მემარჯვენეების წარმატება საფრანგეთსა და ვენესუელაში
08 დეკემბერი, 2015
1132
print

ივა შილაკაძე

 

საფრანგეთში, ბოლო ორი წლის განმავლობაში უკვე მესამედ მოიპოვა ულტარამემარჯვენე „ეროვნულმა ფრონტმა“ ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა პროცენტული თვალსაზრისით. ამჯერად ადგილობრივი არჩევნების პირველ ტურში. ეს მოსახლეობის განწყობის თაობაზე გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას აძლევს როგორც მიმომხილველებს, ასევე ამ ქვეყნის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს. ვენესუელაში კი საპარლამენტო არჩევნები ლამის ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში პირველად მოიგო მემარჯვენეთა გაერთიანებულმა კოალიციამ. ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს „ჩავიზმის“ დასასრულს ამ ქვეყანაში, თუმცა ნათლად მიანიშნებს მოსახლეობის იმედგაცრუებას სოციალისტთა მმართველობის მიმართ.

 

საფრანგეთი

„ეროვნულმა ფრონტმა“ ადგილობრივი არჩევნების პირველ ტურში დააგროვა ხმების დაახლოებით 28 პროცენტი ქვეყნის მასშტაბით. ამ პარტიის კანდიდატები კი პირველ ადგილებზე გავიდნენ სულ ცოტა ექვს რეგიონში ცამეტიდან. პარტიის ლიდერმა მარინ ლე პენმა და მისმა 25 წლის ძმისშვილმა მარიონ მარეშალ-ლე პენმა კი საკუთარ სარჩევნო ოლქებში (კალეს რაიონსა და ლაჟვარდოვან სანაპიროზე) გადალახეს სიმბოლური 40 პროცენტიანი ბარიერი, რაც აქამდე არასდროს მომხდარა ამ ნახევრად მარგინალური პარტიის ისტორიაში. მანამდე დაახლოებით ასეთივე შედეგი დაფიქსირდა საფრანგეთის დეპარტამენტების არჩევნების პირველ ტურსა და უფრო ადრე ევროპარლამენტის არჩევნებში. მარინ ლე პენი თამამად და არც თუ უსაფუძვლოდ აცხადებს, რომ „ეროვნული ფრონტი“ გახდა ყველაზე პოლულარული პარტია საფრანგეთში. ნაციონალისტები ცალსახად ჩამოყალიბდნენ როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა ტრადიციული ცენტრისტული პოლიტიკური ისტებლიშმენტის - ექს-პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის „რესპუბლიკელებისა“ და პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის სოციალისტური პარტიის მიმართ.

პროცენტულად ქვეყნის მასშტაბით მეორე ადგილზე გავიდნენ სარკოზის მომხრე მემარჯვენე ცენტრისტები, ხოლო ოლანდის მემარცხენე ცენტრისტულმა სოციალისტურმა მარტიამ მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა 23,5 პროცენტით. თუმცა ეს შედეგი ულტრამემარჯვენეების ხელისუფლებაში მოსვლას არ ნიშნავს, თუნდაც ადგილობრივ დონეზე. ევროპარლამენტის არჩევნებისგან განსხვავებით (სადაც არჩევნები პროპორციული სისტემით ტარდება და შესაბამისად „ეროვნულმა ფრონტმა“ კუთვნილი მანდატები ადვილად მოიპოვა), საფრანგეთში არჩევნების მაჟორიტარული სისტემა მოქმედებს. მოფაშისტო პარტიის კანდიდატების წინააღმდეგ მეორე ტურში ტრადიციულად ერთიანდებიან მემარჯვენე და მემარცხენე ცენტრისტული პარტიების მომხრეები და შესაბამისად გამარჯვება ისევ სოციალისტებს ან „რესპუბლიკელებს“ რჩებათ. მეორე ტური 13 დეკემბერს არის დანიშნული და დიდი ალბათობით იგივე მოხდება ამჯერადაც, ოღონდ ყველა საარჩევნო ოლქში ალბათ არა.

ფრანგული საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად ,მეორე ტურში საკუთარი კანდიდატების დაყენების უფლება აქვს ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც 10 პროცენტიან ბარიერს გადალახავს. სოციალისტებმა უკვე განაცხადეს, რომ მოხსნიან საკუთარ საარჩევნო სიებს იმ ოლქებში, სადაც ძალიან წინ გაიჭრნენ მარინ ლე პენი და მისი ძმისშვილი. სოციალისტები იქ მესამე ადგილზე არიან და შესაბამისად გამარჯვების კარგ შანსს უტოვებენ მემარჯვენე-ცეტრისტ „რესპუბლიკელებს“. თუმცა არც სოციალისტები ხსნიან თავიანთ კანდიდატებს ყველა ოლქში, სადაც მესამე ადგილზე გავიდნენ და არც მსაგავს პოზიციებზე მყოფი მემარჯვენე-ცენტრისტები აპირებენ ბრძოლიდან გამოთიშვას. ეს ნიშნავს, რომ ხმები ისევ შეიძლება გაიყოს და ყველაფერი ამომრჩეველთა განწყობაზე იქნება დამოკიდებული. არ არის გამორიცხული, რომ მეორე ტურში მეტი ხალხი მივიდეს საარჩევნო უბნებზე (პირველ ტურში ელექტორატის დაახლოებით ნახევარმა იაქტიურა) და ამანაც მოახდინოს გავლენა საბოლოო შედეგზე. პირველ ტურში პასიურობდა სწორედ მემარცხენეების ტრადიციული ამომრჩეველი.

ბევრი მიიჩნევს, რომ ამჟამინდელი ადგილობრივი არჩევნები კარგად აჩვენებს ხალხის განწყობას 2017 წელს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ეს მარინ ლე პენის საპრეზიდენტო ამბიციებს უფრო საფუძვლიანს ხდის, თუმცა ექსპერტების საერთო აზრით „ეროვნული ფრონტის“ ლიდერის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ნაკლებსავარაუდოა. მარინ ლე პენს შეიძლება არ გაუჭირდეს მეორე ტურში გასვლა. მაგრამ მეორე იქ მხოლოდ ორი კანდიდატი რჩება და ამომრჩეველთა ხმების დაქსაქსვა ვერ მოხდება.

ბოლო წლებში „ეროვნული ფრონტის“ პოპულარობა სულ უფრო იზრდება. ამაში თავისი წვლილი შეიტანა როგორც ნაციონალისტური პარტიის ერთგულებამ ტრადიციული ფასეულობების მიმართ, ასევე მიგრანტების პრობლემის გამწვავებამ (უმთავრესად) და ეკონომიკურმა სირთულეებმაც. ეროვნული ფრონტის ეკონომიკური პროგრამა პოპულისტურია, ოღონდ ექსპერტების აზრით ცოტა წინააღმდეგობრივიც. ამ ფონზე უსაფრთხოების საკითხებმა, რაც პარიზის ნოემბრის ტერაქტებმა უკიდურესად თვალსაჩინო გახადა, მხოლოდ უკანასკნელი წვეთის როლი შეასრულა.

 

ვენესუელა

ვენესუელაში კვირას საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა და მასში დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია მემარჯვენე ოპოზიციამ. მემარჯვენეთა ბლოკმა „დემოკრატიული ერთიანობის მრგვალი მაგიდა“ 167 კაციან ერთპალატიან ეროვნულ ასამბლეაში 99 ადგილი მოიპოვა. ყოფილ მმართველ „ერთიან სოციალისტურ პარტიას“ მხოლოდ 46 მანდატი შეხვდა. პარლამენტში გასული სხვა ჯგუფებიდან ზოგი მემარცხენეა და ზოგი მემარჯვენე. საუკეთესო შემთხვევაში ოპოზიციურ ალიანსს, კონსერვატორებთან ერთად 112 მანდატი შეიძლება დაუგროვდეს.

აქტიურობა საკმაოდ მაღალი იყო, საარჩევნო უბნებთან ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 75 პროცენტამდე მივიდა. 1999 წლიდან - ხელისუფლებაში უგო ჩავესის მისვლის შემდეგ - სოციალისტებს პარლამენტში უმრავლესობა არ დაუკარგავთ და მასებში პოპულარული, გარდაცვლილი ექს-პრეზიდენტის იდეური მომხრეებისთვის ეს სერიოზული მარცხია. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი იმედგაცრუებულია სოციალისტების მმართველობით. ცალსახაა, რომ ჩავესის ყოფილ მოადგილეს და მემკვიდრეს - ამჟამინდელ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს არ აქვს წინამორბედის არც ქარიზმა და არც მართვის უნარი. ამას დაემატა სერიოზული ეკონომიკური კრიზისი, რაც უმთავრესად ნავთობზე ფასების ვარდნით არის გამოწვეული. მაღაზიებში გრძელი რიგებია თვით ისეთი აუცილებელი პროდუქტების ნაკლებობის გამო, როგორიც არის: შაქარი, რძე, ბრინჯი, ყავა, სიმინდის ფქვილი და ზეთი. ვენესუელის ხელისუფლება და მსხვილი ბიზნესი ერთანეთთან საკმაოდ ცუდ ურთიერთობაშია. მადურო და მისი მომხრეები საქმიან წრეებს აბრალებენ საბოტაჟს და ხელისუფლებასთან ეკონომიკურ ომს (არადა ყველაზე მსხვილი და სტრატეგიული დარგები ქვეყანაში ნაციონალიზებულია). ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ უგუნური ეკონომიკური პოლიტიკით ქვეყანა ჩიხში შეიყვანა, ხოლო სახელმწიფოს ნავთობრესურსები კი გაფლანგა. ინფლაცია სხვადასხვა მონაცემებით 80-იდან100 პროცენტამდეა, 1915 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 10 პროცენტით შემცირდა და გაისად კიდევ ექვსი პროცენტით კლებას ვარაუდობენ. 18 პროცენტს გადააჭარბა უმუშევრობამ.

დედაქალაქ კარაკასში, რომელიც ტრადიციულად ოპოზიციურად იყო განწყობილი ჩავესისა და მისი მემკვიდრეების მიმართ, ხალხი ფოიერვერკებითა და ზეიმით შეხვდა ოპოზიციის გამარჯვებას. ხელისუფლებამ დამარცხება აღიარა, თუმცა პრეზიდენტმა მადურომ განაცხადა, რომ ოპოზიციათან ბრძოლას პარლამენტში გააგრძელებს.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ახლო მომავალში ვენესუელაში ეკონომიკის წინსვლას არ ვარაუდობენ. ჯერ ისიც საკითხავია რამდენად სწრაფად მოახერხებენ პარლამენტში უმრავლესობით მისული მემარჯვენეები თუნდ პოლიტიკური რეფორმების გატარებას და ჩავესის ხელისუფლების მიერ „სოციალისტურ“ ყაიდაზე გადაწყობილი ეკონომიკის ისევ ნორმალურ კალაპოტში დაბრუნებას. ამისთვის უდიდესი პოლიტიკური ნება და ძალისხმევაა საჭირო.

ვენესუელა საკმაოდ მკაცრი საპრეზიდენტო რესპუბლიკაა. ძალაუფლების დიდი ნაწილი აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს უპყრია ხელთ. ჯერ უცნობია რამდენად დაემორჩილება პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს მთავრობა. ოპოზიციაშიც მყარი ერთიანობა არ არის. ამ არჩევნებისთვის ძლივს მოხერხდა ფართო ოპოზიციური ალინსის შეკვრა და „მრგვალ მაგიდაში“ მყოფ პოლიტიკურ ძალებს უმთავრესად მხოლოდ ხელისუფლების მიმართ სიძულვილი აერთიანებს. გარდა ამისა მათ ჯერ მხოლოდ უბრალო უმრავლესობა აქვთ, სერიოზული გადაწყვეტილებების მისაღებად კი ზოგ შემთხვევაში ხმების სამი მეხუთედი, ზოგჯერ კი ორი მესამედია საჭირო (ანუ ის სავარაუდო 112 მანდატი უკლებლივ დასჭირდებათ). პარლამენტს შეუძლია მაგალითად პოლიტიკური პატიმრებისთვის ამნისტიის გამოცხადება, კონკრეტული მინისტრების დანიშვნის ბლოკირება და სხვა. პარლამენტს შეუძლია აგრეთვე პრეზიდენტის გადაყენების მოთხოვნა (ანუ იმპიჩმნტი პოლიტიკური მოსაზრებებით), თუმცა ამ საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნა შეიძლება მხოლოდ მადუროს მმართველობის ვადის ნახევარის გასვლის შემდეგ, ანუ 2016 წლის აპრილიდან. ყველა შემთხვევაში სოციალისტების მარცხი ვენესუელაში სერიოზული დანაკლისია მთელი ლათინური ამერიკის მემარცხენეებისათვის. მითუმეტეს, რომ ამას უკვე ტენდენციის სახე აქვს. არგენტინაში ნოემბერში იყო საპრეზიდენტო არჩევნები და ოპოზიციის კანდიდატის - მაურისიო მაკრის გამარჯვებით დასრულდა მემარცხენეების 12-წლიანი მმართველობა. ბრაზილიაში უკიდურესად ავიწროებენ ასევე მემარცხენე დილმა რუსეფს, თუმცა ის ახალარჩეულია და მისი გადაყენება არც ისე ადვილია, ხელისუფლებაში გამოვლენილი კორუფციის სერიოზული ფაქტების მიუხედავად. ლათინური ამერიკის უფრო პატარა ქვეყნების მემარცხენეები კი (თვით კუბას კომუნისტური რეჟიმის ჩათვლით) ფინანსურადაც სერიოზულად იყვნენ დამოკიდებულნი ნავთობით მდიდარი ვენესუელის „დოტაციებზე“ (ცხადია, ამ მძიმე კრიზისამდე).

 

სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს