ზაფხული 2013. რაციონალური მოდა
23 ივნისი, 2013
916
print

„ისევე, როგორც პოეზია, მოდა არაფრის კონსტატირებას არ ახდენს, ის, უბრალოდ, რაღაცას გთავაზობთ”, - თქვა ერთხელ კარლ ლაგერფელდმა.

საბედნიეროდ, ეს სიმართლეა - ასე რომ არ იყოს, მოგვიწევდა თბილ სეზონებზე ტყავისგან შეკერილ სამოსში გამოწყობილებს ხშირად გვევლო, მისი განსაკუთრებული აქტუალურობიდან გამომდინარე. თუმცა, ზაფხულში პრიორიტეტული ე.წ. fashion victim-ის კატეგორიის ადამიანებისთვისაც კი კომფორტი ხდება ხოლმე, ტენდენციების მრავალფეროვნება კი საშუალებას გვაძლევს, არჩევანი შევაჩეროთ სამოსზე, რომელიც მოდურთან ერთად, ცხელი ამინდის ლოგიკური კომპანიონიც იქნება.

როდესაც გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებში გამჭვირვალე ქსოვილისგან შეკერილი სამოსი ჩნდება, რთულია ეჭვი შეიტანო იმაში, რომ ის პოპულარული გახდება. ამას დავუმატოთ ის ფაქტორიც, რომ წელს აღნიშნულ ტენდენციას თითქმის არაფერი აქვს საერთო ვულგარულობასთან და გამჭვირვალე ქსოვილები ძირითადად სენსუალური, ნაზი სილუეტების შესაქმნელად იქნა გამოყენებული ძალიან ბევრი მოდის სახლის მიერ. ბრენდების მოკლე ჩამონათვალშია Rick Owens, Missoni, Helmut Lang, Chloe, Akris, Reed Krakoff, MaxMara, Alberta Ferretti, Blugirl, Givenchy, Topshop Unique, Cacharel, Stella McCartney, Temperley London... დიზაინერებმა შიფონისა და ორგანზას წყალობით ჰაეროვნების ეფექტს იოლად მიაღწიეს. ცხადია, უმეტეს შემთხვევაში სამოსი არა მთლიანად, არამედ მხოლოდ ნაწილობრივაა გამჭვირვალე. ხშირად ასეთი ქსოვილით მთავრდება კაბა, ის ფარავს მოკლე ზედატანს ან გამოიყენება, როგორც სამოსის მეორე, ზედა ფენა. ყველაზე ლამაზი საზაფხულო კაბები ვნახეთ Chloe-ს, Cacharel-ის, Akris-ის კოლექციებში. ტრენდი არა მხოლოდ ესთეტიურობის გამოა მიმზიდველი - ზაფხულში რთული წარმოსადგენია სამოსი, რომელიც უფრო გრილი და სატარებლად კომფორტული იქნება, ვიდრე საოცრად თხელი, გამჭვირვალე ნაჭრისგან შეკერილი სიფრიფანა კაბებია.

Cutout კიდევ ერთი სიტყვაა, რომელიც ყურს სასიამოვნოდ ხვდება, როდესაც ზაფხულის გარდერობზე ვიწყებთ ფიქრს. ე.წ. „დაჭრილი” სამოსის ეფექტი აქტუალური ჯერ კიდევ ადრიანი გაზაფხულიდან გახდა, თუმცა მაშინ ინტერესის საგანი ტყავის ქურთუკები იყო. ამჯერად მოდა არანაკლებ საინტერესო სამოსს გვთავაზობს, ძირითადად კაბების სახით. ამგვარად „გააშიშვლა” სხეული ბევრმა დიზაინერმა, რისი ნათელი დადასტურებაცაა Victoria Beckham-ის, Chloe-ს, Diane Von Furstenberg-ის, Roberto Cavalli-ის, Cushnie et Ochs-ის, Versace-ს, Tata Naka-s, Lacoste-ის, BCBG Max Azria-სა და რა თქმა უნდა, Alexander Wang-ის კოლექციები. ამგვარი დეკონსტრუქცია სამოსს ასევე პროვოკაციულს ხდის, მაგრამ მთავარი აზრი, რომელიც მისი ნახვისას იბადება, ისაა, რომ მწველი მზის ქვეშ კანს კვლავ ექნება სუნთქვის საშუალება.

ბერმუდები და კიდევ უფრო მოკლე შარვლები ასევე იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს, რომ სამხრეთული ზაფხული გრილად ჩაივლის. 80-იანების განწყობით შეკერილი მოკლე სიგრძის კაბა-შარვლების აქტუალურობა კიდევ უფრო სასიამოვნო ფაქტია, იქიდან გამომდინარე, რომ წელს დიზაინერებმა მოახერხეს, ის საქმიან სტილთან შეეთავსებინათ. ეს განსაკუთრებით ეხება Marni-ის, Rag&Bone-ის, Chalayan-ის საზაფხულო ესთეტიკას. ბერმუდების ტარების იდეა მასკულინური სტილის თხელ პერანგებთან მათ მთავარ გზავნილად იქცა. შედარებით უზრუნველი სტილით გამოირჩეოდნენ Chloe, Paul&Joe, Anthony Vaccarello.

საცურაო კოსტიუმების შემთხვევაში დიზაინერების ნაწილი კვლავ ანიჭებს უპირატესობას დეკორატიულ მომენტს, შესაბამისად, არც ისე კომფორტული რეტრო სტილი ამ შემთხვევაში კვლავ მოდურია. თუმცა, თუ ორიგინალური სტილი პრიორიტეტულია, მაგრამ მშვიდი ფერთა გამა და აქცენტი მაღალ წელზე ძველმოდურობასთან ასოცირდება, ამ შემთხვევაშიც არსებობს გამოსავალი - საცურაო კოსტიუმი, რომელიც შიდა თეთრეულის ასოციაციას იწვევს, სეზონის ერთ-ერთ შესამჩნევ ტრენდად იქცა. მისი მიღება ალბათ მხოლოდ განსაკუთრებით თამამებს შეუძლიათ, თუმცა გამბედაობისთვის Jason Wu-ს კოსტიუმი კარგი მიზეზი უნდა იყოს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ბოლო ხანებში ძალიან აქტუალური სექსუალურ- დომინანტური სტილით გულგრილი არ დარჩენილა.

სამოსთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია კომფორტულად სატარებელი იყოს საზაფხულო არომატიც. თანაც, ამ შემთხვევაში, მხოლოდ ეგოისტური მოტივით ხელმძღვანელობა ცუდი ტონი იქნებოდა - პარფიუმი თაფლის, კარამელის, ამბრის და მსგავსი მძიმე ნოტებით, როგორც არ უნდა მოგწონდეს ის, ჯობია შემოდგომამდე გრილ, ნესტისგან დაცულ ადგილზე შევინახოთ და ყურადღება მსუბუქ არომატებზე გადავიტანოთ. კონსერვატიული ბუნების ადამიანებისთვისაც არჩევანის გაკეთება იოლი უნდა იყოს, რადგან ძალიან ბევრი ბრენდი სწორედ საზაფხულოდ უშვებს ცნობილი პარფიუმების eau fraiche ვერსიებს - ორიგინალი პარფიუმის თითქმის იდენტურ, უბრალოდ უფრო მსუბუქ ვარიანტებს.

აღნიშნული არ ეხება Fendi-ს ახალ ქმნილებას Fan di Fendi Eau Fraiche-ს, თუმცა სწორედ ის ფაქტი, რომ არ ჰგავს Fan di Fendi-ს, ერთიორად ზრდის მის შანსს, არომამოყვარულების საზაფხულო გარდერობში დიდი ხნით დაიდოს ბინა. ახალ, საზაფხულო ვერსიაში აღარაა მსხალი და ყვითელი ყვავილები, მანდარინს კი ლიმონი ცვლის. ამის მიუხედავად, ეს არავითარ შემთხვევაში არაა ციტრუსოვანი არომატი. ის იოლად გაგვახსენებს ზაფხულის გრილ, ნალექიან დღეს, როდესაც ქალაქგარეთ, აგარაკზე ცივ მწვანე ჩაის მივირთმევთ, ნიავს კი თეთრი ყვავილების მსუბუქი სურნელი მოაქვს. მწვანე ჩაი კომპოზიციის გულში ისეთი მძაფრი არაა, როგორც ელიზაბეტ არდენთან, Fan di Fendi Eau Fraiche მერქნისა და ტყავის ნოტების წყალობით უკეთაა დაბალანსებული (მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ინგრედიენტების აღმოჩენა თითქმის შეუძლებელია, ისინი მაინც ასრულებენ თავიანთ კეთილშობილურ მისიას). შესაძლოა, ეს არ იყოს ის სურნელი, რომლითაც გარშემომყოფებს თავს დავამახსოვრებთ, მაგრამ ეს მაინც ერთ-ერთი ყველაზე კარგად შეკრული საზაფხულო არომატია ბოლო წლების განმავლობაში. დაბოლოებამ შეიძლება გაგვახსენოს Guerlain-ის Idylle Eau de toilette, რაც უცნაურია, შემადგენლობის განსხვავებულობიდან გამომდინარე.

კომფორტი სუბიექტურია ცნებაა, პარფიუმერებმა კი ისიც კარგად იციან, რომ ზაფხულის ცხელ დღეებშიც კი მოიძებნებიან გურმანული „ცხვირის” მქონე ადამიანები, რომლებსაც ბედნიერებისთვის უფრო მეტი სჭირდებათ, ვიდრე ზედმეტად გრილი, თითქმის უნისექსი განწყობით შექმნილი არომატები. Estee Lauder -მა ყოველწლიური ლიმიტირებული კოლექციის, Bronze Goddess ახალი სურნელი ტრადიციულ სტილში შემოგვთავაზა. რძის, ყვავილების და ამბრის სურნელი, რომლებიც მანდარინისა და ლიმონის ხის ფოთლების არომატში ირევა და შორეულ, ქვიშიან სანაპიროზე დასვენების სურვილს აღვიძებს, ზაფხულისთვის იდეალურია. ერთდროულად მსუბუქი, მაგრამ ამავე დროს ეგზოტიკური განწყობით, კიდევ ერთხელ გვახსენებს მარტივ ჭეშმარიტებას, რომლის დავიწყებაც იოლად შეიძლება. არ არსებობს იდეალური კომფორტი ენდორფინების გარეშე.