პაციფიზმი, თუ კლასობრივი ბრძოლა?
30 მაისი 19:33
0
print

კახა ფაჩუაშვილი

პაციფისტური ორგანიზაცია „დედები იარაღის წინააღმდეგ“ რაჰიმ სტერლინგის ინგლისის ნაკრებიდან მოკვეთას მოითხოვს.

რაჰიმ სტერლინგი მხიარული ადამიანია. ვარჯიშებზე ის მუდმივად იღიმება, ფართო ღიმილით აღნიშნავს გატანილ გოლებს და აცილებული დარტყმების შემდეგაც კი სევდიანად ჩაიღიმებს ხოლმე. რაჰიმის დარტყმები ხშირად ცდება კარს, მაგრამ ბოლო დროს არც ისე ხშირად, როგორც შარშან. ამდენად, ფეხბურთელს ღიმილის საფუძველიც აქვს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მისი ცხოვრება ყოველთვის მხიარული და ვარდებით მოფენილი იყო.

რაჰიმი დაიბადა მევერლიში, კინგსტონის გარეუბანში. უაღრესად საშიშ და შემზარავ ადგილას. ამ ადგილს The Star-ის ჟურნალისტმა ქალაქი-მოჩვენება შეარქვა. მისი დედა, ნადინი ინგლისში 1999 წელს გადაბარგდა, როცა რაჰიმი 5 წლის იყო. ამ დროისთვის ბავშვის მამა უკვე ცოცხალი აღარ იყო. მას კინგსტონის ერთ-ერთ ქუჩაზე ზურგში ტყვია დაახალეს.

როცა რაჰიმი წამოიზარდა, მან პირობა დასდო, რომ იარაღს არასოდეს გაეკარებოდა. შემდეგ მის ცხოვრებაში დიდი ფული გაჩნდა. მოგვიანებით მან დედას სახლი უყიდა ძვირფასეულობით მოკაზმული აბაზანით. შემდეგ კი მარჯვენა ფეხზე ტატუ გამოისახა შაშხანით M16.

შეიძლება რაჰიმ სტერლინგს მხატვრული გემოვნება დაუწუნო (და კარში დარტყმის სიზუსტეც), მაგრამ მის თანმიმდევრულობას ვერაფრით ვერ უარყოფ: ფეხზე შაშხანის გამოსახულება მისი ცხოვრების ტრაგიკულ ეპიზოდს გამოსახავს. ეს ნამდვილად არ არის ბრიყვული ხუმრობა, რომელიც იარაღის პროპაგანდას ემსახურება. თუმცა, როგორც ჩანს, ეს არავის აინტერესებს.

შეიძლება ვინმეს აინტერესებს კიდეც, მაგრამ არა იარაღის წინააღმდეგ მებრძოლებს. ორგანიზაცია „დედები იარაღის წინააღმდეგ“ მოითხოვს ფეხბურთელი ინგლისის ნაკრებიდან მოკვეთონ. „რაჰიმ სტერლინგს უნდა რცხვენოდეს. ტატუ საშინელებაა, ის უბრალოდ სირცხვილია. ეს იმ ახალგაზრდა ხალხის უპატივცემლობაა, ვინც იარაღით იქნა განგმირული. ჩვენ მოვითხოვთ, რომ მან ან ლაზერით ამოიკვეთოს აღნიშნული ტატუ, ან ზემოდან ახალი ტატუ დაახატოს. თუ ამაზე უარს იტყვის, მაშინ ის ნამდვილად უნდა გავაძევოთ ინგლისის ნაკრებიდან. მან მაგალითი უნდა მისცეს სხვებს, ამის ნაცვლად კი იარაღის რეკლამას ემსახურება. ეს აბსოლუტურად მიუღებელია.“

ლაზერით მოიშოროს ტატუ? მის ზემოდან სხვა ნახატი დაიხატოს? ნაკრებიდან მოვკვეთოთ? ისმის ლოგიკური კითხვა: საინტერესოა სად მთავრდება ადამიანის პირადი ცხოვრების უფლება, თუ ის საჯარო ცხოვრებას ეწევა? თუმცა, ეს მეტისმეტად ფილოსოფიური კითხვაა, ამიტომ ოდნავ მარტივი კითხვა დავსვათ: საერთოდ რა შუაშია აქ „იარაღის რეკლამირებაში“ ბრალდება?

ნუთუ სტერლინგის დაპირება, რომ არასოდეს გაეკარება იარაღს - რეკლამაა? ან მამის დაკარგვა - რეკლამაა? თუ ტატუა რეკლამა, რომელიც მინიშნებას აკეთებს, რომ სტერლინგის მარჯვენა ფეხი ნამდვილი ზარბაზანია (იმის მიუხედავად, რომ მისი დარტყმები ხშირად ცდება მიზანს). ამ შემთხვევაშიც კი ეს ფიტნესის რეკლამა უფრო გამოდის, ვიდრე ამერიკული M16-ის. არა, ყველაფერი კიდევ უფრო მარტივად არის. რაღაც არ მოგეწონა, ამიტომ მოითხოვე აკრძალონ და არ აქვს მნიშვნელობა რა ისტორია იმალება ამ ტატუს მიღმა.

რაჰიმმა რეაგირება კომენტარებში მოახდინა. მან დაიცვა თავისი ნახატი და თქვა, რომ ამ ტატუში ბევრად უფრო ღრმა აზრი დევს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მას ბევრმა დაუჭირა მხარი.

მაგალითად, ინგლისის ნაკრების ყოფილი ფორვარდი ჰარი ლინეკერი ამბობს: „ის შესანიშნავი ფეხბურთელია, შეურყვნელი პროფესიონალური ეთიკით და მისი გაქილიკება, უბრალოდ საძაგლობაა.“

იარაღის წინააღმდეგ მებრძოლებს, რასიზმის წინააღმდეგ მებრძოლებიც აუმხედრდნენ. პოეტი და ჟურნალისტი მუსა ოკვონგა წერს: „სტერლინგს იმის გამო დევნიან, რომ ის შავი და წარმატებულია.“

ინგლისური გამოცემის Business Insider რედაქტორი ადამ პეინი ვარაუდობს, რომ საქმე სოციალურ დიფერენციაციას ეხება. „სტერლინგის მიმართ დამოკიდებულება ნათლად გვიჩვენებს, რომ კლასობრივი დიფერენციაცია არსად გამქრალა. იგივე დამოკიდებულება იყო უეინ რუნის მიმართაც. მუშათა კლასიდან გამოსულმა ბიჭმა გაბედა და თავს ზემოთ გადახტა, რასაც მყისვე მოჰყვა ორმაგი სტანდარტები. ვფიქრობ, სტერლინგის შემთხვევაში რასიზმთანაც გვაქვს საქმე.“

იარაღის მოწინააღმდეგეთა პაექრობა რასიზმისა და კლასობრივი დიფერენციაციის მოწინააღმდეგეებთან კიდევ დიდხანს გაგრძელდება და ხმაურიანიც იქნება. მთავარია ამან რაჰიმს ფეხბურთის თამაშში ხელი არ შეუშალოს. უბრალოდ, საღი აზრისთვის მაინც.

 

 

 

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
16 ოქტომბერი 16:42 დენის ხომუტოვი: „ფული ბავშვებში უნდა ჩაიდოს“
11 სექტემბერი 19:44 ძალა ერთობაშია!
07 ივნისი 18:21 ნეიმარი, ლევანდოვსკი, ბუფონი - სატრანსფერო ცხელი ზაფხული
06 ივნისი 19:37 11 ვარსკვლავი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
27 მაისი 16:08 კლოპი, ზიდანი, ბეილი
27 მაისი 14:52 მაღრიბი მოჰამედისთვის ლოცულობს
26 მაისი 11:43 რეალი - ლივერპული. ფაქტები და მოვლენები
02 თებერვალი 13:47 თავდაჯერებულნი იქნებით, როდესაც შეიგრძნობთ საკუთარი მკლავის ძალას
31 მარტი, 2017 ლაშა ტალახაძე: ასეთი დატვირთვით ჯერ არ მივარჯიშია
30 მარტი, 2017 ძალოსნობა. გიორგი ასანიძე ევროპის ჩემპიონატის წინ