სომხეთი საპარლამენტო რესპუბლიკა ხდება
08 დეკემბერი, 2015
969
print

ივა შილაკაძე

 

კვირას ჩვენს მეზობელ სომხეთში ჩატარდა რეფერენდუმი სახელმწიფოს მმართველობის სისტემის შესაცვლელად. რეფერენდუმზე ხალხმა მხარი დაუჭირა ქვეყნის გადაკეთებას საპრეზიდენტოდან საპარლამენტო რესპუბლიკად. ამ იდეას მხარს უჭერდა ხელისუფლება და აქტიურად ეწინააღმდეგებოდა ოპოზიცია. უბნეზე მივიდა ამომრჩეველთა 50 პროცენტზე ოდნავ მეტი და მათგან 63 პროცენტზე მეტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო რეფორმას. კანონით საკმარისი იქნებოდა საარჩევნო უბნებზე ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 25 პროცენტის მისვლაც.

რეფორმის მომხრეები აცხადებენ, რომ ეს საჭიროა ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის „სტაბილიზაციისათვის“. ყველამ კარგად ვიცით, თუ რა იგულისხმება უმთავრესად ამ ყბადაღებულ „სტაბილიზაციაში“ პოსტსაბჭოთა სივრცეში, როცა ეს სიტყვა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ისმის. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ეს რეფორმა საშუალებას მისცემს პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს ხელისუფლებაში დარჩეს 2018 წლის შემდეგაც, როცა მას მეორე ვადა დაუმთავრდება და პრეზიდენტად ხელახალი კენჭისყრის უფლება აღარ ექნება.

ორშაბათსვე ოპოზიცია და მისი მომხრეები ერევანში ქუჩაში გამოვიდნენ და რეფერენდუმის შედეგები გააპროტესტეს. ხალხი შეიკრიბა ცენტრალურ, თავისუფლების მოედანზე და დაიძრა საარჩევნო კომისიის შენობისკენ. მანიფესტანტები კომისიისგან მოითხოვდნენ, რომ მათ ეღიარებინათ თავისი შეცდომები და შედეგების გაყალბების შემთხვევები. თუმცა პოლიციამ საარჩევნო კომისიის მისადგომები გადაკეტა მანამდე, სანამ შენობამდე დემონსტრანტები მივიდოდნენ.

ჩვენის მხრივ დავამატებთ, რომ ამჯერად სომხეთში ალბათ ოპოზიციაა მართალი და სერჟ სარგსიანის მხრიდან ეს რეფორმა ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობაა.

ზოგადად საპარლამენტო რესპუბლიკა მეტი დემოკრატიულობით გამოირჩევა და ამიტომაც ევროპის სახელმწიფოების ძალიან დიდ უმრავლესობაში უპირატესობას მმართველობის ამ ფორმას ანიჭებენ. შესაბამისად სამომავლოდ ეს შეიძლება კარგიც იყოს როგორც სომხეთის, ასევე სხვა ნებისმიერი სახელმწიფოსთვის. თუმცა, სამწუხაროდ, მთავარია არა მართველობის სისტემა, არამედ კონკრეტული სახელმწიფოს პოლიტიკური ელიტის პროფესიონალიზმი და ამომრჩევლების კულტურის დონე. სერიოზული მნიშვნელობა არ აქვს ქვეყანაში საპრეზიდენტო მმართველობა იქნება თუ საპარლამენტო, თუ ერთი მონოლითური პარტია მყარ უმრავლესობას ფლობს პარლამენტში. საპარლამენტო რესპუბლიკა იძლევა საშუალება არავის ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვისთვის სხვადასხვა პოლიტიკური ძალების კოალიცია შედგეს. შესაბამისად შესაძლებელია ამომრჩეველთა უფრო ფართო სპექტრის ინტერესების გათვალისწინება. ტექნიკურადაც და პოლიტიკურადაც უფრო ადვილია კოალიციის დაშლა და მთავრობის ვადამდე გადაყენებაც. საპრეზიდენტო რესპუბლიკაში კი ეს გამორიცხულია. პირველ პირს ირჩევენ 50 პროცენტი პლიუს ერთი ხმით. დასაშვებია, რომ არჩევიდან სულ მალე, პრეზიდენტმა მოსახლეობის ნაწილის ნდობა დაკარგოს და თავისი მმართველობის ძირითადი პერიოდი რეალურად უმცირესობის ინტერესების გამომხატველი იყოს. ეს ყველაფერი, ცხადია, იგულისხმება კონსტიტუციისა და კანონების დაცვის შემთხვევაში. არცერთი სისტემა არ იმუშავებს, თუ ხელისუფლება კანონებს უგულებელყოფს.

 

სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს