ძალა ერთობაშია!
11 სექტემბერი 19:44
0
print

კახა ფაჩუაშვილი

“არა საცნაურ არიან გზანი უფლისანი”, - ჯერ კიდევ შარშან, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებს მიზერული შანსიც არ ჰქონდა მოხვედრილიყო მსოფლიო ფეხბურთის რომელიმე დიდ ფორუმზე. წელს კი მდგომარეობა ისე შეიცვალა, რომ ჩვენ ეროვნულ გუნდს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის რეალური შანსი აქვს. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ეს საჩუქარი საქართველოსთანა პატარა ქვეყნებს მიუძღვნა, რომ ფეხბურთმა მასშტაბურობა და მრავალფეროვნება არ დაკარგოს.

უეფა-ს გადაწყვეტილებით ერთა ლიგის ტურნირი დაარსდა. საფეხბურთო ევროპა ოთხ კლასიფიკაციად ჩამოყალიბდა. პირველში, მსოფლიო ფეხბურთის ელიტა და მასთან დაახლოებული კომპანიონები მოხვდნენ. მეორეში მათზე უმცროსები, მესამე უფრო მსუბუქი წონითი კატეგორიისგან დაკომპლექტდა. მეოთხე კი ის კლასიფიკაციაა, ვისაც საფეხბურთო რუკაზე არასდროს არაფრის შანსი არ ჰქონია.

უეფა-მ მიიჩნია, რომ ჩვენი ადგილი სწორედ ამ მეოთხე, უამბიციო ქვეყნების რიგებშია და გაგვამწესა კიდეც ერთ ჯგუფში ყაზახეთთან, ლატვიასთან და ანდორასთან.

მეოთხე კლასიფიკაციაში (D ჯგუფში) 16 გუნდი შეიკრიბა, რომლებიც ოთხ, 4-გუნდიან ქვეჯგუფად დაიყო. ქვეჯგუფის გამარჯვებულები ნახევარფინალური ეტაპიდან, პლეი ოფის სისტემით გააგრძელებენ ბრძოლას გამარჯვებისთვის. გამარჯვებული კი ავტომატურად მიიღებს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს.

გამარჯვების გზაზე, პლეი ოფში, ჩვენი მეტოქეები სავარაუდოდ: ბელორუსი, მაკედონია, კოსოვო ან ფარერები იქნებიან. არც ერთი მათგანი რეალურად საქართველოს ნაკრებზე ძლიერი არ არის და ვლადიმირ ვაისის გუნდს თავისუფლად შეუძლია წარმატებით დაძლიოს გზა ფინალური ეტაპისკენ. სწორედ ეს არის უეფა-ს საჩუქარი პატარა ქვეყნებისთვის.

პლეი ოფამდე ჯერ ჯგუფური ეტაპია, მაგრამ ამ წონით კატეგორიაში საქართველო თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. აბა როდის მომხდარა, რომ პირველი ორი ტურის შემდეგ საქართველო ჯგუფის ლიდერი ყოფილიყო, თანაც ისე, რომ მეორე ადგილზე მყოფ გუნდს 4 ქულით უსწრებდა? მსგავსი რამ ქართული ფეხბურთის ისტორიას არ ახსოვს. უფრო პირიქით ხდებოდა ხოლმე. პირველი ტურების შემდეგ ნათელი იყო, რომ ფინალური ეტაპის საგზურზე არც უნდა გვეოცნება.

ჯგუფური ეტაპი ვლადიმირ ვაისის გუნდმა ყაზახეთში გამარჯვებით დაიწყო (2:0). სამ დღეში კი ეროვნულ სტადიონზე ლატვიის ნაკრებიც დაამარცხა (1:0). ორივე გამარჯვება უშუალო კონკურენტებთან ბრძოლაში მოვიპოვეთ და უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ნაკრებს აღარ გაუჭირდება ჯგუფური ბარიერის დაძლევა. მით უფრო, რომ ლატვიამაც და ყაზახეთმაც ქულები დაკარგეს ჯგუფის მთავარ აუტსაიდერად შერაცხულ ანდორასთან.

დღეისთვის ვლადიმირ ვაისის გუნდს ორი თამაშის შემდეგ 6 ქულა აქვს და დამაჯერებლად ლიდერობს ქვეჯგუფს, მაგრამ ეს ქულები საქართველოს ნაკრებს დიდი ჯაფის ფასად დაუჯდა. 9 სექტემბერი კი ჩვენი ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოდ გადაიქცა.

დადგა 9 სექტემბერი, ლატვიასთან თამაშის დღე და წერეთლის მეტროდან სადგურის მიმდებარე ტერიტორიამდე უცნაური ფაციფუცი ატყდა. ახალგაზრდები ჯგუფ-ჯგუფად იკრიბებოდნენ, რაღაცას თათბირობდნენ და ისევ იშლებოდნენ. თამაშის დაწყებამდე 2 საათით ადრე კი ტერიტორია ქართული დროშებით და ტრანსფარანტებით აივსო. ქომაგი საქართველოსა და გურამ კაშიას სახელს სკანდირებდა.

გურამ კაშია საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანია, გამოცდილი და შეუცვლელი ფიგურა დაცვის ცენტრში. ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი ფეხბურთელი „ქართული მარშის“ წევრებმა ლგბტ თემის წარმომადგენლად შერაცხეს და მის წინააღმდეგ ნეგატიური პიარ-კამპანია ააგორეს. ისინი თამაშის მსვლელობის დროსაც არეულობის მოწყობას გეგმავდნენ, მაგრამ სტადიონის პერიმეტრზე არც ერთი „მარშისტი“ არ ჩანდა. შეიძლება ისინი ერთიანი საქართველოს ფონზე არ ჩანდნენ. ან იქნებ ყაზახეთში გამარჯვებამ შეასუსტა მათი აქტივობა, არ ვიცი, მაგრამ თამაშის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გია კორკოტაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული მარში“ უარს ამბობს წინასწარ დაგეგმილი აქციის ჩატარებაზე იმ მოტივით, რომ ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებაში ხელი არ შეეშალოსო...

ათასობით ქართველი, როგორც ერთი, ეროვნული სტადიონის ტრიბუნებისკენ დაიძრა. მაშხალები გზამკვლევად აშუშხუნდნენ და 50 ათასმა ქართველმა შეავსო სტადიონის ტრიბუნები. საქართველო და კაშია, - ლაიტმოტივად გასდევდა ქომაგს მთელი თამაშის განმავლობაში.

გაჭირდა გამარჯვება. ლატვიელები თავგამოდებით იცავდნენ თავს, ქართველებს კი შეტევაში დიდი რესურსი არ აღმოაჩნდათ. მატჩის წინა დღეს ვარჯიშზე მოულოდნელად ფეხი მოიტეხა ფორვარდმა ქვილითაიამ და ვლადიმირ ვაისს იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუხდა. ამან, რასაკვირველია, შეთამაშების პრობლემა წარმოშვა. გუნდი ქვილითაიასთან ერთად ემზადებოდა, ახლა კი გამოუცდელი ნიკა კაჭარავა უნდა შერწყმოდა აწყობილ მექანიზმს. ნიკა ხელსაყრელ პოზიციებს კი აგნებდა, მაგრამ ზუსტი დარტყმის განხორციელებას ვეღარ ახერხებდა.

ძლიერ გაჭირდა თამაში. შეიძლება გუნდი გადაიღალა კიდეც სამი დღის ინტერვალში ყაზახეთში მგზავრობით და იქ თამაშით, იქნებ მიქსუ პაატელაინენის ტაქტიკამ გაჭრა, - ლატვიელები მთელი გუნდით თავს იცავდნენ და საკუთარი საჯარიმოს მისადგომებთან ჭიანჭველებივით გროვდებოდნენ. ასეთი დაცვის გარღვევა კი ნებისმიერ გუნდს გაუჭირდება.

ჩახლეჩილი ხმა და დაძარღვული ვენები ტრიბუნებზე არ ცხრებოდა. გულშემატკივარი ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა საყვარელ გუნდს და უშედეგო იერიშებით გათანგულ ფეხბურთელებს ისევ შეტევებისკენ უბიძგებდა. ისეთი პირი უჩანდა, რომ მატჩი უგოლო ფრით უნდა დასრულებულიყო, რა დროსაც საქართველოს ნაკრებს მხსნელად ისევ ჩაკვეტაძე მოევლინა. ეს 19 წლის ბიჭი აღფრთოვანებას იწვევს. დიდი ხანია ჩვენი ქვეყნის ნაკრებს არ ჰყოლია მოედნის ხედვით, კარგი, დაყენებული დარტყმით და ულევი ფანტაზიით დაჯილდოებული ფეხბურთელი. როცა ჩაკვეტაძეს ბურთი აქვს, მისგან ყოველთვის საფრთხეს უნდა ელოდო.

თამაშის დამთავრებამდე 13 წუთი რჩებოდა, როცა ჩაკვეტაძემ მეტოქის საჯარიმოში მიიღო ბურთი, ცრუ მოძრაობით გასცდა მცველს, რომელმაც ოდნავ მიარტყა ფეხი და საქართველოს ნაკრებმა პენალტი გამოიმუშავა. თორნიკე ოქრიაშვილის მიერ დარტყმული თერთმეტმეტრიანი გამარჯვების გამოდგა. საქართველოს ნაკრებმა მოიგო თამაში, რომელიც დიდი ალბათობით გადამწყვეტი იქნება საერთო გამარჯვებისთვის.

ერთად ყველაფერს შევძლებთ. ძალა ერთობაშია!

 

საქართველო - ლატვია 1:0

თბილისი, „დინამო არენა“

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, კვერკველია, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი (90’ ხოჭოლავა), ოქრიაშვილი (80’ გვილია), ჩაკვეტაძე (85’ პაპუნაშვილი), კაჭარავა, ნავალოვსკი

სათადარიგო შემადგენლობა: კვასხვაძე, კუპატაძე, კიტეიშვილი, აბურჯანია, შერგელაშვილი, მერებაშვილი, ტაბიძე, ჯიღაური, მჭედლიძე

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

ლატვია: ვანინსი, მაკსიმენკო, დუბრა, გაბოვსი, რუგინსი (78’ სავალნიეკსი), ფერტოვსი, კარაშაუსკასი, ისაიევსი, ლუკიანოვსი (80’ რაკელსი), იაგოდინსკისი, გუტკოვსკისი (72’ შაბალა)

სათადარიგო შემადგენლობა: იკსტენსი, შტეინბორსი, სოლოვიოვსი, იკაუნიეკსი, ვიშნაკოვსი, ტორესი, ულდრიკისი

მთავარი მწვრთნელი: მიქსუ პაატელაინენი

მსაჯები: ანასტასიოს პაპაპეტრუ (საბერძნეთი), ტრიფონ პეტროპულოსი (საბერძნეთი), იორდანის აპტოსოღლუ (საბერძნეთი), აგელოს ევანგელუ (საბერძნეთი), პრაქსიტელის ზაქარიადისი (საბერძნეთი), ილიას ალექსეასი (საბერძნეთი)

გაფრთხილება: 48’ ვანინსი, 62’ ისაიევსი, 68’ კარაშაუსკსი, 90+2’ კანკავა

გოლი: 1:0 ოქრიაშვილი (77) (პენ.)

1. საქართველო 2 2 0 0 3:0 6

2. ანდორა 2 0 2 0 1:1 2

3. ლატვია 2 0 1 1 0:1 1

4. ყაზახეთი 2 0 1 1 1:3 1

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
16 ოქტომბერი 16:42 დენის ხომუტოვი: „ფული ბავშვებში უნდა ჩაიდოს“
07 ივნისი 18:21 ნეიმარი, ლევანდოვსკი, ბუფონი - სატრანსფერო ცხელი ზაფხული
06 ივნისი 19:37 11 ვარსკვლავი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
30 მაისი 19:33 პაციფიზმი, თუ კლასობრივი ბრძოლა?
27 მაისი 16:08 კლოპი, ზიდანი, ბეილი
27 მაისი 14:52 მაღრიბი მოჰამედისთვის ლოცულობს
26 მაისი 11:43 რეალი - ლივერპული. ფაქტები და მოვლენები
02 თებერვალი 13:47 თავდაჯერებულნი იქნებით, როდესაც შეიგრძნობთ საკუთარი მკლავის ძალას
31 მარტი, 2017 ლაშა ტალახაძე: ასეთი დატვირთვით ჯერ არ მივარჯიშია
30 მარტი, 2017 ძალოსნობა. გიორგი ასანიძე ევროპის ჩემპიონატის წინ