უძველესი ცივილიზაციის რუკის შედგენის სწრაფი მეთოდი
30 მაისი, 2010
624
print

ორი არქეოლოგი და მათი გუნდი 25 წლის განმავლობაში ველურ ტროპიკულ ტყეებში მძიმე შრომას ეწეოდა, რათა ცენტრალურ ამერიკაში მაიას ტომის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის ნანგრევები გამოეკვლიათ და რუკაც შეედგინათ.

ისე ჩანდა, თითქოს ცულით ნელი და დამქანცველი მუშაობა ამჟამად ხშირი ტყით დაფარული უძველესი ურბანული ლანდშაფტის საფუძვლიანად შესწავლის ერთადერთი გზა იყო.

არქეოლოგებს ვერც ახალმა დისტანციურმა ტექნოლოგიებმა უშველა, თუმცა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ისინი სხვაგან დიდი წარმატებით იქნა გამოყენებული. ოპტიკური რადარებისა და მრავალსპექტრული გადაღებების "ხედვა" ჰაერიდან და კოსმოსიდან ტყეებში ვერ აღწევდა.

ამის შემდეგ, გასული გაზაფხულის მშრალ სეზონში ცოლ-ქმარ არლენ და დაიან ჩეისების გუნდმა ახალი მიდგომა გამოსცადა - ჰაერიდან გაშვებული ლაზერული სიგნალები, რომლებიც ჯუნგლების საფარში აღწევს და მის ქვემოთ მიწიდან აირეკლება, შედეგად წარსულში მაიას ქვეყნის დაბლობებზე ამჟამად კი ბელიზის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი უდიდესი ძველი ქალაქის კარაკოლის სამგანზომილებიანი გამოსახულება მიიღეს.

სულ რაღაც ოთხი დღის განმავლობაში ლაზერული მანძილსაზომის ლიდარის (lidar - light detection and ranging) დახვეწილი ვერსიით აღჭურვილი ორძრავიანი თვითმფრინავი ჯუნგლების თავზე დაფრინავდა და იმდენი მონაცემი შეაგროვა, რომ, არქეოლოგების თქმით, 25 წლის განმავლობაში მიწაზე ჩატარებული სამუშაოების შედეგებს გადააჭარბა. 207 კვადრატული კილომეტრის ფართობზე ჩატარებული თითქმის ათსაათიანი ლაზერული აზომვების სამკვირიანი ლაბორატორიული დამუშავების შედეგად ტოპოგრაფიული დეტალები კერძოდ, დასახლებები, დიდი არქიტექტურული ძეგლები და მცირე სახლისოდენა ყორღანები, გზები და სასოფლო-სამეურნეო ტერასები გამოჩნდა.

"უზარმაზარი მასალა დაგვიგროვდა, - თქვა დოქტორმა დაიან ჩეისმა მას შემდეგ, რაც ამას წინათ მიღებულ გამოსახულებებს პირველად გაეცნო. - ჩვენი აზრით, ლიდარი ისეთსავე ცვლილებებს მოახდენს მაიას არქეოლოგიაში, როგორიც 50-იან წლებში რადიოაქტიულმა დათარიღებამ, 80-იან და 90-იან წლებში კი, მაიას იეროგლიფების გაშიფვრამ მოახდინა".

ჩეისებს, რომლებიც ორლანდოს ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის პროფესორები არიან, წინა წლებში ჩატარებული კვლევების საფუძველზე მიაჩნიათ, რომ თავისი გაფურჩქვნის ხანაში - ჩვ. წ. აღ. 550-900 წწ. - კარაკოლი დიდ ფართობზე იყო გადაჭიმული. ქალაქს ჰქონდა ცენტრი, სადაც სასახლეებსა და მოედნებზე ცერემონიები ტარდებოდა, სამრეწველო ზონები და ღარიბი უბნები, ასევე - ქალაქის მომიჯნავე ტერიტორიები დიდი სახლებით, ბაზრებით, ტერასებიანი ველებითა და წყლის რეზერვუარებით.

ურბანული დასახლების განვითარების ამ სურათმა ჩეისებს აფიქრებინა, რომ განვითარების მწვერვალზე ქალაქის მოსახლეობა 115 ათასს აჭარბებდა, თუმცა სხვა არქეოლოგებს მიაჩნდათ, რომ ასეთი დასკვნები საკმარისად დასაბუთებული არ იყო.

"ახლა ჩვენ მთლიანი სურათი გვაქვს და მთელ ლანდშაფტს ვხედავთ, - ამბობს დოქტორი არლენ ჩეისი, რომელიც ლაზერის მეშვეობით მიღებულ მასალებს გულისხმობს. - ვიცით, რა ზომის იყო ეს ადგილი, მისი საზღვრები, რაც ადასტურებს ჩვენს შეხედულებებს მოსახლეობის სიდიდის შესახებ. ვხედავთ ასევე ტერასებს და ვიგებთ, თუ როგორ მოიპოვებდა ეს ხალხი საკვებს".

კარაკოლის კვლევისას უახლესი ლაზერული ტექნოლოგიები ასეთ დიდ არქეოლოგიურ არეალზე პირველად გამოიყენეს. ლიდარის გამოყენების შედეგები ინგლისში სტოუნჰენჯის მახლობლად, რკინის ხანის სხვა ნაგებობებზე და ამერიკის პლანტაციებზე რამდენიმე სამეცნიერო სტატიაშია აღწერილი. გასულ წელს ბირმინგემის ალაბამას უნივერსიტეტის წარმომადგენელი სარა პარკაკი წინასწარმეტყველებდა, რომ "ჯუნგლებით დაფარულ რეგიონებში ლიდარის გამოყენება არქეოლოგებს დიდად დაეხმარება".

ჩეისები ამბობენ, რომ კარაკოლის კვლევის დაწყების დროს დოქტორ პარკაკის შეფასებას მისი წიგნიდან "სატელიტური დისტანციური ზონდირების როლი არქეოლოგიაში" არ იცნობდნენ. ისინი თავიანთი კოლეგის ჯონ უაისჰამპელის რეკომენდაციას ეყრდნობოდნენ. დოქტორი უაისჰამპელი ბიოლოგია ცენტრალური ფლორიდიდან და ჰაერიდან გადაღებებს ტყეებისა და სხვა მცენარეული საფარის შესაწავლად წლების განმავლობაში წარმატებით იყენებს.

დოქტორმა უაისჰამპელმა პირველადი დაფინანსება პროექტისთვის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA-ს) კოსმოსური არქეოლოგიის ნალებად ცნობილი პროგრამიდან მოიპოვა. სხვა არქეოლოგები, რომლებიც კვლევაში არ მონაწილეობდნენ, მაგრამ შედეგებს იცნობენ, ამბობენ, რომ ტექნოლოგიები კვლევების გასაადვილებლად უნდა იქნას გამოყენებული, განსაკუთრებით ტროპიკებში, სადაც მცენარეული საფარი ხშირია, კერძოდ კი კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენამდე არსებულ დასახლებებში მექსიკასა და ცენტრალურ ამერიკაში, თუმცა ისინი ასევე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამით რუკების შედგენის ტრადიციული მეთოდისა და "ადგილზე სინამდვილის" დადგენის აუცილებლობა არ იხსნება.

პენსილვანიის უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და ანთროპოლოგიის მუზეუმის ყოფილი დირექტორი, ამჟამად კი ნიუ მექსიკოს სანტა ფეს უნივერსიტეტის პრეზიდენტი ჯერემი საბლოფი ამბობს, რომ კარგი იქნებოდა მასაც ჰქონოდა ლიდარი, როცა მექსიკაში საილის მახლობლად მაიას ტომის ნაგებობების ნანგრევებს სწავლობდა.

დოქტორი საბლოფის თქმით, ახალი ტექნოლოგიების დახმარებით "საველე პროგრამის დროს რუკებს ნამდვილად უფრო სწრაფად შევადგენდით, ინფორმაცია უფრო დაწვრილებითი გვექნებოდა და საკვლევი საკითხებისა და ჰიპოთეზების ფორმულირებასაც ბევრად უფრო ადრე შევძლებდით, ვიდრე ეს 80-იან წლებში იყო შესაძლებელი".

კოლორადოს უნივერსიტეტის არქეოლოგ პეისონ შიტსზე ლიდარმა თავდაპირველად დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. მისი თმით, NASA-ს თვითმფრინავმა ლაზერული სისტემა კოსტა რიკაში მის საკვლევ ტერიტორიაზე გამოსცადა, "მაგრამ როცა შევამჩნიე, რომ ტბაში წყალს 14 გრადუსის დაქანებით აფიქსირებდა, შემდგომში აღარ გამომიყენებია".

ახლა, როცა კარაკოლის გადაღებების შედეგებს გაეცნო, დოქტორ შიტსს გაუმჯობესებული ლიდარის კიდევ ერთხელ გამოცდის სურვილი გაუჩნდა. "გამაოცა დიდმა სიზუსტემ და მაღალმა სიმკვეთრემ", - თქვა მან.

"ბოლოსდაბოლოს, მივიღეთ ხშირი მცენარეული საფარით დაფარული მიწის ზედაპირის აღწერის არადესტრუქციული და სწრაფი საშუალება, - თქვა დოქტორმა შიტსმა და დასძინა. - კარაკოლში მიღწეულ წარმატებას თუ გავითვალისწინებთ, ადვილი წარმოსადგენია, რა მნიშვნელობა ექნება ამ მეთოდს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, მაგალითად, ანგკორ ვატში კხმერების ცივილიზაციის შესწავლის დროს".

მაიას კულტურაზე მომუშავე მეცნიერების თანდასწრებით ბოლო დროს გაკეთებულ მოხსენებებსა და ინტერვიუებში ჩეისები აღნიშნავენ, რომ დისტანციური ზონდირების უწინდელი საშუალებები უფრო არქეოლოგიური მიდამოების აღმოჩენაზე იყო ორიენტირებული, ვიდრე მიწის ზედაპირზე დარჩენილი ნანგრევების დეტალურ აღწერაზე.

სენსორები ვერ აღწევდა ხშირ ტყეებში, რომ ძველი ქალაქების რეალური ზომის დადგენა შესაძლებელი გამხდარიყო, რის შედეგადაც არქეოლოგები, ალბათ, სათანადოდ ვერ აფასებდნენ მაიას ცივილიზაციის მიღწევებს.

კარაკოლის კვლევის დროს თვითმფრინავი ტერიტორიის თავზე ერთ კილომეტრზე ნაკლებ სიმაღლეზე ფრენდა მშრალი სეზონის ბოლოს, როცა მცენარეების ფოთლები იმდენად ხშირი არაა. თვითმფრინავზე დაყენებული საჰაერო ლაზერული ტოპოგრაფი (ასე უწოდებენ ამ გაუმჯობესებულ ხელსაწყოს) 62 საფრენ ხაზზე ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებით და 60 საფრენ ხაზზე დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით სინათლის იმპულსებს რეგულარულად უშვებდა. ეს ხაზები აღწევდა ადგილებს, სადაც, როგორც ჩანს, ქალაქის განაპირა უბნები და სასოფლო-სამეურნეო ტერასები იყო. დადგინდა, რომ ქალაქის ფართობი არანაკლებ 180 კვადრატული კილომეტრი იყო.

ტრადიციული მეთოდით კარაკოლის შესწავლაში ჩეისების მიერ გატარებულმა წლებმა ლაზერული ტექნოლოგიების ეფექტურობა დაადასტურა. არქეოლოგების თქმით, ახლად მიღებულ გამოსახულებებზე მოცემული დეტალები ზუსტად ემთხვეოდა არსებული სტრუქტურებისა და კულტუროლოგიური მონაცემების უკვე ცნობილ რუკებს. როცა გუნდის წევრები ადგილზე სამუშაოდ დაბრუნდნენ, ლაზერული სურათების მეშვეობით აქამდე გამორჩენილი რამდენიმე მოკირწყლული გზა, ტერასებიანი მინდვრები და უამრავი ნანგრევი იპოვეს.

"ეს მაიას დასახლებების შესწავლის მეთოდებში რევოლუციას მოახდენს", - განაცხადა დოქტორმა არლენ ჩეისმა გაზაფხულზე კარაკოლში ჩატარებული სამუშაოებიდან დაბრუნების შემდეგ.

ჯონ ნოუბლ უილფორდი

სხვა სიახლეები
01 იანვარი, 2017 დიდ აფეთქებასთან დაახლოება გრძელდება
15 სექტემბერი, 2016 ასტეროიდი ბენუ XXII საუკუნის ერთ-ერთი მთავარი საშიშროებაა
17 ივნისი, 2016 „გახდი მარსელი“
25 აპრილი, 2016 "ღმერთის თვალით დანახული" სამყაროს აგებულება
16 აპრილი, 2016 ფანტასტიკის ზღვარზე მყოფი პროექტი უახლოესი ვარსკვლავური სისტემისკენ გაფრენას გვპირდება
06 აპრილი, 2016 ჰაბლის თვალით ირმის ნახტომის გულში
29 მარტი, 2016 სტივენ ჰოუკინგი: "უახლოეს 100 წელიწადში კაცობრიობა მარსის კოლონიზაციას შეძლებს"
25 მარტი, 2016 ადრონული განხეთქილება – კოლაიდერში ჰომოფობები აღმოაჩინეს
24 მარტი, 2016 ენცელადზე სიცოცხლის ფორმის აღმოსაჩენად ყველანაირი პირობა უნდა არსებობდეს
22 მარტი, 2016 აღმოჩენილია ახალი ტიპის გიგანტური გალაქტიკები – „ზესპირალური გალაქტიკები“