ქართული ავიაციის სტანდარტებს ამერიკელი ექსპერტები შეამოწმებენ
23 სექტემბერი, 2009
266
print

უახლოეს მომავალში ქართული ავიაცია მსოფლიო სტანდარტებს კიდევ უფრო მიუახლოვდება. ამ მიმართულებით კი უმნიშვნელოვანეს როლს ის შეთანხმება შეასრულებს, რომელიც გუშინ გაფორმდა.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სატრანსპორტო უშიშროების ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში პოლ როჯერსმა და საქართველოს ერთიანი სატრანსპოტრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ბოკუჩავამ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას, სადაც დეტალურად არის გაწერილი, თუ რა კონკრეტული მიმართულებით ითანამშრომლებენ სამოქალაქო ავიაციის უშიშროების საკითხებში აშშ-სა და საქართველოს სატრანსპორტო ადმინისტრაციები.

საქართველოში უკვე ჩამოსულია 8-კაციანი სამუშაო ჯგუფი ამერიკის შეერთებული შტატების სატრანსპორტო უშიშროების ადმინისტრაციიდან. ისინი ქართულ ავიაციაში მიმდინარე პროცესებს შეისწავლიან და კვირის ბოლოსათვის დადებენ დასკვნას იქ არსებული მდგომარეობის შესახებ და სათანადო დახმარებასაც გაგვიწევენ. ამერიკელი ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მსოფლიო სტანდარტებთან მიახლოების გზებსა და მეთოდებზე იმუშავებს, ასევე იგეგმება საავიაციო უშიშროების სპეციალისტების დატრენინგება და თბილისის აეროპორტისთვის საჭირო დანადგარების შეძენა. “ამერიკის ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაციას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, განსაკუთრებით ავიაციის უსაფრთხოებაში, და ჩვენთვის მათი თვალით დანახული საქართველოს ავიაციის უსაფრთხოების საკითხები, რეკომენდაციები და დახმარებები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი სტანდარტები ავიაციის უსაფრთხოების სფეროში ზმაღლა აიწევს. ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს უფრო უსაფრთხო ფრენებს. ჩვენ ამ მემორანდუმით გათვალისწინებული პირობების თანახმად ძალიან ნაყოფიერად დავიწყებთ მუშაობას... მოხარული ვიქნებით, თუ უახლოეს მომავალში ქართული ავიაციის სტანდარტები აშშ-ს სტანდარტებს მიუახლოვდება და თუ რომელიმე ავიაკომპანია გადაწყვეტს, პირდაპირი ხაზით იფრინოს საქართველოსა და ამერიკას შორის,” - განაცხადა “24 საათთან” საუბრისას საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ბოკუჩავამ.

ამერიკის შეერთებული შტატების სატრანსპორტო უშიშროების ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ხელმოწერის ცერემონიალის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით უსაფრთხო ფრენა არა მხოლოდ ერთი ქვეყნის, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემაა და ყველა ერთად უნდა შეეცადოს, ამ უსაფრთხოების სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია მოახდინოს. “მოხარული ვარ, რომ ჩვენი შეხვედრა შედგა და ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ხელი მოეწერა. ჩვენი ადმინისტრაცია ავიაციის უსაფრთხოების მიმართულებას აღიქვამს როგორც საერთაშორისო საკითხს, იმდენად, რამდენადაც ავიაცია საერთაშორისო თემაა. ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ ევროკავშირთან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან, რათა საერთაშორისო სტანდარტების შემუშავება გლობალურად მოხდეს... დღეს ჩვენ ბევრი რამ შევიტყვეთ იმ სიახლეების შესახებ, რომლებიც საქართველოს ავიაციაში ხორციელდება. ამ სახის თანამშრომლობას მივესალმებით,” - ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების სატრანსპორტო უშიშროების ადმინისტრაციის წარმომადგენელი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში პოლ როჯერსი.

აღსანიშნავია, რომ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის გაფორმების ინიციატივა აშშ-ს სატრანსპორტო უშიშროების ადმინისტრაციას ეკუთვნის. ქართული მხარე იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული პროცესის წარმატებით დასრულების შემდეგ საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით პირდაპირი ხაზი დაინიშნება.

სხვა სიახლეები
25 იანვარი, 2016 რუსეთის ეკონომიკური პროგნოზი
18 იანვარი, 2016 62 ოლიგარქს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე დედამიწის მოსახლეობის ნახევარს
11 აგვისტო, 2014 უმამი - გემოვნების შთაგონება ახალი რესტორანი თბილისის ყველაზე მოდურ სასტუმროში
17 ივლისი, 2014 კერძები ურთიერთობისათვის „რადისონ ბლუ, ბათუმის“ ახალი კულინარიული კონცეფცია
06 ივნისი, 2014 კა­ფე ივე­რია - ახა­ლი მყუდ­რო ად­გი­ლი ყა­ვი­სა და ნა­ყი­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თ­ვის
05 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგის უპირატესობები
04 ივნისი, 2014 ონლაინ შოპინგი
30 მაისი, 2014 "რა­დი­სონ ბლუ"-ს სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსელ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში TripAdvisor-ის ხა­რის­ხის სერ­ტი­ფი­კა­ტი 2014 მო­ი­პო­ვა
02 მაისი, 2014 რადისონ ბლუ ივერია ქართული მწვანე ბიზნესის გამარჯვებული გახდა
25 აპრილი, 2014 საქართველოს საუკეთესო შეფმზარეული 2014