მაღრიბი მოჰამედისთვის ლოცულობს
27 მაისი 14:52
0
print

კახა ფაჩუაშვილი

კიევური ფინალის შემდეგ ყველა „რეალის“ კაპიტანზე, სერხიო რამოსზე, „ლივერპულის“ მეკარე კარიუსზე და მოჰამედ სალაჰზე საუბრობდა. კარიუსმა სამეფო კლუბს ორი უცნაური გოლი ფეშქაშად მიუძღვნა, რამოსმა კი თამაშის 28-ე წუთზე სხეულზე მიიწება სალაჰი, ხელში ჩაებღაუჭა და მინდორზე ისე მძლავრად დასცა, რომ ეგვიპტელი სასწრაფოდ საავადმყოფოში გააქანეს. იქ რენტგენი გადაუღეს და დაადგინეს, რომ მოჰამედს მხრის სახსრის მყესები აქვს დაზიანებული.

წინასწარი შეფასებით ასეთი ტიპის ტრავმას სარეაბილიტაციოდ 12-14 კვირა სჭირდება. ეს ინფორმაცია საავადმყოფოდან პირდაპირ ჟურნალისტების ყურამდე მივიდა და მსოფლიო პრესამაც განგაშის ზარი შემოჰკრა, - სალაჰი მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებსო. სოციალურ ქსელებში რამოსის ლანძღვა დაიწყეს. მაღრიბი კი ლოცვად დადგა.

უფრო გულდასმითი შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ სარეაბილიტაციო პროცესი ორ კვირას გასტანს. ამის შესახებ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ეგვიპტის სპორტის მინისტრმა ჰალედ აბდ ელ-აზიზმა განაცხადა.

„სალაჰს მხრის სახსრის მყესები აქვს დაზიანებული. სავარაუდოდ ასეთ ტრავმას 2-კვირიანი მკურნალობა სჭირდება. გადაწყდა, რომ სალაჰი მკურნალობას და სარეაბილიტაციო პროცესს ინგლისურ კლუბში გაივლის, შემდეგ კი ეროვნულ ნაკრებს იტალიაში შეუერთდება.“

ჰალედ აბდ ელ-აზიზი ამბობს, რომ ეგვიპტის ეროვნული ნაკრების სამედიცინო შტაბი მუდმივ კონტაქტზეა „ლივერპულის“ ექიმებთან და მიაჩნია, რომ მოჰამედ სალაჰის გვარი აუცილებლად უნდა ფიგურირებდეს ეგვიპტის ნაკრების განაცხადში, რომლის საბოლოო ვარიანტს გუნდის ხელმძღვანელობა 4 ივნისს გამოაქვეყნებს.

საფეხბურთო სამყარო ვეღარასოდეს გაიგებს რამოსმა სალაჰს შეგნებულად მიაყენა ტრავმა, თუ შემთხვევით, მაგრამ ფაქტია, რომ 28-ე წუთამდე უპირატესობას ინგლისელები ფლობდნენ და ნავასის კართან რამდენიმე სახიფათო იერიშიც განახორციელეს. სალაჰის გასვლის შემდეგ კი მინდორზე „რეალი“ დომინირებდა. არავისთვის სიახლე არ არის, რომ „ლივერპული“ სალაჰით და სალაჰის გარეშე ორი სხვადასხვა კლუბია. ამიტომ ფეხბურთის მოყვარულები ვარაუდობენ, რომ რამოსმა შესაძლოა ეს შეგნებულად გააკეთა.

„რეალის“ კაპიტანი მუდმივად ჯარიმის ზღვარზე თამაშობს. ზოგადად, თამაშის ასეთი სტილი დიდ მცველებს ახასიათებთ ხოლმე. ისინი, როცა კონტაქტში შედიან ცდილობენ ფორვარდებს ისეთი ზიანი მიაყენონ, რომ მაქსიმალური ტკივილი აგრძნობინონ. ფორვარდმა უნდა იცოდეს, რომ მცველთან კონტაქტი მტკივნეულია და ამიტომ უნდა ერიდოს მას, - ასეთია ხისტი თამაშის ფილოსოფია და მიზანი.

ბუნებრივია, სერხიო რამოსი „ლივერპულის“ ფორვარდს იმ განზრახვით ვერ დაეტაკებოდა, რომ მისთვის უმძიმესი ტრავმა მიეყენებინა, მაგრამ „რეალის“ კაპიტანმა აშკარად იცოდა, რომ ხისტი კონტაქტით სალაჰს ტკივილს მიაყენებდა. შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. სალაჰი საავადმყოფოში გადაიყვანეს, „რეალმა“ კი მე-13 აღმართა ევროპული საკლუბო ფეხბურთის უმთავრესი ჯილდო.

ამ შემთხვევამ 1981 წელი გამახსენა. მადრიდულ ოთხთა ტურნირზე „რეალი“ „დინამოს“ ხვდებოდა. მაშინ ესპანელთა ცენტრალურმა მცველმა ანხელმა დათო ყიფიანს ფეხი მოსტეხა. „რეალმა“ ის თამაში - 2:1 მოიგო. ყიფიანი კი 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩა. ასეთი უმძიმესი ტრავმის შემდეგ საბჭოთა კავშირის ნაკრების მწვრთნელ კონსტანტინ ბესკოვს დამატებითი მიზეზი მიეცა, რომ ქართველი ათიანი ესპანეთში არ წაეყვანა და მას ამის გამო, ვერც ვერავინ შეეკამათა. დათო ყიფიანმა ჩემპიონატის დაწყებამდე რეაბილიტაცია მოასწრო, ფორმაშიც შევიდა. ტურნირამდე ერთი თვით ადრე თბილისში, მინსკის „დინამოს“ ულამაზესი გოლიც გაუტანა, მაგრამ ბესკოვის გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.

მხოლოდ ბრაზილიელმა კომენტატორმა გაიხსენა დათო ყიფიანი უშალოდ ტურნირის მსვლელობისას და ფეხბურთის მოყვარულებს შეახსენა, ხომ ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა ტელე სანტანამ ოკეანე გადალახა, რომ ეროვნულ ნაკრებში ფალკაო მიეწვია, საბჭოელებმა კი თბილისამდე ვერ ჩააღწიეს, რომ მათი საუკეთესო 10 ნომერი ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე წაეყვანათ.

არავინ იცის ყიფიანს რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ეთამაშა მიაღწევდა, თუ არა საბჭოთა ნაკრები იმაზე უკეთეს შედეგს, ვიდრე ჰქონდა და გავიდოდა, თუ არა ტურნირის ნახევარფინალში. ისევე, როგორც ვერასოდეს გავიგებთ, მოჰამედ სალაჰს რომ ტრავმა არ მიეღო მოიგებდა, თუ არა „რეალი“ თავის მე-13 ტიტულს, მაგრამ ფაქტია, რომ 1982 წელს მსოფლიო ფეხბურთს ყიფიანის სახით ერთი კაშკაშა ვარსკვლავი დააკლდა და დიდია ალბათობა, რომ 2018 წელსაც მსოფლიომ მთავარ ტურნირზე ვერ იხილოს წლის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, ვისაც ევროპაში მფრინავი ეგვიპტელის სახელით იცნობენ.

ეგვიპტის ნაკრების მწვრთნელს გულშემატკივრებისთვის ავანსი უკვე გაცემული აქვს. მან თქვა, რომ მოჰამედ სალაჰთან ერთად გუნდს დიდი შანსი აქვს ისტორიულ წარმატებას მიაღწიოს და ფლეი-ოფში გავიდესო.

ასეა თუ ისე, რამოსისა და სალაჰის შეჯახება სათამაშო მომენტად ჩაითვალა და ესპანელს ამის გამო არავითარი სანქცია არ ემუქრება. თუმცა ვინ იცის, იქნებ სანქცია მისთვის უკეთესი გამოსავალი ყოფილიყო? საქმე ის არის, რომ თუ სალაჰი ვერ მომჯობინდა და ეგვიპტის ნაკრებმაც უსუსურად ითამაშა, მაშინ სენიორ სერხიოს დაცვის აყვანა მოუწევს. ე მანდ მაღრიბელებმა ფარსაგი რამე არ შეამთხვიონ.

 

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
07 ივნისი 18:21 ნეიმარი, ლევანდოვსკი, ბუფონი - სატრანსფერო ცხელი ზაფხული
06 ივნისი 19:37 11 ვარსკვლავი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
30 მაისი 19:33 პაციფიზმი, თუ კლასობრივი ბრძოლა?
27 მაისი 16:08 კლოპი, ზიდანი, ბეილი
26 მაისი 11:43 რეალი - ლივერპული. ფაქტები და მოვლენები
02 თებერვალი 13:47 თავდაჯერებულნი იქნებით, როდესაც შეიგრძნობთ საკუთარი მკლავის ძალას
31 მარტი, 2017 ლაშა ტალახაძე: ასეთი დატვირთვით ჯერ არ მივარჯიშია
30 მარტი, 2017 ძალოსნობა. გიორგი ასანიძე ევროპის ჩემპიონატის წინ
23 მარტი, 2017 კახი კახიაშვილი ევროპის ჩემპიონატის წინ
22 მარტი, 2017 ერთი დღე აკადემიაში