დაკარგული შედევრის ძებნა მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით
20 ოქტომბერი, 2009
649
print

ფლორენცია, იტალია: თუ მაურიციო სერაჩინის მსგავსად გჯერათ, რომ ლეონარდო და ვინჩის უმნიშვნელოვანესი ნახატი ფლორენციის მერიის კედელშია დამალული, მისი პოვნის ორი ხერხი გექნებათ. როგორც ყოველთვის, ლეონარდომ ორივე იწინასწარმეტყველა.

პირველი მეთოდი სამეცნიერო მოწყობილობის გამოყენებას გულისხმობს. დოქტორმა სერაჩინიმ ჯერ XVI საუკუნის სხვა მხატვრის ნახატი აღმოაჩინა და ის ლეონარდოს სურათის პოვნის საქმეში გასაღებად მიიჩნია, შემდეგ კი მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფს ჩაუდგა სათავეში. ჯგუფმა კედლის ყოველი მილიმეტრის შესწავლა დაიწყო და ოთახი ლაზერების, რადარებისა და ულტრაიისფერი და ინფრაწითელი სხივების აპარატებით აავსო. როცა იმ ადგილს მიაგნეს, სადაც დამალული სურათი ეგულებოდათ, შეიმუშავეს მეთოდი, რომლის თანახმადაც ნახატი კედლის ნეიტრონებით დაბომბვის მეშვეობით უნდა გამოემზეურებინათ.

"ლეონარდოს ესიამოვნებოდა იმის ნახვა, თუ როგორ იყენებენ მეცნიერების მიღწევებს მისი ყველაზე სახელგანთქმული შედევრის მოსაძებნად," - ამბობს დოქტორი სერაჩინი და იმ კედელს აჰყურებს, სადაც ერთ წელიწადში სურათის მიგნების, შემდეგ კი პირვანდელი სახით აღდგენის იმედი აქვს. "წარმომიდგენია, როგორ აღაფრთოვანებდა მთელი ეს მაღალტექნოლოგიური აპარატურა, რომელიც აქ უნდა დავაყენოთ".

დოქტორი სერაჩინი პალაცო ვეკიოს დიდ რიტუალურ ოთახში, 500-იან დარბაზში დგას. აღორძინების ეპოქაში, როცა ლეონარდოს და მიქელანჯელოს ფლორენციის სამხედრო გამარჯვებების ამსახველი ფრესკებით მისი მოხატვა შეუკვეთეს, აქ პოლიტიკური ცენტრი იყო.

2009 წლის ივლისის ამ დღეს, ეს დარბაზი კვლავ პოლიტიკური ცენტრია, რასაც ფლორენციის ახალი მერის მატეო რენცის მოულოდნელი გამოჩენაც მოწმობს. მერი თავისი ოფისიდან მანქანისაკენ სწრაფი ნაბიჯით მიემართება.

დოქტორი სერაჩინი სწრაფად წამოეწია მერის გარემოცვას. მას უნდა ფლორენციაში ლეონარდოს ნახატის აღმოსაჩენად მეორე უმთავრესი სტრატეგია გამოიყენოს, ანუ საჭირო ადამიანს მიაგნოს.

ეს ტაქტიკა მედიჩის სახლში ყოველთვის ამართლებდა მაკიაველის მსგავს თანამდებობის პირებთან. ეს უკანასკნელი ლეონარდოს მეგობარი იყო და ბრძოლის ფრესკის კონტრაქტზეც ხელი სწორედ მან მოუწერა.

სან დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორს ტექნიკის დარგში დოქტორ სერაჩინის, წლები დასჭირდა, რომ ბიუროკრატიული ბარიერები გადაელახა და თავისი ნეიტრონულ-სხივური ტექნოლოგიის გამოყენების ნებართვა მიეღო. მიზნის მისაღწევად ოცდაათ წელიწადზე მეტხანს იბრძოდა. 1975 წელს შეერთებულ შტატებში საინჟინრო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, დოქტორი სერანჩინი მშობლიურ ფლორენციაში დაბრუნდა და 500-იანი დარბაზი ლეონარდოს შემოქმედების მკვლევარ კარლო პედრეტისთან ერთად დაათვალიერა.

ისინი ლეონარდოს ყველაზე მასშტაბურ სურათს, "ანგიარის ბრძოლას" ეძებდნენ (რომელიც "საიდუმლო სერობაზე" სამჯერ უფრო განიერია). თუმცა სურათი დაუმთავრებელი დარჩა, რადგან ლეონარდომ მასზე მუშაობა 1506 წელს შეწყვიტა, ცენტრალური სცენა, რომელზეც ჯარისკაცებისა და ცხენების შეტაკებაა აღწერილი და რომელიც ანატომიისა და მოძრაობის ცოდნის უპრეცედენტოდ დახვეწილ გამოვლინებად ითვლება, დასრულებული იყო. რაფაელის დონის მხატვრები ამ სურათის სანახავად დარბაზს ათწლეულების განმავლობაში სტუმრობდნენ და ჩანახატებს აკეთებდნენ.

შემდეგ კი, სურათი დაიკარგა. 1563 წელს დარბაზის გადაკეთების დროს, არქიტექტორმა და მხატვარმა ჯორჯო ვაზარიმ კედელი იმ დროისთვის კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნებული მედიჩის გვარის სამხედრო გამარჯვებების ამსახველი ფრესკებით მოხატა, ხოლო ლეონარდოს სურათი თითქმის დავიწყებას მიეცა.

მაგრამ, 1975 წელს, როცა დოქტორი სერაჩინი ვაზარის ერთ-ერთ საბრძოლო სცენას იკვლევდა, მან პატარა დროშა და მასზე ორი სიტყვა შენიშნა - Cerca Trova, ანუ "ეძიებდე და ჰპოვებდე". შესაძლოა, ვაზარი ამით მიანიშნებდა, რომ აქ რაღაც იყო დამალული.

ოთახის ინფრაწითელი სურათების გადაღებისა და მისი ლაზერული გეგმის შედეგნის მეშვეობით, დოქტორ სერაჩინის ჯგუფმა გაარკვია, თუ სად იყო კარები და ფანჯრები, სანამ ვაზარი ოთახს გადააკეთებდა. რეკონსტრუქციის გეგმა და XVI საუკუნის დოკუმენტები საკმარისი აღმოჩნდა ლეონარდოს მიერ მოხატული ადგილის დასადგენად. ასევე გამოითქვა მოსაზრება, თუ რატომ შექმნა აქ მიქელანჯელომ მხოლოდ ფრესკის ესკიზი. მას ალბათ, ეწყინა, რომ ლეონარდოს კედლის ის ნაწილი ერგო, რომელიც ფანჯრიდან შემომავალი შუქით უკეთ იყო განათებული.

"ეს ოთახი დიდია, მაგრამ მიქელანჯელოსა და ლეონარდოსთვის ერთდროულად საკმარისად დიდი მაინც არ არის," - ამბობს დოქტორი სერაჩინი.

ბოლო ანალიზის მეშვეობით გაირკვა, რომ ლეონარდოს მიერ მოხატული ადგილი სწორედ იქ იყო, სადაც Cerca Trova ეწერა. კიდევ უფრო სასიამოვნო ამბავი კი ის იყო, რომ ვაზარის თავისი ნაშრომი უშუალოდ ლეონარდოს ნახატზე არ შეუსრულებია. ფრესკების დასახატად მან აგურის ახალი კედელი ამოაშენა.

2005 წელს დოქტორმა სერაჩინიმ დახმარების თხოვნით სამეცნიერო კონფერენციას მიმართა. მისი წინადადება იყო, რომ ფრესკაში ნეიტრონის უვნებელი სხივები უნდა გაეტარებინათ. ამერიკელი ფიზიკოსების, იტალიის ბირთვული ენერგიის სააგენტოსა და ნიდერლანდებისა და რუსეთის უნივერსიტეტების დახმარებით დოქტორმა სერაჩინიმ დაამზადა ხელსაწყოები, რომელთა საშუალებითაც უნდა დადგენილიყო, რა ქიმიური შენაერთები გამოიყენა ლეონარდომ.

ერთ-ერთმა ხელსაწყომ უნდა აღმოაჩინოს ნეიტრონები, რომლებიც წყალბადის ატომებთან შეჯახებისას აირეკლება. წყალბადი უხვად არის ორგანულ მასალებში (მაგალითად, სელის ზეთი და ფისი), რომლებსაც ლეონარდო იყენებდა. იმის მაგივრად, რომ ტრადიციული ფრესკის დასახატად სველ ბათქაშზე წყლით დამზადებული საღებავი გამოეყენებინა, როგორც ამას ვაზარი აკეთებდა, ლეონარდო კედელს წყალგაუმტარი გრუნტის ფენით ფარავდა და ზეთიანი საღებავებით ხატავდა.

კიდევ ერთი ხელსაწყოს ფუნქცია ნეიტრონებისა და სხვადასხვა ქიმიური ელემენტის ატომების შეჯახების შედეგად წარმოქმნილი თავისებური გამა-სხივების აღმოჩენაა.

ამ ხელსაწყოების დამზადება ძნელი იყო, თუმცა უფრო ადვილი, ვიდრე მათ გამოსაყენებლად ნებართვის აღება.

დოქტორი სერაჩინის თქმით, ის იმედს არ კარგავს, რომ "ანგიარის ბრძოლას" აღმოაჩენს, თუ, რა თქმა უნდა, ის ნამდვილად ხსენებულ ადგილზეა.

"დადებითი მხარე აქ ისაა, რომ ნახატი ხუთი საუკუნის განმავლობაში დაფარული იყო," - ამბობს სერაჩინი. - "ის დაცული იყო გარემოს ზემოქმედების, ვანდალიზმისა და რესტავრაციის წარუმატებელი მცდელობებისაგან. არა მგონია, ძალიან დაზიანებული იყოს".

თუ სერაჩინი მართალია, გამოდის, რომ ვაზარიმ ლეონარდოს კარგი სამსახური გაუწია, როცა მისი ნახატი დაფარა და საგანძურს ზემოთ საიდუმლო პატარა ალამიც დატოვა.

ჯონ ტირნი

სხვა სიახლეები
15 თებერვალი, 2017 ქარის ენერგიით ჰოლანდიურ ლიანდაგებზე
13 სექტემბერი, 2016 ხელოვნური ინტელექტი რასიზმსა და ნეონაცისტურ შეხედულებებში დაადანაშაულეს
09 მარტი, 2016 ხელოვნური ინტელექტი ადამიანზე უპირატესობას გოს თამაშში ავლენს
25 თებერვალი, 2016 ნასამ მთვარეზე დაჭერილ უჩვეულო ხმებს ფარდა ახადა
10 თებერვალი, 2016 აშშ–ის საპრეზიდენტო მარათონს ახალი კანდიდატი ჰყავს – სუპერკომპიუტერი
08 თებერვალი, 2016 არამიწიერ ცივილიზაციათა დუმილი
02 თებერვალი, 2016 ილონ მასკის მარსზე გაფრენის გეგმა ნასას უსწრებს
27 იანვარი, 2016 კოსმოსურმა ნაგავმა შესაძლოა პოლიტიკური კრიზისი წარმოშვას
15 დეკემბერი, 2015 მასკისთვის მარსისკენ მიმავალ გზაზე დამაბრკოლებელი გარემოება მესამე მსოფლიო ომის შესაძლო დაწყებაშია
02 დეკემბერი, 2015 მარკ ცუკერბერგი "ფეისბუქის" აქციათა 99 პროცენტს ქველმოქმედებას მოახმარს