თაობის არჩევანი
07 ივნისი, 2010
526
print

როცა სასკოლო თეატრალური დასი სპექტაკლზე მუშაობას იწყებს, როგორ ფიქრობთ, რა თემატიკას აირჩევენ თინეიჯერები, რა სურთ, რომ სცენიდან გვითხრან, რა პრობლემები აწუხებთ?

"არჩევანი შენ" - ასე ერქვა სპექტაკლს, რომელიც თბილისის 120-ე საჯარო სკოლის თეატრალურმა დასმა "თეატრონმა" აკაკი ხორავას მსახიობის სახლში ფართო საზოგადოებას წარუდგინა.

სპექტაკლის სათაურმა შესაძლოა, 80-იან წლებში გახმაურებული ანა მხეიძის მოთხრობა "არჩევანი მე" გაგახსენოთ და არც თუ უსაფუძვლოდ: მოსწავლეთა სპექტაკლის თემაც ნარკომანიაა, თუმცა, არა მხოლოდ ეს. თინეიჯერებმა მათთვის დამახასიათებელი ექსპრესიით გვითხრეს, რომ მათ არანაკლებ აწუხებთ ოჯახური კონფლიქტები, გაუგებრობა მშობლებს შორის, შვილების მიმართ უყურადღებობა, ფასეულობათა სხვადასხვაობა. სტკივათ, როცა უხეშად ერევიან მათ გადაწვეტილებებსა და არჩევანში, არ ითვალისწინებენ მათ გრძნობებს. ისინი ფიქრობენ სიყვარულზე, ხვალინდელ დღეზე, გათენების სიხარულზე, პატიების უნარზე, ეძებენ ღმერთს ზეცაში და დედამიწაზე, დედის სახეში...

ყველაფრის სათავე ოჯახური სიყვარულის ნაკლებობაა - ასეთია დრამატურგის დასკვნა, რომელიც მე-11 კლასელია და მეგობრებთან ერთად სამყაროს შეცნობას ახლა იწყებს. ხათუნა რუხაძემ ამ პიესაზე მუშაობა წელიწადნახევრის წინ დაიწყო. მართალია, დამხმარედ ანა მხეიძის ცნობილ მოთხრობასაც მოუხმო და ნოდარ დუმბაძის "მზიანი ღამისა" და "კუკარაჩას" პასაჟებიც გამოიყენა, მაგრამ პიესა მაინც საავტორო ნამუშევრად შეიძლება ჩაითვალოს და თუ დრამატურგის ასაკსაც გავითვალისწინებთ, გაგვიკვირდება კიდეც, იმდენად თავგართმეულია სიუჟეტიც, გმირებიც, სათქმელიც. დოზირებულად ჩართული ლექსები და სიმღერები კი ახალგაზრდულ გარემოს კიდევ უფრო აცოცხლებდნენ და ხელშესახებს ხდიდნენ.

მშობლების აყალმაყალით და უყურადღებობით დაღლილი გიორგი ქუჩის მეგობრებს სთხოვს დახმარებას და პრობლემების დასავიწყებლად ნარკოტიკს ითხოვს. მშობლებს ვერ გაუგიათ, რა დააკლეს შვილებს, რით არიან ისინი უკმაყოფილონი, რატომ არიან უმადურები. შეიძლება დრამატურგის ამგვარი სვლა ინფანტილურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს სწორედ ის ასაკია, როცა ახალგაზრდებს ყველაზე მეტად სჭირდებათ თანადგომა. საინტერესო იყო მათი მსჯელობა ნარკოტიკებზე, სიამოვნების სიმართლეზე და ილუზიაზე. მათ აინტერესებთ რა ხდება იმ სამყაროში, რასაც ეიფორია ჰქვია, ეს ბუნებრივია, ხოლო უფროსებს ჩვენ უნდა გვქონდეს პასუხი ამაზე და მხოლოდ აკრძალვისა და მუქარის სიტყვებით არ უნდა ვცდილობდეთ მათ შეჩერებას.

"რა არის ეს პატარა "რაღაც", რომელსაც ყველაფერი შეუძლია, ჩვენ კი მასთან უძლურები ვართ?" -კითხულობენ თინეიჯერები. ნარკოტიკის მისაღებად წასულ გიორგის მეგობრები ვერ შეაჩერებენ. ბოლოს კი ჩათვლიან, რომ ყველამ თვითონ უნდა გააკეთოს არჩევანი. არჩევანი უნდა გააკეთონ მშობლებმაც, როცა გიორგი დაიღუპება და ისინი პასუხისმგებლობას მის მეგობრებს აკისრებენ. მათ შეუძლიათ ერთი ხელის აქნევით ეს ბიჭები ციხეში გაგზავნონ, ანდა ამ დაავადებასთან ბრძოლში დაეხმარონ.

"მხოლოდ ძლიერ და ჭკვიან ადამიანს შეუძლია სწორი არჩევანის გაკეთება!"- ჭკვიანი სახით გვტყორცნეს სცენიდან და ვიდრე გაცინებას მოვასწრებდით, იქვე ჩაგვრთეს დიალოგში: როგორ ნაწილდებიან ადამიანები ძლიერებად და სუსტებად, ჭვიანებად და სულელებად, ვინ არიან ეს ადამიანები, საიდან მოდიან?

თუ დარბაზის რეაქციით ვიმსჯელებთ, რომლის ძირითად ნაწილს თინეიჯერები შეადგენდნენ, უნდა ვიფიქროთ, რომ მათ ნამდვილად აწუხებთ ის პრობლემები, რაზეც თანატოლები სცენიდან ესაუბრებოდნენ.

"არ გინდა ილუზიური ბედნიერება, აირჩიე რთული გზა და არ შეუშინდე პრობლემებს"- აი, მთავარი გზავნილი, რაც 120-ე სკოლის მოსწავლეებმა ამ სპექტაკლით თანატოლებს უთხრეს.

მაია თევდორაძე

სხვა სიახლეები
29 ივნისი, 2015 “დურუჯის“ ნომინანტები ცნობილია
13 მაისი, 2015 დღეს პანტომიმის ფესტივალი იხსნება
24 მარტი, 2015 ეტიუდების საერთაშორისო ფესტივალი
24 ნოემბერი, 2014 სტუდენტური „ნიღაბი“ მესამედ გაიმართება
08 ოქტომბერი, 2014 ”საჩუქრის” საჩუქრები
17 ივლისი, 2014 ნაბიჯი წინ 30 წლით უკან
11 დეკემბერი, 2013 გრი­ბო­ე­დო­ვის თე­ატ­რის „ოქ­როს რა­ინ­დი“
15 ნოემბერი, 2013 სტუ­დენ­ტუ­რი ნი­ღა­ბი
20 სექტემბერი, 2013 ლე­პა­ჟის მთვა­რე­ზე! ანუ, თბი­ლი­სის თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი იწყე­ბა
18 ივნისი, 2013 მატს ეკის ძვე­ლი თე­მე­ბი ახალ წარ­მოდ­გე­ნა­ში