აფხაზური საკვირაო სკოლა თბილისში
22 სექტემბერი, 2009
474
print

გუშინ თბილისში, თავისუფლების მოედანზე აფხაზური საკვირაო სკოლა გაიხსნა.

სასწავლებელი საქართველოს პრეზიდენტის და აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით დაარსდა.სკოლაში აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეებთან ერთად თბილისელი ბავშვებიც ისწავლიან. პროექტის ხელმძღვანელია ორგანიზაციის "მომავალი თაობისათვის" პრეზიდენტი და სკოლის დირექტორი დავით მენაფირე. მისი განცხადებით, პროექტი აფხაზ და ქართველ ხალხს შორის ათეული წლების მანძილზე გაწყვეტილი კავშირის აღდგენასა და გაუცხოებული ახალგაზრდა თაობების ურთიერთდაახლოებას ისახავს მიზნად..

"აფხაზური ინტელიგენცია ქართველების მიმართ აგრესიულად არ არის განწყობილი. ამ დამოკიდებულებამ ფესვები რომ გაიდგას და აფხაზი ხალხის უმრავლესობა დაფიქრდეს იმაზე, თუ რას ნიშნავს მათთვის საქართველოს მიერ შესარიგებლად და სამეგობროდ გაწვდილი ხელი, ხოლო დიდი რუსეთის მხრიდან დამპყრობლური და იმპერიალისტური პოლიტიკა, აუცილებელია ჩვენც მივიღოთ ზომები და გადავდგათ კეთილგონივრული ნაბიჯები. ამიტომ გადავწყვიტეთ საქართველოში აფხაზური საკვირაო სკოლის დამკვიდრება და ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლებში აფხაზური ენის სწავლების შემოღება. პროგრამაზე საკამაო ხანია ვმუშაობთ, ამ კუთხით განათლების სამინისტროსთან აქტიურ თანამშრომლობას ვგეგმავთ", - აცხადებს პროექტის ავტორი.

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, სკოლამ უკვე 40 მოსწავლის განცხადება მიიღო და მათ შორის ბევრი თბილისელია.

არასამთავრობო ორგანიზაცია "მომავალი თაობისათვის" საქართველოში აფხაზური "დედაენის" გამოცემას გეგმავს. აფხაზური საკვირაო სკოლის მოსწავლეები სწორედ ახლადშედგენილი აფხაზური დედაენით ისწავლიან. წიგნზე მუშაობა ქართული "დედაენის" გამომცემელს, პროფესორ ნათელა მაღლაკელიძეს უკვე დაწყებული აქვს. აფხაზური "დედაენის" პრეზენტაცია გუშინ მოეწყო. ამ წიგნით სკოლის მოსწავლეები აფხაზურ ენას მე-10, მე-11 და მე-12 კლასებში შეისწავლიან. პროექტის ავტორების თქმით, სახელმძღვანელო ყველა ქართული საჯარო თუ კერძო სკოლის ბიბლიოთეკაში შევა.

"ამას არავინ გვაძალებს ან გვაიძულებს, ეს უბრალოდ, ჩვენი კეთილი ნებაა, რადგან პირველ რიგში, აფხაზეთი კი არა, აფხაზები უნდა დავიბრუნოთ", - აღნიშნავს ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით მენაფირე.

პირველი აფხაზური საკვირაო სკოლა - "ლამპარი" ქალაქ რუსთავში უკვე 2 წელია ფუნქციონირებს და დღეისათვის, იქ 600-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს. აფხაზურ ენას მათ პედაგოგი, ასევე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" აფხაზური ჯგუფის ჟურნალისტი, ეროვნებით აფხაზი - ირმა ოსია ასწავლის.

"ორწლიანი სწავლების შემდეგ მართლაც საოცარ შედეგებს მივაღწიეთ. ჩვენს სკოლადამთავრებულებს უკვე თავისუფლად შეუძლიათ ეკონტაქტონ აფხაზ თანატოლებს. სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც ინტერნეტში არიან ჩართულნი, ’სკაიპის" მეშვეობით აფხაზი მეგობრები გაიჩინეს... ახლახანს, გალის რაიონში თვითაღიარებული ქვეყნის პრეზიდენტმა და განათლების მინისტრმა კანონით აკრძალა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება. ჩვენ, პირიქით, მათი ენის შესწავლას ვცდილობთ... დარწმუნებული ვარ, დადგება დრო და შევრიგდებით, მაშინ ჩვენ აფხაზებს იმ მესამე - რუსული ენის ნაცვლად აფხაზურად დაველაპარაკებით და ჩვენს სათქმელს ასე ვეტყვით..." - აღნიშნავს სკოლის დირექტორი.

ორგანიზაციამ "მომავალი თაობისათვის" იდეის განხორციელებისთვის საქართველოს პრეზიდენტისგან მხარდაჭერა, ხოლო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორისგან კურთხევა მიიღო.


სხვა სიახლეები
02 ივლისი, 2015 თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი ,,ჰიპოკრატე“
09 მარტი, 2015 კასტური სისტემა საქართველოს სასკოლო სივრცეში
22 დეკემბერი, 2014 სს გეს „საქრუსენერგო“ გიწვევთ ფასთა გამოკითხვის (კონკურსის) პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად
22 დეკემბერი, 2014 ს.ს.ი.პ. ,,ქალაქ ბათუმის №25 საჯაროსკოლა”აცხადებსსაჯაროაუქციონს
09 ივნისი, 2014 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ
11 აპრილი, 2014 სკოლა და პოლიტიკა
18 მარტი, 2014 სამართალ-უსამართლობა და განათლება
27 ივნისი, 2013 ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გია სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში
22 ივნისი, 2013 კავ­კა­სი­ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სკო­ლა
23 მაისი, 2013 კავ­კა­სი­ის ბიზ­ნე­სის სკო­ლა - ფარ­თო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სამ­ყა­რო