რეალი - ლივერპული. ფაქტები და მოვლენები
26 მაისი 11:43
0
print

კახა ფაჩუაშვილი

ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშების ფინალში ერთმანეთის პირისპირ ევროპის ორი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი წარსდგება. კიევის ოლიმპიურ სტადიონზე მადრიდის „რეალს“ შეუძლია ჩემპიონთა თასი მე-13 აღმართოს. მათ შორის მესამედ ზედიზედ, რაც ჩემპიონთა ლიგის აბსოლუტური რეკორდი იქნება. ინგლისის „ლივერპული“ კი ბოლო 11 წლის მანძილზე პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და გამარჯვების შემთხვევაში მე-6 აღმართავს თასს.

კიევში გამარჯვება მადრიდულ კლუბს საშუალებას მისცემს, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო ზედიზედ მესამედ შემართოს და პირველი კლუბი გახდება, ვინც ამ მიღწევას მეორედ გაიმეორებს. 1956-1960 წლებში მადრიდის „რეალმა“ ზედიზედ 5-ჯერ მოიგო ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი. სამ-სამჯერ ტიტული მოგებული აქვთ ამსტერდამის „აიაქსს“ (1971-1973) და მიუნხენის „ბაიერნს“ (1974-1976).

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი კრიშტიანუ რონალდუ გამარჯვების შემთხვევაში მე-5 აღმართავს ჩემპიონთა ლიგის თასს და გახდება მეხუთე ფეხბურთელი, ვინც ჩემპიონთა თასის/ლიგის ხუთ ფინალში გაიმარჯვა. დანარჩენი ოთხი ფეხბურთელია მადრიდელები: პაკო ხენტო (ერთადერთი ფეხბურთელი რომელიც 6-ჯერ აღმართა ჩემპიონთა თასი), ალფრედო დი სტეფანო და ხოსე მარია სარაგა, ასევე მილანელი პაოლო მალდინი.

1980-1981 წლების სეზონის პარიზულ ფინალში „ლივერპულმა“ დაამარცხა „რეალი“ – 1:0 და მესამედ დაეუფლა ჩემპიონთა თასს. იმ მატჩში ერთადერთი გოლი 81-ე წუთზე ალან კენედიმ გაიტანა. მადრიდელებმა კი ჯერჯერობით უკანასკნელად წააგეს მთავარი ევროპული თასის ფინალი.

ამასთან, 1981 წელს ინგლისურმა კლუბმა პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად დაამარცხა ევროპული თასის ფინალში ესპანური გუნდი. 3 დანარჩენი ფინალი კი ესპანელთა გამარჯვებით დასრულდა: 2006 წელს „ბარსელონამ“ – 2:1 დაამარცხა ლონდონის „არსენალი“, 2009 და 2011 წელს კი კატალონიურმა გრანდმა ორჯერ მოუგო „მანჩესტერ იუნაიტედს“ (2:0, 3:1).

ევროტურნირებზე „რეალი“ და „ლივერპული“ 5-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ხუთივე ჩემპიონთა თასის/ლიგის მატჩი იყო. 3 „ლივერპულმა“ მოიგო, 2 „რეალმა“. 6 გოლი ინგლისელებმა გაიტანეს, 4 ესპანელებმა.

ჩემპიონთა ლიგის 2012-2013 წლების სეზონში იურგენ კლოპის დორტმუნდის „ბორუსია“ 4 ჯერ შეხვდა მადრიდის „რეალს“. ჯგუფურ ეტაპზე დორტმუნდელებმა შინ - 2:1 მოიგეს, მადრიდში კი ფრე - 2:2 დაფიქსირდა. ტურნირის ნახევარფინალში კი რობერტ ლევანდოვსკის პოკერის წყალობით დორტმუნდელებმა გაანადგურეს „რეალი“ შინ - 4:1 და იმის მიუხედავად, რომ მადრიდში - 0:2 დამარცხდნენ, გერმანელები ფინალში გავიდნენ.

მომდევნო სეზონში „რეალმა“ რევანში აიღო. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 1/4 ფინალურ ეტაპზე მადრიდელებმა ბეილის, ისკოსა და რონალდუს გოლებით - 3:0 მოიგეს, დორტმუნდში - 0:2 დამარცხდნენ და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

ფინალები

რეალი:

ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე 12 მოგებით მადრიდის „რეალი“ ევროპის ყველაზე ტიტულოვანი გუნდია. კლუბმა ბოლო 6 ფინალი მოიგო, რომელშიც კი მონაწილეობა მიიღო. ფინალურ სერიებში მისი საერთო სტატისტიკა 12 გამარჯვება და 3 მარცხია.

1955/56 რეალი - რეიმსი 4:3

1956/57 რეალი - ფიორენტინა 2:0

1957/58 რეალი - მილანი 3:2 (დ.დ.)

1958/59 რეალი - რეიმსი 2:0

1959/60 რეალი - აინტრახტი 7:3

1961/62 ბენფიკა - რეალი 5:3

1963/64 ინტერი - რეალი 3:1

1965/66 რეალი - პარტიზანი 2:1

1980/81 ლივერპული - რეალი 1:0

1997/98 რეალი - იუვენტუსი 1:0

1999/00 რეალი - ვალენსია 3:0

2011/02 რეალი - ბაიერი 2:1

2013/14 რეალი - ატლეტიკო 4:1 (დ.დ.)

2015/16 რეალი - ატლეტიკო 1:1 (5:3, პენ.)

2016/17 რეალი - იუვენტუსი 4:1

ლივერპული:

წითლებმა 7 ფინალიდან 5-ში იმარჯვეს.

1976/77 ლივერპული - გლადბახი 3:1

1977/78 ლივერპული - ბრიუგე 1:0

1980/81 ლივერპული - რეალი 1:0

1983/84 ლივერპული - რომა 1:1 (4:2, პენ.)

1984/85 იუვენტუსი - ლივერპული 1:0

2004/05 ლივერპული - მილანი 3:3 (3:2, პენ.)

2006/07 მილანი - ლივერპული 2:1

კიევური ფინალი მე-20 იქნება მერსისაიდელებისთვის. წითლები 7 ჯერ გავიდნენ ჩემპიონთა თასის/ლიგის ფინალში, 3 ჯერ მოიგეს უეფას თასი (1973, 1976, 2001), 3 ჯერ უეფას სუპერთასი (1977, 2001, 2005). 2006 წელს „ლივერპულმა“ ევროპის ლიგის ფინალი წააგო. 1978 და 1984 წელს კი უეფას სუპერთასის ფინალები. წითლები ასევე დამარცხდნენ თასების მფლობელთა თასის ფინალში (1965/66) და საკონტინენტთაშორისო თასის ფინალებში (1981 და 1984 წლებში).

კიევური კალეიდოსკოპი

კიევში ჩასულ „ლივერპულისა“ და „რეალის“ ფეხბურთელებს შესთავაზეს სამახსოვრო ალბომისთვის დახატონ თავიანთი ავტოპორტრეტები. ტყავის ბურთის ოსტატებმა ფანტაზია კი გამოავლინეს, მაგრამ მხატვრობის ნიჭს ვერავის დააბრალებ. „რეალის“ ხორვატმა ლიდერმა ლუკა მოდრიჩმა საკუთარი თავი გაჩეჩილი რობოტის სახით წარმოადგინა. ასე ვხედავო - აიკვიატა ხორვატმა.

მოჰამედ სალაჰმა კი წრიულ სახეზე, შავი წერტილებით წვერი გამოისახა, რაც საერთო შეფასებით იონჯის მინდორს უფრო ჰგავს, ვიდრე წვერს.

რობერტო ფირმინიოს მთავარი გარეგნული ღირსება, როგორც ჩანს, თვალისმომჭრელი ღიმილია. რაც უფრო დიდია კბილები, მით უფრო შედგა პორტრეტი, - ასეთია ვერდიქტი.

ალბერტო მორენოს კი სრულფასოვანი პორტრეტი გამოუვიდა თავისი ანტურაჟით. აქ მზეც უხვად ანათებს და „ენფილდიც“ სადღაც ახლოს არის.

ამასობაში, სულ უფრო მეტი ინგლისელი და ესპანელი ქომაგი აბრუნებს ჩემპიონთა ლიგის ფინალის ბილეთებს იმ მოტივით, რომ გადამყიდველებმა გააათმაგეს ფასები ბინის ქირასა და საკვებ პროდუქტებზე. უკრაინელებს არ სურთ კიევი ევროპას დაამახსოვრდეს, როგორც „სპეკულანტების“ ქალაქი, ამიტომ ისინი უცხოელ სტუმრებს საკუთარ ბინებში უფასო ღამის გასათევებს სთავაზობენ. თუმცა, აღმოჩნდა, რომ უკრაინელთა მცდელობა დაგვიანებული და არაეფექტურია. საქმე ის არის, რომ ესპანური პრესა რეგულარულად აქვეყნებს სტატიებს, სადაც ჩანს, რომ ესპანელი გულშემატკივრები უარს აცხადებენ კიევში გამგზავრებაზე.

„2000-ზე მეტი ესპანელი გულშემატკივარი იძულებული გახდა დაებრუნებინა ფინალური მატჩის ბილეთები. მიზეზი ცუდი ლოჯისტიკა და თვითმფრინავის ბილეთების ფასების უსაშველო ზრდა გახდა. ბოლო დღეებში თვითმფრინავის ბილეთის ფასი 1000 გირვანქა სტერლინგს გაუტოლდა, - წერს გამოცემა Independent.“

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი დღეს, 26 მაისს, თბილისის დროით 22.45 საათზე დაიწყება.

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
07 ივნისი 18:21 ნეიმარი, ლევანდოვსკი, ბუფონი - სატრანსფერო ცხელი ზაფხული
06 ივნისი 19:37 11 ვარსკვლავი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
30 მაისი 19:33 პაციფიზმი, თუ კლასობრივი ბრძოლა?
27 მაისი 16:08 კლოპი, ზიდანი, ბეილი
27 მაისი 14:52 მაღრიბი მოჰამედისთვის ლოცულობს
02 თებერვალი 13:47 თავდაჯერებულნი იქნებით, როდესაც შეიგრძნობთ საკუთარი მკლავის ძალას
31 მარტი, 2017 ლაშა ტალახაძე: ასეთი დატვირთვით ჯერ არ მივარჯიშია
30 მარტი, 2017 ძალოსნობა. გიორგი ასანიძე ევროპის ჩემპიონატის წინ
23 მარტი, 2017 კახი კახიაშვილი ევროპის ჩემპიონატის წინ
22 მარტი, 2017 ერთი დღე აკადემიაში