მიზანი უცვლელია - ეროვნული ლიგის საგზური და თასის ფინალი
16 იანვარი 20:54
0
print

 კახა ფაჩუაშვილი

საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ სულ 14 წელია არსებობს, მაგრამ მოასწრო და იმ გუნდების კოჰორტას შეუერთდა, ვისაც ტიტული მოუგია. ასეთი კი, მოგეხსენებათ, ბევრი არ არის. 2010-2011 წლების სეზონში, „გაგრამ“ ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბები, თბილისის „დინამო“, „ვიტ ჯორჯია“, ქუთაისის „ტორპედო“ და ჩვენი ქვეყნის თასის მფლობელი გახდა. ამასთან, გუნდმა უეფას თასიც დააჭაშნიკა და ღირსეულადაც იასპარეზა ამ ტურნირზე.

გაგრელებმა საკუთარი ხელწერა დაამკვიდრეს, როგორც მინდორზე, ისე ფეხბურთთან მიდგომის თვალსაზრისითაც და ამ კუთხით, შეიძლება ითქვას, ყველასგან გამოირჩევიან. მიდგომა კი მარტივი და სასარგებლოა. კლუბის სტაფი ცდილობს ახალგაზრდა ფეხბურთელებს მაქსიმალური გასაქანი მისცეს, რითიც ფასდაუდებელ სამსახურს უწევს ქართული ფეხბურთის განვითარებას. ასეთი მოთხოვნა კლუბის მფლობელს, უკრაინაში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს, ბესო ჩიხრაძეს თავიდანვე ჰქონდა და კლუბიც პირნათლად მისდევს ერთხელ არჩეულ გეზს. შედეგად, „გაგრას“ აღზრდილები ეროვნული ლიგის არაერთ გუნდში ასპარეზობენ წარმატებით და ეროვნული ნაკრების მაისურიც მოურგიათ.

გასულ სეზონში გაგრელებმა ეროვნულ ლიგაში ასასვლელი ფლეი ოფი ითამაშეს და საქართველოს თასის ფინალშიც გავიდნენ. გუნდს „ტორპედოსთან“ ფინალურ შეხვედრაში ორიოდე წუთი დააკლდა გამარჯვებამდე (მატჩის დამთავრებამდე 2 წუთით ადრე, „გაგრას“ კარში, მსაჯის მიერ დანიშნულმა თერთმეტმეტრიანმა დარტყმამ, შეიძლება ითქვას გუნდს თასი ჯიბიდან ამოაცალა).მართალია გაგრელებმა საქართველოს თასი მეორედ ვერ აღმართეს, მაგრამ გუნდმა გულშემატკივართა საყოველთაო პატივისცემა და აღიარება მოიპოვა. ამის მიუხედავად, კლუბი ტრადიციულად გადახალისდა და ახალ სეზონს ახალი ფეხბურთელებით შეეგებება.

ახალი სეზონისთვის მზადება „გაგრამ“ ერთი კვირის წინათ დაიწყო. გუნდს შეუერთდნენ საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში ნათამაშები ახალგაზრდა ფეხბურთელები:

მეკარე - დავით კერესელიძე („ცხინვალი“); მარჯვენა მცველი - დავით კიკალიშვილი (ბათუმის „დინამო“); საყრდენი ნახევარმცველები - ლევან ბარაბაძე („ცხინვალი“), ალექსანდრე შეწირული („ლოკომოტივი“); გამთამაშებელი - ნიკოლოზ ქორიძე („რუსთავი“); შემტევი ნახევარმცველები - ივანე ოქროპირიძე („ლოკომოტივი“), თენგიზ ბრეგვაძე („სამგურალი“), ცოტნე ჩოთალიშვილი („საბურთალო“).

რამდენიმე ფეხბურთელი 19-წლამდელთა გუნდიდანაც დაწინაურდა. კიდევ 4 ფეხბურთელთან კი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სავარაუდოდ, შემადგენლობის მხრივ, „გაგრა“ თვის ბოლოსთვის ჩამოყალიბდება და ახალ სეზონს სრულ მზადყოფნაში შეხვდება.

ამას გარდა, მთავარი მწვრთნელის რანგში გუნდს დაუბრუნდა გაგა კირკიტაძე, რომელიც შარშან დენის ხომუტოვის ასისტენტი იყო. გაგა კირკიტაძე 2015 წლის სეზონში წვრთნიდა „გაგრას“ და მისი ხელმძღვანელობით გუნდი ლიგა 2-ის გათამაშებაში მე-5 ადგილზე გავიდა.

მზადების ფარგლებში „გაგრამ“ ერთი საკონტროლო მატჩი უკვე გამართა და დიდი ანგარიშით - 4:1 დაამარცხა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდი „სპაერი“. გამარჯვებულთა მხრიდან გოლები გაიტანეს; ზვიად მეტრეველმა, ლევან ბარაბაძემ (2) და ლუკა მძევაშვილმა.

თვის ბოლომდე „გაგრა“ კიდევ 3 საკონტროლო მატჩს გამართავს; 18 იანვარს „კოლხის“, 21 იანვარს „სპაერის“ და 26 იანვარს „დილას“ წინააღმდეგ.

გაგა კირკიტაძე („გაგრას“ მთავარი მწვრთნელი): „საკონტროლო მატჩებში მსურს დავინახო ჩემი ფეხბურთელების შესაძლებლობები. არიან ფეხბურთელები, ვისთანაც ყველაფერი გარკვეული გვაქვს, მაგრამ არიან ისეთებიც, ვისაც კიდევ დავაკვირდებით და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. 26 იანვარს ამხანაგური თამაში გვექნება გორის „დილასთან“ და ვფიქრობ, იმ თამაშისთვის გუნდის ბირთვი უკვე ჩამოყალიბებული გვექნება.“

გიორგი შანიძე („გაგრას“ სპორტული დირექტორი); „საკმაოდ კარგი ფეხბურთელები დავიმატეთ ყველა იმ პოზიციაზე, რომელზეც გვჭირდებოდა. კიდევ 4 გამოცდილ ფეხბურთელთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ვფიქრობთ, რომ წარმატებით დასრულდება. შესაბამისად, ახალი სეზონისთვის კარგი გუნდი უნდა გვყავდეს. ტრადიციულად, ყოველ წელს ფავორიტთა შორის ვირიცხებით და მუდმივად ერთი ნაბიჯი გვაკლდება მიზნამდე. იმედია წელს ნავსი გატყდება და „გაგრა“ დაიბრუნებს კუთვნილ ადგილს ეროვნულ ლიგაში. მიზანი უცვლელია, ჩვენ გვსურს ეროვნული ლიგის საგზური და საქართველოს თასის ფინალი.მჯერა გაგა კირკიტაძის ხელში ამ მიზანს მივაღწევთ. ის 2015 წელს უკვე ედგა სათავეში კლუბს. გაგა კარგად იცნობს ჩვენი გუნდის შიდა სამზარეულოს და ვფიქრობ, გუნდის ერთ მუშტად შეკვრა არ გაუჭირდება.“

წარმატებები „გაგრას“.

 

 

 

 

kaxa fachuashvili
სხვა სიახლეები
16 ოქტომბერი, 2018 დენის ხომუტოვი: „ფული ბავშვებში უნდა ჩაიდოს“
11 სექტემბერი, 2018 ძალა ერთობაშია!
07 ივნისი, 2018 ნეიმარი, ლევანდოვსკი, ბუფონი - სატრანსფერო ცხელი ზაფხული
06 ივნისი, 2018 11 ვარსკვლავი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
30 მაისი, 2018 პაციფიზმი, თუ კლასობრივი ბრძოლა?
27 მაისი, 2018 კლოპი, ზიდანი, ბეილი
27 მაისი, 2018 მაღრიბი მოჰამედისთვის ლოცულობს
26 მაისი, 2018 რეალი - ლივერპული. ფაქტები და მოვლენები
02 თებერვალი, 2018 თავდაჯერებულნი იქნებით, როდესაც შეიგრძნობთ საკუთარი მკლავის ძალას
31 მარტი, 2017 ლაშა ტალახაძე: ასეთი დატვირთვით ჯერ არ მივარჯიშია