მე ვარ!
23 ივნისი, 2013
325
print

კარზე კაკუნია…ბრახუნი.

რომელი ხარ? - ხალათს ვიკრავ და საჭვრეტში გახედვამდე, ვიმეორებ: რომელი ხარ? - პასუხი არ არის. ვიყურები. თავდახრილი გოგო დგას. ვერ ვცნობ.

- ვინ არის? - ვკითხულობ ისევ. უცებ ვხედავ სახეს და შიშისგან მეღვიძება.

ეს სიზმარი ხშირად მეორდება. ვერაფერს ვუხერხებ. ზოგჯერ სიზმარშიც ვიცი, რომ სიზმარია, მაგრამ მაინც მეშინია. ძილის წამლებმა თავიდან მიშველა, მერე ისევ გაისმა კარზე კაკუნი, ისევ და ისევ...

კამერების მიღმა უზარმაზარი განათებებია. შემთხვევით თუ გაუსწორე თვალი, ცოტა ხნით გაბრმავებს. გადაცემას ჰქვია „Show must go on”. წამყვანი ლამაზი ქალია. თუმცა მე უკვე მიჭირს ამის გარჩევა, დამეკარგა ესთეტიკის, მშვენიერების, ზომიერების ზღვრები. მისი სხეულის იდეალური სილუეტი, ვარცხნილობა და ბოლო მოდის ჩაცმულობა შეფასების უნარს მართმევს, პირდაპირ და აგრესიულად მაჩეჩებს დასკვნას: სრულყოფილია - ისეთი, როგორიც უნდა იყოს ქალი.

გარშემო ხალხია. გამხდრები, მსუქნები, საშუალოები, მაღლები, დაბლები... სხედან ამფიტეატრში და ტაშს უკრავენ. თუ არ უკრავენ, რეჟისორი გადაღებას წყვეტს და აუდიტორიას გაღიზიანებული ახსენებს, რომ აპლოდისმენტები აუცილებელია, რომ ისინი ამისთვის არიან იქ. შუაში პატარა სცენაა, რომელზეც რამდენიმე სტუმარი ზის. წამყვანი იმსიმაღლე ქუსლებზე დგას, იატაკს მხოლოდ თითის წვერებით ეხება, როგორც ბალერინა - პუანტებით. მე განცალკევებით ვზივარ, არანაკლები სიმაღლის ქუსლები ერთმანეთზე მაქვს მიტყუპებული, ვიცი, ასე უფრო ლამაზად ჩანს კადრში ფეხები. მეჩვენება, რომ ყველაზე მეტი სანათი ჩემკენაა მომართული. თვალები არ უნდა მოვჭუტო, შუბლი არ შევჭმუხნო... თუმცა, რომც მომინდეს, ვეღარც შევჭმუხნი, კუნთი ატროფირებულია... პაუზებისას გრიმიორი მორბის, მე და წამყვანს პუდრს გვიმატებს - არ უნდა ვიპრიალოთ. ფუნჯით ღრმა დეკოლტეში მიძვრება. არ მერიდება. სირცხვილის გრძნობა დიდი ხანია დავკარგე. თითქოს სხეული ჩემი აღარცაა...

ბავშვობაში მწყინდა, როცა დედას ჩემზე ეუბნებოდნენ, სულ არა გგავსო. დედა ლამაზი მეგონა. გავიზარდე და მეწყინა, როცა უთხრეს, როგორ დაგემსგავსაო. გარდატეხის ასკში მართლა დამიგრძელდა ცხვირი, გამიხშირდა წარბები.

უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე და დედაქალაქში გადმოვედი, აქ არავინ იცნობდა დედას და ვერც ჩვენს ნაკვთებს შეადარებდა ერთმანეთს. ეს მომწონდა, მაგრამ მარტო ცხოვრება გამიჭირდა, ხალხში ყოფნა - კიდევ უფრო. საღამოობით ცარიელ კედელს მიშტერებული ბუხარზე ვფიქრობდი და ყელში სევდა მაწვებოდა. სოფლიდან გამოგზავნილ ნობათსაც მოუთმენლად ველოდი. ხარბად შევექცეოდი დედაჩემის გაკეთებულ ტყემალს, ქათამსა და ჭყინტ ყველს. პირველ არდადეგებზეც სიხარულით გავიქეცი მანდაეთში. იქაურ ხილს განსაკუთრებული გემო ჰქონდა, იქაურ ჰაერს - სულ სხვა გამჭვირვალობა...

ერთხელ ლექციების მერე ჩემი თბილისელი ჯგუფელი წამოვიდა ჩემთან სამეცადინოდ. ყველა კონსპექტი მომარაგებული მქონდა, ყველა საჭირო წიგნი ბიბლიოთეკიდან გამოტანილი. ამიტომ კურსელებს გამოცდების მოახლოებისას ვახსენდებოდი. სახლის პატრონმა კალათა დამახვედრა, სოფლიდან გამოგიგზავნეს და ჩემთან დატოვესო. საიდან ხარო, იმ გოგომ მკითხა. უცებ ენა დამება. მივხვდი, რომ მანდაეთის თქმას ჭიათურა მერჩივნა. ცხოვრებაში პირველად გამიჭირდა ჩემი სოფლის დასახელება. მეცადინეობა რომ დავიწყეთ, ამ გოგომ უცებ შემაწყვეტინა, საჭმელებს გიგზავნიან ხოლმე სოფლიდანო (ჭიათურა ასე მოიხსენია), კისერი წაიგრძელა და ნაჭერგადაფარებულ კალათას დახედა. გინდა, ვისადილოთ-მეთქი, წამოვხტი. მიმოიხედა, ყავა არა გაქვსო, მკითხა და სიგარეტი გააბოლა. მერე შეყვარებულმა დაუმესიჯა. ვეღარ დავრჩები, ესენი გამატანე, გადავაქსეროქსებო. წაიღო კონსპექტები და წიგნები, დატოვა სუნამოში გაზავებული თამბაქოს ბუღი. კალათას დავხედე, მადა დამეკარგა.

- აბა ყურადღება! ყველანი ადგილებზე! - დაიყვრია რეჟისორმა.

დარბაზში უმეტესობა ახალგაზრდა იყო - მოხალისე სტუდენტები. მეც ვიყავი ადრე ასეთი... აი, ისეთი, შავგვრემანი გოგო რომ ზის სკამზე მოუხერხებლად და ქვედა ბოლოს დაბლა იქაჩავს. ან ისეთი, ჩოლკით რომ დაუფარავს ნახევარი სახე და შარფით - მოზრდილი მკერდი... გამახსენდა, რამდენჯერ დავრჩენილვარ იმედგაცრუებული სახლში მისვლისას სტიპენდიით ნაყიდი ფასდაკლებული კაბებითა თუ შარვლებით. გვიან მივხვდი, რომ გასახდელებში მატყუარა სარკეებია - ათხელებს. მაშინ არ ვოციდი სიტყვა „მარკეტინგი”... არ ვიცოდი, რამდენნაირი ტყუილით შეიძლება ასიამოვნო ადამიანი, რამდენჯერ აყიდინო თავდაჯერება. გახადო გაუმაძღარი, დამოკიდებული მყიდველი...

- მე-5 კამერა! ÿნა მომეცით მსხვილი ხედით!

დედაჩემმა იამზე დამარქვა, მე გადავირქვი ია. ჩემმა მეგობარმა კაცმა იანად გადამაკეთა. ბოლო რამდენიმე წელია ÿ-ნა ვარ და არა ია-ნა.

- ÿნაჩკა, მზადა ხარ? - დამიტკბა რეჟისორი.

მე სულ მზადა ვარ... ღიმილით, ცირკონის კბილებით, აქაჩული თვალებით, უნაოჭო სახითა და უდარდელი გამომეტყველებით... მე ყვრიმალებიც კი ტენდენციური მაქვს ანუ ჩვეულებრივზე გამობურცული (ეს მოდა ახლახანს შემოვიდა ბრიტანეთიდან)...

იამზედ ცოტას თუ ვახსოვარ, ძირითადად თანასოფლელებს. ზოგი აღარც კია ცოცხალი. ერთხელ ქუჩაში შემომესმა, იამზეო, მანუჩარი იყო. სასწრაფოდ ხალხს შევერიე, ვითომ ვერ გავიგე. ავტობუსში კი ნოდარას და კოჭოს გადავაწყდი, აზრზე არა ვარ, რა უნდოდათ თბილისში, ალბათ სამსახურის საშოვნელად ჩამოვიდნენ. დავემალე შემდეგ გაჩერებამდე.

უნივერსიტეტში ჯგუფხელობა უფრო იმიტომ მოვინდომე, რომ ჩემი ხელით შემევსო ჟურნალი. საკუთარი გვარის გასწვრივ ია ჩავწერე. ჯგუფელები ზოგჯერ მაინც იამზეს მეძახდნენ... იამზეს კი არა და მზექალასაც, მგონი, მზევინარსაც...

ქუჩის კუთხეში საცხობი იყო, პატარა კაფეტერიით. მუდამ გაბუღული და სტუდენტებით გაძეძგილი. ადგილი არასდროს იყო ჩემთვის. ბიჭები დილიდან საღამომდე სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდნენ, ჩემს ჯგუფელ გოგოებს ადგილს უთმობდნენ. მე ვყიდულობდი ფენოვანს, პლასტმასის ჭიქიდან დაჭრილ მონაცრისფრო თაბახის ფურცელს ვიღებდი და იმით ვკიდებდი ხელს მაკარონისგემოიან ცხელ ხაჭაპურს. ჩქარ-ჩქარა ვჭამდი ფეხზე მდგარი. ბიჭებს ერთი ხაშურელი გოგო ამოეჩემებინათ. ჩუპა-ჩუპსას ეძახდნენ, ჩაიში მარილს უყრიდნენ და ზურგზე წარწერებს აწებებდნენ. ერთხელ დღიური წაართვეს და ლექსების საჯარო კითხვა მოაწყვეს: „უძილო ღამე, ყრუ ფიქრები და ფანტაზია, ცხოვრების რბენა, მარტოობა აუწერელი...” ხელიდან ხელში გადადიოდა გულებიანი ბლოკნოტი. ამ გოგოს სახელი დღემდე არ ვიცი. ვერც ატირებულის დამშვიდება გავბედე... პირიქით, მეც სხვებს ავყევი სიცილში...

წარბების ამოქნა რომ ვცადე, ვერ მოვზომე და ლამის აღარაფერი დავიტოვე. უკიდურესად გაოცებული იერი მიმეღო. სარკეში დიდხანს ყურება ისედაც არ მიყვარდა, ხასიათს მიფუჭებდა და ამ გამომეტყველებით საერთოდ შევიძულე თავი. მერე თვალის ფანქრით ვცადე გამქრალი წარბის მიხატვა. ზოგჯერ მავიწყდებოდა და ერთი ხელის მოსმით მეთხაპნებოდა სახე შავად.

- გრიმიორი გამოვიდეს სცენიდან! წავიდა სურათები ეკრანზე! - დინამიკებში გაისმა რეჟისორის ხმა ოდნავი ექოთი. თვითონ აღარსად ჩანდა. ყველამ მექანიკურად ზემოთ აიხედა.

უზარმაზარ მონიტორზე ექვსი გოგოს სურათი და წლების წინანდელი მე ვენაცვლებოდით ერთმანეთს... ეს ფოტო ცხვირის ოპერაციამდე კლინიკაში გადამიღეს. სხვა არც მქონდა. უნივერსიტეტის ბაღში გადაღებული ერთადერთი სურათი ჯერ კიდევ რინოპლასტიკამდე დავხიე. კადრში ჩემი ორი ჯგუფელი, ვიღაც უცხო ბიჭი, თემო და მე ვჩანდით. თმა მქონდა უცნაურ ფრად შეღებილი - გალამაზების ერთ-ერთი პირველი მცდელობა, შეკოწიწებული ფულით ნაყიდი საღებავი და სახლის პირობებში ჩატარებული წარუმატებელი ექსპერიმენტი... ქერას ნაცვლად ჟანგისფერი, ალაგ-ალაგ წითური კიკინა...

პირველად რომ პომადა წავისვი, ავტობუსშივე მოვიშორე ცხვირსახოცით. რამდენჯერმე ასე წავიშალე წითელი ტუჩები ტრანსპორტის ფანჯარაში არეკლილი სახიდან. ბოლოს გავბედე და კაფეტერიაში ადგილიც დამითმეს. მარტო ცხოვრობო, პირველი ეს მკითხა. რამდენჯერმე ერთად ვჭამეთ ფენოვანი. ვღელავდი, ყელში ლუკმა ძლივს გადამდიოდა. სალაპარაკო დიდი არაფერი გვქონდა. მერე სახლში საკუთარ თავს დავაკვირდი ჭამის დროს. აღმოვაჩინე, რომ ღეჭვისას ყბებთან ერთად ცხვირიც მიმოძრავებდა, თითქოს უფრონ მიგრძელდებოდა კიდეც. შევშფოთდი. თემო ძირითადად მკერდზე დამჩერებოდა, მაგრამ ხაჭაპურზე მაინც უარი ვთქვი, ჩაიზე გადავედი. სახლში კარტოფილს ვიწვავდი, თუ ტაფასთან დგომა მეზარებოდა, ვიხარშავდი და ასე გამქონდა თავი. საჭმლის გამოგზავნა დედაჩემს სასტიკად ავუკრძალე...

თემოს ეშხით ეპილაციისთვისაც შევაგროვე ფული. ზედა ტუჩი და ბაკები გავიკეთე. მწარე იყო... სიწითლის ჩაცხრობას ორი დღე დასჭირდა, ლექციების გაცდენა მომიხდა. სამაგიეროდ მერე უფრო თამამად შევაბიჯე კაფეტერიაში. თემო სხვა გოგოსთან ერთად დამხვდა, ჩაის სვამდნენ და იცინოდნენ.

ნამტირალებს უკანა ეზოში გადამაწყდა, ხელი გადამხვია... არები არ დამიწერო, ჯიგრულადო, მთხოვა. სიხარულით დავუქნიე თავი. სახლში კონსპექტების მიზეზით წამომყვა. ხო მარტო ხარო, დააზუსტა და სანამ მაკოცებდა, პირდაპირ მკერდზე მეცა, ისე უხეშად, თითქოს მეჭიდებოდა. თვალები დახუჭა და სველი ტუჩები მომადო. ტირილი დავიწყე და საკუთარი ბინიდან გამოვიქეცი. სადარბაზოში დავიმალე. უცებ საოცარმა ჟრუანტელმა დამიარა, დაბრუნება მომინდა... აღარ დამხვდა.

მას მერე აღარც მესალმებოდა. ისევ იმ გოგოს დაეწვია ჩაიზე და მე ფიზიკური ტკივილი ვიგრძენი. ის ერთადერთი სურათიც გავანადგურე... „არებს” მაინც არ ვუწერდი. ინფორმატიკაში „არ გამოცხადებაც” „ჩათვლით” შევუცვალე... ყოველ დანახვაზე ვწითლდებოდი, გული მიჩქარდებოდა... მარტო მის გამოჩენაზე კი არა, მისი ძმაკაცებისაც...

სტუდიაში გადაცემის მონაწილენი ჩემი და სხვების სურათებს აკვირდებოდნენ. ისმოდა რიტმული, დამძაბველი მელოდია. რატომღაც ვიფიქრე, რომ ვინმე მიცნობდა, გამოიცნობდა მაინც... კამათი ორ ფოტოზე გაიმართა - არც ერთზე არ ვიყავი მე... ვერც ვიტყვი, სინამდვილეში რა მერჩივნა... იმაში კი დავრწმუნდი, რომ იამზეს კვალიც აღარსად იყო...

- ფანტასტიკურია! ბრავო! - აყვირდა წამყვანი. მონაწილეებს უცებ გაუხარდათ, მაგრამ შემდეგ შეძახილზე დაბნეულები მომაშტერდნენ - ბრავო პლასტიკურ ქირურგიას! თქვენ წინაშეა ესთეტიკური მედიცინის შედევრი- წამყვანმა ხელი ჩემკენ გამოიშვირა - რომელსაც თავის წარსულთან საერთო აღარაფერი აქვს! აი... ხომ ხედავთ? უკვე თქვენი თვალით ხედავთ, რომ შეუძლებელი არაფერია!

დარბაზში ტაშმა იქუხა. გაოგნებული გოგო-ბიჭები ეკრანზე გადიდებულ იამზეს შესქცეროდნენ. რეჟისორის ასისტენტმა ხელით მანიშნა, ადექიო. სცენაზე დამაყენეს. შუქები მომანათეს, სადღესასწაულო მელოდია ააჟღერეს, ხმას უფრო აუწიეს... ქერა დაგრძელებული თმა მხრებზე გადავიყარე. როგორ ვერ ვიტანდი საკუთარ შავ ძირებს. მეჩვენებოდა, რომ არანორმალური სისწრაფით იზრდებოდნენ, თითქოს ახალშეღებილზეც შეუჩერებლად მოცოცავდნენ კუპრივით ღერები, რომლებსაც ლინზებით ფერშეცვლილი თვალების არ იყოს, „ფანსასტიკური” ქირურგიაც კი ვერაფერს უხერხებდა.

რა შავი გაქვსო თვალები, მითხრა თემოს ძმაკაცმა. უარესად დამაბნია... მე მეგონა მარტო ლექსებში ჰქონდათ ქალებს თვალები გიშრისო, გაიცინა. პოეზიაზე ვილაპარაკეთ ზედაპირულად... სახლში რომ წამომყვა, ისე მიხაროდა, თითქოს თემოს შევურიგდი... ან უფრო მეტიც, თემოს ვაჯობე, დავამარცხე. ერთიანად აცეტებული ავრბოდი კიბეზე, ლიფტი არც გამოგვიძახია. უკან მომყვებოდა და ხელებს მხრებზე, წელზე მკიდებდა. გული ამომივარდა... გასაღები ძლივს მოვძებნე ჩანთაში. კარი ღია დამხვდა. ცარიელ ოთახში მიმოვიხედე. გაკვირვებულმა თემოს ძმაკაცს შევხედე. უცებ აივნიდან ხმაური შემომესმა. სამზარეულოში კალათას მოვკარი თვალი და გავხევდი. რაც დედას საჭმლის გამოგზავნა ავუკრძალე, ისე ხშირად აღარც ტელეფონზე ვურეკავდი და არც წერილებს ვატანდი ნათესავ მძღოლს... აბა რა მეგონა?.. სოფლის ხილითა და ციტრუსით სავსე ჩანთებს გულმოდგინედ ალაგებდა აივნის კარადაში. თავწაკრული და მგზავრობით დაღლილი საშინლად დაბერებული მეჩვენა, სამარცხვინოდ დაბერებული... ახლაც მახსოვს ის განცდა... ვიდექი და მძულდა.

- არა... არავინ... დამლაგებელია. - კარიდან გავაბრუნე თემოს ძმაკაცი და მთელი ღამე გაუჩერებლად ვიტირე.

გადაცემაში სპონსორი მეათედ მაინც ახსენეს - ალკოჰოლური სასმელების კომპანია მონაწილეებს სიურპრიზს სთავაზობდა! ყველას ღვინით უნდა გაგვმასპინძლებოდნენ. თამაში აქაც გაგრძელდა. სტუდიაში წითელკაბიანი გოგონები შემოფრიალდნენ ლანგრებით ხელში. თითო მონაწილეს სასმელი ხუთი სხვადასხვაგვარი ჭურჭლით მოგვართვეს: ბროლის მაღალფეხიანი ჭიქა, შუშის წელში გამოყვანილი სასმისი, თიხის ფიალა, პაწაწინა ყანწი და მინიატურული დოქი წითელი ღვითი იყო სავსე. ჩვენ ყველა მათგანი უნდა გაგვესინჯა და საუკეთესო გამოგვევლინა. ტუჩი ოდნავ შევახე. ძლიერი ანტიდეპრესანტების ფონზე დალევა არ შეიძლებოდა.

- ლელა, კამერისკენ ზურგით ნუ დგები! მილიონჯერ გითხრა?! - დაიქუხა რეჟისორმა.

წამყვანი შეხტა.

მონაწილეთაგან ზოგი თავდაჯერებული ატრიალდებდა ღვინოს ჭიქაში, პირში იგუბებდა გადაყლაპვამდე. ზოგი ხარბად ცლიდა სასმისს ერთი მეორის მიყოლებით. წითელკაბიანები დეგუსტაციის წესისამებრ პურის პატარა ნაჭრებსაც გვთავაზობდნენ, გემოს გასანეიტრალებლად. მონაწილეები ისე ახმაურდნენ, თითქოს იმ რამდენიმე ყლუპით ერთბაშად შეზარხოშდნენ. წამყვანი ღელავდა, მხიარულება ყაყანში არ გადაზრდილიყო. დროდადრო ხელით ყურსასმენს ისწორებდა, რომელშიც პროდიუსერის ხმა ესმოდა. ცდილობდა ზუსტად მიჰყოლოდა მითითებებს.

ექთანს ვუსმენ, ვემორჩილები. ბორბლებიან სკამში ვჯდები ცისფერ ხალათში გამოწყობილი, წესია ასეთი - პალატაში ეტლით გაკითხავენ. უკვე მერამდენედ მიმაგორებენ ამ კორიდორში. კედლებზე ნახატებია, ზეპირად ვიცი. რეპროდუქციებია, ძირითადად ქალები. ისინი ოპერაციაზე მიმაცილბენ... მიყურებენ, მიმაცილებენ... და თანდათან უფრო მელამაზებიან, უფრო და უფრო...

შედევრები მშვიდი განწყობისთვისაა კლინიკაში გამოფენილი...

მარკეტინგული შეცდომა: არც ერთი პორტრეტი თუ ნატურა არაა სრულყოფილი ესთეტიკური მედიცინის თვალსაზრისით.

ტანზე მახატია ზედმეტი ან პირიქით, დასამატებელი ფორმების გეგმა. ეს ნახატი ქირურგის მიერ ლურჯი ფლომასტრითაა შესრულებული, ზედ ბრილიანტის მწვანე აქვს გადასმული. რამდენიმე წუთში ექიმის გასტერილებულ თხელ მტევნებზე ექთნის დახმარებით რეზინის ხელთათმანები გაიტკაცუნებს... რომ გამომიყვანენ, ქალებს ვეღარ დავინახავ, პირდაპირ პალატაში გამეღვიძება.

ვცდილობ, მოვიშორო ფიქრები: რა უსაზღვროა სილამაზე მათ ასიმეტრიულ სახეებში, თხელ, სახასიათო ტუჩებსა და ცხვირის მოგრძო შტრიხებში. რამდენი სურვილი და ვნებაა მომცრო მკერდში, სავსე ბარძაყებსა თუ მრგვალ მუცლებში... რაოდენ უნიკალურია ღიმილი ნაოჭებშეპარულ თვალებში... ეს გადაბმული წარბებიც მშვენიერია, ის სიქერავისგან ფერდაკარგული წამწამებიც...

საოპერაციოსთან ბოლო სურათი პეიზაჟია. არ მიყვარს, სოფელს მაგონებს...

- მიყვარხარ, მამი! აბა მოვდუნდით... - ასე იწყება და მე, იოდისფერ ხსნარში ამოვლებული, გასტერილებულ ზეწარზე ვეშვები.

მონიტორზე დათვლილი მაჯისცემა თუ 90-ს გადააჭარბებს, მამი ანესთეზიოლოგს გადახედავს. წვეთოვანში უმალ ერევა ჯადოსნური სითხე, რომელსაც მაშინვე ვცნობ - თავბრუს მახვევს. წამით მეჩვენება, რომ გადმოვვარდები... მერე მოდიან ქალები, განუმეორებელი, გადაუკეთებელი ქალები... ერთხელ დახატული და ათასჯერ ცვალებადი გამოხედვით - სევდიანი, ჭკვიანი, შეყვარებული, გამტყდარი, ნაწყენი, მშვიდი, დაფიქრებული, მომლოდინე... მოდის ჩემი ეზო სოფლის სახლით... კალათები სავსე საჭმლით... ირევიან პირბადესა და ქუდს შორის მომზირალი გაფაციცებული თვალები.

- დაუმატე. - ანესთეზიოლოგი სწრაფად მოქმედებს... და მოდის სხვა.

კარზე კაკუნია... მე ვდგები, იმ ცისფერ, ფარღალალა ხალათს ვიცვამ და ვკითხულობ, ვინ არის? ვინ არის? ვინ?..

ცხვირის შეცვლა მაშინვე გადავწყვიტე, როგორც კი ამის საშუალება გამომიჩნდა. სამსახური უნივერსიტეტის ბოლო კურსზე დავიწყე და რინოპლასტიკის იდეით შეპყრობილი საუკეთესო თანამშრომელი გამოვდექი. მალევე დამაწინაურეს, ხელფასი მომიმატეს. ოპერაციის დღეს სარკეში რომ ჩავიხედე, უცნაური რამ მოხდა: მომეწონა საკუთარი პროფილი. ცხვირი სასწაულებრივად დაპატარავებულიყო, სახეს კოხტად მორგებოდა. ექიმების თქმით, ეს ნორმალური ფსიქოლოგიური მომენტია, პრეოპერაციული...

რინოპლასტიკაზე დედას არ გავაგებინე. სოფელში ზაფხულობითაც აღარ ჩავდიოდი. გაუცხოებამ რაღაცნაირად უმტკივნეულოდ ჩაიარა, ჩავჭერი და მორჩა! როგორც ქირურგმა ანესთეზირებულ ხორცი... იყუჩებ, ივიწყებ!

ნარკოზიდან გამოსულმა თეთრებში გამოწყობილი ქირურგის გაცისკროვნებულ ღიმილს ვერ მოვწყვიტე თვალი. საოცრად მზრუნველი მეჩვენა... (ახლა ვიცი, რომ ესეც პოსტოპერაციული კანონზომიერებიდანაა). სარეაბილიტაციო პერიოდის შემდეგ, როცა ყველა ტკივილი და შეშუპება ჩაცხრა, იქამდე გამოუცდელი განცდა დამეუფლა - გული გადამევსო მადლიერებით. მიხაროდა შემოწმებაზე მისვლა, აღარ მინდოდა კილინიკიდან წამოსვლა. მომყვებოდა ექიმის ოდეკოლონის სუნი, ალერსიანი მზერა და ის ციური ღიმილი... ჩივილები გამოვიგონე დამატებითი ვიზიტისთვის. მადლიერება აღარ დამეტია სიტყვებში, თვალებში, ხელებში, სხეულში... დაუჯერებელი იყო - შეხვედრა შემომთავაზა. ვფიქრობდი, რატომ ამირჩია. რატომ მე? ასეთ მამაკაცზე არც მიოცნებია...

ცხვირი უნაკლოდ გამიკეთა, მაგრამ მაშინ ბოლომდე მაინც ვერ დავაფასე მისი პროფესიონალიზმი - ესთეტიკური ქირურგის უტყუარი ყნოსვა - ეს პაციენტი ჩემია... ადამიანი - პლასტელინი... ქალი - მასალა... ნამდვილი ქირურგი მას ალბათ პირველივე კონსულტაციაზე ამოიცნობს, არასდროს გაუშვებს ხელიდან... გარდაქმნის... უფრო ზუსტად კი შექმნის ხელახლა, ნელ-ნელა, უმტკივნეულოდ, გაყუჩებით... გამოთლის, გამოძერწავს, გამოცლის და აავსებს. შევა მის სხეულში, შევა მის სიზმრებში... ლანცეტის ნაცვლად ჯადოსნურ ჯოხს დაიჭერს. იდირიჟორებს, ირეჟისორებს... გახდება შემოქმედი, ავტორი... პირდაპირ ვიტყვი: ღმერთი.

ჩაწერა უნდა დასრულებულიყო. მაგრამ მამაკაცები კამათს აღარ ამთავრებდნენ. ქალებს სიტყვა არ ჩააგდებინეს, მეღვინეობა დაიჩემეს და განსხვავებული აზრის გამო ერთმანეთზე ლამის გაბრაზდნენ. წამყვანმა წესები პროდიუსერის კარნახით გზადაგზა შეცვალა და მონაწილეებს სამი საუკეთესო სასმელის გამოვლენის უფლება მისცა.

ყველა სულელურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როცა სცენაზე კომპანიის წარმომადგენელი გამოვიდა და გამოაცხადა, რომ სასმისებში ერთი და იგივე ღვინო ესხა. უხერხული სიჩუმე ჯერ საზეიმო მუსიკამ დაარღვია და მერე კაცების დაეჭვებულმა, შეურაცხყოფილმა, შემტევმა კომენტარებმა.

- Show must go on! - უმწეოდ ყვიროდა წამყვანი და უშედეგოდ ცდილობდა ხმაურის გადაეფარვა.

ბოლოს სტუდიაში ისევ ხელდამშვენებული წითელკაბიანები გამოჩნდნენ და გაბრაზებულ მონაწილეებს საჩუქრად სასმელით დატვირთული ყუთები შეაჩეჩეს.

- ხომ ხედავთ რამხელა მნიშვნელობა აქვს, რითი მოგართმევენ ღვინოს! თქვენ არჩევანი სასმისით გააკეთეთ - ახლიდან ააჯანყა წამყვანმა სუფლიორზე დაწერილი ტექსტით მამაკაცები - მთავარია, რომ მოგეწონათ! რა კარგია, რომ ასე მოგეწონათ! - იქვე უკან დაიხია პროდიუსერის კარნახით.

არ სვამს. ჭამისას კი ითვლის. აქამდე როგორ ვერ ვამჩნევდი? ითვლის რამდეჯერ ღეჭავს ლუკმას... ალბათ ლუკმებსაც ითვლის... საოცარია! თუმცა საოცარი არაფერია... არასდროს გაუჭრია პიჯაკებისა და პალტოებისთვის ჯიბეები. პირველად რომ მისი ფეხსაცმელები ვნახე, ყველა ახალი მეგონა, ჩაუცმელი. ძირებზე დავხედე და ნახმარი აღმოჩნდა. მაშინ მივხვდი, რატომ დადის ასე ნელა და უცნაურად - ფეხსაცმელს ცხვირი არ უნდა ჩაუტყდეს, ნაოჭიც კი არ უნდა გაუჩნდეს, არც ერთი.

ამ სახლში რომ გადმოვედი, გამაფრთხილა, მთავარი წესრიგაიო. მისი ენა მაშინ არ ვიცოდი... ეს ნიშნავდა: ჩემს ნივთებს არ შეეხო! იქ კი ყველაფერი მისი იყო... ახალ, პრესტიჟულ უბანში ვცხოვრობდით. ბოლომდე არც იყო დამთავრებული მშენებლობა. სახლიც მალევე იმტვერებოდა. ფანჯრებს ნუ აღებო, ბრაზობდა. მზის შუქს ჟალუზებით ფარავდა. დიდ ოთახებს ცივი ელექტროგანათება აჩახჩახებდა. მეზობლის რემონტს შაბათ-კვირას კლასიკური მუსიკით ახშობდა. სხვას ისედაც არაფერს უსმენდა. რამდენიმე თვე სტუმარივით ვიცხოვრე, კარგად ვერც ვიმახსოვრებდი, სად რა იყო. თან ძირითადად პოსტ ან პრეოპერაციულ რეჟიმში ვიყავი. მთავრდებოდა ლიპოსაქცია, იწყებოდა მკერდის აწევა, კერტების ცენტრში დაბრუნება. მთავრდებოდა თვალების აქაჩვა და შუბლის გადატკეცვა, იწყებოდა დუნდულების ინპლანტებით დამრგვალება და აზიდვა...

დამლაგებელი მთლიანად უმკლავდებოდა ტრიპლექსს. აწკრიალებდა ყველაფერს, კაბინეტის გარდა. ეს ერთადერთი კუთხე იყო, რომელსაც თავად ალაგებდა. ხის დიდ მაგიდაზე ლამაზი ქანდაკებები ედგა: საათი, ქირურგიაში აღებული პრიზები და უფუნქციო საფერფლე...

ერთ საღამოს უხეშად მითხრა, ჩემს მაგიდასთან რა გინდოდაო. გამიკვირდა, სულ რამდენიმე ნივთს შევეხე და ისიც თავის ადგილზე დავაბრუნე. კარგა ხანს ვფიქრობდი, საიდან მიხვდა-მეთქი. მერე ჩავთვალე, რომ მტვრის ოდნავ კვალს შეეძლო მილიმეტრებში გავეყიდე. ვერ მოვითმინე და ერთხელ კიდევ ავიღე ქალის ფორმის საფერფლე, ეს ნივთი რაღაცნაირად არ მასვენებდა... მტვრის ოდნავი ფენა სულის შებერვით გაფანტე და ჩასაფერფლებლად გამზადბული შიშველი სხეული ფრთხილად დავაბრუნე უკან. მიხვდა და გაბრაზდა. ახლა უკვე ვიცი, საიდან... მაგიდაზე ისეთი სიმეტრიით იყო ყველაფერი განლაგებული, როგორც იდეალურ ნახაზზე, კომპიუტერულ გრაფიკაში...

შვილი არასდროს უნდოდა. „მამის” მეძახდა - ჩემზე მხოლოდ ათი წლით უფროსი. თავიდანვე გამაფრთხილა, რომ მეც ასე უნდა მიმემართა, მე - მის საყვარელ ნივთსა და ყველაზე წარმატებულ პროექტს.

ია-დან ÿნამდე ჩემი სოფლის ამბებს საერთოდ აღარ ვიხსენებდი, თითქოს ყველაფერი დამავიწყდა. თურმე სიზმრებში ჩამისახლდა წარსული და ბოტოქსის თუ ლიპოსაქციის მწარე ნემსივით მერჭობოდა სხეულის სხვადასხვა ნაწილში.

ბავშვობაში დედამ მითხრა, პირველად იყო კაციო. დედას არ უთქვამს, რომ პირველად იყო სიტყვა... მან თქვა, კაციო... ამ კაცის ნეკნიდან გაჩნდა ქალი.

იქნებ ამიტომ მესიზმრება მამი ხელში ლანცეტის, მაკრატლის ან ნემსის ნაცვლად ნეკნით. დიდი, სისხლიანი ნეკნით.

მეგონა გადაცემა დამთავრდა, მაგრამ სცენარში კიდევ ერთი რეკლამა ყოფილა ჩაჩრილი. დასაჩუქრებული მონაწილეები მიჩუმებულიყვნენ და დაღლილი, მოწყენილი სახეებით შეჰყურებდნენ წამყვანს, რომელიც ამჯერად უკვე ჭურჭლის კომპანიას წარადგენდა.

- როგორც დისკუსიამ აჩვენა, სასმისსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონია... -ფრთხილად წარმოთქვა მან.

საშინელი დაღლილობა ვიგრძენი. წითელ სავარძელშიც ვეღარ ვპოულობდი ადგილს.

- ტაში, ხალხო, ტაში! - ბოლოჯერ დაიღრიალა რეჟისორმა.

ალკოჰოლური კოპმანიის საჩუქარი სახლში დამლაგებელმა ამოალაგა. ბოთლებს მოჰყვა მეღვინეობაზე გამოცემული პრიალა ჟურნალი. სანამ გადავაგდებდი, თვალი გადავავლე. ღვინოს ჭურჭლის მიხედვით თურმე მართლა ეცვლება გემო, შემადგენლობაც კი. გამიკვირდა. მერე გამახსენდა ორი ქვევრი ჩვენს დიდ ეზოში. როგორ უვლიდა და ეფერებოდა ბაბუა... პლასტმასის ბოთლში სული ეკარგებაო ღვინოს - ჟურნალში ეწერა. სუნი? დაეჭვებული დავუბრუნდი წინადადებას. სული! სული ეკარგებაო. ყდას კიდევ ერთხელ დავხედე, მერე ნაგვის ყუთში გადავუძახე, მაგრამ ეს აზრი ვეღარ მოვიცილე... „ჭურჭელი ცვლის შიგთავსსაც” - მელოდიასავით ამეკვიატა.

მამიმ შემაქო, გადაცემაში კარგად იყავიო. რომ ვერავინ მიცნო, ის გაუხარდა,. კლასიკური მუსიკა ჩართო. ფორტეპიანოს აკორდები თითქოს სიტყვებად ჩამესმა...

იცვლება თუ არ იცვლება?

იცლება... იქნებ ისვება?

ვნება... ჩემი ნება...

შიგთავსი, ფორმა, შიგთავსი...

არსი... არსი... შინაარსი...

აზრი... ჩემი აზრი...

რა გჭირსო, მკითხა, ანტიდეპრესანტის დალევა გადავიწყდაო... არა-მეთქი. ზედმეტი ხომ არ დალიეო? თავი გავაქნიე. კაბა ნელა გამხადა. ხომ არ დავუწიო, მუსიკასო, პირველად მკითხა ასეთი რამ.

სექსის დროს სინათლეს არასდროს აქრობდა. არც თვალებს ხუჭავდა. თუ პირისპირ იყო, ისე მიყურებდა, როგორც რეაბილიტაციის შემდეგ საბოლოო შედეგის შეფასებისას. სიამოვნება წამით თუ გამოეხატებოდა სახეზე და ისიც უფრო კმაყოფილება იყო ალბათ... ზურგიდანაც ვგრძნობდი მის გამჭოლ მზერას. იქნებ, სწორედ ამ დროს მწიფდებოდა ახალი, მომდევნო ოპერაციის იდეა.

გადაჭიმულ მუცელზე ნაწიბური სანამ ბოლომდე არ გააქრო, არ მოეშვა. მერე უკვე თამამად მეალერსებოდა ჭიპის ირგვლივ... თავის თავს ეფერებოდა ჩემში. ვგრძნობდი, რომ არასდროს დათმობდა ამ გლუვ სიბრტყეს, არასდროს დაუშვებდა მუცლის გაბერვას. არ დატოვებდა ადგილს სულისთვის...

ზოგჯერ ანტიბიოტიკები და კონტრაცეპტივი ერთმანეთს არ ეთავსებოდა. გულმოდგინედ იგონებდა ახალ კომბინაციებს, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო აბების სმა არაფრით შემეწყვიტა. მეც ვსვამდი, ვყლაპავდი ყველაფერს, რასაც მაძლევდა. მორჩილად ველოდი შინ... ვიხდიდი, ვწვებოდი. როცა საჭირო იყო, ექიმების შეკრებებსა და საერთაშორისო კონფერენციებზეც ვიხდიდი, როგორც ნიმუში.

კარზე კაკუნია… ბრახუნი. რომელი ხარ? - ხალათს ვიკრავ - ვინ არის? თავდახრილი გოგო დგას. სიზმარშივე ვცდილობ, არ გამეღვიძოს. მახსოვს, რომ არ უნდა შემეშინდეს, თორემ გამეღვიძება! არ უნდა გამეღვიძოს!

- ვინ ხარ? - ვამბობ ფრთხილად.

- მე ვარ! - მპასუხობს.

მეშინია. ხელ-ფეხი მიცახცახებს. კუნთებს ვერ ვიმორჩილებ, თავის ნებაზე ხტიან. სადაცაა გამეღვიძება... ცოტაც, ვფიქრობ, ცოტაც... თვალებს გახელის უფლებას არ ვაძლევ.

- მე ვარ! - ისე მკაფიოდ მესმის, ცხადი მგონია.

- ვინ? - კარს ვაღებ.

იამზეა.

იმდენი ვიარე, სანამ ფეხები არ დამიწყლულდა, დამისისხლიანდა... McQueen-ის გველის ტყავის ფეხსაცმელს ქუსლი მოტყდა, არ იყო ამ გზებზე გათვლილი. რა საშინელია სიბნელე, შეიძლება ისე აგირიოს თავგზა, ვეღარ მიხვდე, საით მიდიხარ... მიწაზე რომ დავჯექი და სული მოვითქვი, წამომდგარმა ორიენტაცია დავკარგე. ვაითუ, უკან გავუდექი გზას?! მთავარია უკან არა, ოღონდ უკან არა...

- საით მიდიხართ?

- ღმერთს მადლობა... - მანქანის კარი სწრაფად გამოვაღე.

- როგორ? საით? - მუსიკას დაუწია ბიჭმა. ჩემზე უმცროსი ჩანდა, ასეთები ჩემს სოფელში იყვნენ, ჯგუფშიც იყო ერთი-ორი, მამის სახლთან მშენებლობაზეც...

- თქვენ საით?... - არ ვიცოდი, რა მეთქვა - ფულს გადაგიხდით. - ესღა მოვიფიქრე.

- გომი! გაწყობს? - სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ უკვე მანქანაში ვიჯექი. სანამ კარს მოვკეტავდი, შუქზე ჩემი შეთვალიერება მოასწრო.

კაბინაში მძაღე სუნი იდგა. ფანჯარა არ ჩამომიწევია. ჩახუთულ ჰაერში მიწის არომატი გავარჩიე და ღრმად შევისუნთქე.

მუსიკას ისევ აუწია და გადმომხედა. გავუღიმე.

ოღრო-ჩოღრო გზაზე მოდუნებული ვირწეოდი. ოფლიანი კაბა ალაგ-ალაგ მეკვროდა. ჩემს ფეხებთან რაღაც გორავდა, რამდენიმე კარტოფილი გადმოვარდნილიყო უკან შეკრული ბადეებიდან. კითხვებს არ ვპასუხობდი. ვიღიმებოდი... ვინჯღრეოდი და ვიღიმებოდი. ალბათ მთვრალი ვეგონე. რუსულადაც კი სცადა დალაპარაკება. სიგარეტი ვთხოვე, გაუხარდა. ისევ ქართულად მომმართა, სად მიდიხარო, იქ რას აკეთებდიო, ასეთი გოგოო, ისეთი გოგოო... რომ გაიგო, ÿნა მქვია, რუსული სიმღერები ჩამირთო, „ბლატნოები”... ბავშვობის მერე არ მომესმინა, ბიჭები სოფლის ბირჟაზე მანქანის მაგნიტოფონში ატრიალებდნენ ხოლმე ზაფხულობით. მუსიკას მხრებით ავყევი. გზა გასწორდა. მანქანა გაჩერდა და მე მაინც ვჯანჯღარებდი... გამოუცდელი იყო, მაგრამ თამამი, უხეშიც. მუსიკა დამთავრდა. მისი ხვნეშაღა ისმოდა. ჰაერი უფრო ჩაიხუთა, დამძიმდა. ხელები მოკლე ჰქონდა, სულ ესაა, რაც მასზე დამამახსოვრდა.

გომში ტელეფონი მთხოვა. მე ფული გავუწოდე. აღშფოთდა, იუკადრისა და თვალი კუპიურისკენ გაექცა. ფული სკამზე დავტოვე. მისიგნალა, ინა, ინაო, სახელი ვეღარ გაიხსენა. ბოლოს შემეშვა, წავიდა. საათს რომ დავხედე, გამიხარდა, რომ მალე ინათებდა. სიარული გავაგრძელე. ტანზე ნელ-ნელა ისევ გამოჟონა ოფლმა, ფეხებს შორის სისველე გამეგლისა და შემაშრა.

სოფლამდე კიდევ სამ კაცთან ვიყავი. აქედან ორი ერთი მანქანის მგზავრი იყო. ვგრძნობდი, როგორ დაეძებდა ჩემი „პლასტმასის” სხეული სულებს, ხარბად ისრუტავდა შემხვედრ სიცოცხლეებს.

არ მინდოდა, შვილის მამა მცოდნოდა. შვილი მარტო ჩემი უნდა ყოფილიყო, სულ ჩემი...

დედა რომ გარდაიცვალა, სახლიც მომკვდარა მასთან ერთად. წავიდა და წაიყოლა კედლების სიმყარე, ფიცრების სიმშრალე, სამზარეულოდან საჭმლის სუნი, ეზოდან ფერადი ბოსტეული, ხეებიდან ხილის გემო, ბუხრიდან ჰაერი... დედაჩემმა მეც წამიყოლა, ჩემი ნამდვილი სახელი, ბავშვობა, შიშები, მოლოდინი და სირცხვილიც.

სანამ მამისთან გადავიდოდი საცხოვრებლად, მეზობლებმა რამდენჯერმე შემოთვალეს, სახლს მიხედეთო. როგორღაც მომწვდნენ. მერე კი მყიდველიაო, მამის მდივანთან დარეკეს. ასეთ ზარებს ის ქალი წარმატებით იგერიებდა.

კიდევ კარგი, არ გავყიდე... რად მინდოდა ის კაპიკები? რა ძვირფასია ახლა ეს ნანგრევები... მერე რა, რომ წყალი ჩამოდის და კიბის მოაჯირი მრჩება ხელში... მთავარია, მაქვს სახლი... მთავრია, მე ვარ... მე ვარ...

შავტუხა გოგოს რომ გავაჩენ, სქელი წარბებითა და მოგრძო ცხვირით, ვეტყვი, რომ პირველად იყო სიტყვა. ღვინოს გავასინჯებ სოფლის ეკლესიაში, სადაც მხოლოდ დღესასწაულებზე ამოვა მღვდელი რამდენიმე მოსახლის საზიარებლად. ვეტყვი, რომ ჭურჭელს მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია ღვინო...

რომ გაიზრდება, ჭურჭლის მნიშვნელობაზე მერე ავუხსნი - მას ხომ დროთა განმავლობაში შიგთავსიც შეცვლაც შეუძლია.

- ჩემო ერთადერთო! - ასე მოვეფერები.

ყოველ დღე დავუვარცხნი კუპრივით თმას და ვეტყვი - ჩემო ერთადერთო! განუმეორებელო!- ისე ხშირად ვეტყვი, სანამ არ დაიჯერებს!

დაიჯერებს აუცილებლად.

და ეს რომ ეცოდინება, მერე გავუშვებ...

მშვიდად გავუშვებ.

კარზე კაკუნია, ბრახუნი. ხალათს ვიკრავ. ვაღებ. მეზობლის ქალია. ახალმოწველილ რძეს და ჭყინტ ყველ მაწვდის. აქაურებმა იამზეს ნათესავად მიმიღეს, მისი ამბავი გამომკითხე, საბერძნეთში ჰგონიათ...

- რაში მოგეშველო, შვილო? ცოდო ხარ ამხელა მუცლით... - წინსაფარზე ხელებს იმშრალებს ქალი.

არა ვარ-მეთქი ცოდო, ვიღიმები. მიყურებს. ცოტა ხანს არ მიდის. ალერსითა და სიბრალულით მომჩერებია. ნახატები მაგონდება კლინიკის კედლებიდან.

- ისე იამზეს კი გავხარ, შვილო... - კარიდან ტრიალდება უცებ - სულ სხვანაირი ხარ, მაგრამ რაღაცნაირად, იმასავით იყურები.

ცრემლები მადგება. თავს ვხრი. გადიდებული მკერდის ქვეშ მრგვალ მუცელს ვხედავ, იამზით სავსეს, მზით გაბერილს... ფეხებში სისველესა და სითბოს ვგრძნობ, თითქოს ცრემლები ამ სიცოცხლის ბორცვებს იატაკამდე ჩაუყვა. ძირს წყალი დგება.

- დღეს რა რიცხვია? - ვაჩერებ მიმავალ მეზობელს.

ქალი არ იბნევა, ხელებს იკაპიწებს.

- ნუ გეშინია! - ჩურჩულებს.

ეკატერინე ტოგონიძე