„თალიბანი“ ავღანეთის სტრატეგიულ ქალაქს უტევს
22 დეკემბერი, 2015
1046
print

ავღანეთში, ნატოს მიერ საბრძოლო მისიის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ, მოძრაობა „თალიბანი“ ჰელმანდის პროვინციაში, სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქს სანგინს უტევს.

ჰელმანდის გუბერნატორი მირზა ხან რაჰიმი აცხადებს, რომ ხელისუფლება კვლავ აკონტროლებს ქალაქს, თუმცა საპირისპიროს ამბობს მისი მოადგილე-მოჰამედ ჯან რასოლიარის თქმით, ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს შორის მსხვერპლი დიდია.

 „გარდიანის“ თანახმად, ავღანეთის სამთავრობო ძალებს, „თალიბანის“ მიერ დაკავებული ტერიტორიების გათავისუფლებაში, უკვე ეხმარებიან ბრიტანეთისა და აშშ-ის სპეციალური დანიშნულების ძალები.

დასავლური მედიის თანახმად, ქალაქ სანგინში მოძრაობის შეიარაღებულმა მებრძოლებმა აიღეს პოლიციის შტაბ-ბინა, ადმინისტრაციული შენობები, სადაზვერვო სააგენტოსა და სხვა უწყებების ოფისები. ავღანეთის ოფიციალური პირების ცნობით, მათი ძალები, საჰაერო ძალების ჩათვლით, ქალაქზე კონტროლის დამყარებისათვის იბრძვიან. პროვინცია ჰელმანდის ადგილობრივი საბჭოს წევრის ნარგის როხშანის თქმით, არსებობს საფრთხე, რომ „თალიბანი“ მთელ პროვინციაზე დაამყარებს კონტროლს:“თუ არ დაგვეხმარებიან ბრიტანელი და ამერიკელი ჯარისკაცები, თუ მთავრობა არ იფიქრებს პროვინციაზე, ჰელმანდი საფრთხის წინაშე აღოჩნდება.“

გუშინ ბაგრამის ავიაბაზასთან, რომელიც ავღანეთის დედაქალაქ ქაბულთან ახლოს მდებარეობს, „თალიბანის“ მიერ მოწყობილ აფეთქებას ნატოს ექვსი ჯარისკაცი შეეწირა.  ფარვანის პროვინციის( ბაგრამი ამ პროვინციაში მდებარეობს)  გუბერნატორის მოჰამედ აზიმ აზიმის თქმით, დანაღმული მოტოციკლეტის აფეთქებას ექვსი ამერიკელი ჯარისკაცი შეეწირა, დაშავდა სამი სამხედრო. ამერიკის თავდაცვის მდივნის ეშ კარტერის განცხადებით, რომელიც ამ თავდასხმამდე ორი დღით ადრე იმყოფებოდა ბაგრამის ავიაბაზაზე, ეს იერიში წარმოადგენს “მტკივნეულ შეხსენებას“, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთში კვლავ საფრთხის პირისპირ იმყოფებიან. დაახლოებით ერთი კვირის წინ პენტაგონის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში, ავღანეთში ვითარების გაუარესების და „თალიბანის“ გაძლიერების შესახებ იყო საუბარი.

განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში „თალიბანის“ გააქტიურების გამო, ამერიკის პრეზიდენტს ბარაკ ობამას საკუთარი გეგმების შეცვლა მოუწია და მისი გადაწყვეტილებით ამერიკა 2016 წლის განმავლობაში ავღანეთში სამხედროების რაოდენობას არ შეამცირებს-დღეისათვის ავღანეთში, დაახლოებით,  10 000 ამერიკელი სამხედრო იმყოფება. ქვეყანაში 2016 წლის განმავლობაში 12 000 ჯარისკაცების დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო ნატომაც.

„თალიბანთთან“ ერთად ავღანეთს საფრთხე, შესაძლოა, „ისლამური სახელმწიფოსაგანაც“ დაემუქროს-„როიტერის“ ინფორმაციით, „დაეში“ აღმოსავლეთ ავღანეთში მიმდევრების გაჩენას რადიოს მეშვეობით ცდილობს. რადიოს მეშვეობით სუნიტური რადიკალური დაჯგუფება ავღანელ ახალგაზრდებს “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში გაწევრიანებისაკენ მოუწოდებს.

„ჩვენი ახალგაზრდების დიდი ნაწილი დაუსაქმებელია, „ისლამური სახელმწიფოს“ რადიო კი მათ „დაეშის“ რიგებში გაწევრიანებისაკენ აქეზებს..“დაეში“ ქალაქ ჯალალაბადიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს და თუ ჩვენი მთავრობა მალე არ იმოქმედებს, „ისლამური სახელმწიფო“ რადიომაუწყებლობის არეალს ქაბულამდე გაზრდის.“-აღნიშნა ნანგარჰარის პროვინციის ადგილობრივი საბჭოს წევრმა აჰმედ ალი ჰაზრეთმა.

რადიოსადგურ „ხალიფატის ხმის“ ეთერში, რომელიც პუშტუს(ავღანურ) ენაზე მაუწყებლობს, შესაძლებელია „ისლამური სახელმწიფოს“ შესახებ ინტერვიუების, გზავნილების, ასევე სიმღერების მოსმენა.

თამთა კახაძე

tamta kakhadze
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
10 მარტი, 2016 ტერორისტი # 1
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს