ნეიმარი, ლევანდოვსკი, ბუფონი - სატრანსფერო ცხელი ზაფხული
07 ივნისი 18:21
0
print

კახა ფაჩუაშვილი

ნეიმარი, ფორვარდი, ბრაზილია

ასაკი: 26

კლუბი: პსჟ

სტატისტიკა: 30 თამაში, 28 გოლი

ნეიმარს მესის ჩრდილიდან გამოსვლა სურდა, მაგრამ არცთუ ისე კარგი ვარიანტი აირჩია. ფრანგული „პარი სენ-ჟერმენი“, რა თქმა უნდა, ახერხებს გიჟური ფულის გადახდასაც და ტიტულების მოგებასაც, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ შიდა ასპარეზზე. კაცმა რომ თქვას, ნეიმარსაც მობეზრდა ერთფეროვნება. საფრანგეთში კონკურენცია ფაქტობრივად, არ არის, ჩემპიონთა ლიგაზე კი, სადაც მსოფლიო ბატონობისთვის ბრძოლა შეიძლება, ნეიმარის გუნდი პირველივე საპლეი-ოფო რაუნდიდან გამოეთიშა გათამაშებას. დიდი „ბარსას“ შემდეგ მოვლენების ასეთი განვითარება ნეიმარისთვის ნამდვილი შოკი იყო.

ბრაზილიელთან განშორების კიდევ ერთი მიზეზი პსჟ-ის მთავარი მწვერთნელის პოსტზე ტომას ტუხელის დანიშვნა შეიძლებოდა გამხდარიყო, მაგრამ გერმანელ სპეციალისტთან საუბრის შემდეგ ნეიმარმა განაცხადა, რომ ტუხელმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. შეიძლება ეს სიტყვები ნიშნავს, რომ ბრაზილიელის ტრანსფერთან დაკავშირებული საკითხი ამოიწურა, მით უფრო, რომ ფრანგული კლუბის ყატარელი მფლობელები აცხადებენ, - ნეიმარი არ იყიდება. ესეც რომ არა, რთულია გადაიხადო ფეხბურთელის გამოსასყიდად დაწესებული ასტროლოგიური თანხა. ამის გამკეთებლები მხოლოდ მადრიდის „რეალი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ არიან. ერთადერთი მიზეზი, რამაც შეიძლება ნეიმარის საკითხი კიდევ წამოსწიოს დღის წესრიგში არის გაუგებრობა, რომელიც შეიძლება ტუხელსა და ნეიმარს შორის მოხდეს, ან გიჟური წინადადება მადრიდიდან, რომელზეც ძე ხორციელი ვერ იტყოდა უარს. თუმცა, ვინ იცის რა მოხდება. შარშან ხომ არავის სჯეროდა, რომ ბრაზილიელი ფორვარდი „ბარსას“ დატოვებდა?

რობერტ ლევანდოვსკი, ფორვარდი, პოლონეთი

ასაკი: 29

კლუბი: მიუნხენის „ბაიერნი“

სტატისტიკა: 48 თამაში, 41 გოლი

რობერტ ლევანდოვსკიმ კვლავ გადააბიჯა 40-გოლიან ზღვარს, ისევ გახდა ბუნდესლიგის ჩემპიონი და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ჯილდოს დამსახურებულად მოიპოვა. თუმცა ჩემპიონთა ლიგა მიუნხენურ კლუბს არც წელს დაემორჩილა. ლევანდოვსკი აგვისტოში 30 წლის გახდება, გუნდის პერსპექტივები კი მთავარი მწვრთნელის პოსტზე გამოუცდელი ნიკო კოვაჩის დანიშვნის შემდეგ ბუნდოვანი ხდება.

აშკარაა, რომ პოლონელი სნაიპერისთვის ცვლილებების დრო დადგა. ამბობენ, ფეხბურთელმა და მისმა აგენტმა თხოვნით მიმართეს „ბაიერნის“ ხელმძღვანელობას ტრანსფერის თაობაზე, მაგრამ გერმანული კლუბის შეფები, როგორც ყოველთვის მიუდგომელნი აღმოჩნდნენ. თუმცა, მიუნხენურ ბასტიონებს დიდი გამოცდა ელის. „რეალისა“ და პსჟ-ის ელჩები სულ უფრო ხშირად აწუხებენ, ხოლო ლონდონის „ჩელსი“ სულაც მზად არის ფორვარდში 100 მილიონი ევრო გადაიხადოს.

მაურო იკარდი, ფორვარდი, არგენტინა

ასაკი: 25

კლუბი: „ინტერი“ მილანი

სტატისტიკა: 36 თამაში, 29 გოლი

მაურო იკარდი კიდევ ერთი კანდიდატია „რეალში“ გადასვლაზე. უკვე რამდენიმე წელია სამეფო კლუბი მის გადაბირებას ცდილობს, მაგრამ იკარდი დღემდე იტალიაში რჩება. დაიძრება, თუ არა იკარდის მატარებელი ადგილიდან მადრიდის, მიუნხენის ან პარიზის მიმართულებით, თითქოს გადაწყვეტილი იყო, მაგრამ „ინტერისა“ და „ლაციოს“ შეხვედრამ მდგომარეობა 180 გრადუსით შემოაბრუნა.

მილანელებმა თამაში - 1:2-დან, 3:2-ზე შემოატრიალეს. გადამწყვეტი გოლი კი იკარდიმ გაიტანა, რომლისთვისაც ეს მე-100 იყო სერია A-ში და არგენტინელიც დიდების მწვერვალზე აღზევდა. სწორედ მაშინ გაისმა კომენტარები, რომ იკარდი მილანში რჩება. თითქოს მხოლოდ კონტტრაქტზე ხელის მოწერაღა დარჩა, მაგრამ იკარდის ცოლი და ამავდროულად მისი აგენტი ვანდა ნარა აცხადებს, რომ არსებობს არაერთი კლუბი, რომელიც მზად არის არგენტინელის გამოსასყიდი თანხა 110 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ჯანლუიჯი ბუფონი, მეკარე, იტალია

ასაკი: 40

კლუბი: -

სტატისტიკა: 34 თამაში, 29 გაშვებული გოლი

ჩვენი უკვე ვიცით, რომ ანდრეს ინიესტა საფეხბურთო კარიერას იაპონიაში გააგრძელებს. ცოტას თუ მოვითმენთ ჯანლუიჯი ბუფონის ახალი კლუბის ვინაობასაც გავიგებთ. „იუვენტუსის“ შემადგენლობაში გამოსამშვიდობებელი მატჩის ჩატარების შემდეგ, 40 წლის გოლკიპერს მოგება სწყურია. თან ეს არა ჩინეთში ან აშშ-ში სურს, სადაც ფეხბურთელები დარჩენილ წლებს ატარებენ ხოლმე, არამდე ძლიერ და ამბიციურ ჩემპიონატში. ჯიჯის ნამდვილად აქვს კარგი ვარიანტები ინგლისის პრემიერლიგაში, სადაც მას „ლივერპულს“ უკავშირებენ.

პსჟ კი ლეგენდარულ მეკარეს 4-წლიან, ფანტასტიკურ კონტრაქტს სთავაზობს. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ეს პარიზული კლუბის ხელმძღვანელობის მორიგი ახირებაა, მაგრამ თუ დავუკვირდებით ეს ძალიან მომგებიანი სვლაა ფრანგული გრანდისთვის, როგორც კლუბის პოპულარობის, ისე თამაშს მხრივაც. მეკარე ხომ აქილევსის ქუსლია პარიზული გუნდისთვის, რომელსაც ძალიან სურს ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე ავიდეს და ბოლოსდაბოლოს მოიგოს ჩემპიონთა ლიგა. ამ მხრივაც ჯიჯისა და პსჟ-ის მიზნები ერთმანეთს ემთხვევა.

პაულო დიბალა, ფორვარდი, არგენტინა

ასაკი: 24

კლუბი: „იუვენტუსი“ ტურინი

სტატისტიკა: 46 თამაში, 26 გოლი

გაიხსნება თუ არა სატრანსფერო ფანჯარა, მაშინვე იწყება საუბარი დიბალას ტრანსფერის შესახებ. ჯერჯერობით „იუვე“ ახერხებდა ფეხბურთელის შენარჩუნებას, მაგრამ მასზე მოთხოვნილება არ კლებულობს. მართალია მარათონს ჩამოშორდა „ბარსელონა“, მაგრამ „რეალი“ აქტიურად განიხილავს არგენტინელის შეძენის შესაძლებლობას, რომელსაც სურს ტრავმებისგან დატანჯული გარეთ ბეილის შეცვლა.

კიდევ ერთი საინტერესო ვარიანტი დიბალასთვის ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი „ლივერპულია“, რომელიც სიამოვნებით მიიღებს არგენტინელს თავის რიგებში, თუ მოჰამედ სალაჰს „რეალს“ დაუთმობს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბევრი რამ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გადაწყდება, რომელმაც შეიძლება ბევრი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება შეცვალოს.

 

 

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
16 ოქტომბერი 16:42 დენის ხომუტოვი: „ფული ბავშვებში უნდა ჩაიდოს“
11 სექტემბერი 19:44 ძალა ერთობაშია!
06 ივნისი 19:37 11 ვარსკვლავი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
30 მაისი 19:33 პაციფიზმი, თუ კლასობრივი ბრძოლა?
27 მაისი 16:08 კლოპი, ზიდანი, ბეილი
27 მაისი 14:52 მაღრიბი მოჰამედისთვის ლოცულობს
26 მაისი 11:43 რეალი - ლივერპული. ფაქტები და მოვლენები
02 თებერვალი 13:47 თავდაჯერებულნი იქნებით, როდესაც შეიგრძნობთ საკუთარი მკლავის ძალას
31 მარტი, 2017 ლაშა ტალახაძე: ასეთი დატვირთვით ჯერ არ მივარჯიშია
30 მარტი, 2017 ძალოსნობა. გიორგი ასანიძე ევროპის ჩემპიონატის წინ