ნატოს სრული მხარდაჭერა თურქეთს
30 ნოემბერი, 2015
1179
print

თურქეთის მიერ რუსული ბომბდამშენის  „სუ-24“-ს ჩამოგდებიდან ექვს დღეში, თურქეთის პრემიერი აჰმეთ დავითოღლუ ბრიუსელში, ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფრენციაზე, თურქეთის პრემიერმინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ოფიციალური ანაკარას პოზიცია, რომ თურქეთი 24 ნოემბერის ინციდენტის გამო, ბოდიშის მოხდას არ აპირებს:“არცერთმა ქვეყანამ არ უნდა სთხოვოს თურქეთს ბოდიშის მოხდა...ჩვენ ვიცავდით საკუთარ საზღვარს, საკუთარ საჰაერო სივრცეს, ეს არის მხოლოდ უფლება, მოვალეობა...ჩვენ ბოდიშის ვიხდით მხოლოდ შეცდომებისათვის და არა საკუთარი მოვალეობის შესრულებისათვის.“-განაცხადა ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში დავითოღლუმ.

რუსეთმა კი 24 ნოემბერს თურქეთ-სირიის საზღვარზე რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების გამო, თურქეთისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა-განცხადება აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააკეთა.

თურქეთის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენმდივანმა განაცხადა:“ნატოს წევრი ყველა ქვეყანა მხარს უჭერს თურქეთის უფლებას დაიცვას საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა და საჰაერო სივრცე..მე მივესალმები თურქეთის მცდელობას მოსკოვთან კონტაქტების აღდგენასთან დაკავშირებით, რათა მოხდეს ვითარების დეესკალაცია. მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება და ვითარების დაწყნარება.“

ამასთან, გენერალურმა მდივანმა ისაუბრა მომავალში მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილების აუცილებლობის შესახებაც:“გასული კვირის ინციდენტმა დაგვანახა რაოდენ მნიშვნელოვანია ისეთი საერთაშორისო მექანიზმების არსებობა, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენსა და რუსეთს შორის სტაბილური, გამჭვირვალე და პროგნოზირებადი ურთიერთობის მშენებლობას.”

იენს სტოლტენბერგის თქმით, რისკების შემცირებისა და სამხედრო მოქმედებების გამჭვირვალობის შესახებ 1 და 2 დეკემბერს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იმსჯელებენ. სტოლტენბერგმა, ასევე, მოუწოდა რუსეთს კონსტრუქციული როლი ითამაშოს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც „ჩვენს საერთო მტერს“ წარმოადგენს. რუსეთი „დაეშის“ („ისლამური სახელმწიფო“) წინააღმდეგ ბრძოლაში ორი თვის წინ ჩაერთო. ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, საჰაერო იერიშები ხორციელდება „ისლამური სახელმწიფოს“ შეიარაღებული მებრძოლების პოზიციებზე, თუმცა დასავლეთის მტკიცებით, რუსეთი სირიაში „დაეშის“ შეიარაღებულ მებრძოლებთან ერთად, მათ მოკავშირეებსაც უტევს. აშშ-მა კი „ისლამურ სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საჰაერო იერიშების განხორციელება 2014 წლის აგვისტოდან დაიწყო. თურქეთის პრემიერის აზრით, 24 ნოემბრის მსგავსი ინციდენტების საფრთხე მანამ იარსებებს, სანამ რუსეთი და აშშ-ს ხელმძღვანელობით შექმნილი კოალიცია „დაეშის“ შეიარაღებულ მებრძოლებს ცალ-ცალკე ბომბავენ:“თუ ერთსა და იმავე სივრცეში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ორი კოალიცია იარსებებს, მსგავსი ინციდენტების აღკვეთა ძალიან რთული იქნება.“

24 ნოემბრამდე რუსულმა თვითმფრინავებმა თურქეთის საჰაერო სივრცე რამდენჯერმე დაარღვიეს. 3 ოქტომბერს რუსული „სუ-30“-ს ტიპის სამხედრო თვითმფრინავის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევა თურქეთის პრემიერმა „შეცდომად“ შეაფასა-დავითოღლუმ მაშინ განაცხადა, რომ მსგავსი რამ აღარ უნდა განმეორებულიყო:“თურქეთის წესები ყველა ქვეყნის თვითმფრინავებზე ვრცელდება...აუცილებლად იქნება ზომები მიღებული ნებისმიერის მისამართით, ვინც დაარღვევს თურქეთის საზღვარებს.“-განაცხადა ოქტომბრის დასაწყისში აჰმეთ დავითოღლუმ.

24 ნოემბრის ინციდენტის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაეპ ერდოღანმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მზად არის მის რუს კოლეგასთან სასაუბროდ და შესახვედრად. რუსული მედიის თანახმად, აღნიშნულის შესახებ ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევსაც. ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი კი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არც ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრაა დაგეგმილი და არც სატელეფონო საუბარი „გრაფიკში ჩანიშნული.“

თამთა კახაძე

 

 

 

 

 

tamta kakhadze
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს