რამდენად რეალურია რუსეთმა “დაეშის“ წინააღმდეგ საფრანგეთთან და ამერიკასთან ერთად იბრძოლოს?
19 ნოემბერი, 2015
1163
print

მომავალ კვირას საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ვაშინგტონსა და მოსკოვში მის ამერიკელ და რუს კოლეგებთან გამართავს შეხვედრებს. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერები, სავარაუდოდ, სირიაში შექმნილ ვითარებაზე და სუნიტური რადიკალური დაჯგუფების „დაეშის“(„ისლამური სახელმწიფო“) წინააღმდეგ ბრძოლის გზებზე იმსჯელებენ.

ამ ეტაპზე, დაჯგუფების წინააღმდეგ, რომელიც ემუქრება და უტევს, როგორც საფრანგეთსა და აშშ-ს, ასევე რუსეთის ფედერაციას, სამივე სახელმწიფო ახორციელებს ავიადარტყმებს. დაახლოებით, წელიწადნახევრის  წინ, როდესაც ყირიმის ანექსიის გამო დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა, ძნელი წარმოსადგენი იყო ამ ქვეყანასთან შესაძლო ალიანსზე ფიქრი, თუმცა ცოტა ხნის წინ ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ღიაა  რუსეთთან “მეტი თანამშრომლობისათვის“. უკრაინის გარდა, დასავლეთი და რუსეთი აქამდე ვერც სირიაში მიმდინარე მოვლენებზე ახერხებდა შეთანხმებას-ასადის დიდი ხნის მეგობარი რუსეთი წლებია გაეროს უშიშროების საბჭოში ასადის რეჟიმის წინააღმდეგ რეზოლუციის მიღებას ბლოკავდა. სწორედ ამ რეჟიმს დასავლეთი სირიაში საკუთარი მოქალაქეების გაზით მოწამვლაში ღიად ადანაშაულებდა.

პარიზში „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ განხორციელებული თავდასხმებიდან რამდენიმე დღეში, საფრანგეთის პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტს ზოგიერთი  ანალიტიკოსი უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, მოსკოვის რეაბილიტაციის გზაზე გადადგმულ  მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს; ასევე გააქტიურდა საუბრები დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების მოხსნაზეც. კომპანია „Verisk Maplecroft“-ის ანალიტიკოსის დერეგ მაკდაუელის თქმით:“უკრაინის გამო 18-თვიანი სანქციებისა და იზოლაციის შემდეგ, პარიზის თავდასხმებმა რუსეთისა და დასავლეთის დაახლოების პროცესს ჩაუყარა საფუძველი.“

თუმცა, როგორც დასავლელმა დიპლომატმა „როიტერს“ განუცხადა, დასავლეთმა შესაძლოა რუსეთთან ითანამშრომლოს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა უნდა გააგრძელოს რუსეთის დასჯა ყირიმის და უკრაინის გამო; დიპლომატის აზრით, სანქციები კვლავ ძალაში დარჩება.

თავად რუსეთმა სექტემბერში დაიწყო საუბარი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ დიდი საერთაშორისო კოალიციის შექმნაზე, რაც ცხადია, ქვეყანას იზოლაციიდან გამოსვლაში უნდა დახმარებოდა. გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საერთაშორისო კოალიციის შექმნის აუცილებლობასთან ერთად, სირიაში ამერიკის სტრატეგიაც გააკრიტიკა. ამის შემდეგ მალევე რუსეთმა პირველი იერიშები მიიტანა სირიაში, ოფიციალური მოსკოვის განცხადებით „ისლამური სახელმწიფოს“ შეიარაღებული მებრძოლების პოზიციებზე. თუმცა, დასავლეთის მტკიცებით, რუსეთი სირიაში შეიარაღებულ მებრძოლებთან ერთად, მათ მოკავშირეებსაც ბომბავს, რომლებიც ასადის რეჟიმის წინააღმდეგ 2011 წლიდან იბრძვიან.

„ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ამერიკა-რუსეთის გაერთიანებას სკეპტიკურად უყურებს თეთრი სახლის ყოფილი მრჩეველი კარენ დონფრიდი:“ძალიან კარგი იქნება საფრანგეთისათვის და ჩვენთვისაც სირიაში ავიაიერიშების განხორციელებისას უფრო კოორდინირებული მიდგომის არსებობა. თუმცა, რამდენად არის მონდომებული რუსეთი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში, ვფიქრობ ამის შესახებ ძალიან ცოტამ თუ იცის. მე სკეპტიკურად ვუყურებ იმ შესაძლებლობას, რომ ამ საკითხში ჩვენი მიდგომები ერთმანეთს დაემთხვევა.“

მსგავსი მოსაზრება აქვს ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივნის მოადგილეს სტრობ ტალბოტს, რომლის აზრითაც რეალური ალიანსის შექმნისათვის, აუცილებელია რუსეთმა ფუნდამენტურად შეცვალოს სირიასთან დაკავშირებული სტრატეგია. „ბრუკინგსის“ ინსტიტუტის პრეზიდენტის აზრით, მართალია სიტყვით რუსეთი აცხადებს, რომ იბრძვის ტერორიზმის წინააღმდეგ, თუმცა უფრო მეტად ასადის რეჟიმს იცავს.

თუმცა, „ნიუ იორკ თაიმსი“ ამერიკის პრეზიდენტის თანაშემწეებზე დაყრდნობით წერს, რომ ადრე არსებული სკეპტიკური განწყობის მიუხედევად, ბოლო დღეების განმავლობაში თურქეთში, ფილიპინებში, ავსტრიასა და პარიზში გამართული შეხვედრების შემდეგ, ობამამ და აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ, „ისლამური სახელმწიფოს“ დასამარცხებლად, აშშ-სა და რუსეთის ერთობლივი ბრძოლის შესაძლებლობა დაუშვეს.

თამთა კახაძე

tamta kakhadze
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს