ბალტიის ქვეყნები რუსეთზე ენერგო დამოკიდებულების შემცირებს ცდილობენ
16 დეკემბერი, 2015
1280
print

ორი დღის წინ ლიტვამ  ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემა პოლონეთისა და შევედეთისას ოფიციალურად დაუკავშირა; ამასთან ბალტიის ქვეყნები 2025 წლისათვის  საკუთარი ელექტროქსელის ევროკავშირის რეგიონთან სრულ სინქრონიზაციას გეგმავენ.

როგორც „EUobserver“ აღნიშნავს, ლიტვის დედაქალაქში ორი ურთიერთდამაკავშირებელი ქსელის(„ლიტპოლი“ და „ნორდბალტი“) გახსნას ეკონომიკურთან ერთად, სიმბოლური დატვირთვაც ჰქონდა-25 წლის წინ ლიტვა ბალტიის ქვეყნებიდან იყო პირველი, რომელმაც საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შესახებ გამოაცხადა.

ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ნატოსა და ევროკავშირის წევრობა 2004 წელს მოიპოვეს, თუმცა ამ დროისათვის სამივე ქვეყნის ელექტროსისტემა რუსეთისა და ბელორუსის სისტემებს(ე.წ „ბრელლ“) უკავშირდება, რაც ნიშნავს, რომ რუსეთი ოპერაციულ პარამეტრებს კვლავ აკონტროლებს.

„EUobserver“-ის მონაცემებით, „ბრელლიდან“ გამოსვლას მთლიანად 800 მილიონი ევრო დასჭირდება. ლიტვის ენერგეტიკის მინისტრის როკას მასიულისის განცხადებით, ევროკავშირი ფინანსურად უნდა დაეხმაროს ბალტიის ქვეყნებს „ბრელლის“ გვერდის ავლით ახალი სისტემის შექმნაში:“თუ ბალტიის ქვეყნებს ყველა ხარჯის გაღება მთლიანად მოუწევს, ეს ჩვენ მომხმარებელს სერიოზულ ტვირთად დააწვება. ამის გამო ჩვენ ევროპის ფონდებიდან ველით შესაფერის დახმარებას.“

ლიტვური კომპანია  „Achema group“-ის ხელმძღვანელის მოადგილის გინტარას ბალჩიუნასის თქმით, მთავრობამ ამ საკითხთან დაკავშირებით ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან უნდა გამართოს კონსულტაციები:“დამოუკიდებლობისათვის ენერგოუსაფრთხოებას ცხადია დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ენერგო ინფრასტრუქტურის გაფართოების ყველა სტრატეგიულ გეგმას უნდა ჰქონდეს შემდეგი მიზანი-ის ეკონომიკურად უნდა იყოს შეფასებული...თუ ეკონომიკური პოტენციალი შემცირდა, ბუნებრივია მაშინ ენერგოუსაფრთხოებასაც აზრი დაეკარგება.“

როგორც „EUobserver“ აღნიშნავს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკვე დაემუქრა ბალტიის ქვეყნებს, რომ „ბრელლიდან“ გასვლის შემთხვევაში მათგან ფინანსური კომპენსაციის მიღებაზე იზრუნებს. როგორც ლიტვის ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე და ვილნიუსის უნივერსიტეტის ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში რომას სვედასი აღნიშნავს, ვერც ფინანსურმა დაბრკოლებებმა და ვერც რუსეთის წინააღმდეგობამ ხელი ვერ უნდა შეუშალოს ბალტიის ქვეყნების განზრახვას თავი დააღწიონ რუსეთის ელექტრომომარაგებაზე დამოკიდებულებას:“თქვენ საუბრობთ თანხის შესახებ და მაშინ მე გკითხავთ-რა ღირს იმ ხალხის სიცოცხლე, რომლებიც ჩვენ 1990 და 1991 წლებში საბჭთა არმიასთან შეტაკების დროს დავკარგეთ?“

თუმცა, ამ ეტაპზე ენერგეტიკა მაინც რჩება რუსეთის მიერ პოლიტიკური გავლენის მოპოვების უმნიშვნელოვანეს იარაღად და ამაზე თავად ევროკავშირის დიპლომატებიც საუბრობენ. როგორც „როიტერს“ ევროკავშირის დიპლომატმა განუცხადა, ამ იარაღის დახმარებით რუსეთი ახერხებს ევროპის გაყოფას და მნიშვნელოვან ენერგეტიკულ საკითხებზე ევროკავშირის საერთო პოზიციის შესუსტებას:“ნორმალურ პირობებში, გაზსადენებს კომერციული დატვირთვა აქვს, თუმცა რუსეთის შემთხვევაში ეს მხოლოდ ვაჭრობას არ წარმოადგენს, მას უდიდესი გეოპოლიტიკური განზომილებაც გააჩნია.“

როგორც „როიტერი“ წერს, იტალიას სურს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით დებატები, რუსული გიგანტის „გაზპრომის“ გაზსადენის პროექტს დაუკავშიროს. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების შესახებ ბრიუსელში ხუთშაბათსა და პარასკევს ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის ლიდერები იმსჯელებენ. არსებული ინფორმაციით, იტალია რომელიც უკმაყოფილოა „სამხრეთ ნაკადის“ პროექტის შეჩერებით, რასაც მნიშვნელოვანი სარგებელი უნდა მოეტანა ქვეყნისათვის, ითხოვს „გაზპრომის“ ახალ პროექტ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ზე მოლაპარაკებების წარმოებას. „ჩრდილოეთ ნაკადი-2“, „სამხრეთ ნაკადის“ მსგავსად, ითვალისწინებს რუსული გაზის ევროპისათვის უკრაინის გვერდის ავლით მიწოდებას. მოახლოებულ სამიტზე ევროპელი დიპლომატები „ჩრდილოეთ ნაკადი-2-თან“ დაკავშირებით რაიმე რეზოლუციის მიღებას არ ვარაუდობენ; თუმცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებაში დარწმუნებულები არიან.

თამთა კახაძე

 

 

tamta kakhadze
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს