Dreibund
13 ოქტომბერი, 2013
1545
print

ცნება “ექსპრეზიდენტი" ტრავმასთანაა დაკავშირებული. არ ვიცი, აწ უკვე კარს მომდგარი არჩევნების შემდეგ გამოიყენებს თუ არა ვინმე ამ სიტყვას მიხეილ სააკაშვილის მიმართ, მაგრამ, თუ ტრავმის ბუნებას დავუფიქრდებით, ნამდვილად ეკუთვნის. რა თქმა უნდა მარტოოდენ ტერმინოლოგიას არ ვგულისხმობ.

“ექსპრეზიდენტის" ტრავმატულ შინაარსს მისი მომხრეები ქმნიან. უფრო ზუსტად, ეს შინაარსი თავისთავად იქმნება მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა ურთიერთობაში. ერთადერთი, ვინც “ექსპრეზიდენტის" ამგვარ გაგებას არ შეესაბამება, ედუარდ შევარდნაძეა. ზვიად გამსახურდია და მიხეილ სააკაშვილი შეესაბამებიან. რა თქმა უნდა, სხვადასხვა სახითა და ზომით, მაგრამ არსებითად ერთნაირად.

ერთნაირობას ორი მხარე განსაზღვრავს. პირველს შეიძლება ვუწოდოთ “ფორმალური". დამოუკიდებელი საქართველოს პირველი და მესამე პრეზიდენტები აშკარად გამოხატული პიროვნებები არიან. მათი საპირისპირო ფიგურები - შევარდნაძე და ივანიშვილი - მხოლოდ რევანშისტული განწყობის სიმბოლოებია. სწორედ ორ პიროვნებასა და ორ რევანშს შორის საზიარო მომენტები განაპირობებს მეორე, შინაარსობრივ მხარეს.

ზვიად გამსახურდიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის უამრავი განსხვავებაა. ზოგი მათგანი, შეიძლება ითქვას, ერთმანეთთან მწვავე შეუთავსებლობაზე მიუთითებს. მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი თვისება, რომელიც მათ აერთიანებს. ასევე შევარდნაძესა და ივანიშვილს შორის ცოტა რამ მოიპოვება მსგავსი, მაგრამ ეს ცოტა იმდენად ღრმაა, რომ ზედაპირულ განსხვავებებს ადვილად გადასწონის. სწორედ ამ საზიარო მხარეების ანალიზი დაგვაახლოვებს ქართულ საზოგადოებაში განვითარებული ძირითადი კონფლიქტის მიზეზებთან.

და რადგან კონფლიქტი აკადემიური კვლევის ფურცლებზე კი არა, რეალურ ცხოვრებაში მიმდინარეობს, გადავინაცვლოთ მისი ნამდვილი მონაწილეების, ანუ საქართველოს რიგითი მოქალაქეების გარემოში. ესენი თავიანთ აზრს ყველაზე ცხადად სოციალურ ქსელში გამოხატავენ. ჰოდა, აქ უნდა მოვძებნოთ საჭირო ინდიკატორები. ასეთად მივიჩნიე 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე.

თუ ვინმე აქვეყნებს მასთან დაკავშირებულ ვიდეოს, ფოტოს ან სხვა რამ ინფორმაციას, ეს ვინმე უეჭველად ეგრეთ წოდებული “დასაბმელი მიშისტების" კატეგორიაში შედის. აი ეს მომენტი აერთიანებს ზვიადისტებსა და მიშისტებს: იდეა, რომელსაც გიორგი ანწუხელიძის ფენომენი გამოხატავს. გმირული სიკვდილის კონტექსტი იყო ომი უცხო სახელმწიფოსთან, გმირული აქტის შინაარსი — თავგანწირვა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, გმირობის ფორმალური აღიარება — სახელმწიფო ჯილდო. შესაბამისად, გიორგი ანწუხელიძე არის საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამოხატულება — ერთი იმ მნიშვნელოვან მომენტთაგანი, რომელთა მეშვეობით ეს იდეა ცოცხლობს მოქალაქეთა ცნობიერებაში.

როგორიც არ უნდა იყოს განსხვავება გამსახურდიასა და სააკაშვილს შორის, ერთიც და მეორეც დაკავშირებულია ისეთ პოლიტიკასთან, რომელშიც საქართველო დამოუკიდებელ აქტორად გვევლინება. პირველ პრეზიდენტს დაუპირისპირდა ვასილ მჟავანაძის მკერდზე გამოზრდილი, შევარდნაძის დროს კი ბრძოლაში გამოწრთობილი თხელი ეკონომიკური ფენა და (ანტონიო გრამშის საკამათო ცნება რომ გამოვიყენოთ) მისი ორგანული ინტელექტუალების ჯგუფი. 1950-იანი წლების მეორე ნახევრიდან ეს მხოლოდ პლეხანოველ და ვერელ ბირჟავიკთა დაჯგუფება იყო. თანდათანობით შეიქმნა არამდგრადი წონასწორობის სოციალური წრე: რესტორნებში ერთობლივი ღრეობები, ცოლების დადაქალება და ყირიმში დასვენებები, ღრმაშინაარსიანი კამათები თემაზე, რომელი უფრო კაი პონტია, პლეხანოველობა თუ ვერელობა, დინასტიური ქორწინებები, ერთობლივი დასახლება ვაკეში და ა. შ. “არაშრომითმა შემოსავლებმა" უზრუნველყვეს მეორე თაობის ჩარიცხვები მოსკოვისა და ლენინგრადის უმაღლეს სასწავლებლებში, მერე ჯგუფს შემოქმედებითი ინტელიგენციაც შემოეტმასნა, მანამდე კრიმინალურმა ელემენტებმაც აითვისეს ახალი ბაზარი და ქალაქელი გაგრიების პირველადი ბირთვის ბაზაზე ჩამოყალიბდა ერთგვარი სუბკულტურა, რომელმაც საკუთარ თავს “სვეტური" დაარქვა...

ამ სუბკულტურასაც ჰყავდა გმირები. და გმირობის იდეაში ისევ სამი ძირითადი ელემენტი შეირწყა: ეკონომიკური (სიახლოვე ან ნათესაობა მაღალი საშემოსავლო ინდექსის მქონე ოჯახების გარკვეულ წრესთან), კრიმინალური (“არ იცი? ეგ და ანკესაძის ბიჭი ერთად იჩხირავდნენ, ზიჩის ძეგლი რომ არის ახლა, ძაღლით, მანდ ადრე მწვანე სარაია იდგა... ჰოდა იქ") და შემოქმედებითი (ჭლექიანი ბიჭუნას შთამბეჭდავი სახე რევოლუციამდელი წარსულის ამსახველ მოკლემეტრაჟიან ფილმში “ტყაში მაფა", სადიპლომო სცენოგრაფია სპექტაკლისთვის “ჭრელი ალმები" ოჩხამურის აკაკი ხორავას სახელობის თეატრალურ წრეში და ა. შ.). ასეთი გმირი თითქმის აუცილებლად ირგებდა რაიმე მორუსულო მეტსახელს, მაგალითად, “კრუჩოკა", წევრიანდებოდა “მხედრიონში", თუმცა კი ბევრს არაფერს აშავებდა, ბოლოს კი კლავდნენ რომელიმე “რაზბორკაში", სადაც გაირჩეოდა საბურთალოს უპირატესობა ლოტკინთან შედარებით. ამის შემდეგ იწყებოდა რუტინული ჰაგიოგრაფია: “აფხაზეთის ომში დაიღუპა", “ჩემი ძმაკაცი იყო", “ეგ რომ ცოცხალი დარჩენილიყო, ნაცები ეგრე ვერ იპარპაშებდნენ".

სიკვდილის კონტექსტი — კერძო და კრიმინალური, შინაარსი — მსხვერპლი, უფრო სწორად “გარდაუვალი დანაკარგი", ფუნქცია — სიტყვიერი ფორმულით გამართლებული იქნეს სოციუმის ზოგადი უუნარობა (“არ დასცალდა, თორემ..."), აღიარება — უკიდურესად ინტიმური და კულუარული.

და მაინც, მრავალ მიზეზთა გამო, “ეროვნულ მოძრაობას" ამათ წინააღმდეგ ბრძოლაში ისეთივე შანსები ჰქონდა, როგორიც პუგაჩოვს ეკატერინე მეორესთან. ეს იმთავითვე ცხადი იყო, ამიტომაც “ეროვნული მოძრაობის" დისკრედიტაციისათვის ძალიან მარტივი ხერხი აღმოჩნდა საკმარისი: ზვიადისტებს “სუნიანი გოიმები" შეარქვეს. თანაც, თუ იმდროინდელ პოლიტიკურ ნაივობასა და განათლების უბადრუკ მდგომარეობას გავიხსენებთ, გამსახურდიას, პუგაჩოვის მსგავსად, საზოგადოების გათავისუფლება კი არა გააზატება უფრო უნდოდა.

თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შანსი მოგვიანებით გაჩნდა, როდესაც წარმოიქმნა 1960-იანი წლების ბოლოს და 1970-იანებში დაბადებულთა თხელი ფენა — ახალი ცოდნის მატარებლები. ამ ისტორიის გახსენება სხვა საუბრის თემაა, ჩვენი მსჯელობისთვის კი ის არის მნიშვნელოვანი, რომ რევანში ბევრად უფრო ძნელი და ფაქიზი აღმოჩნდა. ჯერ ერთი, წარმოიშვა ერთი მეტად აუცილებელი ელემენტი — მიუმხრობლობის პოზა.

არანაირი მიუმხრობლობა რეალურად არ არსებობს: არის სუბიექტი, რომელიც მუდამ იმყოფება ე. წ. კოგნიტიური დისონანსის მდგომარეობაში, ანუ განიცდის არჩევანის აუცილებლობას და არჩევანის გაკეთება კი არ უნდა. არ შეხვედრიხართ ადამიანებს, რომლებსაც ერთდროულად ეთაკილებათ და ეამაყებათ ერთი და იგივე რამ? — ძალიან ხშირი მოვლენაა, სახიფათოდ ხშირი. არ გეცნობათ შინაგანად წინააღმდეგობრივი ფრაზა? — “აუ, მაგარი დებილია ეგ, მაგის ოჯახს კარგად ვიცნობ, ბავშვობიდან ეგრე იყო" — ეს “დებილიც" და “კარგად ვიცნობ" ერთნაირი ემოციური ემფაზისით წარმოითქმის. თითქოს არაფერი, მაგრამ ეს უკვე სოციალურ ფენომენად იქცევა, როცა ერთდროულად კიცხავენ და მასხრად იგდებენ, მაგალითად, “გრეჩიხას" და, ამავე დროს, ცდილობენ დაახლოებას, საერთო ნაცნობების გამონახვას და ა. შ.

ასეთი კოგნიტიური დისონანსის დასაძლევად გამოიყენება სოციალური რიტუალები (ქორწილი, პანაშვიდი — ეს მეორე უფრო დემოკრატიული და საყოველთაოა). ამ დროს ფორმალური მოთხოვნები უზრუნველყოფს ადამიანების ერთად ყოფნას, მიუხედავად მათი შინაგანი განწყობისა, ამიტომ კოგნიტიური დისონანსი უკან იხევს. მეორე ხერხია მაგიური ფორმულები, მაგალითად, ასეთი: “ოჰ, მაგ მე მკითხე, მაგის მეტი რა ვიცი, ორივე ძმა..." ამას შეიძლება მოსდევდეს ნებისმიერი რამ: ტყუილი და მართალი, ქება და ქილიკი — მნიშვნელობა არა აქვს. თანხმობა და კამათი ჩვეული ფარგლებიდან არ გამოვა, რადგან მაგიური ფორმულა წარმოითქვა და “სასტავი" მიხვდა, რომ მის წინაშე მათიანია. “სასტავი" კი დისონანსის დაძლევის კოლექტიური ხერხია - “მარტო მე არა ვარ ეგეთი".

მიუმხრობლობის ეს ფორმა, ასე ვთქვათ, ჩანასახოვანია, პირდაპირ დამსკდარი ასფალტიდან აღმოცენებული. მაგრამ არიან უფრო მაღალი რანგის ეგზემპლარები, უფრო დახვეწილები. მათ შორისაც არის ერთგვარი გრადაცია. უფრო ემოციურნი და პასუხისმგებლობას მოშორებულნი კოგნიტიური დისონანსის დაძლევას გუშინდელ ეშმაკებთან ბრძოლით ცდილობენ: “ყველაფერი სააკაშვილის ბრალია!", “აქამდე მაგათ მიიყვანეს ქვეყანა!" და ა. შ. ამგვარ დებულებებს შეიძლება ვუწოდოთ მათემატიკური, ანუ აბსოლუტურად ჭეშმარიტი და აბსოლუტურად უსარგებლო. მართლაც, როცა შენ წინ მანქანა ჩერდება, მძღოლი ფანჯრიდან თავს გამოყოფს და გეკითხება, უკაცრავად, ხომ ვერ მეტყვით, სად ვიმყოფებიო, პასუხით “ავტომობილში!" ძალიან ვერ დაეხმარები.

ობიექტურები და მიუმხრობლები ზოგჯერ საჯარო სივრცეშიც გამოდიოდნენ და მათი კრიტიკული დისკურსი კვლავაც ნახსენებ სამ ვეშაპს ეყრდნობოდა: ეკონომიკა (“ნაცებმა ბიზნესი მომიშალეს!"), კრიმინალი (“ციხეები უდანაშაულო ხალხითაა სავსე!"), შემოქმედება და კულტურა (“რობიკო გააგდეს და შლოპანცები წამოჭიმეს!"). ასე გარდატყდა, გარდაისახა და ახალი ადამიანებით გამდიდრდა “დელცების", ქურდებისა და ინტელიგენტების ძველი სიმბიოზი. ეს ახალი ადამიანები ასფალტზე კი არა, ორანჟერეაში გაიზარდნენ.

მწუხარებით უნდა გაუწყოთ, რომ ორანჟერეად სწორედ ის ახალი ცოდნა იქნა გამოყენებული, რომელიც საქართველოში საუკუნის დასაწყისთან ერთად მოვიდა. ჰოდა, ისე ხდება, რომ ტექნიკურ და ეკონომიკურ განვითარებას ეკოლოგიური დისკურსით უტევენ, ადამიანის უფლებები კრიმინალთა პარპაშის გასამართლებლად გამოიყენება, მაღალი გემოვნების ეგიდით კულტურაში ბიძაშვილ-მამიდაშვილობას აყვავებენ.

ოპონენტს “სუნიან გოიმად" უკვე ვერ მოიხსენიებ - ამით მხოლოდ საკუთარ თავს გაამჟღავნებ. დღეს მიუმხრობლობის პოზა უკვე სიტყვებსაც გადაედო, სიტყვებმა გარეგნულად ნეიტრალური ფორმა მიიღეს და უკვე ინტონაციისა და კონტექსტის გათვალისწინება გახდა საჭირო მათი შეფერილობის გასაგებად. ნასესხები ცნებების კონკრეტული მნიშვნელობა დაკარგულია, საქართველოში ისინი კვლავც ვერბალურ საფრთხობელებად და იარლიყებად იქცევიან, მაგრამ მათი წარმოთქმა თითქოს ნაკლებად სამარცხვინოა: ეკონომიკის დარგში — “ლიბერტარიანელი", შიდა და საგარეო პოლიტიკისთვის — “ძერჟავნიკი", კრიმინალისთვის — “პოლიტპატიმარი".

შედეგად, როცა დიცსა და დვანში ქართველებს თავიანთი ხელით ანგრევინებენ საკუთარ სახლებს, მომწვანო აქტივისტები კუს ტბის მიდამოებში ხეების გაჩეხვას აპროტესტებენ, მათთან დაპირისპირებული მელორ ვაჩნაძე კი საკუთრების ფუნდამენტურ უფლებას იცავს. გონიერება და იუმორის გრძნობა კი, რომელიც საქართველოში ღადაობის უნართან არის გაიგივებული და კარგი თამადის ატრიბუტს ვერ სცილდება, იმდენად ჩლუნგია, რომ ვითარების ტრაგიკომიკურობას ვერ ამჩნევს.

როგორც ვხედავთ, დღესაც იგივე კონფლიქტი ვითარდება და ერთ მხარეს კვლავ საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება დგას, მეორე მხარეს კი მცირე კლანებზე დამყარებული განუვითარებელი სოციუმი, რომლის უგვანო არსებობას მხოლოდ “სვეტებსა" და “გოიმებს" შორის მოგონილი დაპირისპირება ახალისებს, და რომელსაც უწინდელივით სჭირდება აქვე, მთის გადაღმა გაშლილი მდიდრული სუფრა, საიდანაც დროდადრო გადმოუგდებენ ნამცეცებს...