ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის აზრით, „დაეშის“ განადგურებას შესაძლოა ორ წელი დასჭირდეს
04 დეკემბერი, 2015
1084
print

გუშინ დიდმა ბრიტანეთმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ შეიარაღებული მებრძოლების პოზიციებზე საჰაერო იერიშების განხორციელება დაიწყო. „გარდიანის“ თანახმად, კვიპროსის ავიაბაზიდან პირველივე იერიშების დაწყებისთანავე, ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა აღნიშნა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ გასანადგურებლად რეიდებს, შესაძლოა, ორი წელი დასჭირდეს, რაც მოთმინებასა და სიმტკიცეს მოითხოვს.

სირიაში ავიაიერიშების დაწყების შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერმა დევიდ კამერონმა განაცხადა:“ჩვენ მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ. ამ ყველაფერს დრო სჭირდება. ეს კომპლექსური საკითხია, ბრიტანელ მფრინავებს ძალიან რთული რამის შესრულებას ვთხოვთ.“

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მაიკლ ფალონის განცხადებით, აღნიშნული საჰაერო  კამპანია, შესაძლოა, რამდენიმე წელიწადს გაგრძელდეს:“ამერიკელები ვარაუდობდნენ, რომ ერაყში შარშან დაწყებულ კამპანიას, სულ მცირე,  სამი წელი დასჭირდებოდა და ჩვენ ჯერ ნახევარი გზაც არ გვაქვს განვლილი“.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ერთ-ერთი პირველი იერიში განხორციელდა ალ-ომარის ნავთობის საბადოზე, რომელიც „დაეშის“ დაფინანსების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.

ამასთან, ევროპის უსაფრთხოების სამსახურების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, პარიზის თავდასხმების შემდეგ, „ისლამური სახელწიფოს“ შემდგომ სამიზნეს დიდი ბრიტანეთი წარმოადგენს. დაზვერვის მონაცემებით, „ისლამური სახელმწიფოს“ ბრიტანელ მებრძოლებს დაჯგუფების წევრები სამშობლოში დასაბრუნებლად და იქ თავდასხმების მოსაწყობად წვრთნიან. 13 ნოემბერს პარიზის თავდასხმების დღეს სტამბოლში „დაეშის“ ბრიტანელი წევრი ეინ ლევსი დააკავეს, რომელიც, როგორც თურქეთის ოფიციალურმა პირებმა „სი-ენ-ენს“ განუცხადეს, ბრიტანეთში გეგმავდა თავდასხმების მოწყობას.

დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-ს ხელმძღვანელობით შექმნილი კოალიციის ფარგლებში, ერაყში ავიაიერიშების განხორციელება გასულ წელს დაიწყო. 2014 წლის ზაფხულში „ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყისა და სირიის ტერიტორიები დაიკავა, სადაც „ხალიფატის“ შექმნის შესახებ გამოაცხადა. საჰაერო იერიშების დაწყებიდან ამერიკის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ სახმელეთო ბრძოლებში ამერიკელი ჯარისკაცების  მონაწილეობა არ იგეგმებოდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ აშშ-მა ერაყში “ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად სპეციალური ძალების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. ერაყში დაახლოებით ასი ამერიკელი ჯარისკაცი გაიგზავნება, რომლებიც აშშ-ს არმიის პოლკოვნიკის სტივ უორენის განცხადებით, ერაყს „დაეშის“ წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო კამპანიაში დაეხმარებიან.

„ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სირიაში საჰაერო იერიშების განხორციელება რუსეთმა სექტემბერში დაიწყო. განსაკუთრებით პარიზის თავდასხმების შემდეგ, „ისლამური სახელმწიფოს“ წინაღმდეგ აშშ-ს ხელმძღვანელობით შექმნილი კოალიციის წევრები ცდილობენ რუსეთთან საერთო ენის გამონახვას და ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ ერთიანი საერთაშორისო კოალიციის ჩამოყალიბებას. თუმცა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც ირანთან ერთად,  სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის უმნიშვნელოვანეს მოკავშირეს წარმოადგენს, ვაშინგტონსა და მის მოკავშირეებს სირიასა და ლიბიაში ანარქიისა და ქაოსის შექმნაში ადანაშაულებს, რომლებიც ამ ქვეყნებში რეჟიმის ცვლილებას უჭერენ მხარს. დასავლეთი, თავის მხრივ, რუსეთს „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებთან ერთად, ასადის ოპონენტების დაბომბვაშიც სდებს ბრალს.

„როიტერის“ ინფორმაციით, რუსეთი სირიის პროვინცია ჰომსში „ისლამურ სახელმწიფოზე“ იერიშების განსახორციელებლად კიდევ ორ ავიაბაზას ამზადებს.  ამასთან, თურქული მედიის თანახმად, თურქეთმა საფრანგეთს „დაეშის“ წინააღმდეგ ავიაიერიშების განსახორციელებლად საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენების ნება უკვე დართო.

თამთა კახაძე

tamta kakhadze
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს