ბევრი კუანტი, ანუ სანამ მთვარეზე მოხვდები
26 მაისი, 2013
788
print

წავალ ვუდსტოკზე.

გავსინჯავ ელესდეს. მთელ ხმაზე მოვუსმენ The Rolling Stones-ის საყვარელ სიმღერას "I can`t get no satisfaction"-ს და კიდევ ერთხელ ვნახავ "საუზმეს ტიფანისთან", ოღონდ ისე, თითქოს პირველად ვუყურებდე. შემდეგ გარდერობს ძალიან მოკლე კაბებით გავავსებ, პაციფისტურ მოძრაობას შევუერთდები, ჩინუა აჩებეს წიგნებს წავიკითხავ, შემიყვარდება მერი კუანტი და ყველაფერი, რაც mod-თანაა დაკავშირებული. შევიძენ ფორდ მუსტანგს და მას ისე ვატარებ, რომ ერთი ძალიან კარგი სიმღერის ტემპს არ გავუსწრო - Giiirl, you really got me going... იმიტომ, რომ The Kinks ძალიან მაგარია. იმიტომ, რომ გარეთ სამოციანებია.

ჰო, 60-იანები კვლავ დაბრუნდა, თუმცა არა სრულყოფილი სახით - არსად ჩანს ჰიპური განწყობა, როკი და თავისუფლების წყურვილი. სამაგიეროდ, მოდის წამყვანმა სახლებმა ამ წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონებისთვის სამყაროს დაუბრუნეს ამ ათწლეულის ყველაზე რომანტიკული განწყობა - მოშიშვლებული გამხდარი მუხლები და ტრაპეციის ფორმის ძალიან მოკლე კაბები, რომლებიც ოდრი ჰეპბერნისა და ფრანსუაზა არდის სილამაზეს გვახსენებს. სამოციანების სტილის სამოსის სატარებლად, ცხადია, ჯობია ტვიგის ფორმები გვქონდეს, თუმცა უზომო სიგამხდრე და მინიატურული პარამეტრები ამჯერად იდე ფიქსი არ გამხდარა. როგორც Fendi-ის, ისე Chanel-ის საგაზაფხულო კოლექციებში ძალიან ვიწრო მხრებზე აქცენტი არ გაკეთებულა, უბრალოდ, მოკლე კაბის ტარების სურვილი ტრენდის მთავარ ნაწილად იქცა.

ის, რომ დროში მოგზაურობის სურვილი მთელ სამყაროს მოედო, ადვილი შესამჩნევია, საკმარისია ინტერნეტში სხვადასხვა ქვეყნების ქუჩის სტილს გადავხედოთ. უკვე დიდი ხანია, მოდაში ასე პოპულარული არ ყოფილა ულტრა-მოკლე კაბები, თუმცა ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი სამოციანების დასაბრუნებლად. მთავარი მაინც დეტალებია - A ფორმის სილუეტი, ვიწრო მხრები, color block, შავ-თეთრი გრაფიკა, თამამი პრინტი და ფერები, ეს ყველაფერი კი გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებში ძალიან დიდი დოზით ვნახეთ. Louis Vuitton, Moschino, Michael Kors, Kate Spade, Giles, Prada, Victoria Beckham, Marc Jacobs - ეს იმ სახელების მოკლე ჩამონათვალია, რომლებმაც წელს სამოციანებისთვის დითირამბების მიძღვნა გადაწყვიტეს.

Fendi-სგან განსხვავებით, Louis Vuitton-ის და Moschino-ს სახლებმა ამ შემთხვევაში ტრადიციების უფრო მეტად დაცვას დაუჭირეს მხარი - ნეონის ფერები, A ფორმის სილუეტი, მაღალი ვარცხნილობა და რეტრო-სტილის მასიური საყურეები - კოლექციებში ყველაფერი სკრუპულოზური სიზუსტითაა გათვალისწინებული. ე.წ თოჯინის პროპორციების დაცვას ორივე სახლის დიზაინერებმა დიდი დრო დაუთმეს. მერი კუანტის სახელი საერთო ავტორიტეტად იქცა, ისევე, როგორც გრაფიკა - შთაგონების წყაროდ, თუმცა თუ Louis Vuitton-ისთვის ჭადრაკის ფორმის პრინტი მთავარი მომენტია, Moschino-სთვის ინსტრუმენტი უფრო მხიარული ნახატები და ცოცხალი ფერები იყო. შავ-თეთრი ზოლები - ამ უკანასკნელის საზაფხულო კოლექციის კიდევ ერთი აღსანიშნავი დეტალია, თუმცა ფერადოვნება მაინც ის ფაქტორია, რომელიც Moschino-ს სამოსს საუკეთესო ვარიანტად აქცევს, თუ 60-იანებში მოგზაურობას გადავწყვეტთ.

მოკლე კაბასთან ერთად, სამოციანების სტილის სრულყოფა რამდენიმე დეტალით შეიძლება. ესენია: cat-eyes ან მრგვალი ფორმის ფერადი სათვალე, რომელიც ამ სეზონზე ძალიან აქტუალურია, ასევე მოკლეყურიანი საშუალო ზომის ჩანთები და ფეხსაცმელი დაბალ, დახვეწილ ქუსლზე. არანაკლებ მნიშვნელოვან როლს თამაშობს სილამაზის ტენდენციებიც, რომელთა შორის განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს მაღალი ვარცხნილობა (სწორედ ისეთი, როგორიც ვნახეთ Marc Jacobs-ის ჩვენებაზე, ასევე ფრანგ მსახიობ, მარიონ კოტიარზე კანის ფესტივალზე რამდენიმე დღის წინ). სამოციანების მაკიაჟში აქცენტი თვალის მუქი ფერის ჩრდილებზე კეთდება, თუმცა Moschino-მ ამას მკვეთრი ფერის პომადაც დაუმატა.

სამოციანების აურის შესაქმნელად ყველაზე რთული არომატის პოვნა იქნება. ბოლო წლებში, აღნიშნული ეპოქის სუნამოები განაახლეს Chanel-ის და Lancome-ის სახლებმა, რის შედეგადაც დახლებზე გაჩნდა პირველის no 19 Poudre, ხოლო მეორეს - O de l`Orangerie. სამწუხაროდ, ბირკინისეულ რომანტიკულ ხასიათს არცერთი არ ატარებს. სამაგიეროდ, თბილი ამინდებისთვის ორივე კარგი არჩევანი იქნება.

Chanel no 19 გაზაფხულის სურნელია - ზამბახისა და ნეროლის ნოტებით და მერქნის სურნელით. ეს უკანასკნელი, მუშკთან ერთად, არომატს სიმძიმეს ანიჭებს, რის გამოც 19-ის ტარება ზაფხულში მხოლოდ გრილი საღამოების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ვერსია სულ რაღაც ორი წლის წინ განახლდა, მას სამოციანების დასასრულის რეტრო-განწყობა შესანიშნავად მოაქვს - არ ჰგავს სხვა თანამედროვე არომატებს, ამასთან, იმდენად ელეგანტურ მუხტს ატარებს, რომ შეიძლება ითქვას, არ არის გათვლილი ძალიან ახალგაზრდა აუდიტორიაზე.

სულ სხვაა Lancome-ის O de l`Orangerie. თუ ფორთოხლის ყვავილის სურნელის მიმართ გულგრილი არ ხართ, აუცილებლად უნდა გაეცნოთ, თუმცა სჯობს წინასწარ გაითვალისწინოთ ისიც, რომ ის განკუთვნილია მხოლოდ ცხელი ამინდისთვის და მხოლოდ დღის ტუალეტისთვის (სწორედ ამ მიზეზის გამო, ორი წლის წინათ შეძენილი ბოთლის ერთ მესამედზე მეტი ისევ სავსე დამრჩა). მთავარი, რაც ამ არომატზე უნდა იცოდეთ, ისაა, რომ მასში აბსოლუტურად არაა სიტკბო, რაც ზაფხულში გასაგრილებლად სულაც არ არის ცუდი, თუმცა დასაწყისი საკმაოდ მძაფრია, რაც ბერგამოტის დამსახურებაა. ათიოდე წუთის შემდეგ ბუკეტი სიმსუბუქეს იძენს, მაგრამ არასოდეს ხდება "გამჭვირვალე", როგორც თანამედროვე საზაფხულო არომატების უმეტესობა. სწორედ ესაა მისი "რეტრო" მხარე, რომელიც ძველი ფრანგული პარფიუმერიის ასოციაციას აჩენს. რაც შეეხება საუკეთესო მომენტს, ის საკმაოდ გვიან დგება, როცა ჟასმინისა და კედრის არომატი თავს აღწევს ციტრუსის გავლენას, თუმცა ფორთოხლის ყვავილი ბოლომდე საგრძნობია. O de l`Orangerie ზაფხულში ცოტაოდენი სუფთა ჰაერის შეგრძნებისა და ოპტიმისტური განწყობისთვის არცთუ ურიგო საშუალებად შეიძლება იქცეს. თუმცა, ოპტიმიზმის დეფიციტის შექმნის საშიშროებაც არც არსებობს, როცა გარეთ სამოციანებია, "აპოლო-11" მთვარეზე გასაფრენად ემზადება, რადიოდან კი ბითლზის ხმა ისმის - She loves you, yeah, yeah, yeah...