2010 წლის აგვისტოში მასმედიის საშუალებებით გადაიცა სიუჟეტები და გამოქვეყნდა სტატიები, რომლებიც იყო მიკერძოებული, არაობიექტური, შეურაცხმყოფელი და შეიცავდა უნივერსიტეტისადმი უსაფუძვლო ბრალდებებს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს მიაჩნია, რომ მსგავსი სიუჟეტები მიზანმიმართულად ლახავს პირველი ქართული უნივერსიტეტის სახელს, მის პრესტიჟს, თანამშრომელთა ღირსებას და შეურაცხმყოფელია თითოეული უნივერსიტეტელისთვის, მთელი ქართული საზოგადოებისათვის.
პირველი ქართული უნივერსიტეტის მიმართ განხორციელებული ცილისმწამებლური და არაობიექტური საინფორმაციო კამპანია აფერხებს საქართველოს განათლების სისტემის შემდგომი განვითარების პროცესს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის მზად არის სამართალდამცავ ორგანოებთან და მასმედიასთან ღია და გამჭვირვალე თანამშრომლობისათვის, რათა გამოვლინდნენ და დაისაჯონ დამნაშავეები ნებისმიერი ტიპის სამართალდარღვევისთვის, ხოლო საზოგადოებას მიეწოდოს ობიექტური ინფორმაცია უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ვიმედოვნებთ, რომ მასმედიის მხრიდან ფაქტებისა და მოვლენების არაობიექტურ და შეურაცხმყოფელ გაშუქებას ადგილი აღარ ექნება და საზოგადოებას უნივერსიტეტის შესახებ მხოლოდ ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაცია მიეწოდება.
აკადემიური საბჭო თხოვნით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს, რომ შეხვდეს საუნივერსიტეტო საზოგადოებას და მიიღოს ობიექტური ინფორმაცია უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების შესახებ.
აკადემიური საბჭო სთხოვს მასმედიას, საზოგადოებას გააცნოს აღნიშნული განცხადება.
თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის აკადემიური
საბჭო