ეკონომიკური კრიზისი დასასრულს უახლოვდება
14 სექტემბერი, 2009
369
print

სულ უფრო ნათელი ხდება, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი დასასრულს უახლოვდება, ხოლო წამყვან ქვეყნებში ეკონომიკის ზრდის ტენდენციაც შეიმჩნევა. ამაზე ბევრი ექსპერტი უკვე დიდი ხანია მიუთითებდა, ახლა კი ოფიციალური პირებიც ალაპარაკდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრ თიმოთი გეიტნერის განცხადებით, ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების გამო აღარ არის აუცილებლობა ზოგიერთი ღონისძიებისა, რომელსაც ამერიკის მთავრობა ატარებდა. მისი სიტყვებით, “ფინანსური სისტემა აჩვენებს აღდგენის ძალიან ძლიერ სიგნალებს”. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ ობამას ანტიკრიზისული გეგმა, რომელსაც კონგრესმა დაუჭირა მხარი, ამერიკული მრეწველობის დასახმარებლად 787 მლრდ. დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ შემცირდა, თუმცა უმნიშვნელოდ, უმუშევართა რიცხვი შეერთებულ შტატებში. ამასთან გამოქვეყნდა მონაცემები, რომლის მიხედვითაც შეერთებული შტატების სავაჭრო დეფიციტი ივლისში ივნისთან შედარებით 16,3 პროცენტით გაიზარდა და 31.96 მლრდ დოლარი შეადგინა. იმპორტის მოცულობამ ივლისში 159.55, ხოლო ექსპორტმა 127,59 მლრდ შეადგინა. რა თქმა უნდა, სავაჭრო დეფიციტის ზრდა არც ერთი ქვეყნისთვის არ არის სასიამოვნო, მაგრამ ამ ფაქტს შეიძლება სხვა კუთხითაც შევხედოთ. ის მიუთითებს სამომხმარებლო მოთხოვნის ზრდაზეც. გარდა ამისა, იმპორტის ზრდა შეერთებულ შტატებში მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის ექსპორტის და, შესაბამისად, მთელი ეკონომიკის ზრდას ნიშნავს. ამ თვალსაზრისით ამერიკა კვლავ რჩება მსოფლიო ეკონომიკის ლოკომოტივად.

ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა იაპონიაა. გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ იაპონიის მშპ 2009 წლის მეორე კვარტალში 0.6 პროცენტით გაიზარდა, რაც ზედიზედ 5 კვარტლის განმავლობაში ვარდნის შემდეგ პირველად მოხდა. ამ ზრდის ძირითად მიზეზად იაპონიიდან ექსპორტის ზრდას ასახელებენ. საფრანგეთისა და გერმანიის შემდეგ გამოჯანსაღების ნიშნები იაპონიის ეკონომიკამაც აჩვენა. მეორე კვარტლის შედეგების მიხედვით ანალიტიკოსები მოელიან ეკონომიკის წლიურ ზრდას 2.3 პროცენტით, რაც პროგნოზირებულ 3.7 პროცენტზე ნაკლებია. აქ უნდა შევნიშნოთ, რომ ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ბევრი ანალიტიკოსი ეკონომიკის ზრდას მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში 2010 წლამდე არ მოელოდა. ახლა კი იაპონიის ეკონომიკის ზრდა წლიური 2.3 პროცენტით იგივე ანალიტიკოსებისთვის ცოტაა. როგორც ვხედავთ, ეკონომიკური მდგომარეობა მსოფლიოში სწრაფად იცვლება და მასთან ერთად იცვლება მოლოდინებიც და პროგნოზებიც.

მსოფლიო ეკონომიკისა და ფინანსური ბაზრებისათვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო კარგი ეკონომიკური მაჩვენებლები ჩინეთისა, სადაც მნიშვნელოვნად გაიზარდა მრეწველობისა და საცალო ვაჭრობის მოცულობა.

მომავალი ეკონომიკური აღმავლობის მოლოდინში ინვესტორები უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ განვითარებად და მზარდ ეკონომიკებს, რომელთა შორისაც უნდა მოვიაზროთ საქართველოს ეკონომიკაც. ეს ჩვენთვის ძალიან კარგი ნიშანია, მით უმეტეს, რომ საქართველოს ეკონომიკა დიდი რაოდენობით უცხოურ ინვესტიციებს საჭიროებს. გასულ კვირას უცხოური ინვესტიციები საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყო. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ დასახული ღონისძიებები დაეხმარება ქვეყანას, უკვე მომავალი წლიდან მკვეთრად გაზარდოს უცხოური ინვესტიციების რაოდენობა. მანამდე საქართველომ არსებული საერთაშორისო კრედიტები და დახმარება ეფექტურად უნდა გამოიყენოს.

ამ მხრივ მნიშვნელოვანი იყო მსოფლიო ბანკის გადაწყვეტილება, რომელმაც განსაზღვრა 2009-2012 წლებში საქართველოს დახმარებასთან დაკავშირებული ძირითადი მიმართულებები. ის ამ მიზნებისთვის 740-900 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ახალი სტრატეგიის ფარგლებში ეს ფინანსები სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, რეფორმებს ჯანდაცვისა სოციალური დახმარების სფეროში და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას მოხმარდება.

გასულ კვირას განვითარებადი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი იყო ევროსაბჭოს მიერ 15 მილიარდი ევროს ოდენობით დახმარების შეთავაზება, რათა მათ ხელი მოაწერონ ახალ ხელშეკრულებას კლიმატის გლობალური ცვლილებების შესახებ. ბუნების დაცვის საკითხებში ევროკავშირის კომისრის - სტავროს დიმასის განცხადებით, ეს დაეხმარება ამ ქვეყნებს, ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გამონაბოლქვი შეამცირონ.

მსოფლიო ეკონომიკის მდგომარეობის გაუმჯობესების მოლოდინი სათანადოდ აისახა საფონდო ბაზრებზეც. მსოფლიოს თითქმის ყველა ბირჟაზე მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა აქციების ფასების მკვეთრი ზრდა, რომელიც კვირის ბოლოს მცირე კორექციით დამთავრდა. დოუ ჯონსის ინდუსტრიალურმა საშუალო მაჩვენებელმა კვირა 9,605.41 პუნქტზე დაამთავრა და დიდი ალბათობაა, რომ ის ჯერ კიდევ წლის ბოლომდე მიაღწევს თერთმეტიათასიან ნიშნულს. მთლიანად მსოფლიო საფონდო ბაზრებზე აქციების ფასებმა საშუალოდ 4 პროცენტით მოიმატა და ბევრმა მათგანმა უკანასკნელი თერთმეტი თვის მაქსიმუმს მიაღწია. შედარებით მოკრძალებულად გამოიყურებოდა იაპონიის საფონდო ბაზარი, რადგან იაპონიის ეკონომიკის ზრდის ტემპებმა ინვესტორებში გარკვეული იმედგაცრუება გამოიწვია.

საქართველოს საფონდო ბაზარზე შესამჩნევი იყო “საქართველოს სახალხო ბანკის” აქციებით ვაჭრობის გააქტიურება, რაც ალბათ დროებით ხასიათს ატარებს. მთლიანობაში, სამწუხაროდ, საქართველოს საფონდო ბაზარი კვლავაც მცირეაქტიურია.

მსოფლიო ეკონომიკის მდგომარეობა სამრეწველო ლითონებით ვაჭრობაზეც აისახა. მათზე ფასი თითქმის მთელი კვირა იზრდებოდა და ხუთშაბათს მცირე კორექციით დამთავრდა. ეს ქართველი ექსპორტიორებისათვის უეჭველად კარგი ამბავი იქნება.

ნავთობზე ფასები თითქმის მთელი კვირის განმავლობაში იზრდებოდა. პარასკევის კორექციის შედეგად ბარელზე ფასი 70 დოლარის მიდამოებში დარჩა. “ნავთობის ფასი 70-75 დოლარის ფარგლებში მისაღები უნდა იყოს როგორც ექსპორტიორებისათვის, ისე იმპორტიორებისათვის,” - განაცხადა ანგოლის ენერგეტიკის მინისტრმა ვენაში გამართული ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის სხდომის შემდეგ. ეს განცხადება გამოხატავს სხდომის სხვა მონაწილეთა აზრს. გადაწყვეტილება მიიღეს, უცვლელად დატოვონ ოფიციალური კვოტები ნავთობის მოპოვებაზე. ოფიციალური კვოტა 11 ქვეყნისთვის (ერაყის გამოკლებით) შეადგენს 24,845 მლნ ბარელს/დღეში, თუმცა რეალური მოპოვება საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ექსპერტების შეფასებით, აგვისტოში ამ ქვეყნებში 26,3 მლნ. ბარელს/დღეში (ერაყის ჩათვლით 28,8 მლნ.ბარელს/დღეში) შეადგენდა. ეს გადაწყვეტილება მსოფლიო ეკონომიკის მომავალი აღმავლობის გათვალისწინებით შეიძლება უცნაური გვეჩვენოს, მაგრამ ექსპორტიორები გარკვეულ სიფრთხილეს იჩენენ. ნავთობის ფასის შემდგომ ზრდას ხელს უშლის ნავთობის დიდი მარაგები, რომელიც დაგროვილია მსოფლიოში და განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში. თუმცა, უფრო ხანგრძლივ პერსპექტივაში, მსოფლიო ეკონომიკის კრიზისის დამთავრების შემდეგ, ფასის შემდგომი მნიშვნელოვანი ზრდაა მოსალოდნელი.

ნავთობის ექსპორტიორმა ქვეყნებმა დოლარის კურსის გამო გარკვეული უკმაყოფილება გამოხატეს. საქმე ის არის, რომ დოლარი სხვა ძირითად ვალუტებთან, პირველ რიგში ევროსთან შედარებით კვლავაც სუსტია. შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრის ოპტიმისტურმა განცხადებამ წნეხი დოლარზე მხოლოდ ოდნავ შეასუსტა. კვირის ბოლოს დოლარის კურსი ევროსთან 1.4570-ს შეადგენდა. დოლარის სისუსტე საერთაშორისო ბაზარზე მნიშვნელოვნად არ ასახულა მის კურსზე საქართველოში. ლარის კურსი დოლართან კვირის ბოლოს 1.6834 ნიშნულზე დაფიქსირდა .

გასულ კვირას “ჯენერალ მოტორსის” დირექტორთა საბჭომ “ოპელის” გაყიდვის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. სხვა შესაძლებლობა იყო “ოპელის” დატოვება “ჯენერალ მოტორსის” შემადგენლობაში ან მისი გაკოტრება. შესაძლო მყიდველებს შორის ასახელებდნენ ბელგიურ ფონდს RHJ და კანადურ-რუსულ კონსორციუმ “მაგნა-სბერბანკს”, რომელიც გერმანული მთავრობის მხარდაჭერით სარგებლობდა. ამასთან “ჯენერალ მოტორსს” არ სურდა, რომ “ოპელის” ტექნოლოგიები რუსეთში მოხვედრილიყო.

საბოლოოდ გადაწყდა, რომ “ოპელს” კანადურ-რუსული კონსორციუმი გარკვეული პირობებით იყიდის. მთავარი ამ პირობებში არის ის, რომ “ოპელში” არსებული ტექნოლოგიები “ჯენერალ მოტორსს” დარჩება, ხოლო ახალი ტექნოლოგიები, რომელსაც მომავალში შექმნიან “ოპელის” ინჟინრები, “ოპელის” საკუთრება იქნება. “ოპელი” “ჯენერალ მოტორსის” მსოფლიო ქსელის შემადგენლობაში” რჩება. ასეთი იყო ამ გარიგების თაობაზე “ჯენერალ მოტორსის” განცხადების ერთ-ერთი ძირითადი ლაიტმოტივი. უნდა ვიგულისხმოთ, რომ “ჯენერალ მოტორსს” იმედი აქვს, ტექნოლოგიური დამოკიდებულება მას “ოპელის” კონტროლის საშუალებას მისცემს. მაგრამ ასეთი დამოკიდებულება შეიძლება დროებითი აღმოჩნდეს.

მეორეს მხრივ, საინტერესოა, რამდენად წარმატებით შეძლებს კონსორციუმი, მართოს უაღრესად რთული დარგის საწარმო, ან რატომ აქვს გერმანიის მთავრობას ამ კონსორციუმის იმედი, ან რად უნდა “სბერბანკს” ასეთი ტიპის ინვესტიცია. ეჭვი არავის ეპარება, რომ სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი “სბერბანკის” უკან რუსეთის მთავრობა დგას. მისი მიზანი, ალბათ, “ოპელის” ტექნოლოგიების დახმარებით რუსეთის საავტომობილო მრეწველობის მოდერნიზაციაა. ყოველ შემთხვევაში, თუ გავითვალისწინებთ მილიარდობით დოლარის დახარჯვის მიუხედავად რუსეთის უაღრესად წარუმატებელ გამოცდილებას ამ საქმეში, ეს პროექტი არ შეიძლება პერსპექტიულად ჩაითვალოს.

11
სხვა სიახლეები
25 იანვარი, 2016 რუსეთის ეკონომიკური პროგნოზი
18 იანვარი, 2016 62 ოლიგარქს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე დედამიწის მოსახლეობის ნახევარს
11 აგვისტო, 2014 უმამი - გემოვნების შთაგონება ახალი რესტორანი თბილისის ყველაზე მოდურ სასტუმროში
17 ივლისი, 2014 კერძები ურთიერთობისათვის „რადისონ ბლუ, ბათუმის“ ახალი კულინარიული კონცეფცია
06 ივნისი, 2014 კა­ფე ივე­რია - ახა­ლი მყუდ­რო ად­გი­ლი ყა­ვი­სა და ნა­ყი­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თ­ვის
05 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგის უპირატესობები
04 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგი
30 მაისი, 2014 "რა­დი­სონ ბლუ"-ს სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსელ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში TripAdvisor-ის ხა­რის­ხის სერ­ტი­ფი­კა­ტი 2014 მო­ი­პო­ვა
02 მაისი, 2014 რადისონ ბლუ ივერია ქართული მწვანე ბიზნესის გამარჯვებული გახდა
25 აპრილი, 2014 საქართველოს საუკეთესო შეფმზარეული 2014