

„24 საათი“ საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებს კვლავ თვალს მიადევნებს.

 

სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს