სამართლებრივი სიმართლე და კანიბალური ტყუილი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამო
16 ივნისი, 2016
0
print

გუშინ პრეს-კონფერენციაზე მყოფ ბიძინა ივანიშვილს რომ აცნობეს, ევროსასამართლომ ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმრად აღიარაო, ჯერ ყურებს არ დაუჯერა და დეზინფორმაციას ნუ ავრცელებთო, ჟურნალისტებს უთხრა. რა გასაკვირია - მას ხომ მხოლოდ საკუთარი ანალიზის, ანუ ფანტაზიების სჯერა. მოგვიანებით დაარწმუნეს ინფორმაციის სიზუსტეში და მანაც ნაციონალები დაადანაშაულა და ევროსასამართლოს დაემუქრა: ”როგორც არ უნდა მიგვითითონ, რომ პოლიტპატიმარია, ძალიან უცნაური იქნება და ცუდ დღეში ჩაიგდებენ თავს, თუ ნაციონალებმა კიდევ მოახერხეს სიცრუის ტირაჟირება და შეცდომაში შეიყვანეს. ამას შესატყვისი პასუხი გაეცემა”.

ივანიშვილის იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმაც არ დააყოვნა ევროსასამართლოსთვის პრეტენზიების წაყენება და თქვა, რომ: ”რომ სტრასბურგის სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მერაბიშვილის მონაყოლს” და რომ ის ამას აუცილებლად გაასაჩივრებს დიდ პალატაში. თეა წულუკიანმა გუშინ, ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ტყუილიც თქვა, როცა ამტკიცებდა, რომ ”რეალობა არის ასეთი, რომ სტრასბურგის სასამართლომ შავით თეთრზე თქვა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა, რომელიც დაიწყო 2013 წლის მაისში და დასრულდა 2014 წლის თებერვალში, ანუ 2 წელიწადზე მეტი ხნის წინ, არის კანონიერი. აქედან გამომდინარე, ეს იყო ჩვენთვის მთავარი და ეს მიღწეულია.”

 სინამდვილეში სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მერაბიშვილის შუამდგომლობა ადამიანის უფლებათა კონვენციის მხოლოდ მეხუთე მუხლის პირველ ნაწილში, რაც ეხებოდა წინასწარი პატიმრობის შეფარდებას 2013 წლის 22 და 25 მაისს.

 როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ამჟამად ამერიკის იურისტთა ასოციაციის მრჩეველი თინა ბურჯალიანი განმარტავს: ”იუსტიციის მინისტრისგან ეს არის თავის მოტყუება და მან ეს ძალიან კარგად იცის. საქმე ის გახლავთ, რომ ევროსასამართლომ იმსჯელა პროკურატურის მიერ წარდგენილ რისკებზე და დაადგინა, რომ მერაბიშვილის დაკავება და 2013 წლის მაისში, ამ კონკრეტულ პერიოდში მისთვის პატიმრობის შეფარდება არ ეწინააღმდეგება კონვენციას ადამიანის უფლებების შესახებ. მაგრამ უკვე შემდგომ, როცა 2013 წლის სექტემბერში ვანო მერაბიშვილის ადვოკატებმა მოითხოვეს აღმკვეთი ღონისძიების შეცვლა და მისი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლება, თბილისის სასამართლომ ერთწინადადებიანი უარით უპასუხა, ისე, რომ სასამრთლოს არც კი უმსჯელია, რამდენად საფუძვლიანი იყო დაცვის მხარის მიერ წარდგენილი არგუმენტები. თუმცა, ამ თემებზე აქცენტის გაკეთება არის თავის და საზოგადოების მოტყუება და ძირითად საკითხზე პასუხისგან თავის არიდება.”

სწორედ 2013 წლის სექტემბერში, ქართული სასამართლოს შესაბამისი ქცევა გახდა მიზეზი იმისა, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლება დამნაშავედ სცნო ევროკონვენციის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევაში, ხოლო ამ მუხლის დარღვევის გამო და გარემოებების გათვალისწინებით დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ევროსასამართლოს მე-18 მუხლის დარღვევასაც.

თუ თინა ბურჯალიანი ერთგვარად შეიძლება წინა ხელისუფლებასთან ასოცირდებოდეს და მისი განმარტება ვინმეს დამაჯერებლად არ მოეჩვენოს, იმავეს ამბობს თავად წულუკიანის ყოფილი მოადგილე და სანდრო გირგვლიანის საქმის ადვოკატი დავით ჯანდიერი: ”ყველაზე პრობლემური ამ გადაწყვეტილებაში არის მე-18 მუხლის დარღვევის დადგენა. მე-18 მუხლი დაკავშირებულია შეზღუდვის ფარგლებთან, ანუ როდესაც ხდება კონვენციით გათვალისწინებული უფლების, თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვა, ის შეიძლება შეიზღუდოს კონვენციის მიზნებისთვის. უნდა არსებობდეს ამ უფლების შეზღუდვის ფორმალური საფუძველი. სასამართლომ ამ შემთხვევაში თქვა, რომ ვანო მერაბიშვილის გაყვანა (ციხიდან გაყვანა მთავარ პროკურორთან შესახვედრად, რომელიც არ არის გამოძიებული), რომელიც სასამართლოს განცხადებით, მაღალი ალბათობით ნამდვილად მოხდა, რეალურად გამოყენებული იქნა როგორც მერაბიშვილზე ზემოქმედების საშუალება. მთელი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რა მოჰყვება მე-18 მუხლის დარღვევას, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი".

რაც შეეხება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ სასაცილოდ გახდილ საკითხს ვანო მერაბიშვილის პოლიტპატიმრად აღიარების შესახებ, საბაბით, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში ამის შესახებ არაფერი წერია, ჯანდიერი განმარტავს: „სტრასბურგის სასამართლო არ არის ის ორგანო, რომელიც იტყვის და შეაფასებს კონკრეტულ პატიმრობას, პოლიტიკური იყო თუ არა. ეს არის პოლიტიკური ორგანოებისა და პოლიტიკოსების საქმე. არსებობს ევროსაბჭოს 2012 წლის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, რომელიც განსაზღვრავს ამ კრიტერიუმებს”.

რაც შეეხება, ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, ჯანდიერის თქმით:

“მას შემდეგ რაც გადაწყვეტილება ძალაში შედის ის ეგზავნება მინისტრთა კომიტეტს, მინისტრთა კომიტეტის შემადგენლობაში შედიან 46 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, ეს არის მთავარი ორგანო ევროსაბჭოში, რომელიც ზედამხედველობას უწევს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს. აქ უკვე საინტერესოა მინისტრთა კაბინეტი, როგორც პოლიტიკური ორგანო, რა შეფასებას მისცემს ევროპის სასამართლოს გამოტანილ გადაწყვეტილებას.”

სხვათა შორის, სწორედ მინისტრთა კომიტეტმა აიძულა აზერბაიჯანის ხელისუფლება გაეთავისუფლებინა მამაევი, რომლის მიმართაც ზუსტად იმავე დარღვევების არსებობა დაადგინა ევროსასამართლომ და ისიც ისევე უკვე მსჯავრდებული იყო, როგორც ვანო მერაბიშვილი.

დღესდღეობით არსებობს ერთი მოცემულება და ბევრი აზრი მის ირგვლივ. მაგალითად, სარკეში დამუშავებული ცინიკური ღიმილის მქონე ეკა ბესელია ამბობს: “ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ თქვა ის, რომ ვანო მერაბიშვილი არ არის პოლიტიკური პატიმარი. ასევე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ თქვა, რომ ვანო მერაბიშვილი არ არის უკანონო პატიმარი. დიახ, წერა-კითხვა ყველამ იცის და ვინც კარგად კითხულობს, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას, ძალიან მარტივად ნახავს, რომ მსგავსი რამ არათუ არ უთქვას ევროპის სასამართლოს,უფრო მეტიც, მან თქვა, რომ არ დარღვეულა ევროპული კონვენციის მე-5.1 მუხლი. ეს არის ის მუხლი, რომელიც იყო გასაჩივრებული და ეხება პატიმრობის კანონიერების საკითხს.“

წერა-კითხვის მცოდნეთ კი კარგა ხანია იციან, რომ ეკა ბესელიასთვის ჩვეულებრივი ინგლისური ენაც კი ძალიან რთულად აღსაქმელია და მით უმეტეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილების ფორმულირებებს ის ძნელად თუ დაძლევს.

ივანიშვილის ადამიანის უფლებათა დამცველ ბესელიას და მის მამამთავარ ივანიშვილს გუშინ ძალიან მარტავად უპასუხა დამოუკიდებელ ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ზაზა ხატიაშვილმა: „ყოფილ პრემიერს ჯემპრი ჩამოაცვეს თავზე და გაიყვანეს ისე მთავარ პროკურორთან იმიტომ, რომ ქვეყნის ფაქტიურ მმართველ ვიღაც ფეოდალს ასიამოვნონ. თავად ივანიშვილმა კი თქვა, რომ მერე რა, რომ გაიყვანესო. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. მე-18 მუხლი ევროსასამართლოს ისტორიაში სულ 7 შემთხვევაში აქვს დადგენილი. ანუ, სახელმწიფო გამოიყვანა კანიბალების დონეზე და ეს ბესელიამ და წულუკიანმა არ იციან? ფეოდალური სახელწმიფო ხარო, გვითხრეს. მე არ მგონია, ამ კაცმა რომც წაიკითხოს ეს დადგენილება, შინაარსი გამოიტანოს,“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

დღესდღეობით ცნობილია, რომ არსებობის 60 წლის მანძილზე ევროსასამართლომ მე-18 მუხლის დარღვევა აქამდე მხოლოდ 6-ჯერ აღიარა, აქედან სამი პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე - უკრაინასა და აზერბაიჯანზე მოდის. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე უფლებადარღვეული პატიმარი შეიწყალა. იანუკოვიჩმა კი ტიმოშენკო და ლუცენკო პატიმრობაში დატოვა. როგორ დაასრულა იანუკოვიჩმა თავისი მმართველობა, ყველას კარგად ახსოვს. დღეს ჯერჯერობით დუმს საქართველოს პრეზიდენტი. იუსტიციის მინისტრი კი, რომელიც ცდილობს, ხალხი დაარწმუნოს, ევრომოსამართლეებმა გადაწყვეტილება ჩვენს სასარგებლოდ გამოიტანესო, ამ გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აპირებს. ცხადია, მოგებულ საქმეს არავინ ასაჩივრებს. ესეც რომ არა, როგორც მცოდნე ხალხი ამბობს, წულუკიანი ამით მხოლოდ თავს და ბიძინა ივანიშვილს ატყუებს, რეალურად კი მხოლოდ დრო გაჰყავს არჩევნებამდე.

სხვა სიახლეები
16 ივლისი, 2016 ღამის პუტჩი
15 ივლისი, 2016 ბასტილიის დღის ტრაგედია
19 აპრილი, 2016 Animal Planet–მა კაცი იპოვა
11 აპრილი, 2016 NDI: „ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა მატულობს“
15 მარტი, 2016 ნადეჟდა სავჩენკო – უკრაინელი პატრიკ ჰენრი
04 მარტი, 2016 მალე კიბო დამარცხდება
11 თებერვალი, 2016 კანადამ 25 000 მიგრანტი მიიღო
09 თებერვალი, 2016 სტანიცა ლუგანსკა
07 თებერვალი, 2016 ჩრდილოეთ კორეამ თანამგზავრი გაუშვა!
03 თებერვალი, 2016 საქართველოში ბუნებრივი აირის დიდი მარაგი აღმოაჩინეს!