ტერორისტი # 1
10 მარტი, 2016
253
print

კახა ფაჩუაშვილი

ისლამური სახელმწიფოს იდუმალ ლიდერს, თვითგამოცხადებულ „ყველა მუსლიმის ხალიფას“, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ცოლი გაექცა. თანაც, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, გაქრა, ხალიფატის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან. ეს მოვლენა გარკვეულ შუქს ჰფენს ადამიანის ცხოვრებაზე, რომელიც თანამედროვეობის უბოროტეს ტერორისტულ დაჯგუფებას ხელმძღვანელობს. თუმცა, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ცხოვრების შესახებ, ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი, როგორც დასავლეთში, ისე თავად სახალიფოშიც. მოდით შევეცადოთ გავერკვეთ, როგორ გადაიქცა ერთ დროს მშვიდი ბავშვი მსოფლიო ჯიჰადიზმის აღიარებულ ბელადად.

მომავალი ხალიფას ბავშვობა

მომავალი ხალიფა იბრაჰიმ ავად იბრაჰიმ ალ-ბადრი დაიბადა 1971 წელს ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ სამარაში. მაშინ ერაყის ხელისუფლებაში გაბატონებული იყო პანარაბული სეკულარული მემარცხენე ყაიდის პარტია „ბაასი“.

იბრაჰიმის მამა ავადი აქტიურად იყო  ჩაბმული რელიგიურ ცხოვრებაში და ერთ-ერთ მეჩეთში ასწავლიდა. სწორედ მაშინ გადადგა პირველი ნაბიჯები რელიგიურ ცხოვრებაში მისმა ვაჟმაც. ღვთისმეტყველის რანგში ის მეზობელ ბიჭებს უყრიდა თავს და მათთან ერთად ყურანს კითხულობდა. ამბობენ, იბრაჰიმი მშვიდი ბავშვი იყო და ძირითად დროს რელიგიური ტექსტების შესწავლას უთმობდა.

ბაასისტები მხარს არ უჭერდნენ რელიგიის აქტიურ გავრცელებას, მაგრამ არც ებრძოდნენ მას. იბრაჰიმის ზოგიერთი ნათესავი მმართველი პარტიის რიგებშიც კი ჩაირიცხა. ხალიფას ორი ბიძა პრეზიდენტ სადამ ჰუსეინის სპეცსამსახურებში მსახურობდა. მისი ერთ-ერთი ძმა სადამის არმიის ოფიცერი იყო, ხოლო მეორე ირან-ერაყის კონფლიქტს შეეწირა. თავად იბრაჰიმი ამ ომის დაწყებისთვის მეტისმეტად პატარა იყო, რომ მასში მონაწილეობა მიეღო.

იბრაჰიმის ნათესავებს შორის სალაფიზმის იდეის მომხრეებიც იყვნენ. ამბობენ, რომ მისი მამა ავადი სალაფიტი იყო. სადამ ჰუსეინის რეჟიმი ცდილობდა შეეზღუდა რადიკალთა გავლენა და ისინი თავის მხარეზე გადაებირებინა. ამისთვის 1989 წელს ბაღდადში გაიხსნა სადამ ჰუსეინის სახელობის ისლამურ მეცნიერებათა უნივერსიტეტი.

1993 წელს ერაყის ლიდერმა „რწმენის დაბრუნების კამპანია“ წამოიწყო. ქვეყანაში დაიხურა ღამის კლუბები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აიკრძალა ალკოჰოლის მიღება, შეზღუდვით შემოიღეს შარიათის კანონებიც (მაგალითად, ქურდობისთვის ხელს კვეთდნენ). სადამ ჰუსეინმა კი რამდენიმე წლის განმავლობაში 28 ლიტრი სისხლი გაიღო იმისთვის, რომ ამ სისხლით ყურანის ასლი დაეწერათ, რომელიც ბაღდადის ერთ-ერთ მეჩეთში დაიდებდა ბინას.

იურისტობიდან ექსტრემისტობამდე

როცა პროფესიის არჩევის დრო დადგა, იბრაჰიმ ალ-ბადრიმ სცადა ჩაებარებინა ბაღდადის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოუვიდა. მომავალ ხალიფას ცუდმა აკადემიურმა მოსწრებამ და ინგლისური ენის არცოდნამ უღალატა. შედეგად, მან ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე გადაინაცვლა, შემდეგ კი ისლამურ მეცნიერებათა უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა, სადაც სკოლებში ყურანის საჯარო დეკლამაციის მაგისტრის ხარისხი მიიღო.

მაგისტრატურაში სწავლის პერიოდში, ბიძის რეკომენდაციით, იბრაჰიმი „ძმები-მუსულმანების“ რიგებში გაწევრიანდა. ეს ორგანიზაცია რელიგიური ისლამური სახელმწიფოების შექმნას ქადაგებდა, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში მისი მიმდევრები ფრთხილ ტაქტიკას ირჩევდნენ და არ უჭერდნენ მხარს ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეიარაღებულ კონფლიქტებს. ალ-ბადრი მსგავს იდეებს მეტისმეტად რბილს უწოდებდა, მის მიმდევრებს კი ლაყაფისტებს, რომლებსაც მოქმედება არ შეეძლოთ, ამიტომ მან გადაწყვიტა ორგანიზაციის მკვეთრად რადიკალური ფრთის წევრი გამხდარიყო.

მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ ალ-ბადრი, ბაღდადის ღარიბი უბნის ერთ პატარა ბინაში დასახლდა, ახლომდებარე მეჩეთის გვერდით. ოთხი წლის განმავლობაში მან 2 ცოლის შეცვლა და 4 შვილის მამობა მოასწრო. ის თავს იმით ირჩენდა, რომ ბავშვებს ყურანის კითხვასა და ლოცვას ასწავლიდა. მეჩეთს საკუთარი ფეხბურთის გუნდი ჰყავდა. მომავალი ხალიფა იმდენად წარმატებული ფეხბურთელი გამოდგა, რომ მას ადგილობრივებმა მეტსახელად „ჩვენი მესი“ შეარქვეს. ის ასევე ისლამური ღირსების დამცველადაც გამოდიოდა. მაგალითად. როცა მეზობლის ქორწილში ქალისა და მამაკაცის ცეკვას მოჰკრა თვალი, იბრაჰიმმა გადაჭრით მოითხოვა შეეწყვიტათ ეს უმსგავსოება.

ჯიჰადის აკადემია

2004 წელს ალ-ბადრი ამერიკელებმა დააპატიმრეს. ის მეგობარს ესტუმრა, რომელიც ძებნაში იყო. მომავალი ხალიფა საფილტრაციო ბანაკ „კემპ ბუკაში“ აღმოჩნდა. იქ ამერიკელები საეჭვო ერაყელებს ათავსებდნენ. ბანაკის ადმინისტრაცია რელიგიური რიტუალების ჩატარებას არ კრძალავდა, რითიც ალ-ბადრიმ კარგად ისარგებლა: მართავდა ლექციებს რელიგიურ თემაზე, ასრულებდა საპარასკევო ლოცვებს, მოძღვრავდა პატიმრებს საკუთარი რწმენის მიხედვით.

ბანაკის ბინადრები ყვებოდნენ, რომ „კემპ ბუკა“ ჯიჰადის ნამდვილ აკადემიად გადაიქცა. „შეასწავლე, შთაუნერგე იდეოლოგია და აჩვენე მომავლის გზა, რომ საჭირო დროს ნაკვერცხალივით აენთოს და აგუზგუზდეს“, - ერთ-ერთი პატიმარი ასე აღწერს ისლამისტი ღვთისმეტყველების სტრატეგიას „კემპ ბუკაში“ ყოფნის დროს.

ზედამხედველები არჩევდნენ პოტენციურ ლიდერებს და ცდილობდნენ მათ სხვადასხვა კამერებში გადანაწილებას, რომ პატიმრებზე ექსტრემისტული გავლენა არ მოეხდინათ. თუმცა, მათ ვერ დაინახეს მშვიდ იბრაჰიმ ალ-ბადრიში მომავალი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი. „ის ცუდი ბიჭი იყო, მაგრამ არა უარესზე უარესი“, - შთაბეჭდილებებს ჰყვება „კემპ ბუკას“ ყოფილი ზედამხედველი, სერჟანტი კენეტ კინგი. მისი თქმით, ალ-ბადრი განსაკუთრებით სახიფათო ეჭვმიტანილთა სექტორშიც კი არ გადაუყვანიათ.

2006 წელს ალ-ბადრი გაათავისუფლეს. „აბა ბიჭებო, ნიუ-იორკში შევხვდებით“, - დაუბარა მომავალმა ხალიფამ ზედამხედველებს. „მაშინ ეს სიტყვები უწყინრად ჟღერდა, ისე, როგორც სიტყვა „მოვახერხებთ და როგორმე შევხვდებით“, - აღიარა კინგმა.

ხალიფას კარიერა

გათავისუფლების შემდეგ ალ-ბადრი ტერორისტული დაჯგუფება „ალ-ქაიდას“ ერაყის შტოს დაუკავშირდა. მათ კი ურჩიეს დამასკოში გადაბარგებულიყო, სადაც დისერტაციის დაცვის საშუალება ექნებოდა. სირიის დედაქალაქში ყოფნის დროს ერაყის „ალ-ქაიდას“ ბიურო „ერაყის ისლამურ სახელმწიფოდ“ ჩამოყალიბდა.  

საფუძვლიანი რელიგიური განათლება ალ-ბადრისთვის ზედგამოჭრილი იყო. ის დაინიშნა ორგანიზაციის ერაყული პროვინციების რელიგიური მიმართულების ხელმძღვანელად. მაშინ ხალიფატს ტერიტორიები არ ჰქონდა, ამიტომ იბრაჰიმი ძირითადად პროპაგანდისტული სტრატეგიის შემუშავებით იყო დაკავებული და ყურადღებას აქცევდა, რომ ბოევიკებს ზედმიწევნით ზუსტად აღესრულებინათ რელიგიური დოგმები.

2007 წლის მარტში ის ბაღდადში დაბრუნდა, სადაც დისერტაცია დაიცვა და ყურანმცოდნეობის დოქტორის წოდება მიიღო. მისმა მეცნიერულმა წარმატებამ „ერაყის ისლამური სახელმწიფოს“ მაშინდელი ლიდერის აბუ აიუბ ალ-მასრის ყურადღება მიიპყრო. მან ალ-ბადრი შარიათის კომიტეტის მეთაურად დანიშნა. ანუ ის გახდა პასუხისმგებელი ტერორისტული ორგანიზაციის მთელ რელიგიურ საქმიანობაზე.

2010 წელს ალ-მასრი მოკლეს. „ისლამური სახელმწიფო“ მეთაურის გარეშე დარჩა. მაშინ მომავალ ხალიფას ნუგეშად ჰაჯი ბაქრი მოევლინა. ის სადამ ჰუსეინის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ოფიცერი იყო. ჰაჯი ბაქრს არ შეეძლო ორგანიზაციის ლიდერი გამხდარიყო. მის რეპუტაციას, სწორედ მისი სპეცსამსახურის ოფიცრობა აკომპრომიტირებდა, ამიტომ ჰაჯი ბაქრმა გადაწყვიტა ხალიფას ტახტზე ალ-ბადრი დაესვა. მან მანიპულირებებითა და მოლაპარაკების გზით მომხრეები შემოიკრიბა და იმდენი მოახერხა, რომ „ერაყის ისლამური სახელმწიფოს“ ახალ ლიდერად ავტორიტეტული ღვთისმეტყველი იბრაჰიმ ალ-ბადრი აირჩიეს. ჰაჯი ბაქრი იმედოვნებდა, რომ ახალი ემირის გაკონტროლებას შესძლებდა. გარკვეულწილად მან ეს მოახერხა კიდეც - ორგანიზაციის საკვანძო თანამდებობებზე სადამ ჰუსეინის დროინდელი ერაყის დაზვერვის ყოფილი ოფიცრები დანიშნეს.

2013 წელს ორგანიზაციამ საბრძოლო მოქმედებები დაიწყო სირიის ტერიტორიაზე და თავის დაჯგუფებას სახელი შეუცვალა - „ერაყისა და ლევანტას ისლამური სახელმწიფო“. 2014 წლის ბლიცკრიგის შემდეგ კი ტერორისტებმა ხალიფატს სახელი შეუმოკლეს - „ისლამური სახელმწიფო“. სწორედ ამ პერიოდში ავად იბრაჰიმ ალ-ბადრიმ თავი ხალიფად გამოაცხადა და საბოლოოდ გახდა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი.

„მე თქვენ ხელმძღვანელად დამნიშნეს, მაგრამ მე საუკეთესო არ ვარ თქვენ შორის. თუ დაინახავთ, რომ სიმართლეს ვემსახურები, გამომყევით მე. თუ დაინახავთ, რომ არასწორად ვმოქმედებ, მომეცით რჩევა და ჭეშმარიტების გზაზე დამაყენეთ, თუ ალაჰის სიტყვას გადავუდგები ნუ მომისმენთ მე“, - წარმოთქვა ახალმა ხალიფამ თავისი პირველ საჯარო გამოსვლის დროს. ეს იყო პერიფრაზირება მუსულმანური თემის პირველი ხელმძღვანელის, მართლმორწმუნე ხალიფა აბუ ბაქრისა, რომელიც მუჰამედ წინასწარმეტყველის სიკვდილის შემდეგ სათავეში ჩაუდგა მუსლიმებს.

აბუ ბაქრის თანამეცხედრენი

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის პირველ ორ ცოლზე, რომლებთანაც ის 2004 წლამდე ცხოვრობდა, ცოტა რამ არის ცნობილი - ხალიფას ისინი სახლში ჰყავდა გამოკეტილი და საზოგადოებაში არ გამოჰყავდა. 2016 წლის თებერვლის ბოლოს გაქცეულ ცოლს კი დიანა კრიუგერი ჰქვია და ის გერმანელია. მას თავისუფლების მოპოვებაში ორი მეგობარი ქალბატონი დაეხმარა. ერაყული პრესის ცნობით, ალ-ბაღდადიმ ცოლს თავზეხელაღებული მეომრების ჯგუფი დაადევნა, მაგრამ კრიუგერის კვალს ვერავინ მიაგნო.  

სახალიფოში დიანა ქალთა ცხოვრების ორგანიზებით იყო დაკავებული. კერძოდ: მათი ქცევის ნორმებს, შარიათის კანონებს უსადაგებდა და ქალთა „ზნეობის პოლიციას“ განაგებდა. პოლიცია ყურადღებას აქცევდა იმას, რომ ქალები საზოგადოებაში არ გამოჩენილიყვნენ უპატრონოდ, მამაკაცის გარეშე. კავალერი უნდა ყოფილიყო ქმარი ან მამრობითი სქესის ქმრის ნათესავი. ასევე ქალბატონებს დადგენილი წესის მიხედვით უნდა შეეფუთნათ თავი.

პოლიცია მასზე დაკისრებულ მოვალეობას მთელი სისასტიკით ასრულებდა. მაგალითად, 2016 წლის იანვარში არასათანადო ჩაცმულობის გამო სირიელი გოგონა ცემით მოკლეს.  

კრიუგერის საქმიანობა საბრძოლო ნაწილსაც მოიცავდა: ერაყის ქალაქ კირკუკში ის ხელმძღვანელობდა სრულფასოვან სასწავლო პროცესს, სადაც კურსანტი გოგონებისგან თვითმკვლელ-ტერორისტებს აყალიბებდნენ. ალ-ბაღდადი და დიანა კრიუგერი 2015 წლის ოქტომბერში დაქორწინდნენ. რა გახდა მათი „განხეთქილების ვაშლი“, ჯერჯერობით უცნობია.

ალ-ბაღდადის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ცოლი საჯა ად-დულეიმი იყო. ჯიჰადისტებს შორის მისი მძლავრი გავლენის გამო ად-დულეიმის „ხალიფესა“ უწოდეს. ხალიფას ეს ქორწილი ხანმოკლე აღმოჩნდა. ისინი 2009 წელს დაქორწინდნენ, მაგრამ ერთად მხოლოდ 3 თვე გაატარეს. თუმცა ად-დულეიმიმ ხალიფატს ბევრი სარგებელი მოუტანა.

გაყრის შემდეგ (ერაყული თემების ტრადიციების მიხედვით ცოლთან გაყრა უაღრესად იოლი საქმეა) ად დულეიმი დასთან და მამასთან ერთად საცხოვრებლად სირიის ქალაქ ჰოლმსში გადავიდა. 2014 წლის მარტში ის ბაშარ ალ-ასადის მომხრეებმა დაატყვევეს. მოგვიანებით, „ჯაბხატ ან ნუსრას“ ბოევიკებმა ის და კიდევ 149 ქალი და ბავშვი, 13 მართლმადიდებელ ბერძენ მონაზონზე გადაცვალეს.

„ჩვენი და, შეიხ აბუ ბაქრის მეუღლე, დალოცოს ალაჰმა, გავათავისუფლეთ. ეს იმიტომ ჩავიდინეთ, რომ ასეთი იყო ჩვენი ვალი“, - თავის ტვიტერში დაწერა დაჯგუფების ერთ-ერთმა „ემირმა“.  თავად აბუ ბაქრი ამ მოვლენას არანაირად არ გამოხმაურებია.

გათავისუფლების შემდეგ საჯა ლტოლვილებთან ერთად ლიბანში გადაბარგდა, თუმცა, ამის შემდეგ, კიდევ არაერთხელ გადალახა ორი ქვეყნის საზღვარი - ფარანჯის ქვეშ მალავდა რა ოქროსა და ძვირფასეულობებს, რომელიც მას ტერორისტების სპონსორების მიერ ჰქონდა მიღებული. საჯა ყოველგვარი მორიდების გარეშე, ღიად მოუწოდებდა მთელი მსოფლიოს ქალებს გაწევრიანებულიყვნენ „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში. ის იმდენად კონტრასტული იყო ტიპიურ უუფლებო ქალთან შედარებით, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობს, რომ მას „საპატიო მამაკაცი“ უწოდეს.

2015 წლის დასაწყისში საჯა ად-დულეიმი კვლავ დააპატიმრეს. ამჯერად ის მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ლიბანის ხელისუფლებამ საზღვრის გადაკვეთისას დააკავა (ერთ-ერთი ამ ბავშვთაგან, 5 წლის გოგონა - აბუ ბაქრისგან ჰყავდა). ალ-ბაღდადიმ ამჯერადაც თავი აარიდა კომენტარს. ად-დულეიმი ბავშვებთან ერთად კი კვლავ „ჯაბხატ ან-ნუსრას“ ბოევიკებმა გაათავისუფლეს. ამჯერად ტერორისტებმა ძვირფასი ტყვეები ლიბანელ ჯარისკაცებში გაცვალეს.

ცნობილია, რომ აბუ ბაქრი, 2013 წელს დატყვევებულ ამერიკელ სოცმუშაკს, კაილი მიულერსაც ცოლად მიიჩნევდა და აუპატიურებდა მას, ვიდრე იგი არ გარდაიცვალა („ისლამური სახელმწიფოს“ ვერსიით კაილი მიულერი ამერიკულ დაბომბვას შეეწირა, ამერიკელები კი მიიჩნევენ, რომ ქალბატონი ჯიჰადისტების ხელით იქნა მოკლული). მიულერთან ერთად ტყვეობაში ერთი იეზიდი გოგონაც იმყოფებოდა, რომელმაც გაქცევა მოახერხა. მისი თქმით, აბუ ბაქრს სამი ოფიციალური ცოლი ჰყავს.

ტერორისტის ფასი

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის თავი ამერიკის ხელისუფლებამ 10 მილიონ დოლარად შეაფასა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე აბუ ბაქრი, აბუ დუას ფსევდონიმით არის მოხსენიებული. მიუხედავად იმისა, რომ „ალ-ქაიდას“ ლიდერის, აიმან აზ-ზავახირის პერსონა თითქმის ორჯერ მეტად შეაფასეს, ოსამა ბინ ლადენის სიკვდილის შემდეგ, „ისლამური სახელმწიფოს“ თვითგამოცხადებული ხალიფა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი, დღეისთვის მსოფლიოს ნომერ პირველ ტერორისტად მიიჩნევა.

 

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
03 ნოემბერი, 2016 მოსულის ბრძოლა
27 მარტი, 2016 სირიამ პალმირა დაიბრუნა
23 მარტი, 2016 „ისლამური სახელმწიფო“ ცივილიზაციას უტევს
10 მარტი, 2016 რა არის ისლამური სახელმწიფო?
09 მარტი, 2016 ირანი ისევ იმუქრება
08 მარტი, 2016 ირანს სანქციების არ ეშინია
08 მარტი, 2016 სტოლტენბერგი: ნატო ახლა უფრო ერთიანია
07 მარტი, 2016 ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული ომით ემუქრება
28 თებერვალი, 2016 ლატვიას, რუსეთის დასაბალანსებლად, ქვეყანაში ნატო-ს ყოფნის გაზრდა სურს
20 თებერვალი, 2016 დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი შეთანხმდნენ