რა შეღავათით ისარგებლებენ ექსტერნის გამოცდაზე ჩაჭრილი მოსწავლეები
11 ივნისი, 2010
497
print

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ექსტერნის გამოცდებში ჩაჭრილი მოსწავლეებისთვის გამონაკლისის სახით უნიკალურ შეღავათს აწესებს.

მოსწავლეებმა, რომლებმაც რომელიმე საგანში დაწესებული ბარიერი ვერ გადალახეს, შესაძლებლობა აქვთ საგანი მომავალ წელს ჩააბარონ. თუმცა, შეუნარჩუნდებათ ყველა იმ საგანში მიღებული ქულა, რაც 2010 წელს წარმატებით გაიარეს.

სასკოლო ატესტატის ასაღებად 2009-2010 სასწავლო წლის ექსტერნის გამოცდებზე რეკორდული 3000-მდე მოსწავლე დარეგისტრირდა. ამის ერთ-ერთ მიზეზად ექსპერტები ატესტატის მიღების წესის ახალ კონცეფციას ასახელებენ - მომავალი წლიდან ატესტატის მისაღებად მოსწავლეებმა მინიმალური კომპეტენცია უნდა დაადასტურონ. სწორედ ამიტომ, მე-11 კლასის მოსწავლეებმა მე-12 კლასის გამოცდები (სულ 8 გამოცდა) ექსტერნად ჩააბარეს, მათ ვისაც ამავდროულად 18 წელი უსრულდებოდათ. როგორც წესი, მათ მე-12 კლასის ყველა სავალდებულო და ორი არჩევითი (ერთი საგანი საბუნებისმეტყველო და მეორე საზოგადოებრივი მეცნიერების ჯგუფიდან) გამოცდა ჩააბარეს. უკლებლივ ყველა საგანში გამსვლელი ქულა 10-დან 4,1 იყო, მაგრამ დაბალი ზღვარის მიუხედავად, დარიგისტრირებულთა 75%-მა ბარიერი ვერ გადალახა.

დიმიტრი შაშკინი: “რესურცენტრებში ექსტერნის გამოცდები აბსოლუტურად იგივე სისტემით ჩატარდა, როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრებში. ტესტები დაიბეჭდა იმ სტამბაში, სადაც კონფიდენციალობა მთლიანად დაცული იყო. თავად ტესტებიც ბანკის საცავებში იყო შენახული, რომელიც საგამოცდო ცენტრებში სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და პატრულის მეშვეობით იქნა მიტანილი. თუმცა, მე-12 კლასის გამოცდებზე, ბავშვების დაახლოებით 75% ჩაიჭრა და ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ - ბავშვები სკოლაში არ დადიან, შესაბამისად არ სწავლობენ".

- იმდენად რთული იყო გამოცდები, რომ მოსწავლეთა უმრავლესობამ ვერ დაძლია?

- არანაირი სირთულე, ტესტებში ძირითადად ბაზისური შეკითხვები იყო მოცემული, მაგრამ ვინაიდან ბავშვები სკოლაში არ დადიოდნენ და რეპეტიტორებთან მხოლოდ რამდენიმე საგანში მეცადინეობდნენ, ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს. როგორც ჩანს, მშობლებს ჰქონდათ იმის განცდა, რომ მათ შვილებს, რომლებიც სკოლაში არ დადიოდნენ, რეპეტიტორებთან უმაღლესისთვის საჭირო საგნებში მოამზადებდნენ, დანარჩენ სასკოლო საგნებში კი შვილებს აიძულებდნენ სახლში ემეცადინათ.

ბათუმში მე თავად ვესწრებოდი მე-12 კლასის ექსტერნის გამოცდას და ქიმიისა და ისტორიის გამოცდაზე ვნახე ის პრობლემები, რაც რეალურად არსებობს. მაგალითად, ბავშვების უმრავლესობამ დაწერა, რომ ფრანკო იყო საფრანგეთის პრეზიდენტი. დიდმა უმრავლესობამ კი დააფიქსირა, რომ ბენიტო მუსოლინი შვედეთის მეფე იყო, ხოლო ნიქსონი ეგვიპტეში ცხოვრობდა. ერთ-ერთმა გოგონამ განაცხადა, რომ ლონდონში მიდიოდა სასწავლებლად და ექსტერნად ამიტომ უნდოდა გამოცდების ჩაბარება. თუმცა, ვერ გასცა პასუხი “მაინ კანფი” რომ ჰიტლერმა და არა დე გოლმა დაწერა.

ძალიან მტკივნეული იყო, როდესაც ბავშვებმა დაწერეს, რომ 1992 წელს საქართველოს პირველი არჩეული პრეზიდენტი ჯუმბერ პატიაშვილი იყო. შეკითხვა, ვინ მოვიდა 1917 წელს რუსეთის ხელისუფლებაში, არ არის რთული, მით უმეტეს, როდესაც კითხვა ტესტურია და სავარაუდო პასუხებიც მითითებული აქვს. ბავშვმა, რომელმაც არ იცის წყლის ფორმულა და კითხულობს, რა არის მენდელეევის სისტემა... დასკვნა თქვენ თვითონ გამოიტანეთ.

- ამის მიუხედავად, ექსტერნის შედეგებმა პროტესტი გამოიწვია, რას აპირებს სამინისტრო?

- კანონით გათვალისწინებული საჩივრების მიღების ვადა 7 ივნისს ამოიწურა. შექმნილია კომისია, რომელიც ამ საჩივრებს განიხილავს და თუ კონკრეტულ ბავშვთან დაკავშირებით სადმე შეცდომა იყო დაშვებული ან გამსწორებელმა დაუშვა შეცდომა, ჩვეულებრივად, როგორც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ხდება ხოლმე, საჩივარზე ობიექტური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. თუმცა, საუბარი იმაზე, რომ ისტორიისა და ქიმიის გამოცდის შედეგები გავაუქმოთ და ისე დავუწეროთ ბავშვებს ნიშანი, გამორიცხულია. სამინისტროსთან შანტაჟის ენით საუბარს აზრი არა აქვს! მაგალითად, ერთ-ერთ ბავშვზე იყო პრეტენზია, რომ წყნარი ბავშვია და რატომ ჩაჭერითო. დამთავრდა ის დრო, როდესაც ნიშანს უწერდნენ იმიტომ, რომ ბავშვი წყნარი იყო. თუ ბავშვს ცოდნა არა აქვს, ან ბავშვს ან მის მშობლებს ნიშანი რაში სჭირდება, გაუგებარია.

- მოსწავლეებისა და მშობლების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ გამსვლელმა ქულამ დაიწიოს...

- ათი ქულიდან ბავშვებს 4,1-ს სთხოვდნენ ანუ ორიანზე ცოტა მეტი უნდა სცოდნოდათ...

-რა იქნება ამ ბავშვებისთვის გამოსავალი?

- აუცილებელია, რომ ბავშვებმა სკოლაში იარონ, მოემზადონ გამოცდებისთვის და სკოლაში რეალური ცოდნა მიიღონ. ქიმიის გამოცდაზე რომ გადის ბავშვი, მენდელეევი ვინ იყო, ის მაინც უნდა იცოდეს. თუმცა, იმის გამო, რომ რეფორმის მეორე ეტაპი ახლა დაიწყო, იმის გამო, რომ ბავშვების ინტერესები არ შეილახოს, მომავალ წელს ამ ბავშვებისთვის გამონაკლისს დავუშვებთ. შევუნარჩუნებთ იმ საგნების გამოცდების შედეგებს, რომლის ზღვარიც უკვე გადალახეს ანუ მომავალ წელს ამ ბავშვებს მხოლოდ იმ საგნების ჩაბარება მოუწევთ, რომელშიც ჩაიჭრნენ.

ნინო ბარაბაძე

სხვა სიახლეები
02 ივლისი, 2015 თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი ,,ჰიპოკრატე“
09 მარტი, 2015 კასტური სისტემა საქართველოს სასკოლო სივრცეში
22 დეკემბერი, 2014 სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
22 დეკემბერი, 2014 ს.ს.ი.პ. ,,ქალაქ ბათუმის №25 საჯაროსკოლა”აცხადებსსაჯაროაუქციონს
09 ივნისი, 2014 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
11 აპრილი, 2014 სკოლა და პოლიტიკა
18 მარტი, 2014 სამართალ-უსამართლობა და განათლება
27 ივნისი, 2013 ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გია სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში
22 ივნისი, 2013 კავ­კა­სი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სკო­ლა
23 მაისი, 2013 კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლა - ფარ­თო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სამ­ყა­რო