ლადო გურგენიძემ "სახალხო ბანკის" გენერალური დირექტორის პოსტი დაიკავა
23 სექტემბერი, 2009
478
print

“სახალხო ბანკის” აქციათა საკონტროლო წილი გაიყიდა. ბანკის აქციათა 91,218 პროცენტის ანუ საკონტროლო პაკეტის მფლობელი “Liberty Investments Holding B.V”-ის შვილობილი კომპანია “Liberty Capital LLC” გახდა.

კომპანია “Liberty” ახლად დაარსებული საინვესტიციო კომპანია გახლავთ, რომლის ბენეფიციარი მფლობელებიც დინუ პატრიჩიუ და ლადო გურგენიძე არიან.

ლადო გურგენიძე “საქართველოს ბანკის” ყოფილი გენერალური დირექტორი, 2007-2008 წლებში კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახლდათ. ამჯერად კი კომპანია “Liberty”-ს გენერალური დირექტორის თანამდებობა უკავია. “Liberty”-ს მიერ “სახალხო ბანკის” საკონტროლო აქციათა შეძენის შემდეგ ლადო გურგენიძე “სახალხო ბანკის” გენერალური დირექტორის და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტებსაც დაიკავებს.

რაც შეეხება დინუ პატრიჩიუს, იგი რუმინული კომპანია “Rompetrol”-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია და, ამასთან, სოლიდურ ინვესტიციებს ახორციელებს ევროპის კომერციული უძრავი ქონების სექტორშიც. ასევე, დინუ პატრიჩიუ მედიაჯგუფის “Adevarus Holding” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და “დინუ პატრიჩიუს ფონდის” პრეზიდენტია. ჟურნალ “Forbes”-ის მონაცემების მიხედვით დინუ პატრიჩიუ რუმინეთის უმდიდრესი ადამიანია და მის მფლობელობაში არსებული აქტივების ღირებულება 1.8 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება.

“სახალხო ბანკის” შესყიდვასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე ლადო გურგენიძემ განაცხადა, რომ ეს პირველი ინვესტიციაა, რომელიც კომპანია “Liberty”-მ განახორციელა. ბიზნესმოდელი კი გულისხმობს ისეთი ინვესტიციების ჩადებას ისეთ მზარდ ბაზრებზე მოქმედ ბანკებში, სადაც ეკონომიკური პირობები და რეფორმების ტენდენციები საქართველოს და სხვა, წარმატებული, ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნების მსგავსია. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ “Liberty”-მ პირველი ინვესტიცია საქართველოში განახორციელა. მისი თქმით, “სახალხო ბანკს” განვითარების დიდი პოტენციალი აქვს ყოვლისმომცველი ფილიალების ქსელის და საპენსიო მომსახურების ხარჯზე. კარგად კაპიტალიზირებული, კომპეტენტური ინვესტორის მართვის ქვეშ ბანკი შესაძლოა ქართული ბანკების პირველ ხუთეულში მოხვდეს. მომდევნო თვეებში კი მუშაობის პრიორიტეტი იქნება “სახალხო ბანკის” რესტრუქტურიზაციის დაწყება. განხორციელდება დამატებითი საკუთარი კაპიტალის ინვესტირება. არ იგეგმება ბანკის აქციების საქართველოს საფონდო ბირჟის ლისტინგიდან ამოღება და შესაძლებელია, თავისუფალ მიმოქცევაში არსებული აქციების რაოდენობა 20-25 პროცენტამდე გაიზარდოს.”

ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძის განცხადებით, "სახალხო ბანკთან" დაკავშირებით შემდგარი გარიგება ადასტურებს, რომ ქართული საბანკო სისტემა უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველია. მისი თქმით, ეს გარიგება არის პირველი, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საქართველოში განხორციელდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ "სახალხო ბანკი" საქართველოში სტრუქტურულად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბანკია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ფილიალების ყველაზე დიდ ქსელს ფლობს და მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ "სახალხო ბანკს" სათავეში ყველაზე გამოცდილ ბანკირთა ჯგუფი ჩაუდგა.

სხვა სიახლეები
06 მაისი, 2015 ”ეროვნული ბანკის ცალმხრივი ქმედებები არ იქნება საკმარისი ლარის სტაბილურობისათვის”
23 აპრილი, 2015 გაკვეთილი
12 ივნისი, 2014 TBC ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე
03 აპრილი, 2013 ამიერიდან საქართველოს ბანკის American Express ბარათებით „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებშიც გადაიხდით!
15 თებერვალი, 2013 თიბისი ბანკის ბარათების ფესტივალი დასრულდა
13 თებერვალი, 2013 12 თებერვლიდან “ვითიბი ბანკი” ავტოსესხებზე აქციას იწყებს
18 იანვარი, 2013 თიბისი ბანკმა სამი მეანაბრე ფულადი პრიზებით დაასაჩუქრა
21 დეკემბერი, 2012 თიბისი ბანკის ბარათების ფესტივალი დაიწყო
05 დეკემბერი, 2012 "ურთიერთობისთვის ყოველი ჩვენგანი მნიშვნელოვანია"
23 ნოემბერი, 2012 "ბანკმა კონსტანტამ" ახლადგახსნილი და განახლებული ფილიალების პრეზენტაცია გამართა