11 ვარსკვლავი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
06 ივნისი 19:37
0
print

კახა ფაჩუაშვილი

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე 10 დღე დარჩა და ყველა გუნდის განაცხადი უკვე შევსებულია. მწვრთნელებს აღარ აქვთ უფლება გადაიფიქრონ და ესა, თუ ის ფეხბურთელი შეცვალონ. განაცხადების მიღმა დარჩნენ ვარსკვლავები, ვინც ნაკრებში არ მიიწვიეს. ზოგი მათგანის არყოფნა მოსალოდნელი იყო, მაგრამ არიან ისეთებიც, ვისი არგამოძახებაც კითხვის ნიშნებს იწვევს.

დავიდ ლუისი 31 წლის („ჩელსი“)

ნაკრები: ბრაზილია

ძირითადი კონკურენტები: ტიაგო სილვა, მარკინიოსი, მირანდა, პედრო ჟერომელი

თავის დროზე „პარი სენ-ჟერმენმა“ ამ ფეხბურთელში 50 მილიონი ევრო გადაიხადა. თუმცა, მას მალე მოუხდა უკან „ჩელსიში“ დაბრუნება. ლონდონელებმა ეს სეზონი აშკარად ჩააგდეს. დავიდ სილვა კი მინდორზე, ტრავმის გამო იშვიათად გამოდიოდა. ბუნებრივია, რომ ის განაცხადს მიღმა დარჩა. ახლა ფეხბურთელი ნაკრებში ვარჯიშის ნაცვლად შვებულებაშია და ჟირაფებს კვებავს. არც ესაა ცუდი.

სესკ ფაბრეგაში 31 წლის („ჩელსი“)

ნაკრები: ესპანეთი

ძირითადი კონკურენტები: ანდრეს ინიესტა, ტიაგო ალკანტარა, საული, ისკო

ლოპეტეგი თავიდანვე არ იყო სესკის იმედად. ამის მიზეზი სულაც არ არის კლუბში ჩაგდებული სეზონი. უბრალოდ ფაბრეგასმა ვერ დაარწმუნა მწვრთნელი თავის საჭიროებაში და ამიტომ განაცხადს მიღმა დარჩა.

ფაბრეგასი: „კიდევ მაქვს მცირე იმედი, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე წამიყვანენ, მაგრამ მესმის, რომ ეს რთული იქნება. დიდი ხანია უკვე ნაკრებიდან მიწვევა არ მიმიღია. თუ დამიძახებენ იდეალური იქნება, თუ არადა, სახლიდან ვუქომაგებ გუნდს.“

ლეროი სანე 22 წლის („მანჩესტერ სიტი“)

ნაკრები: გერმანია

ძირითადი კონკურენტები: იულიან დრაქსლერი, მარკო როისი, ლეონ გორეტსკა, იულიან ბრანდტი

ყველაზე მოულოდნელი შემთხვევა მსოფლიო ჩემპიონატის წინ, რომელმაც ფეხბურთის მოყვარულთა გაოცება გამოიწვია. ის, რომ სანე ვერ ჯდებოდა გუნდის ტაქტიკურ სქემაში ბევრმა იცოდა, მაგრამ მთლიანი განაცხადის მიღმა თუ აღმოჩნდებოდა „მანჩესტერ სიტის“ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი, ეს ძნელი წარმოსადგენი იყო. სანემ მუნდიალისთვის სპეციალური ვარცხნილობაც კი მოიმზადა, მაგრამ ავსტრიასთან ჩატარებული მატჩი, როგორც ჩანს, ლიოვისთვის უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა.

ლიოვი: „სანე გუნდს სექტემბერში დაუბრუნდება. მას ნაკრებში თავისი სიტყვა აქვს სათქმელი. ძალიან რთული იყო არჩევანის გაკეთება. ეს რომ 100 მეტრზე გარბენი ყოფილიყო, ყველაფერს ფოტოფინიში გადაწყვეტდა.“

მარიო გიოტცე 26 წლის (დორტმუნდის „ბორუსია“)

ნაკრები: გერმანია

ძირითადი კონკურენტები: იულიან დრაქსლერი, მარკო როისი, ლეონ გორეტსკა, იულიან ბრანდტი

მარიომ 4 წლის წინათ მუნდიალის ფინალში გატანილი ერთადერთი გოლით მსოფლიო ჩემპიონის ბედი გადაწყვიტა. ახლა კი მას განაცხადშიც არ მოეძებნა ადგილი. მწვრთნელის გაგებაც შეიძლება: სახეზეა ახალი ტალანტების ჯგუფი, რომელმაც შარშან კონფედერაციის თასი მოიგო და ახლა ახალი ამოცანების წინაშე დგას.

გიოტცე: „რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მივემგზავრები. ვეცდები დავუბრუნდე ეროვნულ გუნდს.“

ხუან მატა 30 წლის („მანჩესტერ იუნაიტედი“)

ნაკრები: ესპანეთი

ძირითადი კონკურენტები: ანდრეს ინიესტა, ტიაგო ალკანტარა, საული, ისკო

მატამ მანჩესტერის შემადგენლობაში ბევრი შეხვედრა ჩაატარა და კლუბთან ერთად წარმატებასაც მიაღწია. რომ არა „მანჩესტერ სიტის“ ფანტასტიკური სპურტი, ჩემპიონობაც რეალური იქნებოდა. თუმცა მატას კონკურენტები ესპანეთის ნაკრებში ობიექტურად მასზე ძლიერები არიან. ამიტომ ესპანელი ნახევარმცველი ვერ დაბრუნდა გუნდში დიდი ხნის შესვენების შემდეგაც. კაცმა რომ თქვას, ამას დიდად არც არავინ ელოდა.

რაჯა ნაინგოლანი 30 წლის („რომა“)

ნაკრები: ბელგია

ძირითადი კონკურენტები -

ეს ისტორია უკვე დიდი ხანია გრძელდება. მარტინესის ლაპარაკს „ტაქტიკური ნიუანსების“ შესახებ აღარავინ უსმენს. აშკარაა, რომ ამ ორს შორის რაღაც მოხდა. სიგარეტშია საქმე, თუ სხვა რამეში არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტი ფეხბურთელი მუნდიალზე არ მიდის. სხვათაშორის, მან უკვე მოასწრო თვალიდან ნაპერწკლების გამოყრა და გაბრაზებულმა განაცხადა, რომ სანაკრებო კარიერა დაასრულა.

ნაინგოლანი: „ძალიან განვიცდი, რომ ნაკრებში არ ვარ. მიჭირს მსოფლიო ჩემპიონატის რეკლამის ყურება, როცა გუნდში არ ვარ. თუმცა, ვცდილობ დადებითი მომენტები დავიჭირო, - შვებულება 3 კვირა გამიგრძელდება.“

ალვარო მორატა 25 წლის („ჩელსი“)

ნაკრები: ესპანეთი

ძირითადი კონკურენტები: დიეგო კოსტა, იაგო ასპასი, როდრიგო მორენო

ვერ ვიტყვით, რომ მორატამ ჩააგდო თავისი სადებიუტო სეზონი ინგლისში, მაგრამ ის დაშლილ გუნდში მოხვდა. დიდი ალბათობაა, რომ უკვე მომავალი სეზონიდან ფეხბურთელი იტალიაში დაბრუნდება.

მორატა: „წარმატებები მსოფლიო ჩემპიონატზე. როგორც ყოველთვის მე გიქომაგებთ და ბოლომდე მადლიერი დავრჩები თქვენი.“

მაურო იკარდი 25 წლის („ინტერი“)

ნაკრები: არგენტინა

ძირითადი კონკურენტები: სერხიო აგუერო, გონსალო იგუაინი, პაულო დიბალა

ოფიციალური ვერდიქტი ასე ჟღერს - იკარდიმ კონკურენცია წააგო. სინამდვილეში რა მოხდა არავინ იცის. მაურო კარგია, მაგრამ მის პოზიციაზე პრეტენზიას აგუერო და იგუაინი აცხადებდნენ. მაურო რუსეთში არ ითამაშებს იმის გამო, რომ გუნდს ნაკლებად სჭირდება, - ასე ამბობს სამპაოლი.

იკარდის ცოლი: „მე ის მამშვიდებს, რომ მაურო არგენტინის ნაკრების მომავალი 9 ნომერია, ის სამპაოლის მომავალი ცხრიანია. შეიძლება ჯერ მისი დრო არ დამდგარა და მაურო მოთმინებით ელოდება თავის შანსს ითამაშოს არგენტინის ნაკრებში.“

ზლატან იბრაჰიმოვიჩი 36 წლის („ლოს ანჯელეს გალაქსი“)

ნაკრები: შვედეთი

ძირითადი კონკურენტები -

იბრამ უარი განაცხადა ნაკრებში თამაშზე ევრო-2016-ის შემდეგ, მაგრამ როცა შვედეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა, იბრაჰიმოვიჩის დაბრუნებაზეც დაიწყეს საუბარი. ამ ვარიანტს ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა. ისინი ამბობდნენ, რომ ძლივს შევაკოწიწეთ, გუნდი, რომელიც შეწყობილად თამაშობს და ერთი კაცის გარშემო არ იზღუდება. ზლატანმაც აწონ-დაწონა ვარიანტები და გადაწყვიტა ახალი გუნდის მშენებლობის პროცესში არ ჩარეულიყო, რაც მისი მხრიდან მნიშვნელოვანი საქციელია. თუმცა, სარკაზმი მაინც გამოავლინა.

იბრაჰიმოვიჩი: „ვფიქრობ შვედეთი მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტია, რადგან ის უკეთესია ზლატანის გარეშე.“

კარიმ ბენზემა 30 წლის (მადრიდის „რეალი“)

ნაკრები: საფრანგეთი

ძირითადი კონკურენტები -

ვალბუენასთან სექს-სკანდალმა დაამსხვრია ბენზემას სანაკრებო კარიერა. სასამართლოს გამამართლებელმა განაჩენმაც კი ვერ გაასუფთავა კარიმის რეპუტაცია. ბენზემას, არც ის შველის, რომ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელს რასიზმშიც კი ადანაშაულებდნენ. ბენზემა ხომ ეთნიკური ფრანგი არ არის. თუმცა, ამ მითქმა-მოთქმებს ბოლო მოუღო საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა. მისი თქმით, კარიმთან დაკავშირებით, არც ისე სუფთად ყოფილა საქმე.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: „კარიმი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ საფრანგეთის ნაკრებში მისთვის კარი დამუდამოდ დაიხურა.“

ალექს სანდრო 25 წლის („იუვენტუსი“)

ნაკრები: ბრაზილია

ძირითადი კონკურენტები: მარსელო, ფელიპე ლუისი

მორიგი კარგი სეზონი ჰქონდა იტალიაში. ის დაეხმარა გუნდს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში. ნაკრებშიც იძახებდნენ, მაგრამ სამუნდიალო განაცხადში ვერ მოხვდა. ბრაზილიაში ხომ მარცხენა მცველი შეუცვლელია?

 

 

 

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
07 ივნისი 18:21 ნეიმარი, ლევანდოვსკი, ბუფონი - სატრანსფერო ცხელი ზაფხული
30 მაისი 19:33 პაციფიზმი, თუ კლასობრივი ბრძოლა?
27 მაისი 16:08 კლოპი, ზიდანი, ბეილი
27 მაისი 14:52 მაღრიბი მოჰამედისთვის ლოცულობს
26 მაისი 11:43 რეალი - ლივერპული. ფაქტები და მოვლენები
02 თებერვალი 13:47 თავდაჯერებულნი იქნებით, როდესაც შეიგრძნობთ საკუთარი მკლავის ძალას
31 მარტი, 2017 ლაშა ტალახაძე: ასეთი დატვირთვით ჯერ არ მივარჯიშია
30 მარტი, 2017 ძალოსნობა. გიორგი ასანიძე ევროპის ჩემპიონატის წინ
23 მარტი, 2017 კახი კახიაშვილი ევროპის ჩემპიონატის წინ
22 მარტი, 2017 ერთი დღე აკადემიაში