ნატო “დაეშის“ წინააღმდეგ სახმელეთო ჯარის გაგზავნას არ გეგმავს, ობამა დაჯგუფების განადგურების პირობას დებს
08 დეკემბერი, 2015
1274
print

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერის იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო სირიაში “ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად სახმელეთო ჯარის გაგზავნას არ გეგმავს.

შვეიცარიულ გამოცემა “Tages-Anzeiger”-ისათვის მიცემულ ინტერვიუში სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ სახმელეთო ჯარის გაგზავნა კოალიციისა და ნატოს წევრი ქვეყნების გეგმებში  არ შედის. თავდაპირველად „დაეშის“ წინააღმდეგ სახმელეთო ჯარების გაგზავნას გამორიცხავდა აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამაც, თუმცა ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკა ერაყში დაახლოებით ას ჯარისკაცს გააგზავნის, რომლებიც ერაყის უსაფრთხოების ძალებს სუნიტური რადიკალური დაჯგუფების წინააღმდეგ წარმოებულ სამხედრო კამპანიაში გაუწევენ დახმარებას:“აშშ-ს ერაყში შეზღუდული რაოდენობის სპეციალური ძალები ჰყავს გაგზავნილი, რომლებიც ადგილობრივ ძალებს აძლიერებენ.”-აღნიშნა ნატოს გენმდივანმა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, მიმდინარე კონფლიქტი არ წარმოადგენს დასავლეთსა და ისლამურ სამყაროს შორის ომს, ეს არის დასავლეთის ომი „ექსტრემიზმისა და ტერორიზმის“ წინააღმდეგ.

ალიანსის ლიდერის თქმით, გასულ თვეში რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების შემდეგ, ნატო კიდევ უფრო დაეხმარება თურქეთს საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში. მისი თქმით, თურქეთის დასახმარებლად სპეციალური ღონისძიებების  პაკეტს ნატო შობამდე დაამტკიცებს. სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აუცილებელია,  მომავალში მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად მექანიზმების არსებობა; რუსეთს კი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში კონსტრუქციული როლის შესრულებისაკენ მოუწოდა.

ორი დღის წინ კი აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან, მისი პრეზიდენტობის ორივე ვადის პერიოდში ამერიკელებს მესამედ მიმართა, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ და ყველა იმ ორგანიზაციის განადგურების პირობა დადო, რომლებიც აშშ-ს აყენებს ზიანს:“ჩვენი წარმატება არ დაემყარება  მკაცრ რიტორიკას, ან ღირებულებებზე უარის თქმას, ან შიშის დათესვას-ეს არის ის რისი მიღწევაც „ისლამურ სახელმწიფოს“ სურს-პირიქით, ჩვენ გავხდებით უფრო ძლიერები, ჭკვიანები და მტკიცენი.“

ცოტა ხნის წინ საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ “Amnesty International”-მა მოხსენება გამოაქვეყნა იმ იარაღის წარმომავლობის შესახებ, რომელსაც ყველაზე მდიდარი ტერორისტული დაჯგუფება ფლობს. დოკუმენტის მიხედვით, „ისლამური სახელმწიფო“ იყენებს ერაყის არმიისათვის წართმეულ შეიარაღებას. როგორც “Amnesty International“-ის მიერ მომზადებულ მოხსენებაშია საუბარი, შეიარაღებული მებრძოლები იყენებენ იარაღს, რომელიც 25 ქვეყანაშია წარმოებული, მათ შორის აშშ-ში, ჩინეთში, რუსეთში და ევროკავშირის ქვეყნებში. მოხსენების ერთ-ერთი ავტორის პატრიკ უილკენის თქმით, ერაყში იარაღის შედინებაზე ძალიან სუსტი კონტროლის არსებობამ ხელი შეუწყო „ისლამური სახელმწიფოს“ ხელში დიდი რაოდენობის იარაღის მოხვედრას. ამასთან, უფლებადამცველი ორგანიზაცია მოუწოდებს ყველას შეწყვიტოს სირიის ხელისუფლებისა და ოპოზიციისათვის შეიარაღების მიწოდება, ვინადაინ იარაღის ტერორისტების ხელში მოხვედრა მსხვერპლის რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის.

როგორც გერმანული გამოცემა “Die Welt” ევროპარლამენტის მიერ მომზადებულ მოხსენებაზე დაყრდნობით წერს, „დაეში“ აქტიურად ეწევა საკუთარ რიგებში  ქიმიკოსების, ფიზიკოსების და პროგრამისტების გადაბირებას. ევროპელი ანალიტიკოსების მოსაზრებით, მომავალ ტერაქტებში დაჯგუფება მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას გეგმავს.

„ისლამურ სახელმწიფოს“ უკვე გააჩნია საკმარისი ცოდნა და ჰყავს შესაფერისი სპეციალისტები, რათა ტერორისტული თავდასხმებისას ბიოლოგიური, ქიმიური, რადიოლოგიური თუ ბირთვული მასალები გამოიყენონ იარაღად.“-განაცხადა მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის ნატოს ცენტრის დირექტორმა ვოლფგანგ რუდიშჰაუზერმა.

რადიკალურმა სუნიტურმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ სირიისა და ერაყის ტერიტორიების დაკავება 2014 წლის ზაფხულში დაიწყო, სადაც „ხალიფატის“ შექმნის შესახებაც გამოაცხადა. ამ ეტაპზე დაჯგუფების პოზიციებზე ცალ-ცალკე ახორციელებენ ავიადარტყმებს აშშ-ს ხელმძღვანელობით შექმნილი კოალიცია და რუსეთი.

თამთა კახაძე

 

tamta kakhadze
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს