საფრანგეთი სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ საყრდენ პროვინციას უტევს
16 ნოემბერი, 2015
1293
print

დაახლოებით ერთი წლის წინ აშშ-მა ავიაიერიშების განხორციელება დაიწყო რადიკალური სუნიტური დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, რომელმაც 2014 წლის ივნისში სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე „ხალიფატის“ შექმნის შესახებ გამოაცხადა. 2014 წლის აგვისტოში ამერიკამ საჰაერო დარტყმების განხორციელება დაიწყო ერაყში; ერთ თვეში ამერიკა დარტყმების განხორციელებას იწყებს სირიაშიც.

საფრანგეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც აშშ-ს ხელმძღვანელობით შექმნილ, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის კოალიციას შეუერთდა და 2014 წლის 19 სექტემბერს ავიადარტყმების განხორციელება დაიწყო ერაყში. რაც შეეხება სირიას, საფრანგეთმა „ისლამური სახელმწიფოს“ შეიარაღებული მებრძოლების პოზიციებზე სირიაში იერიშების მიტანა 2015 წლის სექტემბერში დაიწყო-საფრანგეთმა დაჯგუფების საწვრთნელი ბანაკები დაბომბა. როგორც მაშინ საფრანგეთის პრემიერმა მანუელ ვალსმა განაცხადა,“ჩვენ თავს ვიცავთ.“ საფრანგეთის განცხადებით, სირიაში ავიაიერიშების განხორციელება მას შემდეგ დაიწყეს, რაც დადგინდა, რომ შეიარაღებული  დაჯუფება სირიის ტერიტორიას ევროპაში თავდასხმების განსახორციელებლად წვრთნებისათვის იყენებს.

13 ნოემბერს, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ საფრანგეთში განხორციელებული ტერაქტებიდან (რასაც უკვე უწოდეს საფრანგეთის „9/11“) ორ დღეში საფრანგეთმა „მასიური“ საჰაერო იერიში მიიტანა სირიის პროვინცია რაქაზე, რომელიც აქამდე შეიარაღებული დაჯგუფების საყრდენად მოიაზრებოდა. რაქა, როგორც ცნობილია, ე.წ „ხალიფატის“ დე-ფაქტო დედაქალაქს წარმოადგენს, რომელზეც სრული კონტროლი შეიარაღებულმა დაჯგუფებამ 2014 წელს დაამყარა.

საფრანგეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, ათმა საბრძოლო თვითმფრინავმა,  იორდანიისა და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ერთობლივად მიიტანა იერიში სირიის პროვინციაზე. საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, იერიშები განხორციელდა პროვინციაში მდებარე „ისლამური სახელმწიფოს“ საწვრთნელ ბანაკებსა და იარაღის საცავებზე. „გარდიანის“ ინფორმაციით, იერიშების შედეგად ჯიჰადისტების მიერ კონტროლირებადი პროვინციის ორი ქალაქი განადგურდა. აღნიშნული ავიაიერიშების განხორციელების თაობაზე შაბათსა და კვირას ტელეფონით ისაუბრეს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა და ამერიკის თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა.

13 ნომებერს, პარიზში განხორციელებულ თავდასხმების შემდეგ, რასაც ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, 132 ადამიანი შეეწირა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ტერორისტების წინააღმდეგ „ულმობელი ომის“ დაწყების შესახებ გააკეთა განცხადება.

პარიზში განხორციელებული ტერაქტები და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლა, ცხადია, თურქეთში მიმდინარე „დიდი ოცეულის“ სამიტის უმთავრეს თემად იქცა. როგორც სამიტის პირველ დღეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა განაცხადა, სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე საპასუხო ავიაიერიშების მიტანა  „თავდაცვის ფარგლებში“ მოხდა.

„დიდი ოცეულის“ სამიტის ესწრებიან ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები ბარაკ ობამა და ვლადიმერ პუტინი, რომლებმაც, თეთრი სახლის განცხადებით, გუშინ გამართულ 35-წუთიან შეხვედრაზე სირიაში პოლიტიკური ტრანზიციის შესახებ იმსჯელეს. სამიტზე ამერიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პარიზზე განხორციელებული თავდასხმა მთელ ცივილიზებულ სამყაროზე თავდასხმას წარმოადგენს და საფრანგეთს თავადასხმაზე პასუხისმგებელი პირების დასჯაში სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა:“ჩვენ უნდა გავაძლიეროთ მცდელობა, ვიმუშაოთ კოალიციის სხვა წევრებთან, რათა სირიაში მივიღოთ მშვიდობიანი ტრანზიცია და ბოლო მოვუღოთ „დაეშს“(ისლამური სახელმწიფო), რომელიც ამდენ ტანჯვას აყენებს ხალხს პარიზში, ანკარასა და თუ მსოფლიოს სხვა ქალაქებში.“

სირიაში „ისალმური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთი დაახლოებით ორი თვის წინ ჩაერთო. დასავლეთის მტკიცებით, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ერთად, მოსკოვის სამიზნეს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადიის მოწინააღმდეგეებიც წარმოადგენენ, რომლებიც ასადის რეჟიმის წინააღმდეგ 2011 წლის დასაწყისიდან იბრძვიან. აღნიშნულს ოფიციალური მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მის მიზანს შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლა და სირიის „ლეგიტიმური“ ინსტიტუტების გაძლიერება წარმოადგენს. რუსეთი, რომელიც სირიის პრეზიდენტის უმნიშვნელოვანეს მოკავშირეს წარმოადგენს, წლების განმავლობაში გაეროს უშიშროების საბჭოში მხარს არ უჭერდა სირიის რეჟიმის წინააღმდეგ რეზოლუციის მიღებას. დასავლეთი ადრე ემხრობოდა სირიელი ზომიერი ამბოხებულების მოთხოვნას ასადის უპირობო გადადგომის თაობაზე, თუმცა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების(ქვეყნის ტერიტორიაზე სხვადასხვა ტერორისტული დაჯგუფებების გააქტიურება) შემდეგ, დასავლეთმა ასადის გადადგომასთან დაკავშირებით ტონი შედარებით შეარბილა და ტრანზიციის პერიოდში ასადის ხელისუფლებაში ყოფნის შესაძლებლობა დაუშვა.

თამთა კახაძე

 

tamta kakhadze
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს