“ცისფერი ალი” დმანისში, იორმუღალოში და ლაგოდეხში აინთო
14 სექტემბერი, 2009
457
print

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია “სოკარმა” საქართველოს რეგიონებში გაზიფიკაციის პროცესი დაიწყო. საპრეზიდენტო პროგრამის “გაზი ყველა სოფელს” ფარგლებში, რეგიონებში გაზის გამანაწილებელი სისტემის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. “სოკარის” ინიციატივით ცისფერი ალი პირველად დმანისში, შემდეგ საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღალოში და ლაგოდეხში აინთო. დმანისში რეაბილიტირებული ქსელის პრეზენტაციას “სოკარის” პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი და “სოკარ ენერჯი ჯორჯიას” გენერალური დირექტორი მაირ მამედოვი ესწრებოდნენ. მათ დმანისის მოსახლეობამ გულთბილი შეხვედრა მოუწყო. პრეზენტაციას რეგიონის გუბერნატორი დავით კირკიტაძე და “ქართლი გაზის” ხელმძღვანელი ელგუჯა ცხვარაძეც დაესწრო.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია “სოკარის” პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევის განცხადებით, პროექტის ფარგლებში საქართველოში 250 ათასი აბონენტის გაზიფიცირება მოხდება. ამის შესახებ აბდულაევმა დმანისში არსებული გაზის ქსელის რეაბილიტაციის დასრულებასთან დაკავშირებულ საქართველოს გაზიფიკაციის პროექტის ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.

“მომდევნო 5 წლის განმავლობაში პროექტის ფარგლებში მოსახლეობის 70-75% გაზიფიცირებული იქნება, რაც დაახლოებით 250 ათას აბონენტს შეადგენს. წლის ბოლომდე კი 57 ათასი აბონენტის გაზიფიცირება განხორციელდება,” - განაცხადა აბდულაევმა, რომლის ინფორმაციით, პროექტის საერთო ღირებულება 100 მილიონი დოლარია.

“საქართველოს გაზიფიკაციის პროექტი მთლიანობაში 100 მილიონი დოლარი ჯდება. ჩვენ უფლება გვქონდა, გაზი კომერციულ ფასში გაგვეყიდა, მაგრამ საქართველოს მთავრობასთან ერთად საქართველოს მოსახლეობის გაზიფიცირების გადაწყვეტილება მივიღეთ. შესაბამისად, მოსახლეობა ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს 50-51 თეთრად იყიდის. ამ ტარიფით ბუნებრივი აირის გაყიდვა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გამო გადაწყდა,” - აღნიშნა აბდულაევმა.

დმანისის შემდეგ, გაზიფიკაციის პროცესი სხვა სოფლებშიც გაგრძელდება. როგორც რეგიონის გუბერნატორი დავით კირკიტაძე განმარტავს, ბუნებრივი აირის სახლამდე მიყვანის ხარჯს და მრიცხველის საფასურს მოსახლეობა თავად გადაიხდის. საგადასახადო ტვირთის შემსუბუქების მიზნით, მოსახლეობას კრედიტს ბანკი გამოუყოფს, მომხმარებელი კი სესხს ეტაპობრივად დაფარავს.

დმანისის შემდეგ გაზის ახალი ქსელი საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა გახსნა. პრეზენტაციას “სოკარის” წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

გაზიფიკაციის სამუშაოები საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და აზერბაიჯანულ კომპანია “სოკარს” შორის ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა. მინისტრის განაცხადებით, მომავალი სამი წლის განმავლობაში საპრეზიდენტო პროგრამის - “გაზი ყველა სოფელში” ფარგლებში საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის 70 პროცენტს ბუნებრივი აირი ექნება. ხეთაგურის თქმით, სამუშაოები იმდენად სწრაფად და მასშტაბურად მიმდინარეობს, რომ თითქმის ყოველ კვირას ახალი ობიექტი გაიხსნება. “საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაზგამანაწილებელ ქსელში წლის ბოლომდე ჯამში 57 ათასი აბონენტი ჩაერთვება. ამავდროულად, “სოკარი” საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ქვეყნის ბუნებრივი აირით მომარაგება ამ კომპანიიის დახმარებით ხდება. ეს კომპანია არის ყველაზე მსხვილი გადამხდელი საქართველოს ბიუჯეტში,” - აღნიშნა ალექსანდრე ხეთაგურმა.

დღის ბოლოს გაზგამანაწილებელი ქსელის პრეზენტაცია ლაგოდეხშიც განხორციელდა. ცერემონიას, ენერგეტიკის მინისტრის გარდა, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, კომპანია “სოკარის” პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი და “სოკარ ენერჯი ჯორჯიას” გენერალური დირექტორი მაირ მამედოვიც დაესწრნენ.

სხვა სიახლეები
25 იანვარი, 2016 რუსეთის ეკონომიკური პროგნოზი
18 იანვარი, 2016 62 ოლიგარქს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე დედამიწის მოსახლეობის ნახევარს
11 აგვისტო, 2014 უმამი - გემოვნების შთაგონება ახალი რესტორანი თბილისის ყველაზე მოდურ სასტუმროში
17 ივლისი, 2014 კერძები ურთიერთობისათვის „რადისონ ბლუ, ბათუმის“ ახალი კულინარიული კონცეფცია
06 ივნისი, 2014 კა­ფე ივე­რია - ახა­ლი მყუდ­რო ად­გი­ლი ყა­ვი­სა და ნა­ყი­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თ­ვის
05 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგის უპირატესობები
04 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგი
30 მაისი, 2014 "რა­დი­სონ ბლუ"-ს სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსელ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში TripAdvisor-ის ხა­რის­ხის სერ­ტი­ფი­კა­ტი 2014 მო­ი­პო­ვა
02 მაისი, 2014 რადისონ ბლუ ივერია ქართული მწვანე ბიზნესის გამარჯვებული გახდა
25 აპრილი, 2014 საქართველოს საუკეთესო შეფმზარეული 2014