კლოპი, ზიდანი, ბეილი
27 მაისი 16:08
0
print

კახა ფაჩუაშვილი

„ლივერპულს“ ძალიან არ გაუმართლა. ჯერ საუკეთესო ბომბარდირი დაემტვრა, შემდეგ კი 2 კურიოზული გოლიც მიიღო. ამის მიუხედავად, მერსისაიდელთა გერმანელი მწვრთნელი, იურგენ კლოპი ცდილობდა ეხუმრა. რამდენჯერმე საპრესკონფერენციო დარბაზში მოკალათებული პუბლიკის გაცინებაც კი მოახერხა.

- ვიზიარებთ, იურგენ. გადამწყვეტ მომენტში სალაჰის ტრავმა...

- პირველ რიგში, მინდა „რეალს“ გამარჯვება მივულოცო. დიახ, ეს გადამწყვეტი მომენტი იყო. ფეხბურთში ყოველთვის იმიტომ არ აგებ, რომ სხვაზე სუსტი ხარ. ძალიან არ გაგვიმართლა, როცა მოჰამედი დაეცა. მას მხრის სერიოზული ტრავმა აქვს. ბიჭები ამ ეპიზოდმა შოკში ჩააგდო. მადრიდელები შეეცადნენ დაბნეულობა გამოეყენებინათ, მაგრამ ჩემმა გუნდმა მოახერხა პირველ ტაიმში 0:0-ის შენარჩუნება. თავი ხელში ავიყვანეთ. შემდეგ კი ეს უცნაური გოლები მივიღეთ.

- კოშმარი სალაჰის ტრავმით დაიწყო?

- ეს უაღრესად ცუდი მომენტი იყო ჩვენთვისაც და მისთვისაც. ტრავმა სპორტის ნაწილია, რომელიც მე არ მომწონს, მაგრამ ამას ვერაფერს მოვუხერხებთ. არავინ იცის სალაჰთან ერთად უკეთეს შედეგს მივაღწევდით, თუ არა, მაგრამ ფაქტია, პირველი 30 წუთი გუნდმა შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენა. მომენტებიც გვქონდა, თუმცა - 1:3 დავმარცხდით. 10 წლის შემდეგ აღარავის ემახსოვრება როგორ მოხდა ეს. ყველას მხოლოდ შედეგი დაამახსოვრდება.

- „რეალმა“ იმიტომ მოიგო, რომ შეუძლია ფეხბურთელებს „ლივერპულზე“ მეტი ფული გადაუხადოს?

- მინდა უარყოფითი პასუხი გაგცეთ. „რეალს“ მართლაც შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს. ბეილმა ფანტასტიკური გოლი გაიტანა. ძელსაც მოხვდა ბურთი. ასეთ შეხვედრებში გამართლებაა საჭირო. დღეს კი ჩვენ ძალიან არ გაგვიმართლა. არ ვიცი რა დავაშავეთ, რისთვის გაგვწირა ფორტუნამ, მაგრამ ვეღარაფერს შევცვლით. ჩვენ მხოლოდ შედეგის მიღება შეგვიძლია.

- და მაინც, დღეს თქვენ დიდი ფული დაგიპირისპირდათ, თუ უბრალოდ კარგი გუნდი?

- ეს ფეხბურთი იყო. „რეალის“ მსგავსად ჩვენც ვყიდით და ვყიდულობთ ფეხბურთელებს. რა თქმა უნდა, სამეფო კლუბზე ნაკლები შესაძლებლობები გვაქვს, მაგრამ მე ეს მაწყობს. დღეს, რომ ყველაფერი ასე ცუდად არ წარმართულიყო და ნაკლები შეცდომები დაგვეშვა, შეიძლება მოგვეგო კიდეც, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა.

- კარიუსს ესაუბრეთ?

- რამდენიმე სიტყვა გავცვალეთ. სათქმელიც არაფერია. მე ვიზიარებ მის ტკივილს. მან შეცდომები დაუშვა, - ეს მეც ვიცი, თქვენც და მანაც. აშკარაა, რომ დღეს კარიუსის საღამო არ იყო, მაგრამ ჩვენ ამას გავუმკლავდებით.

- ფიქრობთ, რომ „რეალი“ დაუმარცხებელია?

- არა.

- მეორე შანსი რომ გქონდეთ, რამეს შეცვლიდით?

- კითხვა მომწონს, პასუხი: არა.

- როგორ გრძნობთ თავს?

- ვერ ვიტყვი, რომ კარგად, მაგრამ ვცდილობ პროფესიონალად დავრჩე. მალე 51 წელი შემისრულდება და მერწმუნეთ, კარგად ვიცი რა არის გამარჯვება და მარცხი. ყველაზე რთული თამაშის შემდგომი საღამოა. ჩვენ სახლში იმედგაცრუებულნი დავბრუნდებით.

 

გარეთ ბეილი:

- დღეს კარიერის საუკეთესო გოლები გაიტანეთ?

- ალბათ, კი. დღეს ოცნებები ამისრულდა. ადრეც გამიტანია ლამაზი გოლები, მაგრამ ყოველთვის მეტი მსურს. მოხარული ვარ რომ ასეთ უმნიშვნელოვანეს მატჩში შევძელი თავის გამოჩენა.

- შეგიძლიათ გოლები აღწეროთ?

- მარსელომ ჩამიგდო ბურთი საჯარიმო მოედანში, გავიფიქრე, იქნებ კარში დამერტყა? ლამაზად გამოვიდა. მეორე ეპიზოდში კი მეკარეს არ გაუმართლა. მან შეცდომა დაუშვა.

- რა იგრძენით, როცა გაიგეთ, რომ ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდით?

- რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული დავრჩი. ძირითადში თამაში მინდოდა, თუმცა პროფესიონალი ვარ და გუნდის ინტერესებს ვემორჩილები. როცა მინდორზე გადიხარ ყოველთვის ცდილობ გუნდს დაეხმარო.

- თამაშამდე ამბობდით, რომ ჯერ მომავალზე საუბრის დრო არ არის. ახლა?

- მე ყოველ კვირას მინდა თამაში. ვფიქრობ, ამას ვიმსახურებ. კიდევ მექნება მომავალზე ფიქრისთვის საკმარისი დრო. ვნახოთ.

- თუ „რეალი“ არა, მაშ ვინ?

- აგენტს უნდა დაველაპარაკო. ახლა ვერაფერს გეტყვით. შეიძლება დავრჩე, შეიძლება არა.

 

ზინედინ ზიდანი:

- თქვენ უკვე შეადარეთ თქვენი სახელგანთქმული გოლი, მაკრატელათი გატანილი ლევერკუზენის „ბაიერის“ კარში, რონალდუს გოლს. ბეილის შედევრზე რას იტყვით?

- ვერ ვიტყვი, რომ რომელიღაც გოლი სხვაზე უკეთესია. ყოველ მათგანს უდიდესი მნიშვნელობა აქვს კლუბის ისტორიისთვის. თუმცა, რაკი ბეილის გოლი ყველაზე ახალია, ესე იგი, ის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი.

- რონალდუმ ეს-ეს არის მიგვანიშნა, რომ შეიძლება დატოვოს გუნდი. ის რჩება, თუ არა?

- ახლა ამაზე არ ვფიქრობ. ახლა აწმყოზე და ჩვენს განსაკუთრებულ მიღწევაზე ვარ ორიენტირებული. ასეა, თუ ისე, კრიშტიანუ „რეალში“ უნდა დარჩეს. დღეს ერთი თქვა, რამდენიმე დღის შემდეგ კი შეიძლება სხვა განცხადება გააკეთოს.

- ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერს მიაღწიეთ, როგორც ფეხბურთელმა და როგორც მწვრთნელმა. ეს ემოციები განსხვავდება ერთმანეთისგან?

- საშინლად მომწონს ის, რასაც ვაკეთებ. ვერ გეტყვით, რომელ ამპლუაში ვიღებდი უფრო მეტ სიამოვნებას, როგორც ფეხბურთელი, თუ როგორც მწვრთნელი? მე ეს უწყვეტი ჯაჭვი მახარებს.

- ჩემპიონთა ლიგაზე „რეალის“ ზედიზედ მესამე ტრიუმფი, ნიშნავს, თუ არა იმას, რომ ესპანეთის ლა ლიგა საუკეთესოა მსოფლიოში?

- მე თუ მკითხავთ, ესპანური ლა ლიგა ყველაზე დაძაბული და საინტერესოა მსოფლიოში. ყველაზე უფრო ასეთი ფეხბურთი მომწონს.

- რა გითხრეს მინდორზე კლოპმა და პერესმა?

- უბრალოდ მომილოცეს. კლოპმა სწრაფად, „რეალის“ პრეზიდენტს კი უფრო მეტი დრო აღმოაჩნდა.

- და მაინც, რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?

- საიდუმლო არ არსებობს. წარმატების შემადგენელი შრომა და ნიჭია. ამ გუნდში ბევრი ენთუზიაზმია, რის წყალობითაც მივაღწიეთ იმას, რაც ჩვენამდე ვერავინ შეძლო.

- კარვახალმა მინდორზე იტირა. ესაუბრეთ მას?

- ის გასახდელშიც ვერ იკავებდა ცრემლებს. ვწუხვარ, რომ ასე მოხდა. შესვენებაზე მცირე ხნით გავესაუბრე, გავამხნევე. ბიჭებმაც გაამხნევეს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ კარვახალმაც მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

- ბეილიმ დღეს თავის მომავალზე ისევე ბუნდოვნად ისაუბრა, როგორც კრიშტიანუ რონალდუმ. ეს როგორ გავიგოთ?

- მდგომარეობა საკმაოდ რთულია. ყველა თავის მომავალზე ფიქრობს. ისეც ხდება, როცა ფეხბურთელი უფრო მეტს იმსახურებს. მე მესმის ბეილის სურვილის და არა მხოლოდ მისი. ჩემი მხრივ კი, როგორც მწვრთნელი ყოველთვის ვცდილობ მთელი გუნდისთვის საუკეთესო გავაკეთო.

 

 

 

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
07 ივნისი 18:21 ნეიმარი, ლევანდოვსკი, ბუფონი - სატრანსფერო ცხელი ზაფხული
06 ივნისი 19:37 11 ვარსკვლავი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
30 მაისი 19:33 პაციფიზმი, თუ კლასობრივი ბრძოლა?
27 მაისი 14:52 მაღრიბი მოჰამედისთვის ლოცულობს
26 მაისი 11:43 რეალი - ლივერპული. ფაქტები და მოვლენები
02 თებერვალი 13:47 თავდაჯერებულნი იქნებით, როდესაც შეიგრძნობთ საკუთარი მკლავის ძალას
31 მარტი, 2017 ლაშა ტალახაძე: ასეთი დატვირთვით ჯერ არ მივარჯიშია
30 მარტი, 2017 ძალოსნობა. გიორგი ასანიძე ევროპის ჩემპიონატის წინ
23 მარტი, 2017 კახი კახიაშვილი ევროპის ჩემპიონატის წინ
22 მარტი, 2017 ერთი დღე აკადემიაში